განათლება,მთავარი,სიახლეები

„რომ შეიძლებოდეს, ქალაქში არ წავიდოდი მოსამზადებლად“ – აბიტურიენტი ხულოდან

28.09.2022 • 1820
„რომ შეიძლებოდეს, ქალაქში არ წავიდოდი მოსამზადებლად“ – აბიტურიენტი ხულოდან

17 წლის აბიტურიენტი, ჯანეტ კოჩალიძე ხულოში, სოფელ რიყეთში ცხოვრობს. ჯანეტი უმაღლესი განათლების მიღებას და ფარმაციის შესწავლას გეგმავს.

იგი ამბობს, რომ მას, ისევე როგორც სოფლებში მცხოვრებ ბევრ აბიტურიენტს, სწავლის ხარისხი სკოლაში არ აკმაყოფილებს. ჯანეტი ქალაქში წასვლას და რეპეტიტორებთან მომზადებას გეგმავს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად.

იგი სოფლიდან აბიტურიენტების ქალაქში წასვლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ინგლისური ენის სპეციალისტების ნაკლებობას ასახელებს.

„…ამიტომ მიდიან ქალაქში და ემზადებიან ისე, როგორც მე ვაპირებ წასვლას და მომზადებას სასურველ საგნებში.

ჩემს სკოლაში ახლა მხოლოდ ერთი ინგლისურის მასწავლებელი ასწავლის. ადრე ორი იყო, მაგრამ ერთმა ინგლისური ენის გამოცდები ვერ ჩააბარა და მხოლოდ ერთი მასწავლებელი დარჩა.

მქონდა განცდა, რომ ინგლისური რა დონემდეც ვიცი, იმის იქეთ ვეღარ მივდივარ. ერთდა და იმავე ადგილზე ვტრიალებ…“  – გვითხრა მან.

ჯანეტი ბათუმში ნოემბრიდან გეგმავს წასვლას და 4 საგანში: ინგლისურში, ქართულში, ბიოლოგიასა და ქიმიაში მომზადებას.

„მინდა, უფრო მეტი ცოდნა მივიღო. მგონია, რომ რეპეტიტორებთან თუ ვივლი, მერე უფრო მარტივად შევძლებ გამოცდების ჩაბარებას. შეიძლება ითქვას, უფრო მეტ ცოდნას სკოლა ვერ მაძლევს.

რომ იყოს შესაძლებელი, ამ ცოდნას სოფელშიც მივიღებდი, ქალაქში არ წავიდოდი, ადგილზე მოვემზადებოდი. ამასთან, პირადი პრობლემებიცაა. აბიტურიენტისთვის ეს ყველაფერი თანხებთანაა დაკავშირებული. სად უნდა დარჩე ქალაქში… რეპეტიტორების საფასური …“, – გვიყვება ჯანეტი. ის ბათუმში ცხოვრებას ნათესავებთან აპირებს.

აბიტურიენტს მიაჩნია, რომ სოფლის სკოლებში სწავლების შედარებით დაბალ ხარისხს სასკოლო ინვენტარის არქონაც განაპირობებს. ჯანეტის აზრით, სასკოლო ნივთები, მაგალითად, საბუნებისმეტყველო საგნებში, მოსწავლეებს ნასწავლი თეორიული მასალის პრაქტიკულად განხორციელების საშუალებას მისცემდა.

„რასაც ვუსმენ, განათლების დონე სკოლაში მშობლების 50 პროცენტს არ მოსწონს.  უფრო მეტს ითხოვენ სკოლებისგან და ძირითადად უცხო ენაზე [სწავლის ხარისხზე] აქვთ პრეტენზია“.

ჯანეტი ფიქრობს, რომ სოფლის სკოლებში სწავლის დონის გასაუმჯობესებლად მასწავლებლებთან ერთად მშობლებიც და მოსწავლეებიც კიდევ უფრო მეტი მონდომებით უნდა ჩაერთონ.

„თუ მოვინდომებთ, ყველა მოვითხოვთ, გვექნება პრეტენზია, რომ გაუმჯობესდეს სწავლის ხარისხი, მოგვეცემა იმის საშუალება, რომ მოსწავლეებს ქალაქში წასვლა აღარ მოუწიოთ“, – ამბობს ჯანეტი.

საუბრისას ჯანეტი მუნიციპალიტეტის ცენტრისგან მოშორებით მდებარე სოფლებში არაფორმალურ განათლებაზე ხელმიუწვდომლობის საკითხსაც შეეხო. მისი აზრით, არაფორმალური განათლება მოსწავლეებს განვითარებაში ეხმარება და ამაზე ხელმიუწვდომლობა მათ თვითრეალიზებაში უშლის ხელს.

ჯანეტის დედას, 40 წლის ნაირა შანთაძეს, 3 შვილი ჰყავს. მისი თქმით, განათლების მიღებისას, თავისი შვილების მაგალითზე, ყველაზე მეტი პრობლემა უცხო ენებთან აქვთ. მას უმცროსი შვილის მაგალითი მოჰყავს, რომელიც მეცხრე კლასში სწავლობს.

„სოფლის სკოლიდან რომ ინგლისურის მასწავლებელი წავიდა, ის ასწავლიდა დაწყებით კლასებში ჩემს უმცროს შვილს. ახლა უკვე მეცხრე კლასშია, მაგრამ მაინც ძალიან უჭირს ინგლისურის სწავლა. ენის სწავლისთვის კარგი საფუძვლის ქონაა საჭირო“, – გვითხრა ნაირამ.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ მასწავლებლები სკოლაში ასწავლიან, სოფელში მათ უამრავი სამეურნეო და საოჯახო საქმე აქვთ და დატვირთული ყოველდღიურობის გამო ადგილობრივ მასწავლებლებს მოსწავლეების დამატებით მეცადინეობა უჭირთ.

„არავის ჰქონდა მცდელობა მოსწავლე აეყვანა და მოემზადებინა, ამიტომაც უწევთ ბავშვებს ქალაქში წასვლა ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად“ – გვითხრა ნაირა შანთიძემ, ჯანეტის დედამ.

_____________________________

ფოტოზე: ჯანეტ კოჩალიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: