მთავარი,სიახლეები

„ნახეთ მისი მშვენიერი ღიმილი, მას ორჯერ ესროლეს“ – ირანში დაღუპულთა რიცხვი 76-მდე გაიზარდა

28.09.2022
„ნახეთ მისი მშვენიერი ღიმილი, მას ორჯერ ესროლეს“ – ირანში დაღუპულთა რიცხვი 76-მდე გაიზარდა

ირანელი აქტივისტების ცნობით, პროტესტის 11 დღის განმავლობაში ირანის უსაფრთხოების ძალებმა სულ მცირე 76 მომიტინგე მოკლეს, ინფორმაციას ამის შესახებ ნორვეგიაში დაფუძნებული უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია “ირანის ადამიანის უფლებები” (IHR) ავრცელებს.

მასიური საპროტესტო გამოსვლები ირანის ქალაქებში გამოიწვია 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილმა, რომელიც იქამდე მორალის პოლიციამ სავალდებულო თავსაფრის არასათანადოდ ტარებისთვის დააპატიმრა და სცემა.

IHR-ი ირანის ხელისუფლებას ადანაშაულებს არაპროპორციული ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაში განსხვავებული აზრის ჩასახშობად, რაც საერთაშორისო სამართლის აშკარა და უხეში დარღვევაა.

“IHR -ის მიერ მოპოვებული ვიდეოები და გარდაცვალების მოწმობები ადასტურებს, რომ მომიტინგეებს პირდაპირ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესვრიან“, – წერია ორგანიზაციის ანგარიშში.

„ოჯახების უმეტესობა იძულებული გახდა, ჩუმად დაეკრძალათ საყვარელი ადამიანები ღამით, მათზე მოახდინეს ზეწოლა, რათა არ გაემართათ საჯარო დაკრძალვა“.

ირანის მთავრობის ცნობით, დაღუპულთა რიცხვი 41-ია, მათ შორის არის უსაფრთხოების რამდენიმე თანამშრომელი, რომელთა სიკვდილშიც მთავრობა „აჯანყებულებს“ ადანაშაულებს.

ირანელი აქტივისტი და ჟურნალისტი მასიჰ ალინეჯადი პროტესტის დროს მოკლული ერთ-ერთი გოგოს, 18 წლის მაჰსას ფოტოებს აქვეყნებს. „ნახეთ მისი მშვენიერი ღიმილი… უსაფრთხოების ძალებმა მაჰსა მოგოის ორჯერ ესროლეს თავში ქალაქ ისპაჰანში. თუ მსოფლიო არ მიიღებს ზომებს, მეტ ადამიანს მოკლავენ“, – წერს ის.

ასევე დაკავებულია ასობით ადამიანი, მათ შორის არიან უფლებადამცველები, აქტივისტები და ჟურნალისტები.

უფლებადამცველი ორგანიზაციის ცნობით, არსებობს წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრეცედენტი ყალბი იძულებითი აღიარების მისაღებად.

ანგარიშის თანახმად, ირანში ბოლო 5 დღის განმავლობაში ინტერნეტზე წვდომა ან მნიშვნელოვნად შეფერხდა, ან მთლიანად შეწყდა. Instagram-ი, WhatsApp-ი, Signal-ი, Google Play და App Store გათიშულია.

პროტესტს უერთდებიან სტუდენტები და მასწავლებლებიც, დღეს გამოვიდნენ შირაზის უნივერსიტეტის სტუდენტები, ტვიტერზე გამოქვეყნებულ კიდევ ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ სკანდირებენ სტუდენტები ირანის ისპაჰანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტში – „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება!“, სადაც IHR -ის განმარტების თანახმად, ლექციები გაუქმდა. როგორც IHR-ი იუწყება, პროტესტს რამდენიმე პროფესორიც შეუერთდა.

 

გაიფიცნენ ისპაჰანის უნივერსიტეტის სტომატოლოგიური სკოლის სტუდენტებიც, რომლებიც ათობით თანაუნივერსიტეტელის დაკავებას აპროტესტებენ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: