მთავარი,სიახლეები

საკრებულოს სხდომათა დარბაზში მოქალაქეებისთვის ადგილი თითქმის აღარ რჩება

07.06.2022 • 1557
საკრებულოს სხდომათა დარბაზში მოქალაქეებისთვის ადგილი თითქმის აღარ რჩება

„შემომიშვი, შემომიშვი, შემომიშვი…“ – სკანდირებდა ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მისული ამომრჩეველი, რომელსაც თავისივე არჩეულ საკრებულოში საჯარო სხდომაზე დასწრების საშუალება არ მისცეს – შენობის ცენტრალური კიბე, რომლის გავლითაც სხდომათა დარბაზის შესასვლელთან შეიძლება მისვლა, დაცვის პოლიციას ჰქონდა ჩაკეტილი.

ეს ამბავი შეიძლება არც გაუგია ან არ ახსოვს ბათუმის საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს, რამაზ ჯინჭარაძეს, მაგრამ მის ორ მოადგილეს, ნატალია ზოიძესა და ზურა ნაკაიძეს ნამდვილად უნდა ახსოვდეთ, რადგან ამ დროს ისინი სხდომათა დარბაზში ისხდნენ.  საინტერესოა, როგორ აპირებენ უზრუნველყონ სხდომების საჯაროობა, როცა დარბაზში ადგილი ამომრჩევლისთვის კიდევ უფრო ვიწროვდება.

საქმე ის არის, რომ საკრებულოს შემადგენლობა 25-დან 35 წევრამდე გაიზარდა. შესაბამისად, დარბაზში რკალისებურად განლაგებულ მაგიდებსა და სკამებს კიდევ ერთი მწკრივი [მაგიდები და სკამები] დაემატება. ეს იმას ნიშნავს, რომ დარბაზში, სხდომაზე დასწრების მსურველთათვის, ადგილი კიდევ დავიწროვდება.

ამ დრომდე ბათუმის საკრებულოში მოქალაქეებისთვის სკამების ორი რიგი, ჯამში 24 სკამი იყო განთავსებული. ამ ადგილების ნაწილს ხშირად ჟურნალისტები და ოპერატორები ითვისებენ, ნაწილს კი – მერიის სამსახურების უფროსები. ზოგ შემთხვევაში ისინი სხდომას ესწრებიან, როგორც მომხსენებლები, ხშირად კი ინტერესის გამო – ისინი დარბაზში უპრობლემოდ შედიან და გარეთ მყოფი მოქალაქეების მსგავსად სპეციალური საშვი არ სჭირდებათ.

საშვთა ბიუროს კი შეუძლია ამომრჩეველს უარი იმ მოტივით უთხრას შენობაში შესვლაზე, რომ „დარბაზში ადგილი არ არის.“

მეორე მხრივ, სხდომათა დარბაზის გაფართოება შეუძლებელია, ის ისტორიული დარბაზია და შენობას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს. შესაბამისად, საკრებულოს წევრებს ცოტა მეტი ფიქრი მოუწევთ, რომ ეს პრობლემა საჯაროობისა და ამომრჩევლის ჩართულობაზე თვითმმართველობის კოდექსის მოთხოვნების გათვალისწინებით გადაჭრან.

აქვთ თუ არა რაიმე გეგმა იმ შემთხვევებისთვის, როცა ამომრჩეველი საკრებულოს სხდომაზე დასწრებას მოინდომებს? – ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, საკრებულოში გვითხრეს, რომ მეტი ღიაობისთვის ვიდეოტრანსლირების ხარისხის გაზრდაზე იზრუნეს.

ეს ამომრჩევლის ჩართულობის პრობლემას ვერ მოხსნის, მით უმეტეს, რომ ამ დრომდე არსებული პრაქტიკით თუ ვიმსჯელებთ, საკრებულოს წევრებს საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხების განსახილველად ღია კარის დღეების მოწყობით დიდად არ შეუწუხებიათ თავი, წლის ბიუჯეტების საჯარო განხილვის მოწყობას დიდ საქმედ თუ არ ჩავთვლით.

საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით:

„სხდომათა დარბაზიდან უზრუნველყოფილი იქნება სხდომის ხარისხიანი პირდაპირი ტრანსლირება. ამისათვის დარბაზში დამონტაჟდება 5 კამერა და ახალი ვიდეოაპარატურა. ხმა და ხილვადობა იქნება ხარისხიანი. რაც შეეხება სხდომაზე მოქალაქეთა დასწრებას, იქიდან გამომდინარე, რომ საკრებულოს წევრთა რაოდენობა ათით გაიზარდა და აუცილებელი გახდა მაგიდების დამატებითი მწკრივის განთავსება, დამსწრეთათვის განკუთვნილი ადგილების რაოდენობა, რა თქმა უნდა, შემცირდა. თუმცა გარკვეული რაოდენობით მაინც იქნება შესაძლებელი მოქალაქეთა დასწრების უზრუნველყოფა.“

ბოლო პერიოდში სხდომები ბათუმის უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზში ტარდებოდა.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, რამაზ ჯინჭარაძემ, გვითხრა, რომ მოქალაქეების ჩართულობის უზრუნველყოფაზე აპარატი იზრუნებს. ამ საკითხის გასარკვევად მან საკრებულოს აპარატის უფროსთან, რაულ ბოლქვაძესთან გადაგვამისამართა. რაულ ბოლქვაძე ერთი მხრივ აღიარებს, რომ ადგილი ვიწროვდება, თუმცა ასევე გვარწმუნებს, რომ მოქალაქეებს სხდომაზე დასწრების პრობლემა არ შეექმნებათ:

„მომართვის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია 10-15 მოქალაქე შევუშვათ სხდომაზე, საჭიროების შემთხვევაში, ასევე ვფიქრობ, შესაძლებელია შევზღუდოთ მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების დასწრება, დაესწრებიან მხოლოდ ისინი, რომლებსაც ვალდებულება აქვთ. მაგალითად, თუ ბიუჯეტი გადის, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი და მისი თანამშრომლები ვალდებულები არიან დაესწრონ. სხვა მხრივ ჩვენ, ყოველთვის ვაძლევდით 10-15 მოქალაქეს შესვლის შესაძლებლობას და ასე იქნება ახლაც, ისე. რომ საკრებულოს მუშაობაში ხელი არ  შეეშალოს.“

საკრებულოს წევრი, ნინო ცხვარაძე მიიჩნევს, რომ მოქალაქეთა ჩართულობა აუცილებელია:

„ჩვენ ხალხის ხმა ვართ საკრებულოში და მათ უნდა მოვუსმინოთ, ამიტომ ვფიქრობ, რომ საჭიროების შემთხვევაში აპარატმა უნდა უზრუნველყოს სხდომის უფრო ფართო დარბაზში ჩატარება. ყოველთვის ვიცით რა საკითხებია აქტუალური, ასევე თუ იქნება მომართვა მოქალაქეების მხრიდან. ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი“, – ამბობს საკრებულოს წევრი.

ნინო ცხვარაძე წინა მოწვევის საკრებულოს სხდომებს ყოველთვის ესწრებოდა, როგორც ჟურნალისტი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: