მთავარი,სიახლეები

შესაძლოა კრემლმა უკრაინაში ომს „ანტიტერორისტული ოპერაცია“ დაარქვას – ISW

28.09.2022
შესაძლოა კრემლმა უკრაინაში ომს „ანტიტერორისტული ოპერაცია“ დაარქვას – ISW

რუსეთში მობილიზებულ რეზერვისტებს ხერსონისა და ხარკოვის ოლქებში ყოველგვარი მომზადების გარეშე გზავნიან; შესაძლოა, კრემლმა უკრაინაში შეჭრას და ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას „ანტიტერორისტული ოპერაცია“ დაარქვას – ასეთია აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) დღევანდელი ანგარიშის დასკვნები.

27 სექტემბერს რუსეთის ხელისუფლებამ დაასრულა ე.წ. რეფერენდუმები ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანკის ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზე და განაცხადა, რომ თითოეულ ოლქში, რუსეთთან შეერთების მოთხოვნას მხარი უკრაინის მოქალაქეთა 87-99%-მა დაუჭირა.

მოპოვებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ISW ვარაუდობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ანექსიის შესახებ 30 სექტემბერს დუმაში გამოაცხადებს.

ექსპერტები კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს, რატომ იჩქარა პუტინმა „რეფერენდუმების“ ჩატარება – ოქტომბრიდან რუსეთში სამხედრო სამსახურში გაწვევის საშემოდგომო ციკლი იწყება, კრემლს სურს, სავალდებულო სამხედრო სამსახურს ანექსირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები უკრაინის მოქალაქეებიც დაუქვემდებაროს.

ინსტიტუტი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის დასავლეთ სამხედრო ოლქში მობილიზებულ რეზერვისტებს ყოველგვარი მომზადების გარეშე გზავნიან ხერსონისა და ხარკოვის ოლქებში.

ISW-ის მთავარი მიგნებები:

  • პრეზიდენტმა პუტინმა, შესაძლოა, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის შესახებ უკვე 30 სექტემბერს გამოაცხადოს;
  • ცნობების თანახმად, მობილიზებულ სამხედროებს ხერსონისა და ხარკოვის ოლქებში ყოველგვარი მომზადების გარეშე გზავნიან;
  • უკრაინის ძალები იმყარებენ თავის პოზიციებს მდინარე ოსკილის აღმოსავლეთ სანაპიროზე. მათ შემდგომ წარმატებებს მიაღწიეს ლიმანის შემოგარენში;
  • უკრაინის არმია, კონტრშეტევის ფარგლებში, განაგრძობს დარტყმებს რუსეთის სახმელეთო ქსელებზე და ხელს უშლის რუსებს მდინარეზე გადასასვლელების მოწყობაში;
  • რუსეთის ჯარები განაგრძობდნენ წარუმატებელ შეტევას ბახმუტის გარშემო და დონეცკის დასავლეთით;
  • რუსებმა სერიოზული ზიანი მიაყენეს უკრაინულ აეროდრომს კრივოი როგში და ქვეყნის სამხრეთში სარაკეტო თავდასხმებს განაგრძობდნენ;
  • რუსეთის ხელისუფლება საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს აწყობს რუსეთის საზღვრებზე, რათა მოქალაქეების ქვეყნიდან გაქცევა აღკვეთოს;
  • რუსი ჩინოვნიკები ქმნიან პირობებს უკრაინის მოქალაქეების იძულებითი მობილიზაციისთვის ან იძულებითი გაწვევისთვის უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე;
  • დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ანექსია, სავარაუდოდ, გააძლიერებს დაძაბულობას ამ ორი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის არმიებში.
  • რუსეთის ოფიციალურმა პირებმა შესაძლოა რუსეთის შეჭრას უკრაინაში და ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას  „ანტიტერორისტული ოპერაცია“ დაარქვან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: