მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერიის თანამშრომელი ცოლის ცემის ბრალდებით დააკავეს

28.09.2022
ბათუმის მერიის თანამშრომელი ცოლის ცემის ბრალდებით დააკავეს

ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორი, არჩილ ბარამიძე, ოჯახში ძალადობის მუხლით დააკავეს. მას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 22 სექტემბერს შეუფარდა.

გამოძიება ბათუმის მერიის უკვე ყოფილ თანამშრომელს ცოლზე ფიზიკურ ძალადობას ედავება.

„ის არ ცნობს თავს დამნაშავედ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ადვოკატმა სიმონ ასათიანმა, რომელიც არჩილ ბარამიძის ინტერესებს იცავს. ადვოკატი მოსამართლეს ბრალდებულის 5 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას სთხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში არჩილ ბარამიძეს მინიმუმ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ელის 80-დან 150 საათამდე. ოჯახში ძალადობის მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა.

—————————-

ბათუმის სპორტული ცენტრი ბათუმის მერიას ეკუთვნის და ამ პოზიციაზე არჩილ ბარამიძე ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა 2022 წლის 2 მაისს დანიშნა.

მანამდე არჩილ ბარამიძე ხელვაჩაურის მერის – ჯუმბერ ვარდმანიძის მოადგილე იყო. არჩილ ბარამიძის შესახებ „ბათუმელები“ გასულ წელს წერდა, როცა დადასტურდა, რომ მისი მეგობარი და „ქართული ოცნების“ კოორდინატორი მაჭახლის ხეობაში უკანონოდ აწარმოებდა ბიზნესს, ხელვაჩაურის მერია კი, უკანონობას არ იმჩნევდა. საიას შეფასებით, ჩნდებოდა ეჭვები კორუფციაზე და საჭირო იყო მინიმუმ მოკვლევის დაწყება.

არჩილ ბარამიძეს უკავშირდება კიდევ ერთი საქმე – 2020 წელს მიშა ბოლქვაძემ ენმ-დან დააფიქსირა, რომ არჩილ ბარამიძის სამსახურებრივი ავტომანქანით თორნიკე რიჟვაძის ნათესავი და „ქართული ოცნების“ აქტივისტი – მანუჩარ რიჟვაძე გადაადგილდებოდა. ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტიის კამპანიაში მონაწილეობდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: