მთავარი,სიახლეები

„მე იქ აღარ წავალ“ – როგორ იწვევენ რუს კონტრაქტორებს ისევ საომრად | BBC

28.09.2022 • 2090
„მე იქ აღარ წავალ“ – როგორ იწვევენ რუს კონტრაქტორებს ისევ საომრად  | BBC

წყარო: BBC 

___________

საკონტრაქტო სამხედროებს, რომლებმაც დატოვეს რუსეთის არმია ომის პირველი თვეების შემდეგ, კვლავ ფრონტის ხაზზე გზავნიან – ახლა უკვე მობილიზაციის შესახებ კანონის შესაბამისად.

კვლავ ბრძოლის ველზე რომ არ აღმოჩნდნენ, ახალგაზრდები გარბიან ქვეყნიდან, თანხმდებიან პატიმრობას, მიდიან ფსიქიატრიულ კლინიკებში და „ბიბისის“ უყვებიან, რატომ აკეთებენ ამას.

– პროფესიით არტილერისტი ვარ. პირადად, ხელში იარაღით, მე არ ვკლავდი. ჩემი საქმე ასეთი იყო: კორექტორი ბინოკლით იძლევა სამიზნის კოორდინატებს, ოფიცერი თვლის კუთხეს, ვიღებ სამიზნეში და ვაჭერ ბერკეტს. რკინის არაა, ეს არ არის ძნელი. მკვდრებს მე ვერ ვხედავ. არტილერიაში გეუბნებიან – „სამიზნე დამუშავებულია“ და მორჩა.

სად ასწავლიან ამას?

– იდეაში ჯარში, მაგრამ მე მსგავსი არაფერი მქონია. ჩემი კონტრაქტის განმავლობაში ორჯერ გავედით გარეთ – მხოლოდ გასასეირნებლად და დასამიზნებლად. არსად გვისვრია.

– გამოდის, რომ ცხოვრებაში პირველად ისროლეთ, როცა უკრაინის ტერიტორიაზე შეხვედით?

– კი. პირველად ჩვენ ბუჩასთან ვისროლეთ.

– ანუ თქვენ პირველად იყავით ცხოვრებაში ომში და გაისროლეთ იქვე, პირველად?

– კი.

20 წლის სერგეი კრასნოდარიდან BBC-სთან თავიდან უხალისოდ საუბრობს. ივლისში იგი პოპასნაიადან გაიქცა, რამდენიმე თვე სახლში იჯდა, არავის უყვებოდა იმაზე, თუ როგორ იბრძოდა 5 თვე. 23 სექტემბერს მას სამხედრო პროკურორმა დაურეკა და უთხრა: „ორშაბათს ან ისევ მიდიხარ იქ, ან ჩაჯდები ციხეში“.

„უკან წასასვლელად მე მზად არ ვარ“ – ამბობს სერგეი. ომში, 5 თვის განმავლობაში, მან ნახა „თითქმის ყველაფერი და მეტი აღარ შეუძლია“.

  • „არავითარი მიზანი, არავითარი გეგმა“

19 წლის სერგეი ჯარში 2021 წლის გაზაფხულზე გაიწვიეს და აგვისტოში უკვე კონტრაქტი შესთავაზეს. ბოლო წლებში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა გადაჰყავდა სამხედრო სამსახურის ამ ფორმაზე. რიცხვები ჯარში პროფესიონალი ჯარისკაცების რაოდენობის შესახებ მნიშვნელოვანი იყო ანგარიშებისთვის.

იანვრის ბოლოს, თავის თანამებრძოლებთან ერთად, რომელთაგანაც ყველაზე უმცროსი 18 წლის იყო, ის ბელარუსში გაგზავნეს სამხედრო წვრთნაზე.

„გავიგეთ, რომ მივდივართ უკრაინაში 23 თებერვალს“ – ამბობს სერგეი. ჯარისკაცებს უთხრეს, რომ „თუ ზევით ღამემდე არაფერს არ გადაწყვეტენ“, ყველანი მიდიან და სამი დღის სამყოფი მშრალი საკვები დაურიგეს.

– გაქცევა არ შეიძლებოდა?

– იქ გასაქცევი არსადაა.

„იდეალურ, გაპრიალებულ, მექანიკოსების მიერ მომზადებული“ ტანკებით ისინი ჩერნობილამდე დაბომბვის გარეშე მიდიოდნენ. პირველად ეს მოხდა გოსტომელში – თითქმის 600-კაციან ბატალიონზე უკრაინული არტილერიის ჭურვები დაეშვა. „ეგრევე ხუთი გვამი და ათეულობით დაჭრილი იყო, მათაც კი მოხვდათ, ვინც ტანკში იყო, БМП-2-ები თხელია და იოლად იხვრიტება“.

იმ დღეს სერგეიმ ცხოვრებაში პირველად ნახა მკვდარი ადამიანი. დაიღუპა მისი 19 წლის თანამებრძოლი, რომელთან ერთადაც კრასნოდარში მსახურობდა.

„პანიკა დაიწყო. ტყეში, რაღაც საწყობში შევედით. გავჩერდით და სრულიად დავიბენით. არ ვიცოდით რა გვექნა. მეთაურებმაც არ იცოდნენ, რა უნდა ექნათ. ბატალიონის მეთაურმა უყვირა მათ: „…რატომ დგახართ ტყუილად!“ და მაშინ მათ გვითხრეს „პოზიცია დაგვეკავებინა“.

სერგეის პოლკმა „რაღაც სანგარი“ გათხრა და ღამე ტყეში დარჩნენ. იმ დღეს ესროლეს არა მხოლოდ მათ – სერგეის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა „მთლიანად გაანადგურეს ერთი დივიზია“, გადარჩენილები კი ღამით ტყეში დახეტიალობდნენ. „ჩვენებმა სროლა დაუწყეს, ისინი ყვიროდნენ“. სერგეის ინფორმაციით, მხოლოდ ერთი ჯარისკაცი დაიჭრა.

დილას რამდენიმე კილომეტრი გაიარეს სხვა ტყემდე. უკრაინელებმა ამ დროს დაბომბეს საწყობი, სადაც პოლკის პირველი ბანაკი იყო („ბიბისის“ აქვს ამის ამსახველი ვიდეო).

არავითარი მიზანი, არავითარი გეგმა მეთაურებს არ ჰქონიათ – ამბობს სერგეი. საჭმელიც არ იყო, სამი დღისთვის გაცემულ მშრალ საკვებს ერთ კვირაზე ანაწილებდნენ.

„რატომ არ არის საჭმელი, არავინ ამბობდა. მეთაურებიც არ ჭამდნენ. პოლკის მეთაურის ამბავი არ ვიცი, მაგრამ მათ ხომ სადაზვერვო რაზმი ჰყავთ, რომელიც მაღაზიებს ასუფთავებს, ასე რომ, ვფიქრობ, მათ კარგად ჭამეს.“

  • „ვისროდით და დალევას ვაგრძელებდით“

მარტის პირველ რიცხვებში სერგეის ბატალიონი ბუჩაში შევიდა: „არტილერიით დავიცავით ქვეითები“.

დადგნენ ქალაქის ცენტრში, ტანკებიდან ჩამოვიდნენ და ნახევარი საათის შემდეგ ჭურვი მოფრინდა – „ეგრევე მინუს პოლკის მეთაურის ორი მოადგილე, ჩვენი მეთაური და რიგითები“. ასე დაიღუპა სერგეის კიდევ ერთი თანამებრძოლი კრასნოდარიდან.

როცა მეთაური იღუპება, ახალს გადარჩენილებიდან ნიშნავენ. გამოცდილები ფრონტზე ცოტანი იყვნენ, ძირითადად 19-20 წლის ახალგაზრდები – ამბობს სერგეი.

„იშვიათად იყვნენ მეთაურები, რომლებსაც 5 წელი ჰქონდათ ნამსახურები. ჩვენი მეთაური 12 წელი მსახურობდა, მაგრამ საომარ მოქმედებებში არასდროს იყო ნამყოფი, მხოლოდ ნაწილში იჯდა. ერთ კვირაში გააფრინა. დათვრა, სახლის მეორე სართულზე აძვრა, სადღაც შორს რაღაც აფეთქდა და ქვევით გადმოხტა, ფეხები დაიმტვრია. წაიყვანეს, ფული არ გადაუხადეს, ახლა ფსიქიატრიულში დადის“.

ბუჩაში ჯარისკაცებმა ცარიელი სახლების და მაღაზიების ძარცვა დაიწყეს. „საჭმელი არაფერი იყო თავიდანვე, კონსერვები და პური მიგვქონდა“. ცხოვრობდნენ მაღალსართულიანი სახლების სარდაფებში, ერთ მხარეს ადგილობრივები – მეორე მხარეს – რუსი სამხედროები.

ბუჩა, უკრაინა. რუსი ჯარისკაცების მიერ მოკლული ადამიანები ქუჩაში

„თუ ჩვენს პოზიციაზე ადგილობრივები შემოდიოდნენ, აჰყავდათ, ჰკითხავდნენ და თითქმის მაშინვე კლავდნენ. ისინი ტელეფონით უგზავნიდნენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჩვენს ადგილმდებარეობას. იყო შემთხვევა, კაცმა ჩაიარა ველოსიპედით და ერთი წუთის მერე ჭურვი გვეცემა, ძალიან ზუსტად. იქ ისეთი კადრები გვხვდებოდა… – მოდის კვადროციკლით, ყველას ტელეფონით გვიღებს, შლემზე აწერია „სინათლის მხედარი“. იგი დაიჭირეს, მაშინვე მოკლეს“.

ამავე დროს ბუჩას მასობრივი სამარხების ფოტოებზე სერგეი ამბობს, რომ „არის დადგმულებიც“.

რამდენიმე ფოტოზე მან იცნო ორმოები, რომელიც რუსმა სამხედროებმა ამოთხარეს ტანკების შესანიღბად. „ფოტოზე კი ახლოს ჯვარი დგას. მაგრამ ეს არ არის სასაფლაოს ორმო, ჩვენ ხომ ვიცით. ისინი კი ისე აჩვენებენ, რომ, აი, ვითომ გვამებია“. ეს ეწინააღმდეგება მისივე სიტყვებს, რომ ადგილობრივებს რუსი სამხედროები ხვრეტდნენ იმის გამო, რომ ისინი უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარებაში იყვნენ ეჭვმიტანილი. სერგეი ამას არ განმარტავს.

სერგეი ამბობს, რომ სამხედროები ბევრს სვამდნენ. ალკოჰოლს ყველგან პოულობდნენ – სახლებში, მაღაზიებში. არაყი, ვისკი, ბურბონი, ჯინი, რომი, გრაპა და ჭაჭა. მაგრამ თუ ამ მომენტში სამიზნის კოორდინატები მოდიოდა, გამოდიოდნენ და მთვრალები მიდიოდნენ სასროლად.

– ფხიზლდებოდით ადრენალისგან?

– არა, ვისროდით და დალევას ვაგრძელებდით.

ჩუმ დღეებში ეზოებში ხორცს წვავდნენ. ადგილობრივები არ მოდიოდნენ.

„მათ იცოდნენ, სახლის სარდაფებიდან რომ გამოსულიყვნენ, ცეცხლს გაუხსნიდნენ. ამის შესახებ მათ მაშინვე უთხრეს, როცა ბუჩაში მივედით. როცა სახლები დავიარეთ და ვწმენდდით მათ, ვინც პოლიციაში, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მუშაობდა, ვინ – დოკუმენტებით, ვიღაცას ტელეფონში ჰქონდა რაღაც… სინამდვილეში ყველა კაცი აგვყავდა“.

– ქალებს რას უშვებოდით?

– სხვადასხვაგვარად იყო. მე – არაფერს. არც ჩემი პირველი ბატარეა.

  • „ტანკი არც კი დადიოდა“

სამხედრო ამოცანა იყო ბუჩადან 5 კილომეტრში მდებარე ირპენის დაბომბვა. ორი კვირის განმავლობაში არტილერისტები ყოველ დღე ისროდნენ, ქვეითები კი ქალაქის აღებას ცდილობდნენ.

„ჩვენებმა იქ 3-4-ჯერ სცადეს შეღწევა, მაგრამ 500 მეტრზე მეტის გავლა ვერ შეძლეს. უკრაინელებს ტანკები ეყენათ, ჩვენს ქვეითებს კი БМП ჰქონდათ, რომელიც ტანკში ვერ შეაღწევს. ყოველ დღე დანაკარგებით ბრუნდებოდნენ“.

მათ ეუბნებოდნენ, რომ მალე მათ შეცვლიდნენ. „უკვე მალე, მოვლენ სხვები. ახლა დაბას ავიღებთ და ჩვენ მოგვხსნიან. უკვე მალე“. მაგრამ არავინ არ მოდიოდა.

19 მარტს რუსულ ტანკს უკრაინული არტილერიის ჭურვი მოხვდა. ტანკი აფეთქდა და აალდა, პანიკა დაიწყო, ცეცხლი სხვა ტანკებზეც გადავიდა, ერთის გაყვანა შეძლეს, ექვსი ტანკი კი მთლიანად დაიწვა – ჰყვება სერგეი.

ტექნიკასთან ერთად დაიწვა ყველა ნივთი, საძილე ტომრებიდან დაწყებული ტრუსებით დასრულებული, ჯავშანჟილეტებიც კი, ჩაფხუტებთან და ავტომატებთან ერთად.

უკრაინის არმიის მიერ განადგურებული რუსული სამხედრო ძალების ტექნიკა ქალაქ ბუჩაში, კიევთან ახლოს

ახალი იარაღი დღენახევრის შემდეგ მიიღეს, ორი დღის შემდეგ კი ორი ტანკი მოიყვანეს – ერთზე საჭის გადართვა ვერ ხერხდებოდა, მეორე კი, 1964 წელს გამოშვებული ტანკი, საერთოდ არ ისროდა და არც კი დადიოდა. ახალი ნივთები არავის არ მისცეს.

ირპენის აღება რუსმა სამხედროებმა ვერ შეძლეს. 2 აპრილს, როდესაც თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ჯარების გაყვანის შესახებ კიევი-ჩერნიგოვის მიმართულებიდან, სერგეის ასეულს 6 საათის განმავლობაში ბომბავდნენ – „თავის გარეთ გამოყოფა არ შეგვეძლო“. ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც სროლა არ ყოფილა, ისინი სარდაფიდან გამოვიდნენ, 28 ჭურვი ისროლეს უკრაინელების მხარეს და უკან დაიხიეს. თითქმის ყველა ტანკი დაიწვა, ასე რომ 40 სამხედროს მოუწია სამი, არსებული ჯავშანტექნიკით გასვლა.

  • „ისინი ყველა 19 წლის არიან. და ახლა უგზო-უკვლოდ დაკარგულები“

სერგეის პოლკი რუსეთში ბელარუსის გავლით დაბრუნდა. პირველივე გაჩერებაზე 180 ადამიანმა მოინდომა წასვლა. მეთაურებმა ისინი დაარწმუნეს, რომ ყველას ციხეში ჩასვამდნენ და დარჩნენ.

ბელგოროდში მათ ორი კვირა დაჰყვეს ტყეში, კარვებში, კამაზით მიდიოდნენ ქალაქში საჭმლის საყიდლად, რადგან „იქაც არ გვაჭმევდნენ, არავითარი მშრალი კვება არ იყო“. იქ სერგეიმ ორჯერ დაწერა განცხადება წასვლაზე, დაწერა უარი სპეცოპერაციაზე. „არაფერი, არსად არ აღწევდა. პოლკის მეთაურს ვაძლევდით, იგი არც კი კითხულობდა“.

კონტრაქტორი სხვა ბატალიონიდან, 19 წლის ანტონი ივანოვოდან „ბიბისის“ უამბობს, რომ მის მეგობრებს მეთაურები მაისში ტრიბუნალით აშინებდნენ, „მაგრამ რამდენიმე პირდაპირ ისე, უპასპორტოდ წავიდა. საგუშაგოზე დებდნენ იარაღს და მიდიოდნენ. კავშირგაბმულობის ბატალიონმა, 60-80-მა ადამიანმა, საერთოდ ყველამ უარი თქვა.

„იცით, იქ ისეთი ბიჭები იყვნენ, ისეთი ფანატიკოსები, რომლებმაც მოხალისეებად ერთი, სამი თვით გააფორმეს კონტრაქტი. ისინი მოდიან ომში ჩვენთან, შემდეგ პირდაპირ ბრძოლის ველზე ბრუნდებიან, იარაღს დებენ, ამბობენ – „მე მოვრჩი“ და მიდიან. საბოლოოდ ჩვენც უბრალოდ გზად შემხვედრ მანქანას გავყევით“.

– რა მოხდა, რატომ?

– დანაკარგები ძალიან დიდია. მაისში იქ ბევრი ბატალიონიდან კარგია თუ 10 ადამიანი დარჩა. ფსიქიკაზეც ძალიან მოქმედებს.

დავიწყე ადამიანებისთვის სროლა და მივხვდი, რომ ეს… ძნელია… მოკლულ ბიჭებსაც სახლში არ აგზავნიან. პირდაპირ იქ დამარხეს. ძალიან იშვიათად არის груз 200 [დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გაგზავნა რუსეთში], განსაკუთრებით მაშინ, როცა იქ თითქმის 40 გრადუსი იყო. გვამები თითქმის მაშინვე იხრწნება. მშობლებს კი არაფერს არ ეუბნებიან, წერენ – დაიკარგა უგზო-უკვლოდ. იქ ბევრი ბიჭია, რომელთაც კონტრაქტი ერთ-ორ თვეში ეწურებოდათ. 19-20 წლის. და ახლა არიან უგზო-უკვლოდ დაკარგულები. მშობლებისთვის უბრალოდ გაქრნენ.

სახლში რომ მოვდიოდი, საზღვარზე კაცები ვნახე, პირდაპირ იწევდნენ საომრად. მათ არ ესმით ეს რა არის. მათ სხვანაირად აჩვენებენ ახალ ამბებში ყველაფერს.

– თქვენ სნაიპერი ხართ, ამბობთ, რომ ომში ორი კვირა იყავით და სამ ბრძოლაში მონაწილეობდით. ითვლიდით რამდენი ადამიანი მოკალით?

– იქ არ არის დათვლის დრო.

  • „სოფელში 21 სახლია. კვირა-ნახევარი ვიღებდით“

აპრილის შუა რიცხვებში სერგეი უკან, უკრაინის ტერიტორიაზე გაგზავნეს. გზაზე ერთი შეხედვით ახალი ტანკი გატყდა – ძრავა ყოველ სამ კილომეტრში 120 გრადუსამდე ხურდებოდა.

„ასეთში ყოფნა არ შეიძლება, ვჩერდებოდით და ველოდით გაგრილებას. 12 დღე არემონტებდნენ და როგორც კი ჩამოხსნეს კამაზიდან, რომელსაც ტექნიკა უკრაინის საზღვრამდე მოჰქონდა, 5 კილომეტრის გავლის შემდეგ ისევ ადუღდა. ისევ რემონტისთვის წაიღეს ლუგანსკში, მაგრამ მისი შეკეთება იქაც ვერ მოხერხდა“.

სერგეი ამბობს, რომ მთელი ეს დრო ფიქრობდა, როგორ გაქცეულიყო. „ყოველ დღე ვიღვიძებდი ფიქრით, რომ უარის თქმა მინდა“.

სერგეი იზიუმში ჩაიყვანეს. „მაგრამ ჩვენ პოლკს იგი არ აუღია. უბრალოდ, ვიდექით იქ ერთი თვე და არც ერთხელ არ გვისვრია არტილერიიდან. ტანკებს ვზეთავდით და სანგრებს ვთხრიდით. ღამით ვპატრულირებდით. იქ საჭმელი მაინც მოჰქონდათ“.

რაზმები, რომლებიც იზიუმში აპრილში შევიდნენ, იქიდან გაღწევას ვეღარ ახერხებდნენ: „მათ [უკრაინელებს] ხომ ჯაველინები აქვთ. ტანკისტები გვიყვებოდნენ, როგორც კი ტანკს ქოქავ იქ და წასვლას ფიქრობ, იმ წუთასვე მოფრინავს ჯაველინიდან“.

იზიუმიდან სერგეი ხიდის ასაღებად გაგზავნეს, რომლის სახელიც უკვე აღარ ახსოვს, 20 კილომეტრის დაშორებით ლისიჩანსკიდან. უკრაინის ჯარები ბორცვზე იდგნენ და სროლით არ აძლევდნენ პონტონების აგების საშუალებას. „იქაც უბრალოდ ვიდექით. არ ვისროდით. არ ვიცი რატომ. ტანკები, რომლებიც მდინარის გადასალახად მიდიოდნენ, უკან აღარ ბრუნდებოდნენ“.

მისი პოლკი ლისიჩანსკის მხარეს წავიდა. იქ მათ უთხრეს აეღოთ სოფელი ბერესტოვო, რომლიდანაც ირგვლივ მდებარე ტყეები ჩანდა. „21 სახლი. კვირა-ნახევარი ვიღებდით სოფელს“.

ერთ-ერთი შეტევის დროს რუსული ტანკიდან ჭურვი არ გაფრინდა და ლულაში აფეთქდა. „ვინც შიგნით იყო და იქვე იდგა, დაიწვნენ“. სერგეი ამას იმით ხსნის, რომ ჭურვები ახალი იყო – TBS, „არავინ იცოდა მათთან მუშაობა, მათ თითქმის არ იყენებდნენ“.

დადიოდა ხმები, რომ ლისიჩანსკთან უკრაინის შეიარაღებული ძალების სამი პოლკი იდგა, 1500 ადამიანი, ხოლო ქარხანაში 5 ათასი იყვნენ. „იმ დროს უკვე ძალიან ცოტა ვიყავით, ორი პოლკი გააერთიანეს და მაინც 300 ადამიანი იყო. და თითქმის არ იყო 20 წელზე მეტი ასაკის ადამიანი. ყველა გაწვევით იყო და კონტრაქტისთვის ხელი ნაწილში ჰქონდათ მოწერილი, ისე, რომ არ უფიქრიათ, რომ შესაძლოა ომში აღმოჩენილიყვნენ“.

რუსი ჯარისკაცები ლისიჩანსკში. ფოტო: EPA-EFE/SERGEI ILNITSKY

თებერვალში ბელარუსიდან შემოსულ სერგეის 600-კაციან ბატალიონიდან იმ დროისთვის მხოლოდ ერთი ნაწილი დარჩა, 90 ადამიანი – ამბობს ის. მეორე კონტრაქტორის, ანტონის თქმით, ყოველი ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ ის ხედავდა „დაახლოებით 10 დაჭრილსა და ათამდე მოკლულს“.

ანტონი ივანოვოდან და სერგეი კრასნოდარიდან ირწმუნებიან, რომ უკრაინული არტილერია „დღეში ორ-სამჯერ“ იყენებს კასეტურ და ჟენევის კონვენციით აკრძალულ ბომბებს. რუსეთის კონტრაქტორების არსენალში ასევე იყო კასეტური ბომბები, ანტონი ირწმუნება, რომ ისინი ისროდნენ „მხოლოდ საპასუხოდ“, სერგეი კი ამბობს, რომ „მათ არ რთავდნენ ამ იარაღის გამოყენების ნებას“.

ომის დროს ორგანიზაცია Human Rights Watch-მა განაცხადა, რომ რუსეთიც და უკრაინაც იყენებენ კასეტურ ბომბებს. „ბიბისიმ“ ასევე იპოვა რუსეთის მხრიდან კასეტური ბომბების გამოყენების მტკიცებულება.

  • „ან ციხეში წახვალ, ან უკან – ფრონტზე“

ივლისში სერგეის პოლკი პოპასნაში გაიყვანეს.

„ქალაქი ნანგრევები, ორივე მხარისგან განადგურებული, სადაც ყოველ დღე მოფრინავენ უკრაინის შეიარაღებული ძალების ბომბები“ და ის გაიქცა. იარაღი მეთაურს ჩააბარა და წავიდა. მასთან ერთად გაიქცა კიდევ 7 ადამიანი სხვადასხვა ქალაქიდან.

10 ივლისს პერვომაისკას მახლობლად, საზღვარზე, ისინი სასაზღვრო სამსახურის პოდპოლკოვნიკს შეხვდნენ და უთხრეს: „ომიდან წამოვედით, რა ვქნათ?” სერგეის თქმით, მან უპასუხა: „აქ მარტო თქვენ არ ხართ, ყოველდღე ასს ვხედავ, მოვა „კამაზი“ და წაგიყვანთ „ეფესბეს“დაკითხვის პუნქტში“.

იქ კონტრაქტორებს დიდხანს არ ჰკითხავდნენ, ამბობს სერგეი, მხოლოდ უკვირდათ მონათხრობი მოკლულებზე. ომის ხუთ თვეში სერგეიმ დაახლოებით 700 ათასი რუბლი მიიღო, 140 ათასი თითო თვისთვის.

რამდენიმე კვირის შემდეგ სერგეი სამხედრო კომენდატურაში დაკითხვაზე გამოიძახეს. „მეკითხებოდნენ, როდის გამოვედი საომარი მოქმედებების ზონიდან, რატომ. მე ვთქვი, რომ დავიღალე და ვაჩვენე ბუჩაში განადგურებული და დამწვარი ჩვენი დივიზიის ვიდეო (აღნიშნული ვიდეო „ბიბისის“ აქვს). კონტრაქტორი გამოუშვეს.

23 სექტემბერს კი სერგეი კვლავ გამოიძახა სამხედრო პროკურორმა. ნაწილში მას მისცეს მიმართვა სამედიცინო კომისიაში და უთხრეს: „ორი გამოსავალი გაქვს. ან ციხეში, ან ისევ უკან წახვალ“.

არტილერისტი სამი დღე ვიდეოთამაშებს თამაშობდა და გადაწყვიტა არსად არ წავიდეს. ის ადვოკატს მოელაპარაკა და ახლა ორ ვარიანტს შორის არჩევს: პირობით სასჯელს კონტრაქტის დარღვევისა და მობილიზაციაზე დაუმორჩილებლობისთვის ან გამოიყენებს ფსიქიატრის დასკვნას.

კიდევ ერთმა კონტრაქტორმა, სერგეი ბოკოვმა ურალიდან, რომლის შესახებაც „ბიბისიმ“ მაისში მოამზადა მასალა, კვირას მოასწრო ყაზახეთში გადასვლა და გერმანიაში გეგმავს ჰუმანიტარული ვიზის მიღებას.

ანტონი ივანოვოდან 25 სექტემბერს კვლავ ფრონტის ხაზზე გაემგზავრა.

_________________

მასალა ქვეყნდება მცირედი შემოკლებით. 

ფოტო: EPA-EFE/YURI KOCHETKOV

გადაბეჭდვის წესი


ასევე: