მთავარი,სიახლეები

4 თვის დემეტრე ფიბროსარკომას ებრძვის – მას საზოგადოების დახმარება სჭირდება

28.09.2022 • 1391
4 თვის დემეტრე ფიბროსარკომას ებრძვის – მას საზოგადოების დახმარება სჭირდება

4 თვის დემეტრე ჩიტაძეს ავთვისებიანი სიმსივნე აქვს. დიაგნოზი – ფიბროსარკომა მას თურქეთში დაუსვეს.

თურქეთში დემეტრეს ამჟამად ქიმიოთერაპიის პირველ კურსს უტარებენ. ბავშვის დედის, ოლღა მერებაშვილის თქმით, საჭიროა ქიმიოთერაპიის კიდევ შვიდი კურსი.

„ერთი თვის წინ დემეტრეს ფეხი შეუშუპდა, თავიდან კოღოს ნაკბენი გვეგონა, რადგან ბავშვი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო და სხვა რამ არ გვიფიქრია.

თბილისში, კლინიკაში გვყავდა, სადაც გვითხრეს, ძვლის ანთებაა ბაქტერიით გამოწვეულიო და ჩაუტარდა ოპერაცია, ანთებითი პროცესის შესაჩერებლად. თუმცა ოპერაციის შემდეგ ბავშვს ფეხი ისევ შეუშუპდა და კიდევ ორი ოპერაცია გაუკეთდეს.

სულ ტყუილად ჩატარდა ეს სამი ოპერაცია, რადგან ამის შემდეგ თურქეთში წავედით და იქ, როცა ჩაატარეს დიაგნოსტირება, დადგინდა, რომ ეს იყო ავთვისებიანი სიმსივნე – ფიბროსარკომა“- გვეუბნება ოლღა.

ოთხი თვის დემეტრე და მისი მშობლები ერთი თვეა, რაც სტამბოლში, აჯიბადემის კლინიკაში არიან. ქიმიოთერაპიის კიდევ რამდენიმე კურსია საჭირო იმისთვის, რომ დემეტრეს ფეხზე ოპერაცია გაუკეთონ, ამას კი შესაძლოა რამდენიმე თვე დასჭირდეს.

დედის თქმით, მკურნალობა ძალიან დიდ თანხას უკავშირდება, ამიტომ საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვთ.

„ქიმიოთერაპიასა და დიაგნოსტირების ხარჯების დაფარვა მოვახერხეთ ახლობლების დახმარებით,  თანხის ნაწილი მოგვცა აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომაც, მაგრამ შემდეგ ეტაპებზე რა გვეშველება, უკვე არ ვიცით.

ძალიან ბევრ ფონდს მივმართეთ და უმეტესობამ უარი გვითხრა დახმარებაზე, რადგან წლის ბოლოა და ბიუჯეტი ამოწურულიაო.

მიმართული გვაქვს „სოლიდარობის ფონდისთვის“ და ველოდებით პასუხს. ექსპერტიზის დასკვნა უნდა წარვუდგინოთ, რომ ეს დაავადება საქართველოში არ იკურნება. წინააღმდეგ შემთხვევაში დაფინანსებას არ გასცემენ.

ბათუმის მერიასაც მივმართეთ, სადღაც 6 ათას ლარზეა საუბარი, მაგრამ ისიც არ ვიცით, მოგვცემენ თუ არა. იმედი გვაქვს, რომ საზოგადოება გულთან მიიტანს დემეტრეს მდგომარეობას და დაგვეხმარება მკურნალობაში“- გვეუბნება ოლღა მერებაშვილი.

4 თვის დემეტრეს დახმარების მსურველებს შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ შემდეგ ანგარიშებზე:

თიბისი ბანკი:

GE64TB7147745064300039

საქართველოს ბანკი:

GE76BG0000000841213900

ლიბერთი ბანკი: 

GE36LB0711190327018001
მიმღები: როინ ჩიტაძე (დემეტრეს მამა)
Paypal: chito19921@gmail.com

გადაბეჭდვის წესი


ასევე: