მთავარი,სიახლეები

89 ჰექტარი ზღვაში 1 ლარად – ხელშეკრულების დეტალები

16.10.2021 •
89 ჰექტარი ზღვაში 1 ლარად – ხელშეკრულების დეტალები

ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩაზე 89 ჰექტარი ზღვაში შპს „ბათუმი ამბასადორ აილენდს“ საქართველოს მთავრობამ სიმბოლურ ფასად – 1 ლარად და  65 წლიანი აღნაგობის უფლებით გადასცა.

მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც „ბათუმელებმა“ მოიპოვა, სხვა პირობებთან ერთად ამ 1 ლარის გადახდის რამდენიმეპუნქტიან პირობასაც კი აწესებს და მკაცრად აფრთხილებს ინვესტორს, რომ საფასური არანაკლებ ერთი თვის ვადაში, უნაღდო ანგარიშსწორებით უნდა გადაიხადოს.

ხელშეკრულება 65 წლიანი აღნაგობით გადაცემული 89 ჰექტარი ზღვის განვითარებას ითვალისწინებს, განვითარება კი გულისხმობს ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის შექმნას. ასევე, ამ კუნძულებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას.

ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, ინვესტორმა 24 თვეში უნდა მოამზადოს და მთავრობას წარუდგინოს პროექტის სრული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში.

48 თვის ვადაში ინვესტორმა გადაცემულ ტერიტორიაზე ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის პროექტის ნებართვების მოპოვება უნდა შეძლოს.

78 თვის ვადაში ინვესტორმა  12 ჰა ტერიტორიაზე უნდა დაასრულოს პირველი ნახევარკუნძულის შექმნა. 102 თვის ვადაში კი არანაკლებ 15 ჰა ტერიტორიაზე მეორე ნახევარკუნძული უნდა შექმნას.

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, ინვესტორი იღებს ასევე ვალდებულებას, რომ 132 თვის ვადაში შექმნის არანაკლებ 5 ჰა ფართობის მქონე კუნძულს და განახორციელებს ნაპირსამაგრ სამუშაოებს სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებული პროექტის შესაბამისად.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ ყველაფრისთვის ხელშეკრულება მხოლოდ 100 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებს.

ამავე ხელშეკრულების მიხედვით, უკვე შექმნილი ნახევარკუნძულების განვითარება მოიცავს, არანაკლებ 500 ნომრიანი სასტუმროების, სავაჭრო ცენტრების, საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობების, ზღვისპირა ბულვარის, საზოგადოებრივი პლაჟების, აკვაპარკების, იახტკლუბის, საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნას.

პირობების შესრულების შემთხვევაში მთავრობა ჰპირდება ინვესტორს, რომ უკვე შექმნილ კუნძულებს სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადასცემენ კომპანიას, ასევე ამ კუნძულებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის პირობით.

ხელშეკრულების მიხედვით, ინვესტორს არ აქვს უფლება გადაცემული ქონება, ანუ 89 ჰექტარი ზღვაში მესაკუთრის თანხმობის გარეშე იპოთეკით, ან სხვაგვარად დატვირთოს. თუმცა შეუძლია სხვა პირს გადასცეს აღნაგობის უფლება, იგივე ვალდებულებებით, ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში კი ვალდებულია აცნობოს ქონების მესაკუთრეს.

ხელშეკრულების ვადის გასვლის ან მისი რაიმე მიზეზით შეწყვეტისას, ქონება დარჩება მესაკუთრეს.

შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდი“ 2021 წლის ივნისში ოფშორში დააფუძნა ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებულმა კომპანიამ – Property Assets Investment-მა და 82 პროცენტის მფლობელია. კომპანიის 18 პროცენტს კი შპს „ბათუმი აილენდ“ ფლობს, რომლის 100 პროცენტის მფლობელიც ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძეა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: