Batumelebi | ვის უჩვენებს „ოცნების“ აქტივისტი შუათითს ხელვაჩაურის მერის მოადგილის ავტომანქანიდან ვის უჩვენებს „ოცნების“ აქტივისტი შუათითს ხელვაჩაურის მერის მოადგილის ავტომანქანიდან – Batumelebi
RU | GE  

ვის უჩვენებს „ოცნების“ აქტივისტი შუათითს ხელვაჩაურის მერის მოადგილის ავტომანქანიდან

„ხელვაჩაურის მერის მოადგილის სამსახურებრივი ავტომანქანით „ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის შტაბის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი – მანუჩარ რიჟვაძე გადაადგილდება. მას დღეს ბაგრატიონის ქუჩაზე, დილის 11 საათზე შევხდით და ფოტოები გადავუღეთ,“ – ამბობს ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიშა ბოლქვაძე. მან გვაჩვენა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ საჭესთან არჩილ ბარამიძე არ ზის.

არჩილ ბარამიძე ხელვაჩაურის მერის მოადგილეა, ხოლო ფოტოზე დაფიქსირებული მსუბუქი ავტომანქანა ნომრით OO-568-FO ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. ერთ-ერთ ფოტოზე საჭესთან მჯდომი პირი შუათითს აჩვენებს მას, ვინც ხელვაჩაურის მერიის ავტომანქანას ფოტოს უღებს.

მიშა ბოლქვაძის მტკიცებით, მანუჩარ რიჟვაძე, ვისაც ხელვაჩაურის მერის მოადგილის ავტომანქანის საჭესთან ფოტო გადაუღეს, თორნიკე რიჟვაძის ბიძაშვილია. მანუჩარ რიჟვაძეს თორნიკე რიჟვაძესთან გადაღებული ფოტოებიც აქვს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული, თუმცა დღეს მან ფეისბუქგვერდი წაშალა.

„დიახ, ეს ჩემი სამსახურებრივი ავტომანქანაა, მოქალაქე მანუჩარ რიჟვაძე საჭესთან აუზის გასახსნელად დაჯდა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ხელვაჩაურის მერის მოადგილემ, არჩილ ბარამიძემ. არჩილ ბარამიძე ადასტურებს, რომ საჭესთან ნამდვილად მანუჩარ რიჟვაძე ზის, თუმცა ამბობს, რომ ის „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი არ არის. არჩილ ბარამიძემ ასევე გვითხრა, არ ვიცი, მანუჩარ რიჟვაძე თუ თორნიკე რიჟვაძის ნათესავიაო. თუმცა დასძინა, რომ მანუჩარი მისი მეგობარი ან ნათესავი არ არის.

ხელვაჩაურის მერიის სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც ხელვაჩაურის მერის მოადგილე გადაადგილდება

თუკი ხელვაჩაურის მერის მოადგილის მონათხრობს დავუჯერებთ, ხელვაჩაურის სოფლიდან მერიაში ფეხით მისული მოქალაქე დაჯდა მერის მოადგილის ავტომანქანის საჭესთან საწვავის ავზის გასაღებად.

მანუჩარ რიჟვაძე ამჯერად ხელვაჩაურის მერიის სხვა ავტომობილის ფონზე. ის ქართული ოცნების კანდიდატების საარჩევნო კამპანიას ესწრება სოფელ ჩხუტუნეთში.

„წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა ახალშენის თემში ძალიან ბევრი, ჩვენ ვიყავით რამდენიმე ლოკაციაზე გასასვლელი, ამ დროს ვიდექით საწვავის შესავსებად რიგში და მე გადავედი მიმდებარედ მაღაზიაში, მანუჩარ რიჟვაძე არის მოქალაქე, რომელიც მე მიმყავდა ავტომანქანით ახალშენში… მასთან მისასვლელი გზა ჩაიხერგა და მივდიოდით დასათვალიერებლად, რო გაწმენდილიყო ტექნიკით… მე რომ გავედი მაღაზიაში, ამ დროს მოვიდა ჩემი რიგი და ის დაჯდა საჭესთან, რომ გაეხსნა ავზი, მაშინ გადაუღეს ეს სურათი, როგორც ვიცი. მანუჩარ რიჟვაძე ახალგაზრდულს ნამდვილად არ ხელმძღვანელობს, როსტომ ბერიძეა ახალგაზრდულის ხელმძღვანელი,“ – გვითხრა ხელვაჩაურის მერის მოადგილემ, არჩილ ბარამიძემ.

ხელვაჩაურის მერის მოადგილის თქმით, მას მანუჩარ რიჟვაძის საკონტაქტო ინფორმაცია არ აქვს. მანუჩარ რიჟვაძესთან დაკავშირების თხოვნით ხელვაჩაურის მერის რწმუნებულს მივმართეთ.

„მანუჩარი შტაბში უნდა მოიკითხოთ, შტაბში…“ – გვიპასუხა ანზორ კახიძემ, ის ხელვაჩაურის მერის რწმუნებულია ახალშენის თემში. მას ვთხოვეთ დაკონკრეტება, რომელ შტაბში მოგვეკითხა მანუჩარ რიჟვაძე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ანზორ კახიძემ დააზუსტა, რომ ჟურნალისტს ესაუბრებოდა, თქვა, რომ მანუჩარ რიჟვაძეს ის საერთოდ არ იცნობს და „ასეთი ვინმე ახალშენში საერთოდ არ ცხოვრობს“.

 

ფეისბუქში ჯერ კიდევ იძებნება მანუჩარ რიჟვაძის კიდევ ერთი გვერდი, სადაც ჩანს, რომ ის „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირია და პარტიული დროშების ფონზე რამდენიმე ფოტო აქვს გადაღებული. ამ გვერდზე ვერ ნახავთ თორნიკე რიჟვაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, თუმცა ამავე გვერდიდან ჩანს, რომ მანუჩარ რიჟვაძის საქმიანობა „ოცნების ქალაქს“ უკავშირდება.

„ოცნების ქალაქში“ მანუჩარ რიჟვაძის გახსენება არ გაუჭირდათ. აქ გვითხრეს, რომ მანუჩარ რიჟვაძე პანდემიის დროს, მარტსა და აპრილში, „ქართული ოცნების“ აქტივისტის სახელით საკვებ პროდუქტებს არიგებდა.

„გაგვეცნო, როგორც ბიზნესმენი და „ოცნების“ მხარდამჭერი… აქ რამდენჯერმე იყო და საკვები პროდუქტები დაარიგა,“ – გვითხრეს „ოცნების ქალაქში“.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ხელვაჩაურის მერიის ავტომანქანა პარტიულ შეკრებას ან მმართველი პოლიტიკური გუნდის აქტიურობას უკავშირდება. 24 სექტემბერს ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე სამსახურებრივი ავტომანქანით „ქართული ოცნების“ პარტიულ შეკრებაზე იმყოფებოდა, რაც კანონდარღვევაა. ამ პარტიულ შეხვედრას ესწრებოდა მანუჩარ რიჟვაძეც.

____

ამ თემაზე

ხელვაჩაურის მერი სამსახურის ავტომანქანით „ოცნების“ სააგიტაციო შეხვედრაზე

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი