ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

როდის დასრულდება ხულო-ზარზმის გზის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა

23.04.2021 •
როდის დასრულდება ხულო-ზარზმის გზის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა

ხულო-ზარზმის გზის 5-კილომეტრიანი მონაკვეთი დაბა ხულოში იწყება და გოდერძის უღელტეხილის მიმართულებით, დიდაჭარის კაშხალთან მისვლამდე მთავრდება. ამ გზის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება კომპანია „მამისონთან“ 14,6 მილიონ ლარზეა გაფორმებული. დოკუმენტების მიხედვით, მშენებლობა, 2021 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს.

დასრულდება თუ არა მიმდინარე წლის დეკემბერში გზის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია? – „ბათუმელები“ კომპანია „მამისონს“ დაუკავშირდა.

„სამუშაოები უნდა დასრულდეს იმ ვადაში, რა ვადაც აღნიშნულია ხელშეკრულებაში, რომელშიც ცვლილებები შევიდა. შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ დოკუმენტებით, სადაც ეს ვადაც არის მითითებული“, – გვითხრეს კომპანია „მამისონში“.

ამ დოკუმენტების მიხედვით კი, ბოლო, კორექტირებულ ხარჯთაღრიცხვაში, სამუშაოების დასრულების ვადად სწორედ 2021 წლის 01-11 დეკემბერია მითითებული.

შესყიდვების პორტალის მიხედვით, 2021 წლის 23 აპრილის მდგომარეობით, კომპანიას უკვე გადაურიცხეს სახელშეკრულებო თანხის [14 581 880  ლარი] 27%, ანუ 3 893 134 ლარი.

ხელშეკრულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და „მამისონს“ შორის 2020 წლის 9 ივნისს გაფორმდა. ამ ხელშეკრულებაში დღემდე 11 ცვლილება შევიდა, თუმცა, როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, სახელშეკრულებო მთლიანი თანხის რაოდენობა არ შეცვლილა.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის 5 კმ-მდე მონაკვეთის რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის ეწყობა ხელოვნური ნაგებობები… პროექტი 3 მონაკვეთადაა დაყოფილი და ჯამში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 47-კილომეტრიან გზას და 7 ხიდს ჩაუტარდება. დაიგება 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი. 5 კმ-მდე მონაკვეთს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს და მისი ღირებულება 14.6 მლნ. ლარია. ხოლო 42 კმ-იანი მონაკვეთს კვლავ ქუვეითის ფონდი აფინანსებს, რომელზეც მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია“.

„განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება,“ – აცხადებენ დეპარტამენტში.

ხულო-ზარზმის გზის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ხულოში / 23.04.2021/ ფოტო: გზების დეპარტამენტი

ხულო-ზარზმის გზის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ხულოში / 23.04.2021/ ფოტო: გზების დეპარტამენტი

ხულო-ზარზმის გზის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ხულოში / 23.04.2021/ ფოტო: გზების დეპარტამენტი

დიდაჭარის კაშხალიდან ადიგენის სოფელ ზარზმამდე 42-კილომეტრიან მონაკვეთში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „სინოჰიდრომ“ უნდა ჩაატაროს.

კომპანია „სინოჰიდროში“ დასაქმებული 100-მდე ადამიანი კი ხულოში, 21 აპრილს, გაიფიცა. „ვითხოვთ ხელფასის მომატებას და ადამიანურ პირობებს,“ – ამბობდნენ გაფიცული მუშები.

ამ თემაზე:

რა ზიანის ანაზღაურებას ითხოვს მთავრობა კომპანია „ტოდინისგან“

მთავარი ფოტო: ხულო, გზის რეაბილიტაცია / აპრილი, 2021 წელი / ფოტო: „ბათუმელები“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: