„ბევრი სკოლა ისეთ დღეშია, პირუტყვი არ შევა“ – რას არ ხედავს მთავრობა

სამოქალაქო პლატფორმა „სალამის“ წევრებმა სამ მუნიციპალიტეტში: მარნეულში, ბოლნისსა და დმანისში ავარიული სკოლები აღნუსხეს და ფოტომასალა საქართველოს პარლამენტის წინ გამოფინეს.

„ბათუმელები“ ესაუბრა „სალამის“ერთ-ერთ აქტივისტს, ბენიამინ კასიმოღლუს. მისი თქმით, აქტივისტები შეეცადნენ ამ გამოფენით საზოგადოებისთვის თვალსაჩინო გაეხადათ ის მდგომარეობა, რაც ამ მუნიციპალიტეტებში არსებულ საჯარო სკოლებშია.

„დაზიანებული, გაბზარული, ძველი, იატაკებიდან ქვეწარმავლები შეიძლება ამოვიდეს. ბევრ სკოლაში ისეთი მდგომარეობაა, პირუტყვი რომ არ შევა. ცოცხალი თუ გამოხვალ იქიდან, ესეც კარგია“ – გვეუბნება ბენიამინი.

სკოლა სოფელ ყულარში. მარნეული

მისი თქმით, სკოლის დირექტორებთან კომუნიკაცია რთულია, რადგან ისინი ერიდებიან პრობლემებზე ღიად საუბარს.

„არ საუბრობენ, იმიტომ, რომ არჩევნების დროს პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებლები არიან. არ უნდათ შემდეგ რესურსცენტრიდან, მერიიდან ან პარტიიდან დაურეკონ და უთხრან – „რატომ შეუშვი“, „რატომ გადააღებინე“ და ასე შემდეგ.

არც თავიანთ უფლებამოსილებებში არიან დამოუკიდებელნი, ამიტომ ეშინიათ, რომ ამის გამო სამსახურიდან დაითხოვენ“ – ამბობს ბენიამინი.

სკოლის ფანჯარა, სოფელ ხუტორ-ლეჟბადინში

ის იხსენებს შემთხვევას, როცა ერთ-ერთი სოფლის სკოლიდან გამოაძევეს და ფოტოების გადაღების უფლება არ მისცეს.

„ეს შემთხვევა უფრო ადრე იყო, მაშინაც ვცდილობდით, რომ აგვესახა ფოტოებზე სკოლებში არსებული მდგომარეობა, თუმცა ერთ-ერთ სოფელში ქვების სროლით გამოგვაგდეს სკოლიდან. ნუ იღებთო, – გვითხრეს.

მშობლები ჩვენთან საუბარში აპროტესტებენ სკოლებში არსებულ მდგომარეობას, თუმცა საჯაროდ მაინც ერიდებიან თქმას“ – გვეუბნება ბენიამინი.

სკოლა სოფელ ახკერპში

საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ასევე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმაც რამდენჯერ თქვეს, რომ მთავრობა 1 მლრდ ლარის ღირებულების პროექტს იწყებს, რომელიც საქართველოში 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

„პროექტის პირველი ეტაპი მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყება და ტენდერი 80 ახალი სკოლის მშენებლობასა და 320 სკოლის რეაბილიტაციაზე გამოცხადდება“- აცხადებს განათლების სამინისტრო.

ბენიამინ კასიმოღლუს ვკითხეთ, ხომ არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, ამ პროექტში ხომ არის რომელიმე სკოლა ჩართული, იმ სკოლებიდან, რომელიც მათ აღბეჭდეს ფოტოებზე. მისი თქმით, ამ ინფორმაციას „სალამი“ არ ფლობს.

სარეაბილიტაციო სკოლების ფოტოები აქტივისტებმა პარლამენტის წინ გამოფინეს

„ამაზე არ გვაქვს ინფორმაცია, თუმცა ჩვენ ადრე გავაკეთეთ ერთგვარი კომიქსები მთავრობის წევრების საჯარო გამოსვლებსა თუ დაპირებებზე, რომელიც არ ასახავს რეალობას.

მაგალითად, მთავრობა ამბობს, რომ ქართული ენის სწავლება ეთნიკურად დასახლებულ რეგიონებში პრიორიტეტია, თუმცა შედეგი არის ნული, სკოლებს ავაშენებთო და შედეგი – ნული. ვნახეთ განათლების ეროვნული სტრატეგია და იქ არც სამწლიან, არც ხუთწლიან და ათწლიან გეგმაში არსად არ არის ამ საკითხებზე საუბარი.

ათასში ერთი აშენდება და ამას იყენებენ საჩვენებლად. მარნეულში ჯანდარის სკოლა გარემონტდა, იორმუღანლოში 2 სკოლა ააშენეს, გარედან მშვენიერია, შიგნით შედიხარ და არაფერი არ არის. მერხები არ არის, საპირფარეშოები ცუდ მდგომარეობაშია.

სოფელ მამეიში სკოლა ორი წელია გაუქმებულია და ტუალეტი სკოლის გაუქმების შემდეგ ააშენეს და 36 ათასი ლარი დახარჯეს. რაში – არ ვიცი“ – ამბობს ბენიამინი.

მისი თქმით, პარლამენტის წინ გამოფენილი ავარიული სკოლის ფოტოებით პარლამენტის არცერთი წევრი არ დაინტერესებულა, მათ შორის, არც განათლების კომიტეტის წევრები.

სალამის“ წევრებმა იმ სკოლის ამსახველი ფოტოებიც მოგვაწოდეს, სადაც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი და მხოლოდ ახლახან მოხერხდა ბავშვების ალტერნატიულ სკოლაში გადაყვანა.

ასეთია, მაგალითად, სოფელ კიროვკაში დაწყებითი საფეხურის სკოლა:

ყოფილი სკოლა სოფელ კიროვკაში (მამეი). ორი წელია რაც აქედან ბავშვები მეზობელი სოფლის სკოლაში გადაიყვანეს.
სოფელ საფარლოს სკოლა/დმანისი. ამჟამად სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს.

„სალამის“ წევრები სკოლების გარდა აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღების პრობლემაზეც საუბრობენ.

მათი თქმით, მაგალითად, მთელ დმანისში 9 საბავშვო ბაღია, ამავე მუნიციპალიტეტის აზერბაიჯანულენოვან სოფლებში კი – არც ერთი.

„ვინმე ფეხზე იდგეს, არ არის მისაღები“ – როგორ ახსნა ჯინჭარაძემ სხდომაზე მოქალაქეების არ შეშვება

„სხდომათა დარბაზში რომ ვინმე ფეხზე იდგეს, ეს ჩემთვისაც არ არის მისაღები და მოქალაქისთვის, 5 საათის განმავლობაში გველოდებოდეს მოქალაქე ფეხზე დამდგარი,“ – ამ არგუმენტით სცადა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ იმის გამართლება, რომ მოქალაქეები ბათუმის საკრებულოს სხდომებს ვეღარ ესწრებიან.

„…როგორ შეკითხვას მისვამთ ახლა იცით, ჩემზე უკეთესად ხვდებით, აქ რამდენი სკამის განთავსება შეიძლება,“ – გვიპასუხა რამაზ ჯინჭარაძემ, რომელსაც შევახსენთ, რომ დღეს 4 მოქალაქეს სურდა დასწრებოდა საკრებულოს სხდომას.

„რა საშუალებასაც მოგვცემს აღნიშნული დარბაზი, იმდენ სკამს განვათავსებთ… მაქსიმალურად გამოვიყენებთ,“ – გვიპასუხა რამაზ ჯინჭარაძემ, თუმცა ვერ დაგვიკონკრეტა, რატომ არ დაამატეს სკამები მოქალაქეებისთვის, თუკი დარბაზში ამის შესაძლებლობა არსებობს და რატომ არ განიხილავს საკრებულო სხვა ვერსიას, რაც ჩართულობის საშუალებას გააჩენს.

მოქალაქეებს საკრებულოს სხდომებზე დასწრების უფლებას თვითმმართველობის კოდექსი აძლევს.

პირდაპირ არ თქვა, თუმცა რამაზ ჯინჭარაძესთან გასაუბრებით ასევე გამოჩნდა, რა გამოსავალს ხედავს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე: „ყველასთვის ხელმისაწვდომია ჩვენი სხდომის ტრანსლაციის ყურება“, – აღნიშნა რამაზ ჯინჭარაძემ.

მოქალაქეების სხდომაზე დაშვება პრობლემა გახდა მას შემდეგ, როცა საკრებულოს წევრთა რაოდენობა 25-დან 35-მდე გაიზარდა. ამ სიახლის მიუხედავად საკრებულოს სხდომები ისევ იმ დარბაზში ტარდება, სადაც წინა მოწვევის საკრებულო იკრიბებოდა. შესაბამისად, დარბაზში რკალისებურად განლაგებულ მაგიდებსა და სკამებს კიდევ ერთი მწკრივი – მაგიდები და სკამები დაემატება. აქ მოქალაქეებისთვის განკუთვნილი ადგილები აღარ არის.

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ პუტინის რეიტინგი იკლებს – კვლევა

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის რეიტინგი შემცირდა. მხოლოდ ბოლო ერთ თვეში პუტინმა 6% დაკარგა.

კითხვაზე: მოგწონთ თუ არა ვლადიმერ პუტინის საქმიანობა? გამოკითხულთა 77% პასუხობს, რომ კი, ხოლო 21 % – არა. ასეთია რუსული ორგანიზაცია „ლევადა-ცენტრის“ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები.

იმავე შეკითხვაზე ჯერ კიდევ აგვისტოში 83-მა პროცენტმა უპასუხა, რომ მოსწონდა რუსეთის პრეზიდენტის საქმიანობა, უარყოფითად განწყობილი კი 15% იყო. ზუსტად მსგავსი მაჩვენებელი იყო ივლისის, ივნისისა და მაისის გამოკითხვებში.

„ლევადა-ცენტრის“ მონაცემები აჩვენებს, რომ პუტინის რეიტინგი 2022 წლის თებერვლიდან, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, გაიზარდა და ის რამდენიმე თვის განმავლობაში არ შეცვლილა, თუმცა სექტემბრის ბოლოს, „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების შემდეგ, დაიკლო.

პუტინისადმი ნდობა 40%-ია, რაც აგვისტოსთან შედარებით, ასევე 4%-ით ნაკლებია.

ბოლო გამოკითხვით, შემცირებულია ნდობა რუსეთის სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართაც. გასულ თვესთან შედარებით, გამოკითხულთა 7%-ით ნაკლები მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

„ლევადა-ცენტრმა“ 18 წელს გადაცილებული 1 631 მოქალაქე 137 დასახლებულ პუნქტში 22-28 სექტემბრის პერიოდში გამოჰკითხა. კვლევა პირდაპირი ინტერვიუების სახით ჩატარდა.

„ნაწილობრივი მობილიზაცია“ რუსეთში პრეზიდენტმა პუტინმა 21 სექტემბერს გამოაცხადა. მისი თქმით, ბრძანება შეეხება მხოლოდ მას, ვინც რეზერვშია და სამხედრო გამოცდილება აქვს. იმავე დღეს თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დააზუსტა, რომ იგეგმება 300 000 კაცის გაწვევა.

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთის ქალაქებსა და რაიონებში საპროტესტო აქციები დაიწყო, ათობით ათასმა მოქალაქემ კი ქვეყანა დატოვა.  გამოცემა Новая газета.Европа წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი უკვე დატოვა 261 ათასმა კაცმა.

მობილიზაციის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე რუსეთის დუმამ მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც დეზერტირობისა და ტყვედ ჩაბარებისთვის სასჯელი გამკაცრდა.

ომი ლუგანსკის ან დონეცკის აღებიდან 3 თვეში დამთავრდება – პოდოლიაკი

როდის და რა შემთხვევაში დამთავრდება ომი უკრაინაში – თავის შეფასებას ვიდეომიმართვის სახით აქვეყნებს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი.

ის ასახელებს ორ მთავარ ფაქტორს, რომლებიც ომის დასასრულებლად გადამწყვეტი იქნება.

„პირველი – ეს ტექნიკის რაოდენობაა, ჭურვების რაოდენობა. მეორე – ამ ორიდან რომელიმე ქალაქის დაცემა – ლუგანსკის ან დონეცკის,“ – ამბობს პოდოლიაკი და დასძენს, რომ თუკი უკრაინა ლუგანსკს ან დონეცკს დაიბრუნებს, ამის შემდეგ, ომის დასრულებას მხოლოდ რამდენიმე თვე დასჭირდება.

„ეს საბოლოოდ მოახდენს ყველაფრის პარალიზებას, რაც რუსეთის ფედერაციას აქვს, ისედაც ძლივს უჭირავთ და ეს საბოლოოდ ჩამოშლის. ლუგანსკის ან დონეცკის დაცემის შემდეგ, 3 თვე, სამთვე-ნახევარი და ომი დამთავრდება უკრაინის მთელი ტერიტორიის სრულად გათავისუფლებით, 1991 წელს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ – აცხადებს ზელენსკის მრჩეველი.

უკრაინის ხელისუფლებას დონბასის გათავისუფლების ვადები ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუსახელებია.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო დღეებში უკრაინამ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში კონტრშეტევა გააქტიურა და მისმა ძალებმა ნელა, მაგრამ მაინც დაიწყეს წინსვლა სულ მცირე ორი მიმართულებით – მდინარეების, ოსკილისა და სივერსკი დონეცის აღმოსავლეთ სანაპიროებზე.

„რუსეთი ამჯერად უფრო ძლიერ თავდაცვის ხაზს ქმნის, ვიდრე მანამდე, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ უკრაინელთა შეტევა პირდაპირ ემუქრებოდა ლუგანსკის ოლქის ნაწილებს ზუსტად იმ დროს, როდესაც იქ რუსეთთან შეერთების მიზნით დაწყებული „რეფერენდუმი“ სრულდებოდა,“ – წერდა უწყებს 28 სექტემბრის რელიზში.

ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავდა, რომ ლუგანსკის ოლქში ნებისმიერი ტერიტორიის „დაკარგვა“ რუსეთის საომარი სტრატეგიისთვის უდიდესი დარტყმა იქნება.

ხულო-ზარზმის გზაზე ასფალტის დაგება დაიწყეს

ხულო-ზარზმის გზაზე, სოფელ ზარზმიდან გოდერძის უღელტეხილის მიმართულებით ასფალტის დაგება დაიწყეს. გზის რეაბილიტაციაზე დასაქმებული ერთ-ერთი მოქალაქის თქმით, გუშინ, 28 სექტემბერს, ასფალტის საფარი გზის 500 მეტრ სიგრძეზე დაიგო. ასფალტის დაგება გრძელდება.

გოდერძი-ზარზმის გზის რეაბილიტაცია /ზარზმის მონაკვეთი / ფოტო: ასლან დიასამიძე. 29.09.2022

სამუშაოები ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ტარდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო გზა [ხულოდან ზარზმამდე] ჯამში 42 კილომეტრია და ის ორ მონაკვეთადაა დაყოფილი.

პირველი მონაკვეთი არის ხულო-გოდერძი, რომლის რეაბილიტაციისთვის 57 177 829 ლარი დაიხარჯება. აღნიშნულ მონაკვეთზე ამ დროისთვის ამუშავებენ კლდის ფერდს – მიმდინარეობს მიწის ხელოვნურად ჩამოშლის სამუშაოები, რის გამოც ავტოტრანსპორტის მოძრაობა 7 ოქტომბრის ჩათვლით შეზღუდული იქნება.

მეორეა გოდერძი-ზარზმის მონაკვეთი, რომლის რეაბილიტაციისთვის 38 511 473 ლარი დაიხარჯება. სწორედ ამ მონაკვეთზე დაიწყეს ასფალტის დაგება.

გოდერძი-ზარზმის გზის რეაბილიტაცია/ზარზმის მონაკვეთი / ფოტო: ასლან დიასამიძე. 29.09.2022

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პირველი მონაკვეთი ქუვეითის ფონდის (KFAED) მიერ ფინანსდება მეორე კი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სამუშაოების საერთო ღირებულება ჯამში 95 689 302 ლარია.

გოდერძი-ზარზმის გზის რეაბილიტაცია/ზარზმის მონაკვეთი / ფოტო: ასლან დიასამიძე. 29.09.2022

ხულო-ზარზმის 42 კმ-იან მონაკვეთს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სინოჰიდრო“ აშენებს. ჩინურმა კომპანია – „სინოჰიდრომ“ აჭარაში ქობულეთის შემოვლითი გზაც ააშენა.

გოდერძი-ზარზმის გზის რეაბილიტაცია/ზარზმის მონაკვეთი / ფოტო: ასლან დიასამიძე. 28.09.2022

ხულო-ზარზმის გზა თავდაპირველად კომპანია „ტოდინს“ უნდა გაეკეთებინა, თუმცა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა  TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-სთან [„ტოდინთან“]  გაფორმებული ხელშეკრულებები 2 წლის წინ შეწყვიტა.

დეპარტამენტის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, „ტოდინთან“ დავა საერთაშორისო არბიტრაჟში (პარიზი, საფრანგეთი) მოიგეს და „საერთაშორისო არბიტრაჟმა Todini Costruzioni Generali S.p.A-ს მიაკუთვნა დაახლოებით 56 მილიონი ლარის გადახდა.“

ხულო-ზარზმის გზის კიდევ ერთი, 5-კილომეტრიანი მონაკვეთის – დაბა ხულოდან გოდერძის მიმართულებით – რეაბილიტაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსებულიყო. გზის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება კომპანია „მამისონთან“ დეპარტამენტმა 14,6 მილიონ ლარზე გააფორმა და სამუშაოები 2021 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა მიმდინარე, 2022 წელს, დეპარტამენტმა ამ კომპანიასთანაც შეწყვიტა ხელშეკრულება.

ამავე თემაზე:

ხულო-გოდერძის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა 7 ოქტომბრის ჩათვლით შეზღუდული იქნება

რატომ არ შეუშვეს მოქალაქეები ბათუმის საკრებულოს სხდომაზე

„საკრებულოს სხდომაზე არ გვიშვებენ“, – აცხადებენ მოქალაქეები. ისინი დღეს, 29 სექტემბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე არ შეუშვეს. სხდომაზე დღეს 4 მოქალაქე ვერ შევიდა.

მოქალაქეების სხდომაზე დაშვება პრობლემა გახდა მას შემდეგ, როცა საკრებულოს წევრთა რაოდენობა 25-დან 35-მდე გაიზარდა. ამ სიახლის მიუხედავად საკრებულოს სხდომები ისევ იმ დარბაზში ტარდება, სადაც წინა მოწვევის საკრებულო იკრიბებოდა. შესაბამისად, დარბაზში რკალისებურად განლაგებულ მაგიდებსა და სკამებს კიდევ ერთი მწკრივი [მაგიდები და სკამები] დაემატება. ეს იმას ნიშნავს, რომ დარბაზში, სხდომაზე დასწრების მსურველთათვის, ადგილი კიდევ დავიწროვდება.

საშვთა ბიუროში დღეს მოქალაქეებს უთხრეს, რომ საშვები გუშინ უნდა მოეთხოვათ.

მოქალაქეებს სხვადასხვა პრობლემის გამო სურდათ სხდომაზე დასწრება.

მაგალითად, მოქალაქე ჰაიდე კიკნაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ის ავარიულ სახლში ცხოვრობს და საკრებულოს სხდომაზე უნდოდა მოესმინა ავარიული სახლების საკითხი.

„ეს ექსპერტიზის დასკვნაა, რომლის მიხედვითაც არსებული საცხოვრებელი სახლი სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს,“ – აღნიშნა ჰაიდე კიკნაძემ, რომელმაც შესაბამისი დოკუმენტი აჩვენა „ბათუმელებს“.

საკრებულოს სხდომა გრძელდება.

თიბისის მხარდაჭერით ამბის თხრობის ფესტივალი – ZEG გაიმართება

ZEG Tbilisi Storytelling Festival, Impact Hub Tbilisi-ს და Coda Story-ის მიერ დაფუძნებული, ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალია რეგიონში. წელს ფესტივალის ფოკუსშია უკრაინის ომი და მისი გავლენა მსოფლიოზე. საით მიჰყავს უკრაინას თანამედროვე სამყარო და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

დღეს, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში ფესტივალის შესახებ პრეს-კონფერენცია გაიმართა.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი დისკუსიები და შეხვედრები, საერთაშორისო სტუმრებთან ერთად, მიზნად ისახავს უკრაინის ომის შედეგების გაანალიზებას, გლობალური პერსპექტივით გააზრებას და  ცვლილებებისთვის საჭირო იდეების ინსპირაციას.

ფესტივალი 15 ოქტომბერს გაიმართება და უმასპინძლებს 20-მდე საერთაშორისო თუ ადგილობრივ მომხსენებელს, რომლებიც აქტიურად აშუქებენ მიმდინარე ომს და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს.

ღონისძიების მომხსენებლები იქნებიან მსოფლიოში წამყვანი მედიასაშუალებების გავლენიანი წარმომადგენლები, მათ შორის MOBY Group-ის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე საად მოჰსენი, Audible-ის კრეატიული განვითარების უფროსი დირექტორი მართა ლიტლი, ITN-ის აღმასრულებელი დირექტორი რეიჩელ კორპი, Ukrainska Pravda-ს აღმასრულებელი დირექტორი ანდრეი ბობორიკინი, პულიცერის პრემიის ფინალისტი და WSJ კორესპოდენტი იაროსლავ ტროფიმოვი, უკრაინელი ფილოსოფოსი და UkraineWorld.org-ის მთავარი რედაქტორი ვოლოდიმირ ერმოლენკო, რადიო თავისუფლების გამომძიებელი ჟურნალისტი ნატალია სედლეცკა, ასევე, The New Yorker-ის, Financial Times-ის, The Wall Street Journal-ის ჟურნალისტები.

დამატებითი ინფორმაცია ფესტივალის შესახებ:

ბილეთები: http://tkt.ge/zeg

ფესტივალის ორგანიზატორები: Impact Hub Tbilisi, Coda Story

ფესტივალის მხარდამჭერები: თიბისი, ამერიკის საელჩო საქართველოში, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, რადიო თავისუფლება, აჭარა ჯგუფი, D Block, ჟუჟუნა ღვინო, Windfor’s.

გვქონდა უპრეცედენტო ტურისტული სეზონი – რიჟვაძე

დღეს, 29 სექტემბერს, აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ ტურისტულ სეზონზე ისაუბრა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, წელს აჭარას „უპრეცედენტო სეზონი ჰქონდა“.

„ტურიზმი რჩება ადგილობრივი ეკონომიკის ძირითად ლოკომოტივად და ჩვენი მთავარი ამოცანა წელს გახლდათ ის, რომ სრულად აღდგენილიყო 2019 წლის დინამიკა.

დღეს არსებული მონაცემებით, გვქონდა უპრეცედენტო სეზონი და ორნიშნა ზრდა 2019 წელთან შედარებით, რაც აისახა სექტორის შემოსავლებზე, ასევე საბიუჯეტო შემოსავლებზე. რაც მოგვცემს საშუალებას, კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი დავგეგმოთ მომავალი წლისთვის აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში“.

თორნიკე რიჟვაძეს კონკრეტული ციფრები არ დაუსახელებია.

მისივე თქმით, ბათუმი წელსაც წარდგენილია ტურიზმის ჯილდოზე, თუმცა მიიღებს თუ არა ამ ჯილდოს, გაირკვევა პირველ ოქტომბერს ესპანეთში.

„მომავალ წელს აღნიშნული კონკურსის ძირითად ღონისძიებას აჭარა უმასპინძლებს, რაც ჩვენი ქალაქის პოპულარიზაციას დაეხმარება“, – განაცხადა რიჟვაძემ.

„გინდათ სიცოცხლე? – გაიქეცით“ – ზელენსკის კიდევ ერთი მიმართვა რუს ჯარისკაცებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მიმართა რუს ჯარისკაცებს და რუსეთის მოქალაქეებს, რომელთაც რუსეთში გამოცხადებული მობილიზაცია ეხებათ.

28 სექტემბრის გავრცელებულ, ტრადიციულ  ღამის მიმართვაში, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი გასულ დღეს აფასებს, ზელენსკიმ რუსეთის მოქალაქეებს რუსულად მიმართა:

„ჩვენთვის ყველაფერი ნათელია.

მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ მათთვის, ვისაც მხოლოდ რუსული ესმის.

გინდათ სიცოცხლე? – გაიქეცით.

გინდათ იცოცხლოთ? – ტყვედ ჩაბარდით.

გინდათ სიცოცხლე? – იბრძოლეთ, იბრძოლეთ თქვენი ქვეყნის ქუჩებში და თქვენი თავისუფლებისთვის.

თქვენ ისედაც ყველაფერი წაგართვეს. თუ რომელიმე თქვენგანს აქვს ნავთობის ჭაბურღილები, სასახლეები, ვენახები? შეიძლება იახტები გაქვთ? ბანკი? საერთოდ რისთვის იბრძვით? თქვენ გაქვთ მხოლოდ კრედიტები, ღამით – საჭმელი და ახლა მობილიზაცია.

იბრძოლეთ თქვენთვის. ნუ მოძვრებით ჩვენს მიწაზე, ჩვენს სულში და ჩვენს კულტურაში“ – განაცხადა ზელენსკიმ.

რუსეთმა ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა.

ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს გამოიძახებენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ უწყება გაწვევის შესახებ არა მხოლოდ რეზერვისტებს მისდით.

რუსეთში მობილიზაციის გამოცხადებას საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. დაღესტანში აქციები გაიმართა, სადაც მობილიზაციას აპროტესტებდნენ, ათიათასობით ადამიანმა, ვისაც მობილიზაცია ეხება, დატოვა რუსეთი და სხვადასხვა ქვეყანაში გაემგზავრა, მათ შორის საქართველოშიც.

სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ რუსეთის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ – დუმის სპიკერი

რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც მობილიზაციის შესახებ გადაწყვეტილება შეეხებათ, ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვთ – ამის შესახებ ტელეგრამში სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი წერს.

ვოლოდინი ეყრდნობა კანონს „სამობილიზაციო მომზადებისა და რუსეთის ფედერაციაში მობილიზაციის შესახებ“, რომლის თანახმადაც მობილიზაციის გამოცხადების მომენტიდან, სამხედრო კომისარიატების ნებართვის გარეშე, საცხოვრებელი ადგილის დატოვება ეკრძალებათ მოქალაქეებს, რომლებიც სამხედრო გაწვევას ექვემდებარებიან.

„კანონის ასეთი ნორმა არსებობს და ის, ვისაც სამხედრო სამსახურის ვალდებულება შეეხება, ამ ნორმით უნდა ხელმძღვანელობდეს“, – წერს ვოლოდინი, თუმცა არ აკონკრეტებს, რატომ არ ამოქმედდა კანონის ეს ნორმა მობილიზაციის გამოცხადებისთანავე.

მანამდე რამდენიმე რუსული გამოცემა წერდა, რომ კაცებს, რომლებიც შესაძლოა მობილიზაციას დაექვემდებარონ, „რეფერენდუმების“ შემდეგ ქვეყნიდან გასვლა აეკრძალებათ. საზღვრის გადაკვეთის ნებართვა მათ სამხედრო კომისარიატებისგან უნდა მიიღონ.

„ნაწილობრივი მობილიზაცია“ რუსეთში პრეზიდენტმა პუტინმა 21 სექტემბერს გამოაცხადა. მისი თქმით, ბრძანება შეეხება მხოლოდ მას, ვინც რეზერვშია და სამხედრო გამოცდილება აქვს. იმავე დღეს თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დააზუსტა, რომ იგეგმება 300 000 კაცის გაწვევა.

უფლებადამცველი ორგანიზაცია „პირველი დეპარტამენტი“ აცხადებს, რომ მობილიზებული რუსები ყოველგვარი მომზადების გარეშე ეგრევე ფრონტზე მიჰყავთ, „ისინი არ მონაწილეობენ წვრთნებში, არ გადიან სამედიცინო კომისიას და არ გადიან არანაირი მომზადებას“.

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთის ქალაქებსა და რაიონებში საპროტესტო აქციები დაიწყო, ათობით ათასმა მოქალაქემ კი ქვეყანა დატოვა. მეზობელი სახელმწიფოების საზღვრებთან კილომეტრიანი რიგები დგას. გამოცემა Новая газета.Европа წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი უკვე დატოვა 261 ათასმა კაცმა.

ეს ინფორმაცია ხელისუფლებას ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მობილიზაციისგან თავის არიდების მიზნით რუსეთი დატოვა, სავარაუდოდ, უკვე აღემატება რუსეთის ძალების იმ რაოდენობას, რომელიც კრემლმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სამხედრო აგრესიის დასაწყებად გადაისროლა.

უწყება მიუთითებს, რომ მათ შორის, ვინც რუსეთის დატოვებას ცდილობს, არიან შედარებით უზრუნველყოფილი და განათლებული ადამიანები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 10 დღეში ქვეყნის საზღვარი ყველა გამშვები პუნქტის გავლით რუსეთის ფედერაციის 78 742-მა მოქალაქემ გადმოკვეთა.

რუსეთს ლიმანში კოლაფსი ელოდება – ISW-ის შეფასება

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთი არ რეაგირებს საკუთარი არმიის დანაკარგებზე ლიმანთან, რამაც შესაძლოა, კიდევ უფრო დააქვეითოს რუსი სამხედროების მორალური განწყობა.

ინსტიტუტის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ლიმანის მარცხი, სავარაუდოდ, სერიოზულ შედეგებს მოიტანს რუსეთის დანაყოფებისთვის დონეცკის ჩრდილოეთით და ლუგანსკის დასავლეთით და შესაძლოა უკრაინელებს მისცეს საშუალება, დაემუქრონ რუსების პოზიციებს ლუგანსკის დასავლეთ საზღვრის გასწვრივ და სევეროდონეცკ-ლისიჩანსკის მონაკვეთზე.

ISW-ი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის თავდაცვა არ რეაგირებს მიმდინარე დანაკარგებზე ლიმანთან, არ ემზადება კოლაფსისთვის ფრონტის ამ მონაკვეთზე, რაც სავარაუდოდ, კიდევ უფრო დააქვეითებს რუსი სამხედროების ისედაც დაბალ საბრძოლო განწყობას.

გარდა ამისა, უკრაინის მომავალმა წარმატებებმა დონეცკისა და ლუგანსკის კრიტიკულად მნიშვნელოვან რაიონებში, „შესაძლოა კიდევ უფრო დაძაბოს ვითარება რუს ნაციონალისტებსა და სამხედრო ხელმძღვანელობას, ასევე, რუს სამხედროებსა და მათ მეთაურებს შორის“.

ინსტიტუტის ანალიტიკოსების პროგნოზით, „კრემლმა შესაძლოა გადადოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის შესახებ განაცხადი, რათა უკეთ მოამზადოს რუსეთის საინფორმაციო ველი, თუმცა 30 სექტემბერი კვლავაც ანექსიის გამოცხადების სავარაუდო თარიღად რჩება“.

ISW-ის მონაცემებით, რუსეთის ხელისუფლება განაგრძობს ახალმობილიზებული და მოუმზადებელი რეზერვისტების ფრონტზე გაგზავნას „ძალიან დეგრადირებული დანაყოფების გასაძლიერებლად“, მათ შორის იმ დანაყოფების, რომლებიც რუსეთის მთავარ საბრძოლო ძალად მიიჩნეოდა.

ექსპერტებს მაგალითად მოჰყავთ პირველი გვარდიის სატანკო არმია, რომელიც 24 თებერვლამდე რუსეთის მთავარ მექანიზებულ ძალად განიხილებოდა და ის ფაქტი, რომ მისი ელემენტები ახლა ცუდად დისციპლინირებული და მოუმზადებელი რეზერვისტებით ძლიერდება, ადასტურებს ISW-ის მანამდელ შეფასებებს იმის შესახებ, რომ რუსეთის ყველაზე ელიტურმა დანაყოფებმაც კი მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადეს უკრაინაში.

ინსტიტუტის შეფასებით, ახალმობილიზებული ძალები ნამდვილად ვერ შესძენს პირველი გვარდიის სატანკო არმიას გადამწყვეტ სიძლიერეს.

ISW-ის ინფორმაციით უკრაინის არმიას მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს ლიმანთან, ხერსონის ოლქში კი ბრძოლები გრძელდება.

___

ფოტო: War Mapper

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 29 სექტემბრის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 29 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 58 580 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +430]
  • ტანკი – 2 325 ერთეული [+13]
  • ჯავშანტექნიკა – 4 909 ერთეული [+20]
  • საარტილერიო სისტემა – 1 385 ერთეული [+4]
  • MLRS – 331 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 175 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 262 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 224 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 995 ერთეული [+6]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 246 ერთეული [+4]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 751 ერთეული [+9]
  • სპეცტექნიკა – 131 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 29 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 307 თვითმფრინავი
  • 155 ვერტმფრენი
  • 2 107 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 377 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 5 147 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 855 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 439 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 5 973 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„მე იქ აღარ წავალ“ – როგორ იწვევენ რუს კონტრაქტორებს ისევ საომრად | BBC

რუსეთი უკვე იმდენმა კაცმა დატოვა, რამდენიც კრემლმა უკრაინაში გააგზავნა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მობილიზაციისგან თავის არიდების მიზნით რუსეთი დატოვა, სავარაუდოდ, უკვე აღემატება რუსეთის ძალების იმ რაოდენობას, რომელიც კრემლმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სამხედრო აგრესიის დასაწყებად გადაისროლა.

„7 დღეში, მას შემდეგ, რაც პუტინმა „ნაწილობრივი მობილიზაცია“ გამოაცხადა, რუსების მნიშვნელოვანმა ნაწილმა დატოვა ქვეყანა მობილიზაციისთვის თავის არიდების მიზნით. ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა დიდი ალბათობით, ის უკვე აღემატება რუსეთის მთლიანი ძალის რაოდენობას, რაც კრემლმა 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში სამხედრო აგრესიის დასაწყებად გამოიყენა,“ – წერს უწყება 29 სექტემბრის რელიზში.

უწყება მიუთითებს, რომ მათ შორის ვინც რუსეთის დატოვებას ცდილობს, არიან შედარებით უზრუნველყოფილი და განათლებული ადამიანები.

დაზვერვა ვარაუდობს, რომ ქვეყნიდან წასულთა რაოდენობა მობილიზებულ რეზერვისტებთან ერთად, რუსეთისთვის მალე თვალსაჩინოს გახდის ეკონომიკურ შედეგებს, რაც მუშახელის რაოდენობის შემცირებაში და „ტვინების გადინებაში“ გამოიხატება.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყება წერდა, რომ ბოლო დღეებში უკრაინამ თავისი კონტრშეტევა გააქტიურა და უკრაინის არმია ნელა, მაგრამ მაინც განაგრძობს წინსვლას მდინარეების – ოსკილისა და სივერსკი დონეცის ნაპირებზე.

„მე იქ აღარ წავალ“ – როგორ იწვევენ რუს კონტრაქტორებს ისევ საომრად | BBC

წყარო: BBC 

___________

საკონტრაქტო სამხედროებს, რომლებმაც დატოვეს რუსეთის არმია ომის პირველი თვეების შემდეგ, კვლავ ფრონტის ხაზზე გზავნიან – ახლა უკვე მობილიზაციის შესახებ კანონის შესაბამისად.

კვლავ ბრძოლის ველზე რომ არ აღმოჩნდნენ, ახალგაზრდები გარბიან ქვეყნიდან, თანხმდებიან პატიმრობას, მიდიან ფსიქიატრიულ კლინიკებში და „ბიბისის“ უყვებიან, რატომ აკეთებენ ამას.

– პროფესიით არტილერისტი ვარ. პირადად, ხელში იარაღით, მე არ ვკლავდი. ჩემი საქმე ასეთი იყო: კორექტორი ბინოკლით იძლევა სამიზნის კოორდინატებს, ოფიცერი თვლის კუთხეს, ვიღებ სამიზნეში და ვაჭერ ბერკეტს. რკინის არაა, ეს არ არის ძნელი. მკვდრებს მე ვერ ვხედავ. არტილერიაში გეუბნებიან – „სამიზნე დამუშავებულია“ და მორჩა.

სად ასწავლიან ამას?

– იდეაში ჯარში, მაგრამ მე მსგავსი არაფერი მქონია. ჩემი კონტრაქტის განმავლობაში ორჯერ გავედით გარეთ – მხოლოდ გასასეირნებლად და დასამიზნებლად. არსად გვისვრია.

– გამოდის, რომ ცხოვრებაში პირველად ისროლეთ, როცა უკრაინის ტერიტორიაზე შეხვედით?

– კი. პირველად ჩვენ ბუჩასთან ვისროლეთ.

– ანუ თქვენ პირველად იყავით ცხოვრებაში ომში და გაისროლეთ იქვე, პირველად?

– კი.

20 წლის სერგეი კრასნოდარიდან BBC-სთან თავიდან უხალისოდ საუბრობს. ივლისში იგი პოპასნაიადან გაიქცა, რამდენიმე თვე სახლში იჯდა, არავის უყვებოდა იმაზე, თუ როგორ იბრძოდა 5 თვე. 23 სექტემბერს მას სამხედრო პროკურორმა დაურეკა და უთხრა: „ორშაბათს ან ისევ მიდიხარ იქ, ან ჩაჯდები ციხეში“.

„უკან წასასვლელად მე მზად არ ვარ“ – ამბობს სერგეი. ომში, 5 თვის განმავლობაში, მან ნახა „თითქმის ყველაფერი და მეტი აღარ შეუძლია“.

  • „არავითარი მიზანი, არავითარი გეგმა“

19 წლის სერგეი ჯარში 2021 წლის გაზაფხულზე გაიწვიეს და აგვისტოში უკვე კონტრაქტი შესთავაზეს. ბოლო წლებში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა გადაჰყავდა სამხედრო სამსახურის ამ ფორმაზე. რიცხვები ჯარში პროფესიონალი ჯარისკაცების რაოდენობის შესახებ მნიშვნელოვანი იყო ანგარიშებისთვის.

იანვრის ბოლოს, თავის თანამებრძოლებთან ერთად, რომელთაგანაც ყველაზე უმცროსი 18 წლის იყო, ის ბელარუსში გაგზავნეს სამხედრო წვრთნაზე.

„გავიგეთ, რომ მივდივართ უკრაინაში 23 თებერვალს“ – ამბობს სერგეი. ჯარისკაცებს უთხრეს, რომ „თუ ზევით ღამემდე არაფერს არ გადაწყვეტენ“, ყველანი მიდიან და სამი დღის სამყოფი მშრალი საკვები დაურიგეს.

– გაქცევა არ შეიძლებოდა?

– იქ გასაქცევი არსადაა.

„იდეალურ, გაპრიალებულ, მექანიკოსების მიერ მომზადებული“ ტანკებით ისინი ჩერნობილამდე დაბომბვის გარეშე მიდიოდნენ. პირველად ეს მოხდა გოსტომელში – თითქმის 600-კაციან ბატალიონზე უკრაინული არტილერიის ჭურვები დაეშვა. „ეგრევე ხუთი გვამი და ათეულობით დაჭრილი იყო, მათაც კი მოხვდათ, ვინც ტანკში იყო, БМП-2-ები თხელია და იოლად იხვრიტება“.

იმ დღეს სერგეიმ ცხოვრებაში პირველად ნახა მკვდარი ადამიანი. დაიღუპა მისი 19 წლის თანამებრძოლი, რომელთან ერთადაც კრასნოდარში მსახურობდა.

„პანიკა დაიწყო. ტყეში, რაღაც საწყობში შევედით. გავჩერდით და სრულიად დავიბენით. არ ვიცოდით რა გვექნა. მეთაურებმაც არ იცოდნენ, რა უნდა ექნათ. ბატალიონის მეთაურმა უყვირა მათ: „…რატომ დგახართ ტყუილად!“ და მაშინ მათ გვითხრეს „პოზიცია დაგვეკავებინა“.

სერგეის პოლკმა „რაღაც სანგარი“ გათხრა და ღამე ტყეში დარჩნენ. იმ დღეს ესროლეს არა მხოლოდ მათ – სერგეის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა „მთლიანად გაანადგურეს ერთი დივიზია“, გადარჩენილები კი ღამით ტყეში დახეტიალობდნენ. „ჩვენებმა სროლა დაუწყეს, ისინი ყვიროდნენ“. სერგეის ინფორმაციით, მხოლოდ ერთი ჯარისკაცი დაიჭრა.

დილას რამდენიმე კილომეტრი გაიარეს სხვა ტყემდე. უკრაინელებმა ამ დროს დაბომბეს საწყობი, სადაც პოლკის პირველი ბანაკი იყო („ბიბისის“ აქვს ამის ამსახველი ვიდეო).

არავითარი მიზანი, არავითარი გეგმა მეთაურებს არ ჰქონიათ – ამბობს სერგეი. საჭმელიც არ იყო, სამი დღისთვის გაცემულ მშრალ საკვებს ერთ კვირაზე ანაწილებდნენ.

„რატომ არ არის საჭმელი, არავინ ამბობდა. მეთაურებიც არ ჭამდნენ. პოლკის მეთაურის ამბავი არ ვიცი, მაგრამ მათ ხომ სადაზვერვო რაზმი ჰყავთ, რომელიც მაღაზიებს ასუფთავებს, ასე რომ, ვფიქრობ, მათ კარგად ჭამეს.“

  • „ვისროდით და დალევას ვაგრძელებდით“

მარტის პირველ რიცხვებში სერგეის ბატალიონი ბუჩაში შევიდა: „არტილერიით დავიცავით ქვეითები“.

დადგნენ ქალაქის ცენტრში, ტანკებიდან ჩამოვიდნენ და ნახევარი საათის შემდეგ ჭურვი მოფრინდა – „ეგრევე მინუს პოლკის მეთაურის ორი მოადგილე, ჩვენი მეთაური და რიგითები“. ასე დაიღუპა სერგეის კიდევ ერთი თანამებრძოლი კრასნოდარიდან.

როცა მეთაური იღუპება, ახალს გადარჩენილებიდან ნიშნავენ. გამოცდილები ფრონტზე ცოტანი იყვნენ, ძირითადად 19-20 წლის ახალგაზრდები – ამბობს სერგეი.

„იშვიათად იყვნენ მეთაურები, რომლებსაც 5 წელი ჰქონდათ ნამსახურები. ჩვენი მეთაური 12 წელი მსახურობდა, მაგრამ საომარ მოქმედებებში არასდროს იყო ნამყოფი, მხოლოდ ნაწილში იჯდა. ერთ კვირაში გააფრინა. დათვრა, სახლის მეორე სართულზე აძვრა, სადღაც შორს რაღაც აფეთქდა და ქვევით გადმოხტა, ფეხები დაიმტვრია. წაიყვანეს, ფული არ გადაუხადეს, ახლა ფსიქიატრიულში დადის“.

ბუჩაში ჯარისკაცებმა ცარიელი სახლების და მაღაზიების ძარცვა დაიწყეს. „საჭმელი არაფერი იყო თავიდანვე, კონსერვები და პური მიგვქონდა“. ცხოვრობდნენ მაღალსართულიანი სახლების სარდაფებში, ერთ მხარეს ადგილობრივები – მეორე მხარეს – რუსი სამხედროები.

ბუჩა, უკრაინა. რუსი ჯარისკაცების მიერ მოკლული ადამიანები ქუჩაში

„თუ ჩვენს პოზიციაზე ადგილობრივები შემოდიოდნენ, აჰყავდათ, ჰკითხავდნენ და თითქმის მაშინვე კლავდნენ. ისინი ტელეფონით უგზავნიდნენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჩვენს ადგილმდებარეობას. იყო შემთხვევა, კაცმა ჩაიარა ველოსიპედით და ერთი წუთის მერე ჭურვი გვეცემა, ძალიან ზუსტად. იქ ისეთი კადრები გვხვდებოდა… – მოდის კვადროციკლით, ყველას ტელეფონით გვიღებს, შლემზე აწერია „სინათლის მხედარი“. იგი დაიჭირეს, მაშინვე მოკლეს“.

ამავე დროს ბუჩას მასობრივი სამარხების ფოტოებზე სერგეი ამბობს, რომ „არის დადგმულებიც“.

რამდენიმე ფოტოზე მან იცნო ორმოები, რომელიც რუსმა სამხედროებმა ამოთხარეს ტანკების შესანიღბად. „ფოტოზე კი ახლოს ჯვარი დგას. მაგრამ ეს არ არის სასაფლაოს ორმო, ჩვენ ხომ ვიცით. ისინი კი ისე აჩვენებენ, რომ, აი, ვითომ გვამებია“. ეს ეწინააღმდეგება მისივე სიტყვებს, რომ ადგილობრივებს რუსი სამხედროები ხვრეტდნენ იმის გამო, რომ ისინი უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარებაში იყვნენ ეჭვმიტანილი. სერგეი ამას არ განმარტავს.

სერგეი ამბობს, რომ სამხედროები ბევრს სვამდნენ. ალკოჰოლს ყველგან პოულობდნენ – სახლებში, მაღაზიებში. არაყი, ვისკი, ბურბონი, ჯინი, რომი, გრაპა და ჭაჭა. მაგრამ თუ ამ მომენტში სამიზნის კოორდინატები მოდიოდა, გამოდიოდნენ და მთვრალები მიდიოდნენ სასროლად.

– ფხიზლდებოდით ადრენალისგან?

– არა, ვისროდით და დალევას ვაგრძელებდით.

ჩუმ დღეებში ეზოებში ხორცს წვავდნენ. ადგილობრივები არ მოდიოდნენ.

„მათ იცოდნენ, სახლის სარდაფებიდან რომ გამოსულიყვნენ, ცეცხლს გაუხსნიდნენ. ამის შესახებ მათ მაშინვე უთხრეს, როცა ბუჩაში მივედით. როცა სახლები დავიარეთ და ვწმენდდით მათ, ვინც პოლიციაში, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მუშაობდა, ვინ – დოკუმენტებით, ვიღაცას ტელეფონში ჰქონდა რაღაც… სინამდვილეში ყველა კაცი აგვყავდა“.

– ქალებს რას უშვებოდით?

– სხვადასხვაგვარად იყო. მე – არაფერს. არც ჩემი პირველი ბატარეა.

  • „ტანკი არც კი დადიოდა“

სამხედრო ამოცანა იყო ბუჩადან 5 კილომეტრში მდებარე ირპენის დაბომბვა. ორი კვირის განმავლობაში არტილერისტები ყოველ დღე ისროდნენ, ქვეითები კი ქალაქის აღებას ცდილობდნენ.

„ჩვენებმა იქ 3-4-ჯერ სცადეს შეღწევა, მაგრამ 500 მეტრზე მეტის გავლა ვერ შეძლეს. უკრაინელებს ტანკები ეყენათ, ჩვენს ქვეითებს კი БМП ჰქონდათ, რომელიც ტანკში ვერ შეაღწევს. ყოველ დღე დანაკარგებით ბრუნდებოდნენ“.

მათ ეუბნებოდნენ, რომ მალე მათ შეცვლიდნენ. „უკვე მალე, მოვლენ სხვები. ახლა დაბას ავიღებთ და ჩვენ მოგვხსნიან. უკვე მალე“. მაგრამ არავინ არ მოდიოდა.

19 მარტს რუსულ ტანკს უკრაინული არტილერიის ჭურვი მოხვდა. ტანკი აფეთქდა და აალდა, პანიკა დაიწყო, ცეცხლი სხვა ტანკებზეც გადავიდა, ერთის გაყვანა შეძლეს, ექვსი ტანკი კი მთლიანად დაიწვა – ჰყვება სერგეი.

ტექნიკასთან ერთად დაიწვა ყველა ნივთი, საძილე ტომრებიდან დაწყებული ტრუსებით დასრულებული, ჯავშანჟილეტებიც კი, ჩაფხუტებთან და ავტომატებთან ერთად.

უკრაინის არმიის მიერ განადგურებული რუსული სამხედრო ძალების ტექნიკა ქალაქ ბუჩაში, კიევთან ახლოს

ახალი იარაღი დღენახევრის შემდეგ მიიღეს, ორი დღის შემდეგ კი ორი ტანკი მოიყვანეს – ერთზე საჭის გადართვა ვერ ხერხდებოდა, მეორე კი, 1964 წელს გამოშვებული ტანკი, საერთოდ არ ისროდა და არც კი დადიოდა. ახალი ნივთები არავის არ მისცეს.

ირპენის აღება რუსმა სამხედროებმა ვერ შეძლეს. 2 აპრილს, როდესაც თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ჯარების გაყვანის შესახებ კიევი-ჩერნიგოვის მიმართულებიდან, სერგეის ასეულს 6 საათის განმავლობაში ბომბავდნენ – „თავის გარეთ გამოყოფა არ შეგვეძლო“. ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც სროლა არ ყოფილა, ისინი სარდაფიდან გამოვიდნენ, 28 ჭურვი ისროლეს უკრაინელების მხარეს და უკან დაიხიეს. თითქმის ყველა ტანკი დაიწვა, ასე რომ 40 სამხედროს მოუწია სამი, არსებული ჯავშანტექნიკით გასვლა.

  • „ისინი ყველა 19 წლის არიან. და ახლა უგზო-უკვლოდ დაკარგულები“

სერგეის პოლკი რუსეთში ბელარუსის გავლით დაბრუნდა. პირველივე გაჩერებაზე 180 ადამიანმა მოინდომა წასვლა. მეთაურებმა ისინი დაარწმუნეს, რომ ყველას ციხეში ჩასვამდნენ და დარჩნენ.

ბელგოროდში მათ ორი კვირა დაჰყვეს ტყეში, კარვებში, კამაზით მიდიოდნენ ქალაქში საჭმლის საყიდლად, რადგან „იქაც არ გვაჭმევდნენ, არავითარი მშრალი კვება არ იყო“. იქ სერგეიმ ორჯერ დაწერა განცხადება წასვლაზე, დაწერა უარი სპეცოპერაციაზე. „არაფერი, არსად არ აღწევდა. პოლკის მეთაურს ვაძლევდით, იგი არც კი კითხულობდა“.

კონტრაქტორი სხვა ბატალიონიდან, 19 წლის ანტონი ივანოვოდან „ბიბისის“ უამბობს, რომ მის მეგობრებს მეთაურები მაისში ტრიბუნალით აშინებდნენ, „მაგრამ რამდენიმე პირდაპირ ისე, უპასპორტოდ წავიდა. საგუშაგოზე დებდნენ იარაღს და მიდიოდნენ. კავშირგაბმულობის ბატალიონმა, 60-80-მა ადამიანმა, საერთოდ ყველამ უარი თქვა.

„იცით, იქ ისეთი ბიჭები იყვნენ, ისეთი ფანატიკოსები, რომლებმაც მოხალისეებად ერთი, სამი თვით გააფორმეს კონტრაქტი. ისინი მოდიან ომში ჩვენთან, შემდეგ პირდაპირ ბრძოლის ველზე ბრუნდებიან, იარაღს დებენ, ამბობენ – „მე მოვრჩი“ და მიდიან. საბოლოოდ ჩვენც უბრალოდ გზად შემხვედრ მანქანას გავყევით“.

– რა მოხდა, რატომ?

– დანაკარგები ძალიან დიდია. მაისში იქ ბევრი ბატალიონიდან კარგია თუ 10 ადამიანი დარჩა. ფსიქიკაზეც ძალიან მოქმედებს.

დავიწყე ადამიანებისთვის სროლა და მივხვდი, რომ ეს… ძნელია… მოკლულ ბიჭებსაც სახლში არ აგზავნიან. პირდაპირ იქ დამარხეს. ძალიან იშვიათად არის груз 200 [დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გაგზავნა რუსეთში], განსაკუთრებით მაშინ, როცა იქ თითქმის 40 გრადუსი იყო. გვამები თითქმის მაშინვე იხრწნება. მშობლებს კი არაფერს არ ეუბნებიან, წერენ – დაიკარგა უგზო-უკვლოდ. იქ ბევრი ბიჭია, რომელთაც კონტრაქტი ერთ-ორ თვეში ეწურებოდათ. 19-20 წლის. და ახლა არიან უგზო-უკვლოდ დაკარგულები. მშობლებისთვის უბრალოდ გაქრნენ.

სახლში რომ მოვდიოდი, საზღვარზე კაცები ვნახე, პირდაპირ იწევდნენ საომრად. მათ არ ესმით ეს რა არის. მათ სხვანაირად აჩვენებენ ახალ ამბებში ყველაფერს.

– თქვენ სნაიპერი ხართ, ამბობთ, რომ ომში ორი კვირა იყავით და სამ ბრძოლაში მონაწილეობდით. ითვლიდით რამდენი ადამიანი მოკალით?

– იქ არ არის დათვლის დრო.

  • „სოფელში 21 სახლია. კვირა-ნახევარი ვიღებდით“

აპრილის შუა რიცხვებში სერგეი უკან, უკრაინის ტერიტორიაზე გაგზავნეს. გზაზე ერთი შეხედვით ახალი ტანკი გატყდა – ძრავა ყოველ სამ კილომეტრში 120 გრადუსამდე ხურდებოდა.

„ასეთში ყოფნა არ შეიძლება, ვჩერდებოდით და ველოდით გაგრილებას. 12 დღე არემონტებდნენ და როგორც კი ჩამოხსნეს კამაზიდან, რომელსაც ტექნიკა უკრაინის საზღვრამდე მოჰქონდა, 5 კილომეტრის გავლის შემდეგ ისევ ადუღდა. ისევ რემონტისთვის წაიღეს ლუგანსკში, მაგრამ მისი შეკეთება იქაც ვერ მოხერხდა“.

სერგეი ამბობს, რომ მთელი ეს დრო ფიქრობდა, როგორ გაქცეულიყო. „ყოველ დღე ვიღვიძებდი ფიქრით, რომ უარის თქმა მინდა“.

სერგეი იზიუმში ჩაიყვანეს. „მაგრამ ჩვენ პოლკს იგი არ აუღია. უბრალოდ, ვიდექით იქ ერთი თვე და არც ერთხელ არ გვისვრია არტილერიიდან. ტანკებს ვზეთავდით და სანგრებს ვთხრიდით. ღამით ვპატრულირებდით. იქ საჭმელი მაინც მოჰქონდათ“.

რაზმები, რომლებიც იზიუმში აპრილში შევიდნენ, იქიდან გაღწევას ვეღარ ახერხებდნენ: „მათ [უკრაინელებს] ხომ ჯაველინები აქვთ. ტანკისტები გვიყვებოდნენ, როგორც კი ტანკს ქოქავ იქ და წასვლას ფიქრობ, იმ წუთასვე მოფრინავს ჯაველინიდან“.

იზიუმიდან სერგეი ხიდის ასაღებად გაგზავნეს, რომლის სახელიც უკვე აღარ ახსოვს, 20 კილომეტრის დაშორებით ლისიჩანსკიდან. უკრაინის ჯარები ბორცვზე იდგნენ და სროლით არ აძლევდნენ პონტონების აგების საშუალებას. „იქაც უბრალოდ ვიდექით. არ ვისროდით. არ ვიცი რატომ. ტანკები, რომლებიც მდინარის გადასალახად მიდიოდნენ, უკან აღარ ბრუნდებოდნენ“.

მისი პოლკი ლისიჩანსკის მხარეს წავიდა. იქ მათ უთხრეს აეღოთ სოფელი ბერესტოვო, რომლიდანაც ირგვლივ მდებარე ტყეები ჩანდა. „21 სახლი. კვირა-ნახევარი ვიღებდით სოფელს“.

ერთ-ერთი შეტევის დროს რუსული ტანკიდან ჭურვი არ გაფრინდა და ლულაში აფეთქდა. „ვინც შიგნით იყო და იქვე იდგა, დაიწვნენ“. სერგეი ამას იმით ხსნის, რომ ჭურვები ახალი იყო – TBS, „არავინ იცოდა მათთან მუშაობა, მათ თითქმის არ იყენებდნენ“.

დადიოდა ხმები, რომ ლისიჩანსკთან უკრაინის შეიარაღებული ძალების სამი პოლკი იდგა, 1500 ადამიანი, ხოლო ქარხანაში 5 ათასი იყვნენ. „იმ დროს უკვე ძალიან ცოტა ვიყავით, ორი პოლკი გააერთიანეს და მაინც 300 ადამიანი იყო. და თითქმის არ იყო 20 წელზე მეტი ასაკის ადამიანი. ყველა გაწვევით იყო და კონტრაქტისთვის ხელი ნაწილში ჰქონდათ მოწერილი, ისე, რომ არ უფიქრიათ, რომ შესაძლოა ომში აღმოჩენილიყვნენ“.

რუსი ჯარისკაცები ლისიჩანსკში. ფოტო: EPA-EFE/SERGEI ILNITSKY

თებერვალში ბელარუსიდან შემოსულ სერგეის 600-კაციან ბატალიონიდან იმ დროისთვის მხოლოდ ერთი ნაწილი დარჩა, 90 ადამიანი – ამბობს ის. მეორე კონტრაქტორის, ანტონის თქმით, ყოველი ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ ის ხედავდა „დაახლოებით 10 დაჭრილსა და ათამდე მოკლულს“.

ანტონი ივანოვოდან და სერგეი კრასნოდარიდან ირწმუნებიან, რომ უკრაინული არტილერია „დღეში ორ-სამჯერ“ იყენებს კასეტურ და ჟენევის კონვენციით აკრძალულ ბომბებს. რუსეთის კონტრაქტორების არსენალში ასევე იყო კასეტური ბომბები, ანტონი ირწმუნება, რომ ისინი ისროდნენ „მხოლოდ საპასუხოდ“, სერგეი კი ამბობს, რომ „მათ არ რთავდნენ ამ იარაღის გამოყენების ნებას“.

ომის დროს ორგანიზაცია Human Rights Watch-მა განაცხადა, რომ რუსეთიც და უკრაინაც იყენებენ კასეტურ ბომბებს. „ბიბისიმ“ ასევე იპოვა რუსეთის მხრიდან კასეტური ბომბების გამოყენების მტკიცებულება.

  • „ან ციხეში წახვალ, ან უკან – ფრონტზე“

ივლისში სერგეის პოლკი პოპასნაში გაიყვანეს.

„ქალაქი ნანგრევები, ორივე მხარისგან განადგურებული, სადაც ყოველ დღე მოფრინავენ უკრაინის შეიარაღებული ძალების ბომბები“ და ის გაიქცა. იარაღი მეთაურს ჩააბარა და წავიდა. მასთან ერთად გაიქცა კიდევ 7 ადამიანი სხვადასხვა ქალაქიდან.

10 ივლისს პერვომაისკას მახლობლად, საზღვარზე, ისინი სასაზღვრო სამსახურის პოდპოლკოვნიკს შეხვდნენ და უთხრეს: „ომიდან წამოვედით, რა ვქნათ?” სერგეის თქმით, მან უპასუხა: „აქ მარტო თქვენ არ ხართ, ყოველდღე ასს ვხედავ, მოვა „კამაზი“ და წაგიყვანთ „ეფესბეს“დაკითხვის პუნქტში“.

იქ კონტრაქტორებს დიდხანს არ ჰკითხავდნენ, ამბობს სერგეი, მხოლოდ უკვირდათ მონათხრობი მოკლულებზე. ომის ხუთ თვეში სერგეიმ დაახლოებით 700 ათასი რუბლი მიიღო, 140 ათასი თითო თვისთვის.

რამდენიმე კვირის შემდეგ სერგეი სამხედრო კომენდატურაში დაკითხვაზე გამოიძახეს. „მეკითხებოდნენ, როდის გამოვედი საომარი მოქმედებების ზონიდან, რატომ. მე ვთქვი, რომ დავიღალე და ვაჩვენე ბუჩაში განადგურებული და დამწვარი ჩვენი დივიზიის ვიდეო (აღნიშნული ვიდეო „ბიბისის“ აქვს). კონტრაქტორი გამოუშვეს.

23 სექტემბერს კი სერგეი კვლავ გამოიძახა სამხედრო პროკურორმა. ნაწილში მას მისცეს მიმართვა სამედიცინო კომისიაში და უთხრეს: „ორი გამოსავალი გაქვს. ან ციხეში, ან ისევ უკან წახვალ“.

არტილერისტი სამი დღე ვიდეოთამაშებს თამაშობდა და გადაწყვიტა არსად არ წავიდეს. ის ადვოკატს მოელაპარაკა და ახლა ორ ვარიანტს შორის არჩევს: პირობით სასჯელს კონტრაქტის დარღვევისა და მობილიზაციაზე დაუმორჩილებლობისთვის ან გამოიყენებს ფსიქიატრის დასკვნას.

კიდევ ერთმა კონტრაქტორმა, სერგეი ბოკოვმა ურალიდან, რომლის შესახებაც „ბიბისიმ“ მაისში მოამზადა მასალა, კვირას მოასწრო ყაზახეთში გადასვლა და გერმანიაში გეგმავს ჰუმანიტარული ვიზის მიღებას.

ანტონი ივანოვოდან 25 სექტემბერს კვლავ ფრონტის ხაზზე გაემგზავრა.

_________________

მასალა ქვეყნდება მცირედი შემოკლებით. 

ფოტო: EPA-EFE/YURI KOCHETKOV

უმაღლესი სასულიერო დაწესებულება მხოლოდ მართლმადიდებლებისთვის – დავა საკონსტიტუციოში

მუსლიმი თემის ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოში იმ საკანონმდებლო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომელიც უმაღლესი საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსით საქმიანობის უფლებას მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას ანიჭებს.

მოსარჩელე იურიდიული პირი „საქართველოს სრულიად მუსლიმთა სამმართველოს“ ხელმძღვანელი მირტაგ ასადოვია, რომელმაც პარლამენტის წინააღმდეგ ჩივილი მას შემდეგ გადაწყვიტა, როცა განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრიდან წერილობითი პასუხი მიიღო – ასადოვი ისლამური სასულიერო საგანმანათლებლო დაწესებულების გახსნისთვის შესაბამის ავტორიზაციას ითხოვდა.

„მუსლიმთა სამმართველოს სურს, რომ დააფუძნოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც სტუდენტები ისწავლიან თეოლოგიას, ღვთისმსახურებას და სხვა მსგავსი შინაარსის მქონე პროფესიებს,“ – ვკითხულობთ კონსტიტუციურ სარჩელში. – „აღნიშნულის განსახორციელებლად კი, მათ სჭირდებათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვება, რასაც სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს,“ – აღნიშნულია სარჩელში.

მირტაგ ასადოვი სარჩელში აქცენტს აკეთებს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პასუხზე, სადაც ხაზგასმულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 47-ე პრიმა ხუთი მუხლი.

„ამ მუხლის თანახმად, საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება აქვთ მხოლოდ მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რაც გამომდინარეობს კონსტიტუციური შეთანხმებიდან.

მიგვაჩნია, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 475-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტისა და ამავე კანონის მე-2 მუხლის „ვ“ პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას ანიჭებს უმაღლესი საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსით საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას, არღვევს სხვა რელიგიური ორგანიზაციების კონსტიტუციურ უფლებას.

აღნიშნული მოსაზრება ეფუძნება იმას, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში მოცემული მოწესრიგებით საპატრიარქოს გარდა სხვა რელიგიურ გაერთიანებებს არ შეუძლიათ უმაღლესი სასულიერო დაწესებულების სტატუსით განახორციელონ საგანმანათლებლო საქმიანობა. ამას მოწმობს სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ პოზიციაც, რომელიც სწორედაც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 475-ე მუხლის საფუძველზე გამორიცხავს საპატრიარქოს გარდა სხვა რელიგიური გაერთიანების მიერ უმაღლესი საღვთისმეტყველო სასწავლების დაარსებისა და რელიგიური საგანმანათლებლო პროგრამების სწავლების შესაძლებლობას“, – წერია სარჩელში.

მუსლიმთა სამმართველო სარჩელში ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სეკულარიზმი არ კრძალავს სახელმწიფოს მხრიდან რომელიმე რელიგიური ორგანიზაციისთვის გარკვეული შესაძლებლობის მინიჭებას, მაგრამ ეს არ უნდა ქმნიდეს შეზღუდვას სხვა რელიგიებისთვის.

„…სეკულარიზმის პრინციპის დღევანდელი გაგება არ კრძალავს სახელმწიფოს მიერ რელიგიური ორგანიზაციებისთვის გარკვეული შესაძლებლობების მინიჭებას, მაგრამ შეზღუდვა, რომელსაც ის სახელმწიფოებს უწესებს მდგომარეობს იმაში, რომ თუ კი ისინი ასეთ შესაძლებლობას მიანიჭებენ ერთ რელიგიურ ორგანიზაციას, ასეთივე უნდა მიანიჭონ სხვა ორგანიზაციებსაც, რადგან სეკულარიზმი თავის თავში მოიცავს თანასწორობის პრინციპსაც.

შესაბამისად, არაკონსტიტუციური არ არის თავისთავად მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უმაღლესი საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსით საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობის, ისევე, როგორც ჩვენ მიერ გასაჩივრებული რიგი შესაძლებლობების მინიჭება, არამედ არაკონსტიტუციურია ასეთი შესაძლებლობების მხოლოდ მისთვის მინიჭება,“ – აღნიშნულია სარჩელში.

მირტაგ ასადოვის მოპასუხე პარლამენტი იქნება, რომელსაც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის შეცვლა მოუწევს.

4 თვის დემეტრე ფიბროსარკომას ებრძვის – მას საზოგადოების დახმარება სჭირდება

4 თვის დემეტრე ჩიტაძეს ავთვისებიანი სიმსივნე აქვს. დიაგნოზი – ფიბროსარკომა მას თურქეთში დაუსვეს.

თურქეთში დემეტრეს ამჟამად ქიმიოთერაპიის პირველ კურსს უტარებენ. ბავშვის დედის, ოლღა მერებაშვილის თქმით, საჭიროა ქიმიოთერაპიის კიდევ შვიდი კურსი.

„ერთი თვის წინ დემეტრეს ფეხი შეუშუპდა, თავიდან კოღოს ნაკბენი გვეგონა, რადგან ბავშვი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო და სხვა რამ არ გვიფიქრია.

თბილისში, კლინიკაში გვყავდა, სადაც გვითხრეს, ძვლის ანთებაა ბაქტერიით გამოწვეულიო და ჩაუტარდა ოპერაცია, ანთებითი პროცესის შესაჩერებლად. თუმცა ოპერაციის შემდეგ ბავშვს ფეხი ისევ შეუშუპდა და კიდევ ორი ოპერაცია გაუკეთდეს.

სულ ტყუილად ჩატარდა ეს სამი ოპერაცია, რადგან ამის შემდეგ თურქეთში წავედით და იქ, როცა ჩაატარეს დიაგნოსტირება, დადგინდა, რომ ეს იყო ავთვისებიანი სიმსივნე – ფიბროსარკომა“- გვეუბნება ოლღა.

ოთხი თვის დემეტრე და მისი მშობლები ერთი თვეა, რაც სტამბოლში, აჯიბადემის კლინიკაში არიან. ქიმიოთერაპიის კიდევ რამდენიმე კურსია საჭირო იმისთვის, რომ დემეტრეს ფეხზე ოპერაცია გაუკეთონ, ამას კი შესაძლოა რამდენიმე თვე დასჭირდეს.

დედის თქმით, მკურნალობა ძალიან დიდ თანხას უკავშირდება, ამიტომ საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვთ.

„ქიმიოთერაპიასა და დიაგნოსტირების ხარჯების დაფარვა მოვახერხეთ ახლობლების დახმარებით,  თანხის ნაწილი მოგვცა აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომაც, მაგრამ შემდეგ ეტაპებზე რა გვეშველება, უკვე არ ვიცით.

ძალიან ბევრ ფონდს მივმართეთ და უმეტესობამ უარი გვითხრა დახმარებაზე, რადგან წლის ბოლოა და ბიუჯეტი ამოწურულიაო.

მიმართული გვაქვს „სოლიდარობის ფონდისთვის“ და ველოდებით პასუხს. ექსპერტიზის დასკვნა უნდა წარვუდგინოთ, რომ ეს დაავადება საქართველოში არ იკურნება. წინააღმდეგ შემთხვევაში დაფინანსებას არ გასცემენ.

ბათუმის მერიასაც მივმართეთ, სადღაც 6 ათას ლარზეა საუბარი, მაგრამ ისიც არ ვიცით, მოგვცემენ თუ არა. იმედი გვაქვს, რომ საზოგადოება გულთან მიიტანს დემეტრეს მდგომარეობას და დაგვეხმარება მკურნალობაში“- გვეუბნება ოლღა მერებაშვილი.

4 თვის დემეტრეს დახმარების მსურველებს შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ შემდეგ ანგარიშებზე:

თიბისი ბანკი:

GE64TB7147745064300039

საქართველოს ბანკი:

GE76BG0000000841213900

ლიბერთი ბანკი: 

GE36LB0711190327018001
მიმღები: როინ ჩიტაძე (დემეტრეს მამა)
Paypal: chito19921@gmail.com

„გოგოს რა უნდა მთაში“… ამ სტერეოტიპს ნელ-ნელა ვანგრევ“ – 17 წლის მთამსვლელი ხულოდან

17 წლის მარი კოჩალიძე ხულოში, სოფელ რიყეთში ცხოვრობს. მარი ახალგაზრდა მთამსვლელია. ცდილობს, რომ მისი გატაცების შესახებ ბევრ თანატოლს მოუყვეს, გამოცდილება გაუზიაროს და მათთან ერთად შეეწინააღმდეგოს სტერეოტიპს, რომ თითქოს ალპინიზმი ქალის საქმე არ არის.

  • საიდან დაიწყო მთამსვლელობის გზა თქვენთვის?

16 წლის ვიყავი, როცა ჩემმა დამ აჭარის მეკლდეურთა კლუბზე მითხრა. გავწევრიანდი, ზაფხულში ლაშქრობებზე დავდიოდი და ყველაფერი აქედან დაიწყო. მე სადაც ვცხოვრობ, იქ ფაქტობრივად არაფერი არ ხდებოდა მსგავსი და თავიდან ვფიქრობდი, რომ [მთამსვლელობა] ჩემთვის შეუძლებელი იყო და ეს მხოლოდ უცხოელებს შეეძლოთ. სინამდვილეში, ბავშვობიდან ვოცნებობდი კლდეებზე ცოცვაზე.

მოთხილამურეც ვარ, გამოვდივარ ჩემპიონატებზე, სადაც „კავკასიონის ბანაკზე“ გავიგე. ბანაკის მონაწილეები ზაფხულში მწვერვალებზე დაჰყავდათ. 2 კვირით წავედით სვანეთში, ვიცოცეთ კლდეებზე, ვისწავლეთ მთაში სიარული, ავედით 2 მწვერვალზე… გამოცდილება, რომელიც აქ მივიღე, ძალიან დამეხმარა.

ჩვენთან, ხულოში, მსგავსი რაღაცები ძალიან იშვიათია, მაგრამ ონლაინსივრცეში ბევრ რამეს ვსწავლობ. სულ ძიებაში ვარ. ჩემს თავს თავგადასავლების მაძიებელს დავარქმევდი. თუ მსგავსი ლაშქრობები გამოჩნდება, მინდა წავიდე, ჩავერთო, გამოცდილება შევიძინო.

ჩემი აზრით, მთამსვლელობა ძალიან ბევრ  რამეს გასწავლის. ამ ერთი წლის განმავლობაში ჩემს თავში პროგრესს ვგრძნობ. ამ საქმეში გამოცდილ ადამიანებთან ურთიერთობამ ბევრი რამ მასწავლა.

მე სადაც ვცხოვრობ [რიყეთში], მიმაჩნია, რომ იმის იქეთ კიდევ ბევრი რამაა… მინდა მთამსვლელობაზე უფრო მეტმა ჩემმა თანატოლმა გაიგოს და ძალიან გამიხარდება, თუ ვინმეს დააინტერესებს.

არ ვიცი, ჩემი ასაკის გოგო ან ბიჭი მთამსვლელი ხულოდან. შეიძლება არის, მაგრამ მე არ ვიცნობ.

  • შენი სოფლის სხვა ახალგაზრდებიც არიან მთამსვლელობით დაინტერესებულები?

როდესაც დავდიოდი მთებში, ვიღებდი ფოტოებს და ჩემს კლასელებს, მეგობრებს ვაცნობდი, ძალიან კარგი რამაა, შემომიერთდით-მეთქი, ბევრს დააინტერესა და სხვათა შორის, ბევრი უკვე ჩემს გუნდშიცაა, მაგრამ არის წინააღმდეგობები ოჯახიდან. არის სტერეოტიპი, რომ „გოგოს რა უნდა მთაში“ … ჩემი აზრით, ამ სტერეოტიპებს ნელ-ნელა ვანგრევ. თანხმობა წამოვიდა უკვე ოჯახებიდანაც, მაგრამ ბევრგანაა იგივე მდგომარეობა. მინდა დასრულდეს ეს ყველაფერი. ასე აღარ უნდა ვაზროვნებდეთ. უფრო მეტი შესაძლებლობა უნდა მივცეთ ბავშვებს, რათა ისწავლონ დამოუკიდებლად ცხოვრება და აკეთონ ის, რაც მათ უნდათ.

პირველ რიგში, იმაში გამიმართლა, რომ ჩემი ოჯახი ყოველთვის გვერდში მიდგას. ბებია, ბაბუა, მამა, დედა – ყოველთვის ყველაზე მეტად მიჭერენ მხარს და არასდროს ზღუდავენ ჩემს თავისუფლებას. პატარ-პატარა წინააღმდეგობებია მხოლოდ. მიუჩვევლები არიან, შენ გარდა არავინ დადის ამდენს, აღარ წახვიდეო, მაგრამ როცა ვუხსნი, მხარს მიჭერენ.

  • რით არის განსაკუთრებული მთამსვლელობა?

ყოველი ლაშქრობა ახალი თავგადასავალია. ჩემთვის მთა მედიტაციაა. მთაში უფრო გახსნილი ვარ, ვწერ დღიურებს, თითქოს ბუნებასთან ვთანამშრომლობ. კარგი განცდაა, დაღლილი რომ ადიხარ მწვერვალზე და შემდეგ გადმოჰყურებ ამ სილამაზეს. ანუ, შენ ეს შეძელი, მწვერვალს მიაღწიე.

კარავს შლი. დილით იღვიძებ, უცებ ნისლი ჩამოწვება, უცებ გადაიყრება… ამის ყურება ბედნიერებას მანიჭებს.

მარი კოჩალიძე
  • მცოცავი ქვების დროს, როცა მეტია წინააღმდეგობა, როგორ იქცევით?

თუ ძალიან საშიშია, იქ არ ვრისკავთ. ინსტრუქტორი ყოველთვის ისეთ ადგილს არჩევს, სადაც ნაკლები საფრთხეა. ან თოკზე ვართ ჩაბმულები.

  • აღჭურვილობას თქვენ თვითონ იძენთ?

აღჭურვილობას თავიდან მასწავლებელი მაძლევდა, მაგრამ ახლა ჩემს აღჭურვილობას ვაგროვებ, თანდათან ვყიდულობ, საკმაოდ ძვირი ღირს, ჯერ ბევრი არაფერი მაქვს. მხოლოდ ჩანთა შევიძინე, ცოტა უხარისხოა…

რამდენი წელია სასკოლოდ არაფერი არ მიყიდია. ფულს ვაგროვებ, რომ უფრო საჭირო ნივთები ვიყიდო, მაგალითად, საძილე ტომარა, კარავი და ა.შ. ბევრს დაუცინია, ტანსაცმელს რატომ არ ყიდულობო. ჩემთვის ესაა ყველაფერი.

უკვე დამოუკიდებლად მინდა მწვერვალებზე წავიდე, სოლო ლაშქრობები დავიწყო.

  • რა უნდა გაკეთდეს, რომ ახალგაზრდები უფრო მეტად დაინტერესდნენ მთამსვლელობით?

ჩემი აზრით, ამ სპორტს უფრო მეტად უნდა გაეცნონ ბავშვები. ბევრი არაფერი იციან ახალგაზრდებმა მთამსვლელობაზე, ლაშქრობებზე …

მეც რას წარმოვიდგენდი, რომ საქართველოში ასეთი რამ ხდებოდა. პირველ რიგში, გაეცნონ ამ სპორტს, მთამსვლელთა კლუბებს შემოუერთდნენ, თუ ვინმეს სურვილი აქვს.

რა თქმა უნდა, საჭიროა საზოგადოების ცნობიერების გაზრდა, რომ ბავშვებს მისცენ ამის საშუალება, რადგან სულ „გოგო ხარ და რა გინდა მთაში“ – ისმის.

მე არასდროს მეშინია, თუნდაც მაშინ, როცა მლანძღავენ… ყოველთვის ვაკეთებ იმას, რაც მინდა და ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემს თანატოლებს დავეხმარები. ბევრ მშობელთან მისაუბრია, ბევრი მშობლისგან ცუდი დამოკიდებულება წამოსულა. ბევრი ამბობს ჩემზე, რომ აი, მაგალითად, „დადის აქეთ-იქით, როგორ შეიძლება გოგოსთვის ასეთი რამო“, მაგრამ მე ამას ყურადღებას არ ვაქცევ.

რაღაცნაირად ბევრი მშობელი დავარწმუნე, რომ მათი შვილები უნდა გაუშვან ლაშქრობებზე, რაც ძალიან მახარებს.

  • რას გეგმავ სამომავლოდ?

ახლა აბიტურიენტი ვარ, ფსიქოლოგიაზე მინდა ჩავაბარო. ეს ერთი წელი ნაკლებად ვივლი ლაშქრობებზე. როცა უნივერსიტეტში ჩავაბარებ, დამატებით გიდების [მოსამზადებელ] სკოლაში მინდა ვისწავლო, ნახევრად ტურიზმის სფეროს გავყვე. შემდეგ, რასაც შევძლებ, საქართველოს ყველა მხარის შემოვლას დავიწყებ და როცა გავიზრდები, გამოცდილება მექნება, საზღვარგარეთაც წავალ. ძალიან მინდა გრენლანდიაში მოგზაურობა.

მთელი ცხოვრება, სანამ შესაძლებლობა მექნება, მთამსვლელობაში მინდა ვიყო ჩართული და იმ ახალგაზრდებს დავეხმარო, რომლებიც ამ საქმით დაინტერესდებიან.

  • როგორ ფიქრობ, ხულოს მუნიციპალიტეტს ამ მიმართულებით განვითარების პოტენციალი აქვს?

მაღალმთიან აჭარაში, კერძოდ ხულოში, ბევრი საინტერესო ადგილია ტურისტებისთვის.

ჩემი მეგობარი მოლაშქრე წამოვიყვანე ხულოში. ძალიან მოეწონა აქაურობა. ვფიქრობ, მწვერვალების გარდა სხვა ყველაფერი გვაქვს. უნდა იზრუნონ, მოაწესრიგონ ინფრასტრუქტურა და ეს ტურისტული მარშრუტები განავითარონ.

ხულოს გზები ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. საშინელი, დამღლელი გზაა და ბევრი ხულოში ამოსვლისგან ამიტომ იკავებს თავს.

მარი კოჩალიძე

ბათუმში ბიზნესგეგმის შემუშავების ორდღიანი სემინარი ტარდება – ევროკავშირის პროგრამა

პროგრამის ფარგლებში Links „რედისონ ბლუ“ ბათუმში ბიზნეს გეგმის შემუშავების ორდღიანი სემინარი ჩატარდა 26-27 სექტემბერს.

Links-ი ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების პროგრამაა. თავის მხრივ Links-ი ევროკავშირის დიდი პროგრამის ნაწილია, რომელსაც ჰქვია Skills for jobs/განათლება დასაქმებისთვის.

ეს 53 მილიონიანი პროგრამა პროფესიული განათლების და შრომის ბაზრის განვითარების მხარდასაჭერად ცხრა პროექტს აფინანსებს. ამ პროექტებს არასამთავრობო ორგანიზაციები და აკადემიური ინსტიტუციები ახორციელებენ.

ბიზნესგეგმის შემუშავების ორდღიანი სემინარი ბათუმში

პროგრამის მიზანია დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს სამუშაო ადგილების მოძიებაში, პროფესიული თუ უწყვეტი განათლების მიღებასა და მეწარმეობის გაძლიერებაში.

ჯონდო ცერცვაძე ბათუმში ბიზნეს გეგმის შემუშავების სემინარის მონაწილეა. ბიზნეს იდეა აქვს – უნდა, რომ ნივრის მწნილი აწარმოოს და პროდუქტი პოპულარული გახადოს საქართველოში. ჯონდო გორიდანაა. ბიზნესიდეა მარტივად მოუვიდა: დედის გაკეთებულ მწნილებს აკვირდებოდა, მათ შორის საუკეთესოს, ნივრის მწნილის წარმოება გადაწყვიტა.

„ბიზნესიდეები საყოფაცხოვრებო გარემოში ჩნდება. ეს იდეაც ასე მომივიდა, მწნილებს შორის ყველაზე უფრო ნივრის მწნილი მიყვარს, დედაჩემი იდეალურად აკეთებს. რატომ არ უნდა ვაქციო ეს პროდუქტად, როცა საქართველოში ნივრის მწნილს ცალკე მაღაზიაში ვერსად იყიდი? Links-ის ტრენინგებზე მეწარმეობის საფუძვლებს გავეცანი. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესის მიმართულებით არ მაქვს პროფესიული ცოდნა, ტრენინგ-სემინარებზე ბევრი რამ გავიგე და დავიჯერე, რომ ყველაფერი გამომივა“, – ამბობს ტრენინგის მონაწილე.

პროგრამას „Links“ „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“ ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაციასთან ერთად ოთხ რეგიონში: აჭარაში, გურიაში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში.

პროექტის მიზანი ამ ოთხ რეგიონში ცოდნისა და უნარების განვითარება, დასაქმების ხელშეწყობა,  შრომის ბაზრის მოთხოვნებთან მიწოდების შესაბამისობის გაზრდაა.

პროექტის ბენეფიციარები არიან ახალგაზრდები, რომლებიც არ არიან ჩართული საგანმანათლებლო პროცესში და არც დასაქმებულები არიან.

„Links“-ის პროექტში ჩართულები არიან საგანმანათლებლო სერვისების მიმწოდებლები, პროფესიული სასწავლებლები, ადგილობრივი ახალგაზრდული და არასამთავრობო ორგანიზაციები, სხვა ჯგუფები.

ერთი წლის განმავლობაში საქართველოს „ღია საზოგადოების ფონდი“, ორგანიზაცია Mindworks-თან ერთად ატარებდა სამეწარმეო ტრენინგებს ქვეყნის ზემოთ ხსენებულ ოთხ რეგიონში. 6 თვიან სემინარებს ოთხასამდე ახალგაზრდა დაესწრო.

23 წლის ლუკა თხილაიშვილიც „Links“-ის ბიზნეს გეგმის შემუშავების ორდღიანი სემინარის მონაწილეა. ლუკა აპირებს გურული სანელებლების წარმოებას და რეალიზაციას.

„ეს ხის სპეციალურ საცეხელში დამზადებული სუნელია, მზადდება ნედლი ქინძის, თხილის, მარილის და წითელი წიწაკისგან. ხის საცეხელი წყალზე მუშაობს წისქვილის პრინციპით და სუნელს ცეხვავს. ასე მზადდებოდა გურიაში ტრადიციული სუნელი, მინდა სარეალიზაციო პროდუქტად ვაქციო ჩვენი ტრადიცია“, – ამბობს ტრენინგების 23 წლის მონაწილე.

„ღია საზოგადოების ფონდის“ წარმომადგენელი, ხათუნა იოსელიანი ამბობს, რომ სამომავლოდ პროგრამა „Links“-ის ფარგლებში მოეწყობა ბიზნეს მოდელების, მარკეტინგული გეგმების და გაყიდვების გეგმის განხილვა.

ასევე ბიზნესპროექტებისთვის საჭირო რესურსების განსაზღვრა პროექტის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე.

ხათუნა იოსელიანი

„ევროკავშირის პროგრამა skills4jobs-ის სრული ბიუჯეტი 48,85 მილიონი ევროა, აქედან 7 მილიონი გაიცა 9 პროექტზე, რომელთა შორის ერთერთი ჩვენია. მიზანი არის შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და მიწოდებას შორის შესაბამისობის გაზრდა, ახალგაზრდებისათვის, მოწყვლადი ჯგუფებისა და ქალებისათვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნა, განსაკუთრებით პროფესიული განათლებისა და მეწარმეობის მიმართულებით.

ამ ორდღიან სემინარზე განვიხილავთ ასევე ფულად ნაკადებსა და ბალანსს, მოგება-ზარალის უწყისების დამუშავებას და ბოლოს გვექნება ბიზნესპროექტების წარდგენა.

ახლა გვყავს 29 მონაწილე, რომლებსაც საინტერესო ბიზნესიდეები აქვთ, ამ ბიზნესიდეებს ვხვეწთ და შემდეგ უკვე ნოემბერში გამოვაცხადებთ საგრანტო კონკურსს, სადაც მათ მონაწილეობის მიღება შეეძლებათ.

გვაქვს 8 პროექტის დაფინანსების შესაძლებლობა, თითოეული პროექტისთვის გვაქვს გამოყოფილი 4000 ევრო“, – ამბობს ხათუნა იოსელიანი.

ბიზნესგეგმის შემუშავების ორდღიანი სემინარი ბათუმში

ბათუმის ორდღიანი სემინარების მონაწილეები „Links“-ის სხვა სემინარების მონაწილეებისგან შეარჩიეს. ხათუნა იოსელიანი ამბობს, რომ შეარჩიეს ინგლისური ენის, კომპიუტერული კურსებისა და მეწარმეობის, კარიერული კურსების გამორჩეული მსმენელები.

„პროექტის ფარგლებში ვადგენთ მეწარმეობის სახელმძღვანელოსაც, რომელსაც მერე პროფესიული სასწავლებლებიც გამოიყენებენ. სახელმძღვანელო განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით შევიმუშავეთ. უკვე გვაქვს სამუშაო ვერსია, მალე საბოლოო ვერსიაც გვექნება“, – ამბობს ხათუნა იოსელიანი.


„ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ (LINKS) პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით, „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ, ხოლო აჭარის რეგიონში პროექტის პარტნიორი ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლია“ (IJH) 

ბათუმის მერიის თანამშრომელი ცოლის ცემის ბრალდებით დააკავეს

ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორი, არჩილ ბარამიძე, ოჯახში ძალადობის მუხლით დააკავეს. მას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 22 სექტემბერს შეუფარდა.

გამოძიება ბათუმის მერიის უკვე ყოფილ თანამშრომელს ცოლზე ფიზიკურ ძალადობას ედავება.

„ის არ ცნობს თავს დამნაშავედ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ადვოკატმა სიმონ ასათიანმა, რომელიც არჩილ ბარამიძის ინტერესებს იცავს. ადვოკატი მოსამართლეს ბრალდებულის 5 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას სთხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში არჩილ ბარამიძეს მინიმუმ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ელის 80-დან 150 საათამდე. ოჯახში ძალადობის მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა.

—————————-

ბათუმის სპორტული ცენტრი ბათუმის მერიას ეკუთვნის და ამ პოზიციაზე არჩილ ბარამიძე ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა 2022 წლის 2 მაისს დანიშნა.

მანამდე არჩილ ბარამიძე ხელვაჩაურის მერის – ჯუმბერ ვარდმანიძის მოადგილე იყო. არჩილ ბარამიძის შესახებ „ბათუმელები“ გასულ წელს წერდა, როცა დადასტურდა, რომ მისი მეგობარი და „ქართული ოცნების“ კოორდინატორი მაჭახლის ხეობაში უკანონოდ აწარმოებდა ბიზნესს, ხელვაჩაურის მერია კი, უკანონობას არ იმჩნევდა. საიას შეფასებით, ჩნდებოდა ეჭვები კორუფციაზე და საჭირო იყო მინიმუმ მოკვლევის დაწყება.

არჩილ ბარამიძეს უკავშირდება კიდევ ერთი საქმე – 2020 წელს მიშა ბოლქვაძემ ენმ-დან დააფიქსირა, რომ არჩილ ბარამიძის სამსახურებრივი ავტომანქანით თორნიკე რიჟვაძის ნათესავი და „ქართული ოცნების“ აქტივისტი – მანუჩარ რიჟვაძე გადაადგილდებოდა. ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტიის კამპანიაში მონაწილეობდა.

რა უნდა იცოდეთ, სანამ თქვენს შვილს ფეხბურთზე შეიყვანთ – რჩევები მწვრთნელებისგან

ბათუმში ბავშვთა ფეხბურთზე მზარდი მოთხოვნაა. ქალაქში 7 კერძო საფეხბურთო სკოლაა, სადაც ასობით ბავშვი სწავლობს.

რა სჭირდება ბავშვთა ფეხბურთს განვითარებისთვის და რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა, სანამ შვილს ფეხბურთზე შეიყვანენ, ჰკითხა „ბათუმელებმა“ ორი საფეხბურთო სკოლის, „დელფინის“ მწვრთნელს იურა ალეფირენკოს  და „პორტუსის“ პრეზიდენტს, ჯაბა ჭანტურიას.

„20 წელია ამ სფეროში ვარ და მსგავსი არ მახსოვს,“ – ბავშვების მხრიდან ფეხბურთისადმი გაზრდილი ინტერესით იწყებს საუბარს „ბათუმელებთან“ საფეხბურთო კლუბ „პორტუსის“ პრეზიდენტი, საფეხბურთო მენეჯერი ჯაბა ჭანტურია.

„ძალიან ბევრი ბავშვია დაინტერესებული ფეხბურთით. ამას, პირველ რიგში, ხელი შეუწყო ბათუმის ახალმა სტადიონმა და ბათუმის „დინამოს“ წარმატებებმა. ამ რაოდენობის ბავშვების ნაკადმა კი გააჩინა აუცილებლობა, ქალაქში გახსნილიყო საფეხბურთო სკოლები,“ – ამბობს ჯაბა ჭანტურია.

მისივე თქმით, ბავშვთა გაზრდილ ნაკადს ვერცერთი საფეხბურთო სკოლა მომზადებული ვერ შეხვდა.

დღეს ბათუმში მოქმედი საფეხბურთო სკოლების უმეტესობას არ აქვს საკუთარი ინფრასტრუქტურა, ამიტომ ვარჯიშები მუნიციპალურ მინი საფეხბურთო მოედნებზე ტარდება, რომელიც ხშირ შემთხვევაში სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ხოლო მაღალი დონის მოედნები კერძო საკუთრებაშია და მისით სარგებლობისათვის სკოლებს სოლიდური თანხის გადახდა უწევთ.

„მოგეხსენებათ, რომ საწვრთნელი ბაზა ბათუმის „დინამოს“ გარდა არცერთ საფეხბურთო სკოლას არ გააჩნია. ამიტომ ვარჯიშები მუნიციპალურ საფეხბურთო მოედნებზე ტარდება. ერთი მოედანი არის ახალ ბულვარში, მეორე არის ყინულის სახლის ტერიტორიაზე, ასევე არის მოედანი ბაგრატიონის ქუჩაზე. ცალკეული სკოლა არჩევს ორ-სამ ადგილს, სადაც ატარებს ვარჯიშებს,“ – ამბობს ჯაბა ჭანტურია.

საფეხბურთო კლუბ “პორტუსის” აღსაზრდელები და მწვრთნელები

საფეხბურთო სკოლებში სწავლის თანხა განსხვავებულია. იწყება 50 ლარიდან და რიგ შემთხვევაში 110-120 ლარზე ადის.

  • რა პრობლემები აქვს ბავშვთა ფეხბურთს

საფეხბურთო სკოლა „დელფინი“ იურა ალეფირენკომ ერთი წლის წინ დააარსა, მაშინ, როდესაც კიევიდან ბათუმში გადმოვიდა საცხოვრებლად.

„თავიდან კიევში გვინდოდა ამ ყველაფრის გაკეთება, დაბრუნებას ვგეგმავდი. მაგრამ აქ არსებული მდგომარეობა რომ დავინახე – ვარჯიშებზე ვაკვირდებოდი რა ხდებოდა მოედნებზე, მივხვდი, რომ 10-15 წლით უკან ვართ. ამიტომაც გადავწყვიტე დამეფუძნებინა საკუთარი სკოლა. იმიტომ, რომ შორს ვართ იმ რეალობისგან, რაც ხდება დღეს თანამედროვე ფეხბურთში. ამ ვარჯიშებით, ამ მიდგომით, ამ ყველაფრით ძალიან შორს ვართ,“ – ამბობს იურა ალეფირენკო.

იურა ალეფირენკოს ვთხოვეთ დაესახელებინა ის მთავარი პრობლემები, რომელიც დღეს ბათუმში ბავშვთა ფეხბურთს აქვს.

„ინფრასტრუქტურა და მწვრთნელები, თუმცა მწვრთნელები – ჩემთვის ეს არის მაინც პირველი პრობლემა. ამიტომაც დავრჩი ამ ქალაქში. ჩემს ირგვლივ მაინც თუ შევძლებ რამეს შეცვლას და მაქვს იმედი რომ შევცვლი.

მეორე არის ინფრასტრუქტურა, რომელიც არ გვაქვს. ადრე, ჩემს ბავშვობაში უფრო მეტი მოედნები იყო, ვიდრე ახლა.

მოედნები აკლია ბათუმს, დიდი მოედნები. გვყავს საფეხბურთო სკოლები, რომლებიც ხან სად ვარჯიშობენ და ხან სად. ჩვენ მაგალითად უბნებშიც ვვარჯიშობთ. უბანში რომ შევდივართ, გვიწევს ჭიდაობა – „ცოტახანს დაგვითმეთ მოედანი“ ან „გთხოვთ, ათი წუთიც გვადროვეთ“, – ამბობს იურა ალეფირენკო.

არასაკმარის მოედნებს და ინფრასტრუქტურას ასახელებს მთავარ პრობლემად ჯაბა ჭანტურიაც.

„პირველი არის ინფრასტრუქტურა და მეორე არის მეტ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა. საერთაშორისო ტურნირები საშუალებას აძლევს ჩვენს აღსაზრდელებს, შეეჯიბრონ საერთაშორისო წამყვანი საფეხბურთო აკადემიების გუნდებს, ისეთების, როგორიცაა იტალიის, თურქეთის, გერმანიის, ესპანეთის… ეს საჭიროა ბავშვების ფსიქოლოგიური მდგრადობის განვითარებისთვის. რომ მიხვდნენ, ისინიც ჩვენნაირი ბავშვები არიან და შეიძლება მათთან არამარტო საფეხბურთო პაექრობა, არამედ გამარჯვების მოპოვებაც,“ – ამბობს ჯაბა ჭანტურია.

  • ძველი სამწვრთნელო სკოლა და ახალი რეალობა

„ბათუმში არის ძალიან სუსტი მწვრთნელები,“ – ამბობს იურა ალეფირენკო და იქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ამ პრობლემის გამოსწორებას ცდილობს.

კერძოდ, ფედერაციამ დანერგა სწავლების ახალი სისტემა, რომლითაც ახალი თაობის მწვრთნელები გაიზრდებიან. ეს მწვრთნელები კი ახალი მიდგომებით აღზრდიან პატარა ფეხბურთელებს.

„ფეხბურთის ფედერაციაში ვსწავლობ. ძალიან კარგი სწავლება აქვთ, თანამედროვე. ჩვენზე ასაკიანი მწვრთნელებიც კი იძახიან, რომ შედარებაც არააო, „ახლა რომ გავსულიყავით გამოცდაზე, ვერ ჩავაბარებდითო“. მათ ადრე რაღაც კვალიფიკაცია კი აიმაღლეს, მაგრამ დღეს სულ სხვა სწავლებაა. ეს ახალი სწავლება, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ დანერგა, გამოიწვევს უფრო კარგ მწვრთნელებს, უფრო შედეგზე ორიენტირებული მწვრთნელების თაობა წამოვა.

ჩემ მიერ ნათქვამი „შედეგი“ ზოგს არასწორად ესმის. შედეგი არის ის, რომ ბავშვი განვითარდება და არა ის, რომ „დღეს მე „დინამო“ თბილისს მოვუგე თუ წავაგე“. ამ შედეგზე მაქვს საუბარი,“ – ამბობს იურა ალეფირენკო.

  • რა გავლენას ახდენს ბავშვობაში ვარჯიშის დროს მიღებული ტრავმები საფეხბურთო კარიერაზე

„საკმაოდ მწვავე საკითხია და ცუდ მდგომარეობაში გვაქვს სპორტული მედიცინა,“ – ამბობს ბავშვი ფეხბურთელების ტრავმებზე საუბრისას ჯაბა ჭანტურია. მისი თქმით, არცერთ საფეხბურთო სკოლას არ ჰყავს სამედიცინო წარმომადგენელი. გარდა ამისა, ბათუმში პრობლემაა სპორტული მედიცინის მუშაკის პოვნაც. ტრავმებს ხელს უწყობს უხარისხოდ გაკეთებული მინი მოედნები.

„ეს პირდაპირ აზიანებს ბავშვების ჯანმრთელობას. მაგრამ აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ რიგი ტრავმები გამოწვეულია არასწორი წვრთნისგან. გარკვეული პერიოდის შემდეგ [მწვრთნელების მხრიდან] ხდება ტრავმების გადაბრალება უხარისხო მოედნებზე.

მაგრამ საფეხბურთო მოედანი სტანდარტების შესაბამისი რომ არ არის, ეს თავიდანვე ვიცით. ამიტომ ვარჯიშები იმდაგვარად უნდა იყოს დაგეგმილი, რომ ბავშვები მაქსიმალურად დაბალი ინტენსივობით დატვირთონ. ასე ბავშვი აღარ მიიღებს ტრავმას,“ – ამბობს ჯაბა ჭანტურია.

სპორტული მოედნები, რომ ცუდი და უხარისხოა ამაზე საუბრობს იურა ალეფირენკოც.

„ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა არის ის, რომ ბავშვები იყვნენ ჯანმრთელები. ჩვენთან 6-12 წლამდე ბავშვებში ისეთი ფიზიკური დატვირთვები არ არის, რომ მშობლებმა ინერვიულონ – ვაიმე სად გავუშვი, ისეთი დატვირთვები არ მისცეს მწვრთნელმა, რომ მუხლების პრობლემა დაეწყოს.

მაგალითად, მაგნოლიასთან მდებარე მოედანი, რომელზეც ვვარჯიშობთ, არის ძალიან ცუდი. ამიტომ აქ ბავშვებს არ ვთხოვთ, რომ ჩაიცვან ბუცები. აზრი არ აქვს აქ ბუცების ჩაცმას. მაშინ ჩვენ თვითონ დავიწყებთ მუხლების და მყესების გაფუჭებას, აქ რომ ბუცებით ვავარჯიშოთ ბავშვები,“ – ამბობს იურა ალეფირენკო.

იურა ალეფირენკოს თქმით, არსებობს სპეციალური პროგრამა, რომლითაც შესაძლებელია შეამოწმო თუ რა პრობლემა აქვს ბავშვს.

„ხშირი პრობლემა, რასაც გუნდში ვაწყდებით, არის მყესების პრობლემა. ყველას ჩავარდნილი აქვს ფეხები და ამის გასწორებაა ჯერ საჭირო. ზოგს ზურგის პრობლემა აქვს. ამას სანამ არ გაასწორებ, შენ ფიზიკური დატვირთვა არ შეგიძლია. ტერფებს, მუხლებს ყველაფერს ყურადღებას ვაქცევთ და მერე ვიწყებთ ჩვენს სავარჯიშო გეგმას.

ბევრი მეთოდია ფეხბურთში, ბევრნაირად გამხდარან ფეხბურთელები, მაგრამ მე ვუბრუნდები მთავარს – ჩვენ გვაქვს შეხება 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებთან. ეს ასაკი იმდენად საბაზისოა, აქ თუ ჩვენ ბავშვი დავაზიანეთ, მერე ჩვევების გადასწორება 15-16 წლის ასაკში ძალიან რთული იქნება. თუ ბავშვს არ აქვს სწორი მუხლები, ამის გასწორებაზე თუ დღეს არ ვიმუშავეთ, 15 წლის ასაკში მისი კარიერა ჩათვალეთ დამთავრებულია,“ – ამბობს იურა ალეფირენკო.

ის თვლის, რომ მწვრთნელმა მუდმივად უნდა ისწავლოს, გაეცნოს თანამედროვე მიდგომებს და შემდეგ ეს ცოდნა ბავშვებს გადასცეს. ამ პროცესში კი მწვრთნელებს სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს. მას ვკითხეთ, როგორ შეუძლია სახელმწიფოს არსებული სიტუაციის გამოსწორება.

„მწვრთნელებით. ფეხბურთის ფედერაციას უნდა მოსთხოვოს, რომ გამოუშვას უფრო მაგარი და ჭკვიანი მწვრთნელები. უფრო გაამკაცრონ იქ სწავლება. უფრო მომთხოვნი უნდა იყოს, რაც გაკეთდა უკვე. ახლა მე ვსწავლობ და ვხედავ. როგორც ვიცი, ადრე  არ იყო ასეთი მოთხოვნა და კი გვეტყობა, ყველანაირად გვეტყობა. თუ ჩვენ პატარებიდან არ დავიწყეთ, დიდებში შედეგი როგორ გვექნება?“ – კითხვას სვამს ფეხბურთის მწვრთნელი.

  • მშობლების ფაქტორი

საფეხბურთო სფეროში მომუშავე პროფესიონალები ბავშვ ფეხბურთელთა წარმატების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ასახელებენ მშობლებს, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში არასწორი მოლოდინები აქვთ და საბოლოოდ აზიანებენ ბავშვის წვრთნის პროცესში.

„მშობლებიც ძალიან შორს არიან დღევანდელი რეალობისგან თუ რა ხდება ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ. საზღვარგარეთ უფრო აქცევენ ყურადღებას, თვითონ ბავშვის განვითარებას და არა – „დღეს მოიგო ჩემმა ბავშვმა თუ წააგო“. ეს ძალიან დიდი პრობლემაა. მოგება – წაგებაზე მშობლები უპირისპირდებიან ერთმანეთს. თუ წააგო გუნდმა – ფუ, მწვრთნელი არ ვარგა, წამოდი ვეძებოთ რაღაცა სხვა გუნდში გადავიდეთ და ა.შ.“ – ამბობს იურა ალეფირენკო.

„ჩვენი სკოლა აქტიურად მუშაობს არამარტო ბავშვების წვრთნაზე, არამედ ვმუშაობთ ცნობიერების ამაღლებაზეც. მშობლებს სწორი ინფორმაცია გვინდა მივაწოდოთ, სად არიან მათი შვილები, რა არის ჩვენი მიზანი და რა გვინდა, რომ მივიღოთ სამომავლოდ.

ქართველი მშობელი აქტიურია – ჩართულია, როგორც გუნდის შენებაში, ასევე თავისი შვილის წარმატებაში და მაქსიმალურად გვერდში უდგანან სკოლის განვითარებას და შვილს რა თქმა უნდა. არის მომენტები, როდესაც ემოციები ცოტა ზედმეტი გამოდის, მაგრამ ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობ. ვცდილობთ მივაწოდოთ ინფორმაცია მშობლებს, რათა ისინი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში იყვნენ ჩართულები,“ – გვითხრა ჯაბა ჭანტურიამ.

  • რას ნიშნავს არასწორი წვრთნა და როგორ არ უნდა მოიქცეს მშობელი

„როდესაც ბავშვთა ფეხბურთზე ვსაუბრობთ… მე ხშირად მინახავს კი არადა, მეც როცა პატარა ვიყავი, ასე ხდებოდა: თამაშის დაწყებამდე 20 წუთით ადრე მწვრთნელი გველაპარაკებოდა -„აბა დღეს ასე უნდა ვქნათ, ისე უნდა ვქნათ“. ფაქტობრივად თამაშის წინ მიდიოდა/მიდის ფეხბურთის სწავლება.

ის ერთი კვირა რას შვრებოდნენ?

თამაშის წინ რომ კრებ პატარა ბავშვებს, მანამდე რას აკეთებდი?

ბავშვი თამაშის დღეს ისედაც განცდებშია… ბედნიერია. ასევე აქ მთავარია, გზაში, სანამ სტადიონზე მოვა, მშობლები რას ეუბნებიან.

პირველ რიგში, თქვენ ბავშვთან არ გიწევთ ურთიერთობა, მშობელთან გიწევთ. თუ მშობელი მოგყვებათ და თქვენს რჩევებს ითვალისწინებს, მაშინ უკვე გიადვილდებათ ბავშვთან ურთიერთობა.

ბავშვები თამაშზე ისედაც მოტივირებულები არიან და ისინი ყველაფერს ხედავენ: ხედავენ თამაშის დროს როცა გოლს გაუშვებს, ამაზე როგორია მშობლის რეაგირება. მშობელი რას ამბობს? როგორი სახით ზის? მხარდაჭერა არის თუ არ არის. მწვრთნელი როგორ იქცევა? ეუბნება: „არა უშავს“ თუ „ბიჭო რა ქენი? ეს რა გააკეთე“?

დაინახა მშობელმა, რომ მწვრთნელი გაბრაზდა. მერე ამ ბავშვს სანამ სახლში მივა, მეორე შიში მანქანაში აქვს. თუ მშობელი ეუბნება – „შენ ასეთო, შენ ისეთო, იქ ასე რატომ არ გააკეთე?“ – აქ უკვე ჩნდება „მშობელი მწვრთნელი“. თითქოს ერთი მწვრთნელი არ ეყო თამაშზე, ის მწვრთნელი, რომელიც უკმაყოფილოა – რა ქენით, უნდა მოგეგოთ, უნდა გაგეტანათ, როგორ ვერ გაიტანეთ, სად იხედებოდით?

ამ დროს ბავშვი როგორია? სტადიონზე რამემ რომ გადაიფრინოს, შეიძლება მაგას გააყოლოს თვალი ბურთის ნაცვლად. თამაშებზეც ხდება ასეთი რაღაცები. ასეთ რეაგირებაზე ბავშვი ისტრესება, შიში უჩნდება, მერე საერთოდ აღარ უნდა მოედანზე გამოსვლა და თამაში,“ – ამბობს იურა ალეფირენკო.

მისი თქმით, ბავშვთა ჯგუფებში ცდილობს ინოვაციური მიდგომები დანერგოს, რათა ბავშვებისთვის ვარჯიში უფრო სასიამოვნო იყოს, ვიდრე სტრესული.

„მოგება-წაგება ჩვენთვის შედეგი არ არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ვარჯიშებზეც ვთამაშობთ ისე, რომ ანგარიშები არ გვაქვს. 2014 წელს დაბადებულ ბავშვებს შორის ფესტივალი ჩავატარე. ბავშვები გავაფრთხილე – დღეს ვთამაშობთ ისე, რომ შედეგი არ არის. გოლები ვინ რამდენი გაიტანა, რამდენი გაუშვა არაფერს არ ვანგარიშობთ. ბავშვები იცით რა ბედნიერები იყვნენ? მაგრამ უკმაყოფილო მშობლები იყვნენ მოედნის გარეთ – რას ჰქვია შედეგი არ არის? აბა როგორ გავიგო ვინ მოიგო – ვინ წააგო? ბავშვები ბედნიერები არიან, მშობლები კი უკმაყოფილოები.

ჩვენ შეიძლება ბურთი გავათამაშოთ, დავკარგოთ, გოლი გავიტანოთ, მაგრამ არ ვუღალატებთ ჩვენს სტილს. ჩვენთან ბავშვმა იცის, რომ შეიძლება რაღაც არ გამოუვიდეს, მაგრამ ამის გამო მას არ გაუბრაზდებიან. მას მხარს დაუჭერენ.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვთამაშობთ იმისათვის, რომ მოვიგოთ, მაგრამ სტილი და ფილოსოფია, რაც გვაქვს, როგორ უნდა მოვიგოთ, ამას არასდროს ვუღალატებთ“.

___

მთავარი ფოტო: იურა ალეფირენკო და ჯაბა ჭანტურია

სქესობრივი დანაშაულისთვის გასამართლებული პირები სკოლებში ვერ დასაქმდებიან

სკოლაში, საბავშვო ბაღსა და სხვა ნებისმიერ სახის საგანმანათლებლო-სააღმზრდელო  დაწესებულებაში მუშაობის დაწყებისას, პირს ნასამართლობის ცნობის წარდგენის გარდა, მოეთხოვება ცნობა იმის შესახებ, არის თუ არა ნასამართლევი სქესობრივი დანაშაულისთვის.

2020 წლის 23 ივლისის დადგენილებით, სქესობრივი დანაშაულზე ნასამართლევ პირს ეკრძალება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმება მიუხედავად იმისა, მოხსნილი ან გაქარწყლებული აქვს თუ არა ნასამართლობა.

გარდა საბავშვო ბაღებისა და სკოლებისა, სქესობრივი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი ვერც სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო სასწავლებლებში იმუშავებს და ის შეზღუდულია ამ დაწესებულებებისთვის, ნებისმიერი სახის მომსახურების მიწოდების კუთხითაც.

როგორც ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში გვითხრეს, აღნიშნული ნორმა ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც 2020 წლის შემდეგ დაიწყეს მუშაობა ან აპირებენ სკოლაში ან სხვა ტიპის სააღმზრდელო ან საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებას.

სქესობრივ დანაშაულში ნასამართლევი პირი ასევე ვერ იმუშავებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებებსა და ძალადობის მსხვერპლი ქალების თავშესაფარში.

ასევე, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სპეციალიზებულ დაწესებულებაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

სქესობრივი დანაშაულის მუხლით ნასამართლევი პირების ელექტრონული ბაზა შექმნილია საქართველოს შს სამინისტროში, რომელშიც შეტანილია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირთა და უფლებაჩამორთმეულ პირთა პერსონალური მონაცემები.

მუნიციპალიტეტები, ადრეული, სკოლამდელი აღზრდის თუ სხვა ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულებები, ვალდებულნი არიან ამ ნორმის შესაბამისად იმოქმედონ.

ეს წესი მიმართულია იქითკენ, რომ მოხდეს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის პრევენცია და გამოვლენის პროცესში ჩართულმა უწყებებმა კოორდინირებულად იმუშაონ.

2023-ში უკრაინის არმია შეიძლება უკვე ყირიმში იყოს – გენერალი ჰოჯესი

უკრაინის შეიარაღებული ძალები დააბრუნებენ რუს ოკუპანტებს 23 თებერვლის პოზიციებზე უკვე 2022 წლის ბოლომდე, მომავალი წლის შუაში კი უკრაინის ჯარები უკვე შეიძლება ყირიმში იყვნენ – ასეთი პროგნოზი აქვს ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილ მეთაურს, გენერალ ბენ ჰოჯესს.

ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში ის ამბობს, რომ დარწმუნებულია, უკრაინა ყირიმს დაიბრუნებს.

„ვფიქრობ, ჩვენ რუსეთის არმიის მხრიდან შემდგომი ზეწოლის მოწმენი გავხდებით, მაგრამ მე მაინც ვიმედოვნებ, რომ ამ წლის ბოლომდე უკრაინის არმია რუსეთის ჯარებს 23 თებერვლის პოზიციებზე დააბრუნებს, მომდევნო წლის შუაში კი უკრაინა შეიძლება უკვე ყირიმში იყოს“, – ამბობს გენერალი.

მანამდე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას აქვს გეგმა და აუცილებლად დაიბრუნებს ყირიმს.

ნახევარკუნძულის დაბრუნების საკითხზე არაერთი კომენტარი გააკეთეს უკრაინის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმაც, მათ შორის, თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა. უკრაინის პრეზიდენტმა დღესაც გაიმეორა, რომ ომი მხოლოდ და მხოლოდ უკრაინის ყველა ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლებით დამთავრდება  და უკრაინა სხვა სცენარს არ განიხილავს.

ყირიმის გათავისუფლებაზე ლაპარაკი განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ზაფხულში ნახევარკუნძულზე ზედიზედ რამდენიმე აფეთქება მოხდა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ ყირიმზე დარტყმები დაადასტურა და განაცხადა, რომ ნახევარკუნძულზე კონტროლის მოპოვება უკრაინის არმიისთვის ქვეყნის სამხრეთშიც და აღმოსავლეთშიც წარმატების საფუძველია.

რატომ არ დაესწრო ოზთურქი თავის სასამართლო პროცესს – არსებითი განხილვა დაიწყო

დღეს, 28 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მილიონერი ბიზნესმენის „გალიფ ოზთურქის საქმის“ არსებითი განხილვა დაიწყო, თუმცა ბრალდებული ბიზნესმენი დღევანდელ პროცესს არ დაესწრო.

„მაგრამ მიზეზი არ არის გაურკვეველი, როგორც ეს თქვენ აღნიშნეთ, ბატონო მოსამართლევ“, – მოსამართლეს მიუბრუნდა ადვოკატი რობერტ გრიგალაშვილი და განმარტა, რომ ბრალდებული ჯანმრთელობის დამძიმებული მდგომარეობის გამო ვეღარ ესწრება სასამართლო პროცესს.

„როცა ის დააკავეს, ნაოპერაციები იყო და წოლითი რეჟიმი ჰქონდა, მას უჭირს როგორც ტრანსპორტირება, ისე ხანგრძლივად ჯდომა, დისტანციურადაც რომ ჩაერთოს“, – საუბარში ჩაერთო მეორე ადვოკატი, ენვერ ბარდაქი.

„ეს სასამართლოს უპატივცემულობას არ გამოხატავს“, – ამას გაუსვა ხაზი მესამე ადვოკატმა, თენგიზ კახიძემ.

ოზთურქის სასამართლო პროცესი

მოსამართლე ლევან ყოლბაიას მორიგ კითხვაზე კი, პროკურორმა დაასწრო პასუხის გაცემა ადვოკატებს:

„არა“, – ხმამაღლა წამოიძახა პროკურორმა ლევან მურვანიძემ, როცა მოსამართლემ მხარეებს გადახედა და იკითხა: ხომ არ მიმდინარეობს მხარეებს შორის მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებაზე?

პროკურატურას არც ამ ეტაპზე წარუდგენია ბრალი მილიონერი ბიზნესმენისთვის ფინანსური ხასიათის დანაშაულზე – „ოზთურქის საქმეზე“ თავდაპირველად გამოძიება ფინანსური დანაშაულის მუხლებით დაიწყო, თუმცა მას სპეცოპერაციის შემდეგ ბრალი მხოლოდ ნარკოდანაშაულზე წარუდგინეს. ფინანსური დანაშაულის მუხლებით გამოძიება გრძელდება.

ოზთურქის პატიმრობის სხვა აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხი „ახლადაღმოჩენილი გარემოების მოტივით“ ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა ითხოვა და მოსამართლეს დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნიდან ის ჩამონათვალი წაუკითხა, სადაც ექიმებს ოზთურქის ჯამრთელობის კონკრეტული პრობლემები აქვთ დასახელებული.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის პროგრესულად მძიმე და ამავე დასკვნით უარესდება ეს მდგომარეობა… მას სჭირდება ხანგრძლივი, ადეკვატური მკურნალობა“, – განმარტა ადვოკატმა და ისაუბრა იმაზე, რომ მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ახლა ოზთურქი წინასწარ პატიმრობაშია, პრაქტიკულად არ არის ის სამედიცინო აღჭურვილობა, რაც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით სჭირდება ბრალდებულს ადეკვატური მკურნალობისთვის.

„თურქეთში ერთი ასეთი გამოთქმაა: ექიმის და მოსამართლის ხელიდან რა გამოვა, მარტო ღმერთმა იცისო“, – მოსამართლეს მიმართა ადვოკატმა ენვერ ბარდაქმა და სცადა იმის დასაბუთება, თუ რატომ შეიძლება არ იყოს საფრთხე ოზთურქის გათავისუფლება.

„გავუსწრებ მოვლენებს და ვიტყვი: პროკურორი ახლა ისაუბრებს, მიმალვის საფრთხე არსებობს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს გამორიცხულია“, – ფეხზე წამოდგა ადვოკატი თენგიზ კახიძე და შემდეგ ისაუბრა, რამდენი სიკეთე გაუკეთა ოზთურქმა საქართველოს.

„მიმალვის საფრთხეზე მარტო პროკურორი კი არ საუბრობს, ეს გაიზიარა უკვე ორი ინსტანციის სასამართლომ“, – ადვოკატს პასუხი დაუბრუნა პროკურორმა ლევან მურვანიძემ. – ოზთურქისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებაზე იმსჯელა სააპელაციო სასამართლომაც და ოზთურქი პატიმრობაში დატოვა.

„რამდენიმე ექიმის ნააზრევი ვერ გადაფარავს სამართლებრივ შეფასებას,”- ეს გამოკვეთით თქვა პროკურორმა.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ფრიად საყურადღებო,”- ექსპერტიზის დასკვნიდან ეს ამოიკითხა მოსამართლემ, შემდეგ კი, ეს თქვა:

„პენიტენციურ სამსახურს აქვს ადეკვატური სამედიცინო მომსახურება, რომ ლეტალური შედეგი იქნას თავიდან აცილებული,”- აღნიშნა მოსამართლე ლევან ყოლბაიამ და აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ექიმების დასკვნისა სჯერა, მაგრამ დასკვნიდან არ იკვეთება ის, რომ ოზთურქს საპატიმრო დაწესებულებაში   ადეკვატურად ვერ უმკურნალებენ.

მოსამართლე ლევან ყოლბაიამ უარი თქვა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

შემდეგ პროცესზე მოსამართლე უკვე მოწმეების ჩვენებებს მოისმენს.

———————–

მილიონერი გალიფ ოზთურქი ბათუმში 31 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპეცოპერაციის დროს დააკავა. 2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოზთურქს არა ფინანსური დანაშაულის ჩადენას [როგორც ამის შესახებ უწყებამ წინასწარ განაცხადა], არამედ ოფიციალურად მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავებიან: სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან 7,2159  გრამი კოკაინი ამოიღეს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ოზთურქს 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელის.

5 ივლისს კომპანიამ „მეტრო ტერმინალი“ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, ოზთურქის სისხლში ნარკოტიკული, ან ფსიქოტროპული ნივთიერება არ აღმოჩნდა. 6 ივლისს კი, გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ მარიხუანას „მცირე ოდენობით შენახვისთვის“ 500 ლარით დააჯარიმა. აქ გაირკვა, რომ ოზთურქს სისხლის სამართლის საქმის გარდა, მარიხუანას ნაწილშიც ადმინისტრაციული წესით ედავებოდნენ.

რამდენად საშიშია მორიელი, რომელიც ბათუმში, საცხოვრებელ სახლებში გვხვდება

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის პირველ ნომერში მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ მათ სახლში ბევრი მორიელი ბუდობს. აქ მორიელი უნახავთ სახლის კედლებზე და საძინებელ ოთახებშიც კი.

აქ მცხოვრები ნატალია კახიძე გვეუბნება, რომ ოთახებში ნაპოვნ მორიელებს ზეთიან ქილაში ყრის. „ეს უკვე მერამდენე ქილაა, არ ვიცი“- გვითხრა მან.

მირანდა გვიანიძე ნატალიას მეზობლად ცხოვრობს და ოთახებში მასაც არაერთხელ შეუნიშნავს მორიელი.

„შვილის საწოლშიც კი აღმოვაჩინე, როცა დასაძინებლად ვამზადებდი. არ ვიცი, როგორ მოხვდა იქ, ალბათ საწოლზე ამოცოცდა. პატარა იყო, მაგრამ ძალიან შეგვეშინდა, მთელი ღამე არ მიძინია“ – გვიყვება მირანდა.

იგი ამბობს, რომ რადგან კორპუსი ძველი და ავარიულია, მორიელებს ხშირად აწყდებიან.

„ვინმე რომ დაეკბინოს, ასეთი შემთხვევა არ მახსენდება, მაგრამ ერთხელ დედაჩემს გამოაყარა, მიზეზი ვერ დავადგინეთ, ვფიქრობდით, სადმე რომელიმე მწერის ან მორიელის კვერცხი ხომ არ იყო და ამის გამო ხომ არ დაემართა,“ – ამბობს მირანდა.

მორიელი ობობასნაირთა კლასისაა და ბუნებაში მისი 1500-ზე მეტი სახეობა არსებობს.

ბინადრობს თუ არა აჭარაში მორიელის ის სახეობა, რომლის შხამიც ადამიანისთვის მომაკვდინებელია? – ვკითხეთ ბიოლოგიის დოქტორს, ლალი ჟღენტს, რომელიც ბსუ-ში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის თანამშრომელია.

სპეციალისტის თქმით, ასეთი სახეობის მორიელები ჩვენს რეგიონში არ გვხდება, თუმცა სიფრთხილე მაინც საჭიროა, რადგან ჩვენთან არსებული სახეობის მორიელების ნაკბენსაც შეუძლია ზიანის მოტანა. მორიელის დაკბენის  დროს საჭიროა ექიმის კონსულტაცია. 

„ბუნებრივია, იკბინება მორიელი, მაგრამ სასიკვდილო არ არის ეს შხამი. შესაძლებელია ზეთში ჩაგდებული მორიელის შხამით მკურნალობა.

მორიელები საცხოვრებელ სახლში, ბათუმი

თუ მორიელს ცოცხალ მდგომარეობაში ზეთში მოვათავსებთ, ის გამოყოფს თავის შხამს, რომელსაც წაისვამ ნაკბენ ადგილზე და ნაკბენი საშიში აღარ არის“ – ამბობს ლალი ჟღენტი.

მისი თქმით, მორიელის შხამი მაშინ არის სიცოცხლისთვის საშიში, თუ ის ორგანიზმში საკვებიდან მოხვდა.

„წლების წინ იყო აჭარაში ერთი შემთხვევა, როდესაც ერთი ოჯახის წევრები დაიღუპნენ იმის გამო, რომ შხამიანი ჩაი დალიეს, მორიელი ნაყენში იყო ჩავარდნილი და ვერ შენიშნეს.

ნაკბენი ასეთი საშიში არ არის, რადგან ჩვენთან არ გვხვდება ისეთი სახეობის მორიელები, როგორიც, მაგალითად, აფრიკაშია გავრცელებული და მისი შხამი მომაკვდინებელია“.

ლალი ჟღენტის თქმით, მორიელი ძირითადად ნესტიან ადგილებში გვხვდება:

„თუ არის სადმე ახლოს ჯირკები, გადაჭრილი ხეები, ნესტი და სველი ადგილები, ასევე, ღუმელი, სადაც ანთია – აი, ასეთ ადგილებში იცის ხოლმე გამოსვლა.

შესაძლოა მორიელი ბუდობდეს ძველ საკანალიზაციო და წყლის სისტემებშიც, ამიტომ ასეთი სისტემები საცხოვრებელ სახლებში უნდა გაიწმინდოს. განსაკუთრებით ის გარემო უნდა შემოწმდეს, სადაც ბავშვები არიან“.

ლალი ჟღენტის თქმით, მორიელს სინათლის ეშინია, „ამიტომ თუ მას შუქს მივანათებთ, ის საფრთხეს იგრძნობს, კუდში არსებულ შხამს გამოისვრის ხოლმე თავისკენ და ამის შედეგად კვდება“.

ბათუმის მერიის სანდასუფთავების სამსახურში გვითხრეს, რომ მწერებსა და მღრღნელებზე იტალიური ეზოებს თვეში ერთხელ, ხოლო მრავალბინიანი სახლების სარდაფებსა და სადარბაზოებს თვეში ორჯერ სპეციალური ხსნარით წამლავენ, სადეზინფექციო სამუშაოები კი მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით ხორციელდება.

სანდასუფთავების სამსახურს ასევე ვკითხეთ, ფიროსმანის პირველ ნომერში არსებულ საცხოვრებელ სახლში ბოლოს როდის ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, რაზეც გვიპასუხეს, რომ „რამდენიმე დღის წინ და ისევ ჩატარდება“.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გვითხრეს, რომ მორიელის კბენის შემთხვევაში შრატის გაკეთება არ არის გათვალისწინებული: „შესაძლოა მხოლოდ ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტი მისცენ პაციენტს და დამუშავდეს ჭრილობა“.

სიმბოლურ ფასად, 1 ლარად – „ამბასადორი“ მთავრობას მიწის ნაკვეთს სთხოვს

აჭარის მთავრობა გეგმავს შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცეს კიდევ ერთი ნაკვეთი მდინარე ბარცხანასა და ყოროლისწყალს შორის. ნაკვეთს მთავრობა ბათუმის მერიისგან სწორედ ამ მიზნით, კომპანიისთვის გადასაცემად ითხოვს.

ამ მოთხოვნის თაობაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მერს გუშინ, 27 სექტემბერს, მისწერა. მერიამ ოპერატიულად მოამზადა საკითხი საკრებულოსთვის გადასაგზავნად, საკრებულო კი მზად არის ის ხვალ, 29 სექტემბერს,  სხდომაზე განიხილოს.

შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ბათუმში ერთი ხელოვნური კუნძულისა და ორი ნახევარკუნძულის მშენებლობას გეგმავს. შესაბამისი შეთანხმება კომპანიას ქონების ეროვნულ სააგენტოსთან აქვს გაფორმებული.

2021 წელს ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩაზე, 89 ჰექტარი ზღვაში შპს „ბათუმი ამბასადორ აილენდს“ საქართველოს მთავრობამ სიმბოლურ ფასად – 1 ლარად და  65 -წლიანი აღნაგობის უფლებით გადასცა. მანამდე კი მთავრობამ 89 ჰექტარი  ზღვა დაირეგისტრირა, როგორც მიწის ნაკვეთი.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თავის წერილში ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს, მიწის ნაკვეთის გადაცემის საჭიროებაზე განუმარტა:

„საინვესტიციო ტერიტორიის კონფიგურაცია განლაგებულია იმგვარად, რომ მასზე წვდომა შეუძლებელია ბათუმში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლის გარეშე. ამჟამად „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ დგას უკიდურესი აუცილებლობის წინაშე, სამშენებლო სამუშაოები აწარმოოს აღნიშნული ტერიტორიების გავლით. “

საკრებულოს განკარგულების პროექტის მიხედვით, 3445 კვ.მეტრ არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“,  ხუთი წლის ვადით, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცემენ.

ბათუმში ხელოვნური კუნძულის ასაშენებლად სამუშაოები დაიწყო [ფოტო]

„ნახეთ მისი მშვენიერი ღიმილი, მას ორჯერ ესროლეს“ – ირანში დაღუპულთა რიცხვი 76-მდე გაიზარდა

ირანელი აქტივისტების ცნობით, პროტესტის 11 დღის განმავლობაში ირანის უსაფრთხოების ძალებმა სულ მცირე 76 მომიტინგე მოკლეს, ინფორმაციას ამის შესახებ ნორვეგიაში დაფუძნებული უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია “ირანის ადამიანის უფლებები” (IHR) ავრცელებს.

მასიური საპროტესტო გამოსვლები ირანის ქალაქებში გამოიწვია 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილმა, რომელიც იქამდე მორალის პოლიციამ სავალდებულო თავსაფრის არასათანადოდ ტარებისთვის დააპატიმრა და სცემა.

IHR-ი ირანის ხელისუფლებას ადანაშაულებს არაპროპორციული ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაში განსხვავებული აზრის ჩასახშობად, რაც საერთაშორისო სამართლის აშკარა და უხეში დარღვევაა.

“IHR -ის მიერ მოპოვებული ვიდეოები და გარდაცვალების მოწმობები ადასტურებს, რომ მომიტინგეებს პირდაპირ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესვრიან“, – წერია ორგანიზაციის ანგარიშში.

„ოჯახების უმეტესობა იძულებული გახდა, ჩუმად დაეკრძალათ საყვარელი ადამიანები ღამით, მათზე მოახდინეს ზეწოლა, რათა არ გაემართათ საჯარო დაკრძალვა“.

ირანის მთავრობის ცნობით, დაღუპულთა რიცხვი 41-ია, მათ შორის არის უსაფრთხოების რამდენიმე თანამშრომელი, რომელთა სიკვდილშიც მთავრობა „აჯანყებულებს“ ადანაშაულებს.

ირანელი აქტივისტი და ჟურნალისტი მასიჰ ალინეჯადი პროტესტის დროს მოკლული ერთ-ერთი გოგოს, 18 წლის მაჰსას ფოტოებს აქვეყნებს. „ნახეთ მისი მშვენიერი ღიმილი… უსაფრთხოების ძალებმა მაჰსა მოგოის ორჯერ ესროლეს თავში ქალაქ ისპაჰანში. თუ მსოფლიო არ მიიღებს ზომებს, მეტ ადამიანს მოკლავენ“, – წერს ის.

ასევე დაკავებულია ასობით ადამიანი, მათ შორის არიან უფლებადამცველები, აქტივისტები და ჟურნალისტები.

უფლებადამცველი ორგანიზაციის ცნობით, არსებობს წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრეცედენტი ყალბი იძულებითი აღიარების მისაღებად.

ანგარიშის თანახმად, ირანში ბოლო 5 დღის განმავლობაში ინტერნეტზე წვდომა ან მნიშვნელოვნად შეფერხდა, ან მთლიანად შეწყდა. Instagram-ი, WhatsApp-ი, Signal-ი, Google Play და App Store გათიშულია.

პროტესტს უერთდებიან სტუდენტები და მასწავლებლებიც, დღეს გამოვიდნენ შირაზის უნივერსიტეტის სტუდენტები, ტვიტერზე გამოქვეყნებულ კიდევ ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ სკანდირებენ სტუდენტები ირანის ისპაჰანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტში – „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება!“, სადაც IHR -ის განმარტების თანახმად, ლექციები გაუქმდა. როგორც IHR-ი იუწყება, პროტესტს რამდენიმე პროფესორიც შეუერთდა.

 

გაიფიცნენ ისპაჰანის უნივერსიტეტის სტომატოლოგიური სკოლის სტუდენტებიც, რომლებიც ათობით თანაუნივერსიტეტელის დაკავებას აპროტესტებენ.

რას ითხოვს ხალხი და რას პასუხობს მთავრობა – პეტიციები აჭარაში

საბავშვო ბაღის მშენებლობა, სკვერის მოწყობა, კაპიტალური საკანალიზაციო არხის მშენებლობა, ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია, წიგნადი ფონდის განახლება, ძეგლის მოვლა, ბულვარის გადარჩენა, ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობა, ადაპტური ტექნოლოგიების პროგრამის დაფინანსება, კონკრეტული მშენებლობის შეჩერება და სხვა – ბოლო წლებში აჭარის მუნიციპალიტეტებში შესული პეტიციები თავიანთი შინაარსით იმდენად მრავალფეროვანია, ისინი ვინმეს გულდასმით რომ შეესწავლა, აღერიცხა და მათი გადაჭრის გზებზე ეფიქრა, კარგი წინასაარჩევნო პროგრამა გამოუვიდოდა თვითმმართველობის არჩევნებისთვის.

პეტიცია ერთ-ერთი შესაძლებლობაა ამომრჩევლისთვის, მიმართოს თავისივე არჩეულ საკრებულოს კონკრეტული მოთხოვნით.

კოდექსი პეტიციას თვითმმართველობის განხორციელებაში ამომრჩევლის მონაწილეობის ერთ-ერთ ფორმად განიხილავს. მეორე მხრივ კი, პეტიცია შესაძლებლობად შეგვიძლია განვიხილოთ არჩეული ორგანოსთვისაც, რომელსაც რეალურად აინტერესებს, რა საკითხები დგას მწვავედ დღის წესრიგში მოსახლეობისთვის. მუნიციპალიტეტს შეუძლია ბიუჯეტის შედგენისას არგუმენტირებულ, დასაბუთებულ გეგმად გამოიყენოს მოსახლეობის მოთხოვნების ჩამონათვალი, თუმცა როგორც პეტიციების შედეგების შესწავლით ირკვევა, ასე არ ხდება. 

აჭარაში პეტიციის წარდგენის ორი გზა არსებობს – მოქალაქეს შეუძლია პეტიციით მიმართოს იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სადაც ის ოფიციალურად არის დარეგისტრირებული ან აჭარის უმაღლეს საბჭოს.

მუნიციპალიტეტის შემთხვევაში პეტიციაზე მხარდასაჭერად ხელმოწერის დაფიქსირება შეუძლიათ მხოლოდ ამ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს, უმაღლესი საბჭოს შემთხვევაში კი, აჭარაში მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მისთვის მისაღებ მოთხოვნას დაუჭიროს მხარი, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ის.

„ბათუმელებმა“ შეისწავლა, მოჰყვა თუ არა რეალური შედეგი მუნიციპალიტეტებში, ასევე აჭარის უმაღლეს საბჭოში დარეგისტრირებულ რომელიმე პეტიციას. 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს მოსახლეობამ საბავშვო ბაღის მშენებლობის მოთხოვნით პეტიცია აჭარის უმაღლეს საბჭოში დაარეგისტრირა. ეს სოფლის მოსახლეობის უკვე მეორე მცდელობაა. იმავე შინაარსის პეტიციით 2017 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსაც მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. უმაღლესი საბჭოს საფინანსო -საბიუჯეტო კომისიამ პეტიცია განიხილა და ის ისევ მუნიციპალიტეტს და, ასევე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარუდგინა „მოსაზრებისთვის“. პასუხი უმაღლეს საბჭოს ჯერ არ მიუღია, ამ პასუხს კი პეტიციის 200-ზე მეტი ხელმომწერი ელოდება.

ხელვაჩაურში, სოფელ ერგეში მოსახლეობა 5 წელია საბავშვო ბაღს ითხოვს პეტიციით. ახლა სოფელ ერგეში ე.წ. დროებითი ბაღია გახსნილი საჯარო სკოლის შენობაში.

ხელვაჩაურის მერიასა და საკრებულოს 2017 წლიდან დღემდე პეტიციით სთხოვდნენ:

  • საბავშვო ბაღის მშენებლობას ზედა სალიბაურში;
  • სოფელ აჭარისწყალში მდებარე ამორტიზებული კულტურის ცენტრის რეაბილიტაციას;
  • ფერიის საჯარო სკოლასთან კაპიტალური საკანალიზაციო არხის მშენებლობას;
  • ახალსოფელში სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობას;
  • დამისამართებულ ადგილებზე აბრებისა და ნიშნულების მოწყობას;
  • სოფელ მახოში კულტურის ცენტრის მშენებლობას;
  • სოფელ წინსვლაში მე-20 ქუჩის რეაბილიტაციას.

ამ მოთხოვნებიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა მხოლოდ სკვერის მოწყობა და რამდენიმე სახელდების დამტკიცება მოახერხა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეებმა დაგვის კულტურის ცენტრის გადასარჩენად პეტიცია 2021 წელს დაარეგისტრირეს და შენობის რესტავრაცია მოითხოვეს. შენობა საბჭოთა პერიოდშია აშენებული ბერძნული აკროპოლისის ელემენტებით. შენობის გადარჩენას სოფლის მოსახლეობა ათზე მეტი წელია ითხოვს, მაგრამ მათი ხმა დღემდე არავის ესმის.

2021 წელს პეტიციას ხელს 701 მოქალაქე აწერდა. ერთი წელი გავიდა, თუმცა შენობა იმავე მდგომარეობაშია, მერიას რეაბილიტაციის დასაწყებად თანხა ჯერ არ აქვს.

კულტურის სახლი დაგვაში, რომლის რეაბილიტაციასაც მოქალაქეები ითხოვენ

2021 წელს მოქალაქეებმა პეტიციით მოითხოვეს ქობულეთის ცენტრალური ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია და წიგნადი ფონდის განახლებაც. მოქალაქეები წერენ, რომ ბიბლიოთეკა წლების განმავლობაში ამორტიზებულ შენობაში ფუნქციონირებს და „ეს მნიშვნელოვნად აფერხებს ქალაქის კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას.“

ბიბლიოთეკის შენობა

„მწვანე უბნები ბათუმს“ – პეტიცია ამ სახელწოდებით მოქალაქეებმა ბათუმის საკრებულოში გასული წლის ივლისში დაარეგისტრირეს. პეტიციით მოქალაქეები ბათუმში არსებული 93 მწვანე ადგილისთვის სკვერის, პარკის ან ხეივნის სტატუსის მინიჭებას ითხოვდნენ. მერიაში ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ ისევ მუშაობენ

2017 წლიდან დღემდე ქობულეთის მერიასა და საკრებულოში ასევე ითხოვდნენ: ინტენსიური სატრანსპორტო მოძრაობის მონაკვეთებში გზაჯვარედინებსა და წრიულებთან შუქნიშნების დამონტაჟებას და ხანდაზმულთა თავშესაფრის მოწყობას. პირველი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მეორე – არა.

2016 წლიდან დღემდე შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას პეტიციით სთხოვდნენ ადგილობრივი გზებისა და სანიაღვრე არხების მოწყობას და სოფელ წაბლანაში ე.წ. წისქვილის ხიდის რეაბილიტაციას. შუახევში მოსახლეობის ეს მოთხოვნა დააკმაყოფილეს.

2022 წლის მარტში აჭარის უმაღლეს საბჭოში ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების პროგრამის დაფინანსების მოთხოვნით პეტიცია შევიდა. პეტიციის ავტორმა თამილა ფუტკარაძემ შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სპეციალური ტრანსფერის გათვალისწინება მოითხოვა.

მოთხოვნის ტექსტში პეტიციის ავტორი წერს, რომ ქალთა ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესებში გამოწვევად რჩება, რასაც ის გენდერული უთანასწორობის ერთ-ერთ მიზეზადაც ასახელებს: „გენდერული უთანასწორობის ერთ-ერთი შედეგი კი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობაა“ – წერს ავტორი.

ის პეტიციაში საუბრობს, ასევე, 2019 წელს ქალთა გაძლიერების მიზნით ფაქტობრივად მიზერული ბიუჯეტის მქონე პროგრამის მნიშვნელობაზე, რომლითაც სულ რაღაც სამი იდეის დაფინანსება მოუხერხებიათ:

„საქართველოს მასშტაბით პირველად, 2019 წელს შუახევის მუნიციპალიტეტმა განახორციელა 9000 ლარით ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის იდეების დაფინანსება, ჯამში დაფინანსდა 3 იდეა. 2020 წელს პანდემიიდან გამომდინარე პროგრამა არ განხორციელებულა, პროგრამის თანხა სოციალურ საკითხებს მოხმარდა, 2021 წელს კი ბიუჯეტი 10 500 ლარი იყო და 4 გამარჯვებული გამოვლინდა. პროგრამა დღესაც წარმატებით მიმდინარეობს და მისი ბიუჯეტი 15 000 ლარია. ასევე, 2022 წელს ქედის მუნიციპალიტეტმაც შეძლო 15 000 ლარის მობილიზება ადგილობრივ ბიუჯეტში ქალთა იდეების დაფინანსებისთვის.“

პეტიციის ავტორი ითხოვს მთავრობამ შეიმუშაოს მიზნობრივი პროგრამა, რომელიც სპეციალური ტრანსფერით დაფინანსდება. ამ პეტიციას 263 ხელმოწერა აქვს.

პეტიცია თავისი დასკვნებით უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობას და მუნიციპალიტეტებს გადაუგზავნა. მთავრობის აპარატის უფროსმა ჯაბა სურმანიძემ უმაღლეს საბჭოს ასევე წერილობით უპასუხა, რომ „აჭარის მთავრობა და შესაბამისი უწყებები მიესალმებიან სხვადასხვა სფეროში ქალთა როლის გაძლიერებას და ამ მიზნით მათ საჭიროებებზე ორიენტირებული პროექტების/პროგრამების ინიცირებას“.

ჯაბა სურმანიძე ასევე წერს: „ სასურველია პეტიციის განხილვაში ჩართული იქნეს შესაბამისი უწყების წარმომადგენლები.“ მან ამ წერილს მთავრობის წევრებისა და მერების ოფიციალური გამოხმაურებებიც თან დაურთო.

შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე მთავრობას პასუხობს, რომ დაფინანსება მწირია და შესაბამისად, საუკეთესო ბიზნესიდეები დაფინანსების გარეშე დარჩა.

მთავრობის წევრებიდან გამორჩეული იყო აჭარის განათლების მინისტრის, მაია ხაჯიშვილის პასუხი. მინისტრმა ჩამოწერა პროგრამები, რომლებშიც მეტი ქალი მონაწილეობს. იგი ასევე წერს, რომ მისი „სამინისტრო მიესალმება სხვა სფეროებში ინიცირებული, ქალთა როლის გაძლიერების მიზნით, მათ საჭიროებებზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას.“

აჭარის უმაღლეს საბჭოს პეტიციით მიმართა ასევე მოქალაქე იზა ფუტკარაძემ, მან შუახევის სოფლებში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მოითხოვა. ამ პეტიციის პასუხად მთავრობა აჭარის უმაღლეს საბჭოს წერს:

„საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამის ფარგლებში, ა(ა)იპ „ოუფენ ნეტის“ მიერ, ოპტიკური ქსელის მშენებლობა დაგეგმილია შუახევის მუნიციპალიტეტის 30 -მდე სოფელში. პროგრამის სამიზნე გეოგრაფიული არეალი მათ შორის მოიცავს სოფ. ინწკირვეთსაც. აღნიშნულ მუნიციპალიტეტში ქსელის მშენებლობის ტენდერის გამოცხადება დაგეგმილია 2023 წლისთვის“. 

მოქალაქეები პეტიციით ითხოვენ აჭარაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის ადაპტური ტექნოლოგიების მხარდამჭერი პროგრამის ან ქვეპროგრამის დაფინანსებას. შესაბამისი შინაარსის პეტიცია აჭარის უმაღლეს საბჭოში 2022 წლის 5 სექტემბერს მაია ქათამაძემ დაარეგისტრირა. ის წერს ასევე, რომ პროგრამით 55 პირი ისარგებლებს და პროგრამის დასაფინანსებლად ბიუჯეტში 60 000 ლარის გათვალისწინებას ითხოვს. მოქალაქეებს ჯერ პასუხი არ მიუღიათ.

აჭარაში არსებულ ხის მეჩეთებთან დაკავშირებით მოამზადა პეტიცია „სოლიდარობის თემმა“ აჭარის უმაღლეს საბჭოში წარსადგენად. პეტიციის მოთხოვნაა, აღრიცხული და შესწავლილი იქნას და სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდეს აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებულ ხის მეჩეთებსა და ჯამეებს, როგორც ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.

იურისტი ალექსანდრე ლორთქიფანიძე, რომელიც „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტის ფარგლებში მოქალაქეებს პეტიციების მომზადებაში ეხმარებოდა, ამბობს, რომ ძირითად შემთხვევაში შედეგი არ დგება და დადებითი პასუხი მხოლოდ ისეთი მარტივი კატეგორიის პეტიციებს აქვს ხოლმე, რომელიც ითვალისწინებს სახელდების მინიჭებას ან რაიმე მსგავსს.

მოქალაქეთა ჩართულობისთვის პეტიციებზე რეაგირების მექანიზმები ეფექტურად არც გასულ წლებში მუშაობდა. 2017 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ თავის კვლევაში წერს:

„მიუხედავად მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების საკანონმდებლო დონეზე არსებობისა, მოქალაქეთა ჩართულობა აჭარის ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში არის არასაკმარისი.“ მაშინ ორგანიზაციამ არამხოლოდ პეტიციებზე რეაგირება, არამედ სამოქალაქო საბჭოების მუშაობა, საჯარო განხილვების მოწყობის ვალდებულების შესრულება, ინფორმაციის გაცემა და კანონით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულების ხარისხიც შეისწავლა.

„რომ შეიძლებოდეს, ქალაქში არ წავიდოდი მოსამზადებლად“ – აბიტურიენტი ხულოდან

17 წლის აბიტურიენტი, ჯანეტ კოჩალიძე ხულოში, სოფელ რიყეთში ცხოვრობს. ჯანეტი უმაღლესი განათლების მიღებას და ფარმაციის შესწავლას გეგმავს.

იგი ამბობს, რომ მას, ისევე როგორც სოფლებში მცხოვრებ ბევრ აბიტურიენტს, სწავლის ხარისხი სკოლაში არ აკმაყოფილებს. ჯანეტი ქალაქში წასვლას და რეპეტიტორებთან მომზადებას გეგმავს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად.

იგი სოფლიდან აბიტურიენტების ქალაქში წასვლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ინგლისური ენის სპეციალისტების ნაკლებობას ასახელებს.

„…ამიტომ მიდიან ქალაქში და ემზადებიან ისე, როგორც მე ვაპირებ წასვლას და მომზადებას სასურველ საგნებში.

ჩემს სკოლაში ახლა მხოლოდ ერთი ინგლისურის მასწავლებელი ასწავლის. ადრე ორი იყო, მაგრამ ერთმა ინგლისური ენის გამოცდები ვერ ჩააბარა და მხოლოდ ერთი მასწავლებელი დარჩა.

მქონდა განცდა, რომ ინგლისური რა დონემდეც ვიცი, იმის იქეთ ვეღარ მივდივარ. ერთდა და იმავე ადგილზე ვტრიალებ…“  – გვითხრა მან.

ჯანეტი ბათუმში ნოემბრიდან გეგმავს წასვლას და 4 საგანში: ინგლისურში, ქართულში, ბიოლოგიასა და ქიმიაში მომზადებას.

„მინდა, უფრო მეტი ცოდნა მივიღო. მგონია, რომ რეპეტიტორებთან თუ ვივლი, მერე უფრო მარტივად შევძლებ გამოცდების ჩაბარებას. შეიძლება ითქვას, უფრო მეტ ცოდნას სკოლა ვერ მაძლევს.

რომ იყოს შესაძლებელი, ამ ცოდნას სოფელშიც მივიღებდი, ქალაქში არ წავიდოდი, ადგილზე მოვემზადებოდი. ამასთან, პირადი პრობლემებიცაა. აბიტურიენტისთვის ეს ყველაფერი თანხებთანაა დაკავშირებული. სად უნდა დარჩე ქალაქში… რეპეტიტორების საფასური …“, – გვიყვება ჯანეტი. ის ბათუმში ცხოვრებას ნათესავებთან აპირებს.

აბიტურიენტს მიაჩნია, რომ სოფლის სკოლებში სწავლების შედარებით დაბალ ხარისხს სასკოლო ინვენტარის არქონაც განაპირობებს. ჯანეტის აზრით, სასკოლო ნივთები, მაგალითად, საბუნებისმეტყველო საგნებში, მოსწავლეებს ნასწავლი თეორიული მასალის პრაქტიკულად განხორციელების საშუალებას მისცემდა.

„რასაც ვუსმენ, განათლების დონე სკოლაში მშობლების 50 პროცენტს არ მოსწონს.  უფრო მეტს ითხოვენ სკოლებისგან და ძირითადად უცხო ენაზე [სწავლის ხარისხზე] აქვთ პრეტენზია“.

ჯანეტი ფიქრობს, რომ სოფლის სკოლებში სწავლის დონის გასაუმჯობესებლად მასწავლებლებთან ერთად მშობლებიც და მოსწავლეებიც კიდევ უფრო მეტი მონდომებით უნდა ჩაერთონ.

„თუ მოვინდომებთ, ყველა მოვითხოვთ, გვექნება პრეტენზია, რომ გაუმჯობესდეს სწავლის ხარისხი, მოგვეცემა იმის საშუალება, რომ მოსწავლეებს ქალაქში წასვლა აღარ მოუწიოთ“, – ამბობს ჯანეტი.

საუბრისას ჯანეტი მუნიციპალიტეტის ცენტრისგან მოშორებით მდებარე სოფლებში არაფორმალურ განათლებაზე ხელმიუწვდომლობის საკითხსაც შეეხო. მისი აზრით, არაფორმალური განათლება მოსწავლეებს განვითარებაში ეხმარება და ამაზე ხელმიუწვდომლობა მათ თვითრეალიზებაში უშლის ხელს.

ჯანეტის დედას, 40 წლის ნაირა შანთაძეს, 3 შვილი ჰყავს. მისი თქმით, განათლების მიღებისას, თავისი შვილების მაგალითზე, ყველაზე მეტი პრობლემა უცხო ენებთან აქვთ. მას უმცროსი შვილის მაგალითი მოჰყავს, რომელიც მეცხრე კლასში სწავლობს.

„სოფლის სკოლიდან რომ ინგლისურის მასწავლებელი წავიდა, ის ასწავლიდა დაწყებით კლასებში ჩემს უმცროს შვილს. ახლა უკვე მეცხრე კლასშია, მაგრამ მაინც ძალიან უჭირს ინგლისურის სწავლა. ენის სწავლისთვის კარგი საფუძვლის ქონაა საჭირო“, – გვითხრა ნაირამ.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ მასწავლებლები სკოლაში ასწავლიან, სოფელში მათ უამრავი სამეურნეო და საოჯახო საქმე აქვთ და დატვირთული ყოველდღიურობის გამო ადგილობრივ მასწავლებლებს მოსწავლეების დამატებით მეცადინეობა უჭირთ.

„არავის ჰქონდა მცდელობა მოსწავლე აეყვანა და მოემზადებინა, ამიტომაც უწევთ ბავშვებს ქალაქში წასვლა ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად“ – გვითხრა ნაირა შანთიძემ, ჯანეტის დედამ.

_____________________________

ფოტოზე: ჯანეტ კოჩალიძე

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 სექტემბრის 21 საათიდან 29 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი 
  • ღამით: 12 – 17 გრადუსი 

მაღალ მთაში:

  • დღისით: 20 –25 გრადუსი
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, 30 სექტემბერს და პირველ 2 ოქტომბერს ბათუმში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

ზღვის წყლის ტემპერატურა +22 გრადუსია.

რუსეთთან მხოლოდ რეპარაციაზე ვილაპარაკებთ – დანილოვი

უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, სერგეი დანილოვი ამბობს, რომ უკრაინა მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებები გამართოს მხოლოდ ერთ კონკრეტულ საკითხზე – კონტრიბუციის გადახდა და რეპარაცია [საერთაშორისო სამართლის სუბიექტის მატერიალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ფორმა, როდესაც სამართლის დამრღვევს მხოლოდ მატერიალური ზარალის ფულადი ან გარკვეული საქონლის ანაზღაურება მოეთხოვება] იმ ნგრევისა და ზიანისთვის, რაც რუსეთმა ამ ომის პერიოდში უკრაინას მიაყენა.

ამის შესახებ დანილოვმა ტვიტერზე დაწერა.

„უკრაინა არასდროს ყოფილა მოლაპარაკებების წინააღმდეგი რუსეთთან… უშუალოდ კონტრიბუციისა და რეპარაციის შესახებ. რაც უფრო გაწელავს კრემლის რეჟიმი ამ მოლაპარაკებებს – მით უფრო უარესი პირობები და მაღალი ფასი დახვდება. უკრაინის დეოკუპაციისა და რუსეთის დეფრაგმენტაციის ამოცანა სრული მასშტაბით შესრულდება, გეგმისა და გრაფიკის მიხედვით,“ – აცხადებს დანილოვი.

როგორც სააგენტო „უნიანი“ წერს, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების ქრონოლოგია ასეთია:

პირველი შეხვედრები 27 თებერვალს, 3 და 7 მარტს შედგა.

10 მარტს უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები თურქეთში შეხვდნენ.

პაუზის შემდეგ მოლაპარაკებები განახლდა 14 და 15 მარტს. მხარეები ასევე შეხვდნენ 21 მარტს, თუმცა მნიშვნელოვანი შედეგისთვის არ მიუღწევიათ.

29 მარტს შედგა სტამბოლის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი. თურქეთში გამართული შემდეგი შეხვედრა შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს ეხებოდა. 22 ივლისს მხარეები ამ საკითხზე შეთანხმდნენ, თუმცა მეორე დღეს რუსეთმა ოდესის პორტს დაარტყა.

საბოლოოდ, თურქეთისა და გაეროს მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების შედეგად, შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული ხორბლის ექსპორტი განახლდა.

22 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთს ნამდვილი მოლაპარაკებების ეშინია, რადგან თავისი უკანდახევის შენელებას ცდილობს.

დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, ფრანგ კოლეგასთან, კატრინ კოლონასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე სხვა ქვეყნებს მოუწოდა, არ შესთავაზონ უკრაინას შუამავლობა რუსეთთან მოლაპარაკებაში, არამედ მხარი დაუჭირონ უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვის.

კულებას თქმით, რუსეთი თავისი ქმედებებით ადასტურებს, რომ მას მშვიდობიანი მოლაპარაკებები და კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტა არ სურს.

ბათუმში ხელოვნური კუნძულის ასაშენებლად სამუშაოები დაიწყო [ფოტო]

ბათუმში ხელოვნური კუნძულის სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია. კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ უშუალოდ კუნძულის მშენებლობამდე „ნაპირდამცავ ჯებირს“ ააშენებს, რომელიც, პროექტის მიხედვით, შემდგომში ერთ-ერთი ხელოვნური ნახევარკუნძული იქნება.

ხელოვნური ნახევარკუნძულის [„ნაპირდამცავი ჯებირის“] მშენებლობა მდინარე ბარცხანის შესართავთან / 27.09.2022
ბარცხანის პლაჟის გასწვრივ ზღვაში ჩასაყრელად საჭირო ქვებს ხალას, ახალშენის და ქედის კარიერებიდან შემოიტანენ.

„ნაპირდამცავი ჯებირის“ მშენებლობისთვის ქვების შეტანა დაიწყეს ა ბარცხანის სანაპიროზე / ბათუმი, 27.09.2022

ბათუმში „ხელოვნური კუნძულის“ პროექტის პრეზენტაცია 3 სექტემბერს გაიმართა. ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პრეზენტაციაზე ხაზი გაუსვა იმას, რომ „მშენებლობის ნებართვა“ კომპანიამ უკვე მიიღო. თუმცა არ დააკონკრეტა, რა სახის ნებართვაზე იყო საუბარი.

„ძალიან ბევრი ეტაპია გავლილი შესწავლისა, ტექნიკური ზედამხედვლობის სამსახურმა ეკონომიკის სამინისტროში მიიღო გადაწყვეტილება და მშენებლობის ნებართვა კომპანიამ უკვე მიიღო,“ – აღნიშნა მაშინ ლევან დავითაშვილმა.

„ბათუმელებმა“ პროექტის პრეზენტაციის დღესვე სცადა გაერკვია, რა სახის ნებართვა იყო გაცემული, თუმცა ვერც საქართველოს და ვერც აჭარის ეკონომიკის სამინისტროდან პასუხი ვერ მიიღო.

ერთ-ერთი ბოლო მცდელობისას, 27 სექტემბერს კი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ეს მოგვწერეს:

„სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ მიერ 2022 წლის 1-ელ სექტემბერს გაცემულია ნებართვა ქალაქ ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარედ, შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის/ნახევარკუნძულის მოწყობასთან დაკავშირებულ ნაპირსამაგრი ჯებირის, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის, მშენებლობაზე“.

„ნაპირდამცავი ჯებირის“ მშენებლობა ბარცხანის სანაპიროზე / ბათუმი, 27.09.2022

„უშუალოდ კუნძულის მშენებლობის ნებართვის მიღებას ცალკე პროცედურა დასჭირდება“, – გვითხრეს 27 სექტემბერს გარემოს ეროვნულ სააგენტოში. სააგენტოს ინფორმაციითვე, ჯერჯერობით კუნძულის მშენებლობასთან დაკავშირებით კომპანიას მათთვის ჯერ არ მიუმართავს. კუნძულის მშენებლობას ცალკე ნებართვა დასჭირდება.

„ნაპირდამცავი ჯებირის“ მშენებლობა ბარცხანის სანაპიროზე / ბათუმი, 27.09.2022

ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის გასწვრივ [ბარცხანის პლაჟზე], „ნაპირდამცავი ჯებირი“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ-ს] გარეშე აშენდება. ასეთი გადაწყვეტილება გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 18 აგვისტოს მიიღო.

„ნაპირდამცავი ჯებირის“ მშენებლობის ფარგლებში 12,5 ჰექტარ ფართობზე ზღვას ხმელეთად გადააქცევენ. ეს ხელოვნური ნაგებობა კი, მთლიანად გააქრობს ბარცხანის პლაჟს.

„ნაპირდამცავი ჯებირის“ მშენებლობა ბარცხანის სანაპიროზე / ბათუმი, 27.09.2022
„ნაპირდამცავი ჯებირის“ მშენებლობა ბარცხანის სანაპიროზე/ მშენებლობის გამო ბარცხანაში პლაჟი აღარ იქნება / ბათუმი, 27.09.2022
„ნაპირდამცავი ჯებირის“ მშენებლობა ბარცხანის სანაპიროზე / ბათუმი, 27.09.2022
„ნაპირდამცავი ჯებირის“ მშენებლობა ბარცხანის სანაპიროზე / ბათუმი, 27.09.2022
„ნაპირდამცავი ჯებირის“ მშენებლობა ბარცხანის სანაპიროზე / ბათუმი, 27.09.2022
უფუნქციოდ დარჩენილი პირსი / „ნაპირდამცავი ჯებირის“ მშენებლობა ბარცხანის სანაპიროზე / ბათუმი, 27.09.2022

ხელისუფლებამ 1 ლარად გადასცა 89 ჰექტარი ზღვა კომპანიას, რომელმაც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ ბათუმში კუნძულის აშენებას გეგმავს. საქართველოს პრემიერის თქმით, ამ პროექტში კერძო კომპანია მინიმუმ 100 მლნ აშშ დოლარის დახარჯვას გეგმავს და ამასთან, 2 000 ადგილობრივი დასაქმდება.

რა ვიცით ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე? – ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

რა (არ)ვიცით ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე

ბოლო დღეებში უკრაინამ კონტრშეტევა გაააქტიურა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო დღეებში უკრაინამ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში კონტრშეტევა გააქტიურა და მისმა ძალებმა ნელა, მაგრამ მაინც დაიწყეს წინსვლა სულ მცირე ორი მიმართულებით – მდინარეების, ოსკილისა და სივერსკი დონეცის აღმოსავლეთ სანაპიროებზე.

„რუსეთი ამჯერად უფრო ძლიერ თავდაცვის ხაზს ქმნის, ვიდრე მანამდე, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ უკრაინელთა შეტევა პირდაპირ ემუქრებოდა ლუგანსკის ოლქის ნაწილებს ზუსტად იმ დროს, როდესაც იქ რუსეთთან შეერთების მიზნით დაწყებული „რეფერენდუმი“ სრულდებოდა,“ – წერს უწყებს 28 სექტემბრის რელიზში.

დაზვერვის ცნობით, მძიმე ბრძოლები გრძელდება ხერსონის ოლქშიც, სადაც რუსეთის ძალები მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე კვლავაც დაუცველები არიან.

უწყება მიუთითებს, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებზე სერიოზული პრობლემების მიუხედავად, რუსეთის არმია ჯიუტად განაგრძობს წარუმატებელ შეტევებს ბახმუტის რაიონში და დონბასში.

დაზვერვის ვარაუდით, რუსეთის ასეთი ქმედება, სავარაუდოდ, პოლიტიკური ზეწოლითაა განპირობებული.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელი რელიზის თემა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე ე.წ. რეფერენდუმები იყო. უწყება გამოთქვამდა ვარაუდს, რომ პუტინმა ამ რაიონების ანექსიის შესახებ შესაძლოა 30 სექტემბერს დუმაში გამოსვლისას გამოაცხადოს.

მთავარ ფოტოზე: უკრაინის საბრძოლო მოქმედებების რუკა 27 სექტემბრის მდგომარეობით/დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

შესაძლოა კრემლმა უკრაინაში ომს „ანტიტერორისტული ოპერაცია“ დაარქვას – ISW

რუსეთში მობილიზებულ რეზერვისტებს ხერსონისა და ხარკოვის ოლქებში ყოველგვარი მომზადების გარეშე გზავნიან; შესაძლოა, კრემლმა უკრაინაში შეჭრას და ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას „ანტიტერორისტული ოპერაცია“ დაარქვას – ასეთია აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) დღევანდელი ანგარიშის დასკვნები.

27 სექტემბერს რუსეთის ხელისუფლებამ დაასრულა ე.წ. რეფერენდუმები ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანკის ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზე და განაცხადა, რომ თითოეულ ოლქში, რუსეთთან შეერთების მოთხოვნას მხარი უკრაინის მოქალაქეთა 87-99%-მა დაუჭირა.

მოპოვებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ISW ვარაუდობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ანექსიის შესახებ 30 სექტემბერს დუმაში გამოაცხადებს.

ექსპერტები კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს, რატომ იჩქარა პუტინმა „რეფერენდუმების“ ჩატარება – ოქტომბრიდან რუსეთში სამხედრო სამსახურში გაწვევის საშემოდგომო ციკლი იწყება, კრემლს სურს, სავალდებულო სამხედრო სამსახურს ანექსირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები უკრაინის მოქალაქეებიც დაუქვემდებაროს.

ინსტიტუტი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის დასავლეთ სამხედრო ოლქში მობილიზებულ რეზერვისტებს ყოველგვარი მომზადების გარეშე გზავნიან ხერსონისა და ხარკოვის ოლქებში.

ISW-ის მთავარი მიგნებები:

  • პრეზიდენტმა პუტინმა, შესაძლოა, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის შესახებ უკვე 30 სექტემბერს გამოაცხადოს;
  • ცნობების თანახმად, მობილიზებულ სამხედროებს ხერსონისა და ხარკოვის ოლქებში ყოველგვარი მომზადების გარეშე გზავნიან;
  • უკრაინის ძალები იმყარებენ თავის პოზიციებს მდინარე ოსკილის აღმოსავლეთ სანაპიროზე. მათ შემდგომ წარმატებებს მიაღწიეს ლიმანის შემოგარენში;
  • უკრაინის არმია, კონტრშეტევის ფარგლებში, განაგრძობს დარტყმებს რუსეთის სახმელეთო ქსელებზე და ხელს უშლის რუსებს მდინარეზე გადასასვლელების მოწყობაში;
  • რუსეთის ჯარები განაგრძობდნენ წარუმატებელ შეტევას ბახმუტის გარშემო და დონეცკის დასავლეთით;
  • რუსებმა სერიოზული ზიანი მიაყენეს უკრაინულ აეროდრომს კრივოი როგში და ქვეყნის სამხრეთში სარაკეტო თავდასხმებს განაგრძობდნენ;
  • რუსეთის ხელისუფლება საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს აწყობს რუსეთის საზღვრებზე, რათა მოქალაქეების ქვეყნიდან გაქცევა აღკვეთოს;
  • რუსი ჩინოვნიკები ქმნიან პირობებს უკრაინის მოქალაქეების იძულებითი მობილიზაციისთვის ან იძულებითი გაწვევისთვის უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე;
  • დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ანექსია, სავარაუდოდ, გააძლიერებს დაძაბულობას ამ ორი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის არმიებში.
  • რუსეთის ოფიციალურმა პირებმა შესაძლოა რუსეთის შეჭრას უკრაინაში და ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას  „ანტიტერორისტული ოპერაცია“ დაარქვან.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 28 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 28 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 58 150 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +400]
  • ტანკი – 2 312 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 4 889 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 1 381 ერთეული [+3]
  • MLRS – 331 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 175 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 262 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 224 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 989 ერთეული [+12]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 242 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 742 ერთეული [+12]
  • სპეცტექნიკა – 131 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 28 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 305 თვითმფრინავი
  • 155 ვერტმფრენი
  • 2 099 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 377 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 5 143ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 851 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 433 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 5 963 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]შესაძლოა კრემლმა უკრაინაში ომს „ანტიტერორისტული ოპერაცია“ დაარქვას – ISW[/yellow_box]

ამავე თემაზე:

როცა რუსეთი შეიძლება თავს დაგვესხას, რამდენად გამოდგება ფინური მოდელი – ინტერვიუ 

აფხაზეთიდან დევნილებს გვადარებენ რუსეთიდან გამოქცეულებს – ეს ჩვენთვის ჭრილობაზე მარილია

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. აფხაზეთის ომის შემდეგ 29 წელი გავიდა. სოხუმის დაცემის მერე ადგილობრივებმა სვანეთის უღელტეხილის გავლით მიაღწია სამშვიდობოს. უღელტეხილზე  ასობით ადამიანი დაიღუპა თვითმხილველების მონათხრობის მიხედვით.

29 წლის შემდეგ, სოხუმიდან დევნილი ია კვაშილავა წამოსვლის ისტორიას იხსენებს. მაშინ 13 წლის იყო. ომის პირველი დღეც ახსოვს. პურის რიგში იდგა, როცა ავტომატის ჯერი რამდენჯერმე გაისროლეს, ხალხი გონს ვერ მოეგო, ვერ მიხვდნენ, უბრალოდ ვინმემ გაისროლა, თუ რამე უფრო სერიოზული დაიწყო.

ია კვაშილავას მონათხრობი:

პურის მაღაზიიდან სახლში დავბრუნდი და ვთქვი, ომი დაიწყო-მეთქი. გაოგნებულები მიყურებდნენ. ჩათვალეს, რომ რაღაც დაჯგუფებამ გაისროლა. მერე ომი მართლა დაიწყო. ჩვენი სახლის უკან, მთაზე სასროლი დანადგარები იყო დამონტაჟებული. ამ მთას ესროდნენ, ჩვენ კი ვითომც არაფერი, ვიყავით სახლში და ხან მეორე სართულზე ავდიოდით, ხან დაბლა ჩამოვდიოდით.

27 სექტემბერი იყო, სოფელ მერხელში წავედით. ეს იყო სოხუმის შემდგომი სოფელი, საიდანაც მერე უკვე გზა პირდაპირ სვანეთისკენ გრძელდებოდა. ვიცოდით, რომ მთელი სოხუმის მოსახლეობა ამ სოფელში იყო თავმოყრილი. ველოდებოდით დამაიმედებელ ინფორმაციას. ვერ ვიჯერებდით, რომ ქალაქი ოკუპირებული იყო და საშინელება გველოდა.

ჯარისკაცები გვეუბნებოდნენ: წადით, დატოვეთ სახლები, ქალები და ბავშვები მაინც წაიყვანეთო. ბიძაჩემს დიდი სატვირთო მანქანა ჰყავდა, მისაბმელიანი.

მორჩა, ჩაალაგეთ, რაც გჭირდებათ და გავდივართო – ბიძაჩემმა თქვა.

ქალები და ბავშვები ვიყავით ძირითადად. ჩავყარეთ ნივთები. რაც ხელში მოგვხვდა, გააზრებულად არაფერი წამოგვიღია, როცა გადმოვაღწიეთ სვანეთიდან გავხსენით ჩანთები. იქ იმდენი არასაჭირო ნივთი იყო… ქსოვილები, საზაფხულო ტანსაცმელი, არადა შემოდგომისპირი იდგა, წინ ზამთარი გველოდა. გვეგონა მოვდიოდით მაქსიმუმ ორი, სამი დღით. ვფიქრობდით გზად დაგვეწეოდა ამბავი და გვაუწყებდნენ, რომ ომი დასრულდა, მოლაპარაკება დაიწყო და ჩვენ შევძლებდით სახლში დაბრუნებას.

მალე ავტომობილით შეუძლებელი გახდა გზის გაგრძელება. ცუდი გზა იყო, ტალახი, აღმართები. მანქანას მისაბმელი ნაწილი მოხსნეს, მძღოლი ბიძაჩემი იყო, მანქანაში მისი შვილი და ხუთი დღის შვილიშვილი იყო. მისაბმელზე მე ვიყავი და ჩვენი ნათესავები, მეზობლები.

ჩვენი გზა 15 დღე გრძელდებოდა. ციოდა სვანეთის უღელტეხილზე, ხან წვიმდა. ბავშვებს თითქმის წელამდე გვწვდებოდა ტალახი.

საშინელებები გვხვდებოდა გზადაგზა, გვამები, ბავშვები, სისასტიკე… ემოციებისგან დაცლილი ხალხი…

ერთ რამეს ვიხსენებ სულ. ცეცხლთან ვისხედით და გზად ჩამვლელმა ჯარისკაცმა გვთხოვა ჩვენთან ღამე გაეთია, რა თქმა უნდა, დავთანხმდით, ქალებმა ჰკითხეს, როგორც ჯარისკაცს, რახან ჩვენზე მეტი რამ იცოდა, სავარაუდოდ რას ფიქრობდა, როდის სრულდებოდა ეს ყველაფერი, როდის შევძლებდით ისევ დაბრუნებას. ახლაც მახსოვს რა გაფაციცებით ველოდი ჯარისკაცის სიტყვებს. როგორ შევცქეროდი.

კაცმა თვალები დაბლა დახარა და თქვა: ალბათ ათი წელი მაინც ვერ დავბრუნდებით სოხუმშიო. ქალებს შეეცოდათ ეს კაცი. ამბობდნენ, შეიშალა საწყალი, კონტუზია აქვს ალბათ, არ არის თავის ჭკუაზეო.

ასე დაუჯერებლად ჟღერდა მაშინ სოხუმის დაკარგვა. არ დავიჯერეთ 10 წელი. თუმცა აგერ უკვე 30 წელი სრულდება და სოხუმი ისევ დაკარგულია…

მერე სვანეთის ტყის ნაწილი დასრულდა და უდაბნოს ნაწილი დაიწყო. საკმაოდ რთული იყო, მიდიოდი სიმაღლეზე, სადაც მიწა მტვრად იყო ქცეული და წინ მიმავალი ადამიანის მტვერი სახეში გეყრებოდა.

13 წლის ვიყავი. ჩვენი საახლობლო წრე ალბათ თხუთმეტიოდე ადამიანისგან შედგებოდა, ჩამოვრჩი მათ და წინსვლის ნაცვლად ფეხი უკან მისრიალებდა, ვერც ვთქვი მიშველეთ ან ხელი ჩამჭიდეთ-მეთქი, ხმას ვერ ვიღებდი.

ჩვენი ოჯახის ერთი ახლობელი კაცი იყო, თავის ბებიას მოჰყვებოდა და ჩვენთან ერთად გამოვიდა სოხუმიდან. საშველად არავისთვის დამიძახია, მაგრამ ამ კაცმა მოიხედა შემთხვევით უკან და ხელი გამომიწოდა, ამომქაჩა, ხრამში ჩასრიალებისგან გადამარჩინა.

უღელტეხილის თითქმის მწვერვალზე ვიყავით, როცა ვერტმფრენი დავინახეთ. შეგვნიშნეს, ჩვენკენ მოფრინავდნენ დასახმარებლად. მახსენდება, ჩემი 37 წლის ბიცოლა გაიძახოდა, მე არ წავალ, არსად წავალ, ვერ დაგტოვებო. ბიძაჩემს, თავის ქმარს ეუბნებოდა. ბიძაჩემი არწმუნებდა რომ უნდა წასულიყო  შვილთან და შვილიშვილთან ერთად.

ჩამოგვიყვანა ვერტმფრენმა, თავი რაღაც კლუბის შენობას შევაფარეთ. ძალიან ციოდა, შენობაში ცეცხლი ენთო, ყველაფერი იკვამლებოდა. ყველას იატაკზე გვეძინა. ვიღაცები წაკამათდნენ, ერთმა კაცმა დიდ ჭურჭელს, რაშიც ცეცხლი ენთო, ფეხი ჰკრა. ლითონის საშინელი ხმა იყო, ბიცოლაჩემმა თავი ცუდად და სწრაფად წამოწია, შვილი და შვილიშვილი მოიკითხა, სოფო და ბავშვი სად არიანო – დაიძახა.  მერე იქვე დაეცა მოწყვეტით, გონება დაკარგა. ბნელოდა, ვერ ვხვდებოდით რა მოხდა.

მე და ჩემხელა, 13 წლის ბიძაშვილი გარეთ გავვარდით და ვყვიროდით, დაგვეხმარეთ! დაგვეხმარეთ-მეთქი.

იქვე სადღაც წითელი ჯვრის მანქანა დადიოდა. შემოვიდნენ კლუბში, მაგრამ ბიცოლაჩემი უკვე გარდაცვლილიყო. 37 წლის ქალი.  ორი დღის შემდეგ ბიძაჩემიც ჩამოვიდა. მეუღლე ცოცხალი აღარ დახვდა.

მე და დედაჩემი დავრჩით მარტო. ჩემი 18 წლის ძმა აფხაზეთში დავტოვეთ, ბებია-ბაბუას ვერ დავტოვებო, მამაც იქ იყო. ძმაზე გვეუბნებოდნენ, რომ ტყვედ ჩავარდა, ნათლიაჩემსა და ბიძაჩემზეც იმავეს ამბობდნენ. მერე გავიგეთ, რომ ჩემი ძმა მართლა სომეხმა ბოევიკებმა დაატყვევეს.

ბიძაჩემი და ნათლიაჩემიც იყო აყვანილი ტყვედ. ზოგი გვეუბნებოდა, რომ აფხაზებს შეეწირა, ზოგი ამბობდა, რომ ცოცხალია და ბებია-ბაბუას იცავდა.

ჩემი ძმა ახლა რომ ჰყვება ტყვეობის ამბავს ვერ ვიჯერებ, ნუთუ ეს მართლა მოხდა-მეთქი, ვფიქრობ.

უცხო მამაკაცი ახლდათ თურმე. უბრალოდ, ფეხით გადმოდიოდა მათთან ერთად, შეეკედლა ჯგუფს და სამხედრო ზედა ეცვა.

სომეხი ბოევიკები ჩაეჭიდნენ ამ კაცს და აიძულებდნენ, გაგვიმხილე, რომლები არიან ამათგან მებრძოლებიო. მებრძოლებს შორის იყვნენ მამაჩემი, ბიძაჩემი და ჩემი ძმაც.

ნაკუწ-ნაკუწ, ცოცხალს მოაჭრეს თურმე ალაგ-ალაგ ხორცი ჩემი ძმის თვალწინ და ნახევრად ცოცხალი ხრამში გადააგდეს. ამ ბიჭს არცერთი მეომარი არ დაუსახელებია.

დღეს გავრცელდა კადრები, სადაც აფხაზეთიდან დევნილებს ადარებდნენ რუსეთიდან გამოქცეულ ხალხს ლარსზე, ეს ჩვენთვის, აფხაზეთიდან დევნილებისთვის ჭრილობაზე მარილის მოყრასავითაა.

გული მწყდება ჩვენს საზოგადოებაზე, რადგან ჩვენ არ აღგვიქვამდნენ როგორც ადამიანებს, რომლებმაც საშინელება გამოიარეს. ვიყავით უბრალოდ „დევნილები“. არავინ ინტერესდებოდა, რა მოხდა, რა გავიარეთ, ყველა უბრალოდ გვეკითხებოდა – თქვენ დევნილი ხართ? მთელი ამხელა ტრაგიკული ამბების შემდეგ.

როცა ვხედავ რუსები როგორ მორბიან… მათ მიწას არავინ ართმევს და მაინც გამორბიან. ჩვენ კი აფხაზეთიდან ძალით გამოგვდევნეს. ჩვენივე თანამოქალაქეები გვეუბნებოდნენ: რატომ თოხებით და ბარებით არ დაიცავით თქვენი მიწა, რატომ არ დარჩით იქვეო. ახლა მე ვეკითხები ქართულ საზოგადოებას, გაბედავენ და ჰკითხავენ იმავეს რუსეთიდან გამოქცეულ დეზერტირებს? ჰკითხავენ თამამად, რატომ არ რჩებიან რუსეთში და რატომ არ იცავენ თავიანთ ღირსებას სამშობლოში ბარებით?

თავიდან აფხაზეთის თემა და მოლაპარაკებები აქტუალური იყო, ახლა აღარ. ამას აფხაზეთიდან დევნილი ყველა ადამიანი გრძნობს.

ჩვენი ამბების მსმენელი საქართველოში უკვე აღარ არის…“

სოლოვიოვი ითხოვს დახვრიტონ კომისრები, რომლებიც ომში გაწვევისას შეცდომებს უშვებენ

რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმერ სოლოვიოვის 26 სექტემბრის თოქ-შოუში რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების, Russia Today-ს და Sputnik-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა განაცხადა, რომ რუსეთში, მობილიზაციის ფარგლებში, ცალკეული სამხედრო კომისრების შეცდომების გამო ომში ასაკოვან და ისეთ ადამიანებსაც იწვევენ, ვისაც მობილიზაცია არ ეხება.

შოუს წამყვანმა, სოლოვიოვმა, ეთერში განაცხადა, რომ ასეთი სამხედრო კომისრები საჯაროდ უნდა დახვრიტონ.

მარგარიტა სიმონიანმა თქვა, რომ არაკეთილსინდისიერი სამხედრო კომისრების მიერ დაშვებული შეცდომები უნდა გამოსწორდეს, რათა ხალხი არ გაანაწყენონ.

„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პირველი ტალღა [მობილიზაციის] შეეხება 35 წლამდე რიგითებს, მეთაურებსა და ლეიტენანტებს, მაგრამ გაჩვენოთ რამდენი ასეთ უწყებას უგზავნიან 45-43 წლის ადამიანებს?” – თქვა მან.

„შეიძლება რომ დავხვრიტოთ ისინი?“ – იკითხა ვლადიმერ სოლოვიოვმა, – „მე მომხრე ვარ, უბრალოდ საჯაროდ გამოვიყვანდი რამდენიმე ასეთ სამხედრო კომისარს, განსაკუთრებით ერთ „ჭკვიანს“ ნოვოსიბირსკიდან… აი, უნდა აიყვანო ეს სამხედრო კომისარი ყურით და დონბასში წინა ხაზზე გაუშვა… ნიჩაბი მისცე და ჩაიმარხოს იქ თავი. იქ მისგან უფრო ნაკლები ზიანი იქნება” – თქვა წამყვანმა.

მარგარიტა სიმონიანმა თქვა, რომ მათთან, საინფორმაციო სააგენტოებში, მობილიზაციასთან დაკავშირებით ათასობით მიმართვა მიდის იმ ადამიანებისგან, ვინც ოფიციალურად არ შედის მობილიზაციის კატეგორიაში, მაგრამ უწყება მაინც მიუვიდათ.

რუსეთმა ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა.

ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს გამოიძახებენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ უწყება გაწვევის შესახებ არა მხოლოდ რეზერვისტებს მისდით.

დღეს, 27 სექტემბერს, რუსულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, გაავრცელა ინფორმაცია, რომ მობილიზებული ადამიანების ნაწილი ომში წასვლამდე არც თეორიულ და არც პრაქტიკულ წვრთნებს არ გადის.

რუსეთში მობილიზაციის გამოცხადებას საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. დაღესტანში აქციები გაიმართა, სადაც მობილიზაციას აპროტესტებდნენ, ათი ათასობით ადამიანმა, ვისაც მობილიზაცია ეხება, დატოვა რუსეთი და სხვადასხვა ქვეყანაში გაემგზავრა, მათ შორის საქართველოშიც.

Exit mobile version