მთავარი,სიახლეები

რატომ არ დაესწრო ოზთურქი თავის სასამართლო პროცესს – არსებითი განხილვა დაიწყო

28.09.2022 • 1503
რატომ არ დაესწრო ოზთურქი თავის სასამართლო პროცესს – არსებითი განხილვა დაიწყო

დღეს, 28 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მილიონერი ბიზნესმენის „გალიფ ოზთურქის საქმის“ არსებითი განხილვა დაიწყო, თუმცა ბრალდებული ბიზნესმენი დღევანდელ პროცესს არ დაესწრო.

„მაგრამ მიზეზი არ არის გაურკვეველი, როგორც ეს თქვენ აღნიშნეთ, ბატონო მოსამართლევ“, – მოსამართლეს მიუბრუნდა ადვოკატი რობერტ გრიგალაშვილი და განმარტა, რომ ბრალდებული ჯანმრთელობის დამძიმებული მდგომარეობის გამო ვეღარ ესწრება სასამართლო პროცესს.

„როცა ის დააკავეს, ნაოპერაციები იყო და წოლითი რეჟიმი ჰქონდა, მას უჭირს როგორც ტრანსპორტირება, ისე ხანგრძლივად ჯდომა, დისტანციურადაც რომ ჩაერთოს“, – საუბარში ჩაერთო მეორე ადვოკატი, ენვერ ბარდაქი.

„ეს სასამართლოს უპატივცემულობას არ გამოხატავს“, – ამას გაუსვა ხაზი მესამე ადვოკატმა, თენგიზ კახიძემ.

ოზთურქის სასამართლო პროცესი

მოსამართლე ლევან ყოლბაიას მორიგ კითხვაზე კი, პროკურორმა დაასწრო პასუხის გაცემა ადვოკატებს:

„არა“, – ხმამაღლა წამოიძახა პროკურორმა ლევან მურვანიძემ, როცა მოსამართლემ მხარეებს გადახედა და იკითხა: ხომ არ მიმდინარეობს მხარეებს შორის მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებაზე?

პროკურატურას არც ამ ეტაპზე წარუდგენია ბრალი მილიონერი ბიზნესმენისთვის ფინანსური ხასიათის დანაშაულზე – „ოზთურქის საქმეზე“ თავდაპირველად გამოძიება ფინანსური დანაშაულის მუხლებით დაიწყო, თუმცა მას სპეცოპერაციის შემდეგ ბრალი მხოლოდ ნარკოდანაშაულზე წარუდგინეს. ფინანსური დანაშაულის მუხლებით გამოძიება გრძელდება.

ოზთურქის პატიმრობის სხვა აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხი „ახლადაღმოჩენილი გარემოების მოტივით“ ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა ითხოვა და მოსამართლეს დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნიდან ის ჩამონათვალი წაუკითხა, სადაც ექიმებს ოზთურქის ჯამრთელობის კონკრეტული პრობლემები აქვთ დასახელებული.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის პროგრესულად მძიმე და ამავე დასკვნით უარესდება ეს მდგომარეობა… მას სჭირდება ხანგრძლივი, ადეკვატური მკურნალობა“, – განმარტა ადვოკატმა და ისაუბრა იმაზე, რომ მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ახლა ოზთურქი წინასწარ პატიმრობაშია, პრაქტიკულად არ არის ის სამედიცინო აღჭურვილობა, რაც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით სჭირდება ბრალდებულს ადეკვატური მკურნალობისთვის.

„თურქეთში ერთი ასეთი გამოთქმაა: ექიმის და მოსამართლის ხელიდან რა გამოვა, მარტო ღმერთმა იცისო“, – მოსამართლეს მიმართა ადვოკატმა ენვერ ბარდაქმა და სცადა იმის დასაბუთება, თუ რატომ შეიძლება არ იყოს საფრთხე ოზთურქის გათავისუფლება.

„გავუსწრებ მოვლენებს და ვიტყვი: პროკურორი ახლა ისაუბრებს, მიმალვის საფრთხე არსებობს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს გამორიცხულია“, – ფეხზე წამოდგა ადვოკატი თენგიზ კახიძე და შემდეგ ისაუბრა, რამდენი სიკეთე გაუკეთა ოზთურქმა საქართველოს.

„მიმალვის საფრთხეზე მარტო პროკურორი კი არ საუბრობს, ეს გაიზიარა უკვე ორი ინსტანციის სასამართლომ“, – ადვოკატს პასუხი დაუბრუნა პროკურორმა ლევან მურვანიძემ. – ოზთურქისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებაზე იმსჯელა სააპელაციო სასამართლომაც და ოზთურქი პატიმრობაში დატოვა.

„რამდენიმე ექიმის ნააზრევი ვერ გადაფარავს სამართლებრივ შეფასებას,”- ეს გამოკვეთით თქვა პროკურორმა.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ფრიად საყურადღებო,”- ექსპერტიზის დასკვნიდან ეს ამოიკითხა მოსამართლემ, შემდეგ კი, ეს თქვა:

„პენიტენციურ სამსახურს აქვს ადეკვატური სამედიცინო მომსახურება, რომ ლეტალური შედეგი იქნას თავიდან აცილებული,”- აღნიშნა მოსამართლე ლევან ყოლბაიამ და აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ექიმების დასკვნისა სჯერა, მაგრამ დასკვნიდან არ იკვეთება ის, რომ ოზთურქს საპატიმრო დაწესებულებაში   ადეკვატურად ვერ უმკურნალებენ.

მოსამართლე ლევან ყოლბაიამ უარი თქვა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

შემდეგ პროცესზე მოსამართლე უკვე მოწმეების ჩვენებებს მოისმენს.

———————–

მილიონერი გალიფ ოზთურქი ბათუმში 31 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპეცოპერაციის დროს დააკავა. 2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოზთურქს არა ფინანსური დანაშაულის ჩადენას [როგორც ამის შესახებ უწყებამ წინასწარ განაცხადა], არამედ ოფიციალურად მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავებიან: სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან 7,2159  გრამი კოკაინი ამოიღეს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ოზთურქს 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელის.

5 ივლისს კომპანიამ „მეტრო ტერმინალი“ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, ოზთურქის სისხლში ნარკოტიკული, ან ფსიქოტროპული ნივთიერება არ აღმოჩნდა. 6 ივლისს კი, გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ მარიხუანას „მცირე ოდენობით შენახვისთვის“ 500 ლარით დააჯარიმა. აქ გაირკვა, რომ ოზთურქს სისხლის სამართლის საქმის გარდა, მარიხუანას ნაწილშიც ადმინისტრაციული წესით ედავებოდნენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: