მთავარი,სიახლეები

სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ რუსეთის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ – დუმის სპიკერი

29.09.2022 • 864
სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ რუსეთის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ – დუმის სპიკერი

რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც მობილიზაციის შესახებ გადაწყვეტილება შეეხებათ, ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვთ – ამის შესახებ ტელეგრამში სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი წერს.

ვოლოდინი ეყრდნობა კანონს „სამობილიზაციო მომზადებისა და რუსეთის ფედერაციაში მობილიზაციის შესახებ“, რომლის თანახმადაც მობილიზაციის გამოცხადების მომენტიდან, სამხედრო კომისარიატების ნებართვის გარეშე, საცხოვრებელი ადგილის დატოვება ეკრძალებათ მოქალაქეებს, რომლებიც სამხედრო გაწვევას ექვემდებარებიან.

„კანონის ასეთი ნორმა არსებობს და ის, ვისაც სამხედრო სამსახურის ვალდებულება შეეხება, ამ ნორმით უნდა ხელმძღვანელობდეს“, – წერს ვოლოდინი, თუმცა არ აკონკრეტებს, რატომ არ ამოქმედდა კანონის ეს ნორმა მობილიზაციის გამოცხადებისთანავე.

მანამდე რამდენიმე რუსული გამოცემა წერდა, რომ კაცებს, რომლებიც შესაძლოა მობილიზაციას დაექვემდებარონ, „რეფერენდუმების“ შემდეგ ქვეყნიდან გასვლა აეკრძალებათ. საზღვრის გადაკვეთის ნებართვა მათ სამხედრო კომისარიატებისგან უნდა მიიღონ.

„ნაწილობრივი მობილიზაცია“ რუსეთში პრეზიდენტმა პუტინმა 21 სექტემბერს გამოაცხადა. მისი თქმით, ბრძანება შეეხება მხოლოდ მას, ვინც რეზერვშია და სამხედრო გამოცდილება აქვს. იმავე დღეს თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დააზუსტა, რომ იგეგმება 300 000 კაცის გაწვევა.

უფლებადამცველი ორგანიზაცია „პირველი დეპარტამენტი“ აცხადებს, რომ მობილიზებული რუსები ყოველგვარი მომზადების გარეშე ეგრევე ფრონტზე მიჰყავთ, „ისინი არ მონაწილეობენ წვრთნებში, არ გადიან სამედიცინო კომისიას და არ გადიან არანაირი მომზადებას“.

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთის ქალაქებსა და რაიონებში საპროტესტო აქციები დაიწყო, ათობით ათასმა მოქალაქემ კი ქვეყანა დატოვა. მეზობელი სახელმწიფოების საზღვრებთან კილომეტრიანი რიგები დგას. გამოცემა Новая газета.Европа წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი უკვე დატოვა 261 ათასმა კაცმა.

ეს ინფორმაცია ხელისუფლებას ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მობილიზაციისგან თავის არიდების მიზნით რუსეთი დატოვა, სავარაუდოდ, უკვე აღემატება რუსეთის ძალების იმ რაოდენობას, რომელიც კრემლმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სამხედრო აგრესიის დასაწყებად გადაისროლა.

უწყება მიუთითებს, რომ მათ შორის, ვინც რუსეთის დატოვებას ცდილობს, არიან შედარებით უზრუნველყოფილი და განათლებული ადამიანები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 10 დღეში ქვეყნის საზღვარი ყველა გამშვები პუნქტის გავლით რუსეთის ფედერაციის 78 742-მა მოქალაქემ გადმოკვეთა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: