განათლება,მთავარი,სიახლეები

სქესობრივი დანაშაულისთვის გასამართლებული პირები სკოლებში ვერ დასაქმდებიან

28.09.2022
სქესობრივი დანაშაულისთვის გასამართლებული პირები სკოლებში ვერ დასაქმდებიან

სკოლაში, საბავშვო ბაღსა და სხვა ნებისმიერ სახის საგანმანათლებლო-სააღმზრდელო  დაწესებულებაში მუშაობის დაწყებისას, პირს ნასამართლობის ცნობის წარდგენის გარდა, მოეთხოვება ცნობა იმის შესახებ, არის თუ არა ნასამართლევი სქესობრივი დანაშაულისთვის.

2020 წლის 23 ივლისის დადგენილებით, სქესობრივი დანაშაულზე ნასამართლევ პირს ეკრძალება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმება მიუხედავად იმისა, მოხსნილი ან გაქარწყლებული აქვს თუ არა ნასამართლობა.

გარდა საბავშვო ბაღებისა და სკოლებისა, სქესობრივი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი ვერც სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო სასწავლებლებში იმუშავებს და ის შეზღუდულია ამ დაწესებულებებისთვის, ნებისმიერი სახის მომსახურების მიწოდების კუთხითაც.

როგორც ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში გვითხრეს, აღნიშნული ნორმა ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც 2020 წლის შემდეგ დაიწყეს მუშაობა ან აპირებენ სკოლაში ან სხვა ტიპის სააღმზრდელო ან საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებას.

სქესობრივ დანაშაულში ნასამართლევი პირი ასევე ვერ იმუშავებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებებსა და ძალადობის მსხვერპლი ქალების თავშესაფარში.

ასევე, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სპეციალიზებულ დაწესებულებაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

სქესობრივი დანაშაულის მუხლით ნასამართლევი პირების ელექტრონული ბაზა შექმნილია საქართველოს შს სამინისტროში, რომელშიც შეტანილია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირთა და უფლებაჩამორთმეულ პირთა პერსონალური მონაცემები.

მუნიციპალიტეტები, ადრეული, სკოლამდელი აღზრდის თუ სხვა ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულებები, ვალდებულნი არიან ამ ნორმის შესაბამისად იმოქმედონ.

ეს წესი მიმართულია იქითკენ, რომ მოხდეს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის პრევენცია და გამოვლენის პროცესში ჩართულმა უწყებებმა კოორდინირებულად იმუშაონ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: