განათლება,მთავარი,სიახლეები

„ბევრი სკოლა ისეთ დღეშია, პირუტყვი არ შევა“ – რას არ ხედავს მთავრობა

29.09.2022 • 1399
„ბევრი სკოლა ისეთ დღეშია, პირუტყვი არ შევა“ – რას არ ხედავს მთავრობა

სამოქალაქო პლატფორმა „სალამის“ წევრებმა სამ მუნიციპალიტეტში: მარნეულში, ბოლნისსა და დმანისში ავარიული სკოლები აღნუსხეს და ფოტომასალა საქართველოს პარლამენტის წინ გამოფინეს.

„ბათუმელები“ ესაუბრა „სალამის“ერთ-ერთ აქტივისტს, ბენიამინ კასიმოღლუს. მისი თქმით, აქტივისტები შეეცადნენ ამ გამოფენით საზოგადოებისთვის თვალსაჩინო გაეხადათ ის მდგომარეობა, რაც ამ მუნიციპალიტეტებში არსებულ საჯარო სკოლებშია.

„დაზიანებული, გაბზარული, ძველი, იატაკებიდან ქვეწარმავლები შეიძლება ამოვიდეს. ბევრ სკოლაში ისეთი მდგომარეობაა, პირუტყვი რომ არ შევა. ცოცხალი თუ გამოხვალ იქიდან, ესეც კარგია“ – გვეუბნება ბენიამინი.

სკოლა სოფელ ყულარში. მარნეული

მისი თქმით, სკოლის დირექტორებთან კომუნიკაცია რთულია, რადგან ისინი ერიდებიან პრობლემებზე ღიად საუბარს.

„არ საუბრობენ, იმიტომ, რომ არჩევნების დროს პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებლები არიან. არ უნდათ შემდეგ რესურსცენტრიდან, მერიიდან ან პარტიიდან დაურეკონ და უთხრან – „რატომ შეუშვი“, „რატომ გადააღებინე“ და ასე შემდეგ.

არც თავიანთ უფლებამოსილებებში არიან დამოუკიდებელნი, ამიტომ ეშინიათ, რომ ამის გამო სამსახურიდან დაითხოვენ“ – ამბობს ბენიამინი.

სკოლის ფანჯარა, სოფელ ხუტორ-ლეჟბადინში

ის იხსენებს შემთხვევას, როცა ერთ-ერთი სოფლის სკოლიდან გამოაძევეს და ფოტოების გადაღების უფლება არ მისცეს.

„ეს შემთხვევა უფრო ადრე იყო, მაშინაც ვცდილობდით, რომ აგვესახა ფოტოებზე სკოლებში არსებული მდგომარეობა, თუმცა ერთ-ერთ სოფელში ქვების სროლით გამოგვაგდეს სკოლიდან. ნუ იღებთო, – გვითხრეს.

მშობლები ჩვენთან საუბარში აპროტესტებენ სკოლებში არსებულ მდგომარეობას, თუმცა საჯაროდ მაინც ერიდებიან თქმას“ – გვეუბნება ბენიამინი.

სკოლა სოფელ ახკერპში

საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ასევე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმაც რამდენჯერ თქვეს, რომ მთავრობა 1 მლრდ ლარის ღირებულების პროექტს იწყებს, რომელიც საქართველოში 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

„პროექტის პირველი ეტაპი მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყება და ტენდერი 80 ახალი სკოლის მშენებლობასა და 320 სკოლის რეაბილიტაციაზე გამოცხადდება“- აცხადებს განათლების სამინისტრო.

ბენიამინ კასიმოღლუს ვკითხეთ, ხომ არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, ამ პროექტში ხომ არის რომელიმე სკოლა ჩართული, იმ სკოლებიდან, რომელიც მათ აღბეჭდეს ფოტოებზე. მისი თქმით, ამ ინფორმაციას „სალამი“ არ ფლობს.

სარეაბილიტაციო სკოლების ფოტოები აქტივისტებმა პარლამენტის წინ გამოფინეს

„ამაზე არ გვაქვს ინფორმაცია, თუმცა ჩვენ ადრე გავაკეთეთ ერთგვარი კომიქსები მთავრობის წევრების საჯარო გამოსვლებსა თუ დაპირებებზე, რომელიც არ ასახავს რეალობას.

მაგალითად, მთავრობა ამბობს, რომ ქართული ენის სწავლება ეთნიკურად დასახლებულ რეგიონებში პრიორიტეტია, თუმცა შედეგი არის ნული, სკოლებს ავაშენებთო და შედეგი – ნული. ვნახეთ განათლების ეროვნული სტრატეგია და იქ არც სამწლიან, არც ხუთწლიან და ათწლიან გეგმაში არსად არ არის ამ საკითხებზე საუბარი.

ათასში ერთი აშენდება და ამას იყენებენ საჩვენებლად. მარნეულში ჯანდარის სკოლა გარემონტდა, იორმუღანლოში 2 სკოლა ააშენეს, გარედან მშვენიერია, შიგნით შედიხარ და არაფერი არ არის. მერხები არ არის, საპირფარეშოები ცუდ მდგომარეობაშია.

სოფელ მამეიში სკოლა ორი წელია გაუქმებულია და ტუალეტი სკოლის გაუქმების შემდეგ ააშენეს და 36 ათასი ლარი დახარჯეს. რაში – არ ვიცი“ – ამბობს ბენიამინი.

მისი თქმით, პარლამენტის წინ გამოფენილი ავარიული სკოლის ფოტოებით პარლამენტის არცერთი წევრი არ დაინტერესებულა, მათ შორის, არც განათლების კომიტეტის წევრები.

სალამის“ წევრებმა იმ სკოლის ამსახველი ფოტოებიც მოგვაწოდეს, სადაც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი და მხოლოდ ახლახან მოხერხდა ბავშვების ალტერნატიულ სკოლაში გადაყვანა.

ასეთია, მაგალითად, სოფელ კიროვკაში დაწყებითი საფეხურის სკოლა:

ყოფილი სკოლა სოფელ კიროვკაში (მამეი). ორი წელია რაც აქედან ბავშვები მეზობელი სოფლის სკოლაში გადაიყვანეს.

სოფელ საფარლოს სკოლა/დმანისი. ამჟამად სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს.

„სალამის“ წევრები სკოლების გარდა აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღების პრობლემაზეც საუბრობენ.

მათი თქმით, მაგალითად, მთელ დმანისში 9 საბავშვო ბაღია, ამავე მუნიციპალიტეტის აზერბაიჯანულენოვან სოფლებში კი – არც ერთი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: