მთავარი,სიახლეები

რამდენად საშიშია მორიელი, რომელიც ბათუმში, საცხოვრებელ სახლებში გვხვდება

28.09.2022 • 8144
რამდენად საშიშია მორიელი, რომელიც ბათუმში, საცხოვრებელ სახლებში გვხვდება

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის პირველ ნომერში მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ მათ სახლში ბევრი მორიელი ბუდობს. აქ მორიელი უნახავთ სახლის კედლებზე და საძინებელ ოთახებშიც კი.

აქ მცხოვრები ნატალია კახიძე გვეუბნება, რომ ოთახებში ნაპოვნ მორიელებს ზეთიან ქილაში ყრის. „ეს უკვე მერამდენე ქილაა, არ ვიცი“- გვითხრა მან.

მირანდა გვიანიძე ნატალიას მეზობლად ცხოვრობს და ოთახებში მასაც არაერთხელ შეუნიშნავს მორიელი.

„შვილის საწოლშიც კი აღმოვაჩინე, როცა დასაძინებლად ვამზადებდი. არ ვიცი, როგორ მოხვდა იქ, ალბათ საწოლზე ამოცოცდა. პატარა იყო, მაგრამ ძალიან შეგვეშინდა, მთელი ღამე არ მიძინია“ – გვიყვება მირანდა.

იგი ამბობს, რომ რადგან კორპუსი ძველი და ავარიულია, მორიელებს ხშირად აწყდებიან.

„ვინმე რომ დაეკბინოს, ასეთი შემთხვევა არ მახსენდება, მაგრამ ერთხელ დედაჩემს გამოაყარა, მიზეზი ვერ დავადგინეთ, ვფიქრობდით, სადმე რომელიმე მწერის ან მორიელის კვერცხი ხომ არ იყო და ამის გამო ხომ არ დაემართა,“ – ამბობს მირანდა.

მორიელი ობობასნაირთა კლასისაა და ბუნებაში მისი 1500-ზე მეტი სახეობა არსებობს.

ბინადრობს თუ არა აჭარაში მორიელის ის სახეობა, რომლის შხამიც ადამიანისთვის მომაკვდინებელია? – ვკითხეთ ბიოლოგიის დოქტორს, ლალი ჟღენტს, რომელიც ბსუ-ში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის თანამშრომელია.

სპეციალისტის თქმით, ასეთი სახეობის მორიელები ჩვენს რეგიონში არ გვხდება, თუმცა სიფრთხილე მაინც საჭიროა, რადგან ჩვენთან არსებული სახეობის მორიელების ნაკბენსაც შეუძლია ზიანის მოტანა. მორიელის დაკბენის  დროს საჭიროა ექიმის კონსულტაცია. 

„ბუნებრივია, იკბინება მორიელი, მაგრამ სასიკვდილო არ არის ეს შხამი. შესაძლებელია ზეთში ჩაგდებული მორიელის შხამით მკურნალობა.

მორიელები საცხოვრებელ სახლში, ბათუმი

თუ მორიელს ცოცხალ მდგომარეობაში ზეთში მოვათავსებთ, ის გამოყოფს თავის შხამს, რომელსაც წაისვამ ნაკბენ ადგილზე და ნაკბენი საშიში აღარ არის“ – ამბობს ლალი ჟღენტი.

მისი თქმით, მორიელის შხამი მაშინ არის სიცოცხლისთვის საშიში, თუ ის ორგანიზმში საკვებიდან მოხვდა.

„წლების წინ იყო აჭარაში ერთი შემთხვევა, როდესაც ერთი ოჯახის წევრები დაიღუპნენ იმის გამო, რომ შხამიანი ჩაი დალიეს, მორიელი ნაყენში იყო ჩავარდნილი და ვერ შენიშნეს.

ნაკბენი ასეთი საშიში არ არის, რადგან ჩვენთან არ გვხვდება ისეთი სახეობის მორიელები, როგორიც, მაგალითად, აფრიკაშია გავრცელებული და მისი შხამი მომაკვდინებელია“.

ლალი ჟღენტის თქმით, მორიელი ძირითადად ნესტიან ადგილებში გვხვდება:

„თუ არის სადმე ახლოს ჯირკები, გადაჭრილი ხეები, ნესტი და სველი ადგილები, ასევე, ღუმელი, სადაც ანთია – აი, ასეთ ადგილებში იცის ხოლმე გამოსვლა.

შესაძლოა მორიელი ბუდობდეს ძველ საკანალიზაციო და წყლის სისტემებშიც, ამიტომ ასეთი სისტემები საცხოვრებელ სახლებში უნდა გაიწმინდოს. განსაკუთრებით ის გარემო უნდა შემოწმდეს, სადაც ბავშვები არიან“.

ლალი ჟღენტის თქმით, მორიელს სინათლის ეშინია, „ამიტომ თუ მას შუქს მივანათებთ, ის საფრთხეს იგრძნობს, კუდში არსებულ შხამს გამოისვრის ხოლმე თავისკენ და ამის შედეგად კვდება“.

ბათუმის მერიის სანდასუფთავების სამსახურში გვითხრეს, რომ მწერებსა და მღრღნელებზე იტალიური ეზოებს თვეში ერთხელ, ხოლო მრავალბინიანი სახლების სარდაფებსა და სადარბაზოებს თვეში ორჯერ სპეციალური ხსნარით წამლავენ, სადეზინფექციო სამუშაოები კი მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით ხორციელდება.

სანდასუფთავების სამსახურს ასევე ვკითხეთ, ფიროსმანის პირველ ნომერში არსებულ საცხოვრებელ სახლში ბოლოს როდის ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, რაზეც გვიპასუხეს, რომ „რამდენიმე დღის წინ და ისევ ჩატარდება“.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გვითხრეს, რომ მორიელის კბენის შემთხვევაში შრატის გაკეთება არ არის გათვალისწინებული: „შესაძლოა მხოლოდ ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტი მისცენ პაციენტს და დამუშავდეს ჭრილობა“.

გადაბეჭდვის წესი