მთავარი,სიახლეები

ხულო-ზარზმის გზაზე ასფალტის დაგება დაიწყეს

29.09.2022
ხულო-ზარზმის გზაზე ასფალტის დაგება დაიწყეს

ხულო-ზარზმის გზაზე, სოფელ ზარზმიდან გოდერძის უღელტეხილის მიმართულებით ასფალტის დაგება დაიწყეს. გზის რეაბილიტაციაზე დასაქმებული ერთ-ერთი მოქალაქის თქმით, გუშინ, 28 სექტემბერს, ასფალტის საფარი გზის 500 მეტრ სიგრძეზე დაიგო. ასფალტის დაგება გრძელდება.

გოდერძი-ზარზმის გზის რეაბილიტაცია /ზარზმის მონაკვეთი / ფოტო: ასლან დიასამიძე. 29.09.2022

სამუშაოები ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ტარდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო გზა [ხულოდან ზარზმამდე] ჯამში 42 კილომეტრია და ის ორ მონაკვეთადაა დაყოფილი.

პირველი მონაკვეთი არის ხულო-გოდერძი, რომლის რეაბილიტაციისთვის 57 177 829 ლარი დაიხარჯება. აღნიშნულ მონაკვეთზე ამ დროისთვის ამუშავებენ კლდის ფერდს – მიმდინარეობს მიწის ხელოვნურად ჩამოშლის სამუშაოები, რის გამოც ავტოტრანსპორტის მოძრაობა 7 ოქტომბრის ჩათვლით შეზღუდული იქნება.

მეორეა გოდერძი-ზარზმის მონაკვეთი, რომლის რეაბილიტაციისთვის 38 511 473 ლარი დაიხარჯება. სწორედ ამ მონაკვეთზე დაიწყეს ასფალტის დაგება.

გოდერძი-ზარზმის გზის რეაბილიტაცია/ზარზმის მონაკვეთი / ფოტო: ასლან დიასამიძე. 29.09.2022

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პირველი მონაკვეთი ქუვეითის ფონდის (KFAED) მიერ ფინანსდება მეორე კი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სამუშაოების საერთო ღირებულება ჯამში 95 689 302 ლარია.

გოდერძი-ზარზმის გზის რეაბილიტაცია/ზარზმის მონაკვეთი / ფოტო: ასლან დიასამიძე. 29.09.2022

ხულო-ზარზმის 42 კმ-იან მონაკვეთს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სინოჰიდრო“ აშენებს. ჩინურმა კომპანია – „სინოჰიდრომ“ აჭარაში ქობულეთის შემოვლითი გზაც ააშენა.

გოდერძი-ზარზმის გზის რეაბილიტაცია/ზარზმის მონაკვეთი / ფოტო: ასლან დიასამიძე. 28.09.2022

ხულო-ზარზმის გზა თავდაპირველად კომპანია „ტოდინს“ უნდა გაეკეთებინა, თუმცა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა  TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-სთან [„ტოდინთან“]  გაფორმებული ხელშეკრულებები 2 წლის წინ შეწყვიტა.

დეპარტამენტის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, „ტოდინთან“ დავა საერთაშორისო არბიტრაჟში (პარიზი, საფრანგეთი) მოიგეს და „საერთაშორისო არბიტრაჟმა Todini Costruzioni Generali S.p.A-ს მიაკუთვნა დაახლოებით 56 მილიონი ლარის გადახდა.“

ხულო-ზარზმის გზის კიდევ ერთი, 5-კილომეტრიანი მონაკვეთის – დაბა ხულოდან გოდერძის მიმართულებით – რეაბილიტაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსებულიყო. გზის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება კომპანია „მამისონთან“ დეპარტამენტმა 14,6 მილიონ ლარზე გააფორმა და სამუშაოები 2021 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა მიმდინარე, 2022 წელს, დეპარტამენტმა ამ კომპანიასთანაც შეწყვიტა ხელშეკრულება.

ამავე თემაზე:

ხულო-გოდერძის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა 7 ოქტომბრის ჩათვლით შეზღუდული იქნება

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: