მთავარი,სიახლეები

რუსეთს ლიმანში კოლაფსი ელოდება – ISW-ის შეფასება

29.09.2022
რუსეთს ლიმანში კოლაფსი ელოდება – ISW-ის შეფასება

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთი არ რეაგირებს საკუთარი არმიის დანაკარგებზე ლიმანთან, რამაც შესაძლოა, კიდევ უფრო დააქვეითოს რუსი სამხედროების მორალური განწყობა.

ინსტიტუტის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ლიმანის მარცხი, სავარაუდოდ, სერიოზულ შედეგებს მოიტანს რუსეთის დანაყოფებისთვის დონეცკის ჩრდილოეთით და ლუგანსკის დასავლეთით და შესაძლოა უკრაინელებს მისცეს საშუალება, დაემუქრონ რუსების პოზიციებს ლუგანსკის დასავლეთ საზღვრის გასწვრივ და სევეროდონეცკ-ლისიჩანსკის მონაკვეთზე.

ISW-ი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის თავდაცვა არ რეაგირებს მიმდინარე დანაკარგებზე ლიმანთან, არ ემზადება კოლაფსისთვის ფრონტის ამ მონაკვეთზე, რაც სავარაუდოდ, კიდევ უფრო დააქვეითებს რუსი სამხედროების ისედაც დაბალ საბრძოლო განწყობას.

გარდა ამისა, უკრაინის მომავალმა წარმატებებმა დონეცკისა და ლუგანსკის კრიტიკულად მნიშვნელოვან რაიონებში, „შესაძლოა კიდევ უფრო დაძაბოს ვითარება რუს ნაციონალისტებსა და სამხედრო ხელმძღვანელობას, ასევე, რუს სამხედროებსა და მათ მეთაურებს შორის“.

ინსტიტუტის ანალიტიკოსების პროგნოზით, „კრემლმა შესაძლოა გადადოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის შესახებ განაცხადი, რათა უკეთ მოამზადოს რუსეთის საინფორმაციო ველი, თუმცა 30 სექტემბერი კვლავაც ანექსიის გამოცხადების სავარაუდო თარიღად რჩება“.

ISW-ის მონაცემებით, რუსეთის ხელისუფლება განაგრძობს ახალმობილიზებული და მოუმზადებელი რეზერვისტების ფრონტზე გაგზავნას „ძალიან დეგრადირებული დანაყოფების გასაძლიერებლად“, მათ შორის იმ დანაყოფების, რომლებიც რუსეთის მთავარ საბრძოლო ძალად მიიჩნეოდა.

ექსპერტებს მაგალითად მოჰყავთ პირველი გვარდიის სატანკო არმია, რომელიც 24 თებერვლამდე რუსეთის მთავარ მექანიზებულ ძალად განიხილებოდა და ის ფაქტი, რომ მისი ელემენტები ახლა ცუდად დისციპლინირებული და მოუმზადებელი რეზერვისტებით ძლიერდება, ადასტურებს ISW-ის მანამდელ შეფასებებს იმის შესახებ, რომ რუსეთის ყველაზე ელიტურმა დანაყოფებმაც კი მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადეს უკრაინაში.

ინსტიტუტის შეფასებით, ახალმობილიზებული ძალები ნამდვილად ვერ შესძენს პირველი გვარდიის სატანკო არმიას გადამწყვეტ სიძლიერეს.

ISW-ის ინფორმაციით უკრაინის არმიას მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს ლიმანთან, ხერსონის ოლქში კი ბრძოლები გრძელდება.

___

ფოტო: War Mapper

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: