მთავარი,სიახლეები

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ პუტინის რეიტინგი იკლებს – კვლევა

29.09.2022
მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ პუტინის რეიტინგი იკლებს – კვლევა

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის რეიტინგი შემცირდა. მხოლოდ ბოლო ერთ თვეში პუტინმა 6% დაკარგა.

კითხვაზე: მოგწონთ თუ არა ვლადიმერ პუტინის საქმიანობა? გამოკითხულთა 77% პასუხობს, რომ კი, ხოლო 21 % – არა. ასეთია რუსული ორგანიზაცია „ლევადა-ცენტრის“ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები.

იმავე შეკითხვაზე ჯერ კიდევ აგვისტოში 83-მა პროცენტმა უპასუხა, რომ მოსწონდა რუსეთის პრეზიდენტის საქმიანობა, უარყოფითად განწყობილი კი 15% იყო. ზუსტად მსგავსი მაჩვენებელი იყო ივლისის, ივნისისა და მაისის გამოკითხვებში.

„ლევადა-ცენტრის“ მონაცემები აჩვენებს, რომ პუტინის რეიტინგი 2022 წლის თებერვლიდან, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, გაიზარდა და ის რამდენიმე თვის განმავლობაში არ შეცვლილა, თუმცა სექტემბრის ბოლოს, „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების შემდეგ, დაიკლო.

პუტინისადმი ნდობა 40%-ია, რაც აგვისტოსთან შედარებით, ასევე 4%-ით ნაკლებია.

ბოლო გამოკითხვით, შემცირებულია ნდობა რუსეთის სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართაც. გასულ თვესთან შედარებით, გამოკითხულთა 7%-ით ნაკლები მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

„ლევადა-ცენტრმა“ 18 წელს გადაცილებული 1 631 მოქალაქე 137 დასახლებულ პუნქტში 22-28 სექტემბრის პერიოდში გამოჰკითხა. კვლევა პირდაპირი ინტერვიუების სახით ჩატარდა.

„ნაწილობრივი მობილიზაცია“ რუსეთში პრეზიდენტმა პუტინმა 21 სექტემბერს გამოაცხადა. მისი თქმით, ბრძანება შეეხება მხოლოდ მას, ვინც რეზერვშია და სამხედრო გამოცდილება აქვს. იმავე დღეს თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დააზუსტა, რომ იგეგმება 300 000 კაცის გაწვევა.

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთის ქალაქებსა და რაიონებში საპროტესტო აქციები დაიწყო, ათობით ათასმა მოქალაქემ კი ქვეყანა დატოვა.  გამოცემა Новая газета.Европа წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი უკვე დატოვა 261 ათასმა კაცმა.

მობილიზაციის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე რუსეთის დუმამ მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც დეზერტირობისა და ტყვედ ჩაბარებისთვის სასჯელი გამკაცრდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: