მთავარი,სიახლეები

სოფელ ერგეში მოსახლეობა 5 წელია საბავშვო ბაღს ითხოვს პეტიციით

08.09.2022
სოფელ ერგეში მოსახლეობა 5 წელია საბავშვო ბაღს ითხოვს პეტიციით

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს მოსახლეობამ საბავშვო ბაღის მშენებლობის მოთხოვნით პეტიცია აჭარის უმაღლეს საბჭოში დაარეგისტრირა.

ეს სოფლის მოსახლეობის უკვე მეორე მცდელობაა. იგივე შინაარსის პეტიციით  2017 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსაც მიმართეს, თუმცა – უშედეგოდ.

ხელვაჩაურის საკრებულომ პეტიიცის განხილვის შემდეგ საკითხი მერიაში [მაშინ გამგეობაში] გადაამისამართა. მერიამ საკითხი შეისწავლა და ბაღის მშენებლობის მიზნით ადგილის ძებნა დაიწყო, თუმცა ამ დრომდე ვერ იპოვა.

ამჯერად ერგეს მოსახლეობამ აჭარის უმაღლეს საბჭოს იმ მოტივით მიმართა, რომ  საბჭოს შეუძლია მთავრობას დაავალოს ბაღის მშენებლობისთვის ადგილი თავის ბალანსზე არსებული ნაკვეთებიდან გამოყოს.

ახლა სოფელ ერგეში ე.წ. დროებითი ბაღია გახსნილი საჯარო სკოლის შენობაში. ბაღის ფართობი, ეზოს ჩათვლით, დაახლოებით 250 კვადრატულ მეტრს ფართს მოიცავს.

პეტიციის ავტორის, ალექსანდრე ლორთქიფანიძის თქმით, ე.წ. დროებით ბაღში  სულ სამი ოთახია, გათვლილია 25 აღსაზრდელზე, ხოლო ბაღში 80 აღსაზრდელია, შესაბამისად, დროებითი ბაღი მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.

„ბუნებრივია, ასეთი მდგომარეობა ვერ უზრუნველყოფს თანაბარ ხელმისაწვდომობას და მშობლებისათვის დამატებით სირთულეებს ქმნის ტრანსპორტირების თვალსაზრისით. უფრო მეტიც, საბავშვო ბაღი ემსახურება მხოლოდ 3 წელს ზემოთ აღსაზრდელებს, ხოლო 2-დან 3 წლამდე ბავშვებისათვის ჯგუფის არსებობა ფიზიკურად შეუძლებელია.“  – ამბობს ალექსანდრე ლორთქიფანიძე.

პეტიციაში ხაზგასმულია იმ გარემოების შესახებაც, რომ სოფელ ერგეში საჯარო სკოლაში განთავსებული საბავშვო ბაღი ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში მოქმედი სტანდარტებისა და ნორმების დაცვას.

მაგალითად, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №485 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი − „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების შესახებ“, ადგენს მთელ რიგ მოთხოვნებს საბავშვო ბაღის შენობისა და ტერიტორიის მოწყობის მიმართ.

„ამ მოთხოვნების დაცვა არსებულ მდგომარეობაში შეუძლებელია. ასევე სკოლაში განთავსებული შენობაში ვერ იქნება უზრუნველყოფილი სხვა ტექნიკური რეგლამენტებით დაწესებული ნორმები [„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარიული და ჰიგიენური ნორმები“ – საქ. მთავრობის №485 დადგენილება; „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების“ – საქ. მთავრობის №487 დადგენილება, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები“ – საქ. მთავრობის №488 დადგენილება]“ – აღნიშნულია პეტიციაში.

ერგეს თემი აერთიანებს 4 სოფელს: ერგეს, ზედა ერგეს, ქვემო ჯოჭოს და ზემო ჯოჭოს. საბავშვო ბაღი თემში საერთოდ არ არის.

აჭარის უმაღლესმა საბჭომ ეს საკითხი ბიუროს სხდომაზე უკვე განიხილა და სავარაუდოდ მას მომავალ სხდომაზე გაიტანენ.

_____________

ფოტოზე: სკოლის შენობა, სადაც „დროებითი ბაღია“ განთავსებული

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: