მთავარი,სიახლეები

„გოგოს რა უნდა მთაში“… ამ სტერეოტიპს ნელ-ნელა ვანგრევ“ – 17 წლის მთამსვლელი ხულოდან

28.09.2022 • 2540
„გოგოს რა უნდა მთაში“… ამ სტერეოტიპს ნელ-ნელა ვანგრევ“ – 17 წლის მთამსვლელი ხულოდან

17 წლის მარი კოჩალიძე ხულოში, სოფელ რიყეთში ცხოვრობს. მარი ახალგაზრდა მთამსვლელია. ცდილობს, რომ მისი გატაცების შესახებ ბევრ თანატოლს მოუყვეს, გამოცდილება გაუზიაროს და მათთან ერთად შეეწინააღმდეგოს სტერეოტიპს, რომ თითქოს ალპინიზმი ქალის საქმე არ არის.

  • საიდან დაიწყო მთამსვლელობის გზა თქვენთვის?

16 წლის ვიყავი, როცა ჩემმა დამ აჭარის მეკლდეურთა კლუბზე მითხრა. გავწევრიანდი, ზაფხულში ლაშქრობებზე დავდიოდი და ყველაფერი აქედან დაიწყო. მე სადაც ვცხოვრობ, იქ ფაქტობრივად არაფერი არ ხდებოდა მსგავსი და თავიდან ვფიქრობდი, რომ [მთამსვლელობა] ჩემთვის შეუძლებელი იყო და ეს მხოლოდ უცხოელებს შეეძლოთ. სინამდვილეში, ბავშვობიდან ვოცნებობდი კლდეებზე ცოცვაზე.

მოთხილამურეც ვარ, გამოვდივარ ჩემპიონატებზე, სადაც „კავკასიონის ბანაკზე“ გავიგე. ბანაკის მონაწილეები ზაფხულში მწვერვალებზე დაჰყავდათ. 2 კვირით წავედით სვანეთში, ვიცოცეთ კლდეებზე, ვისწავლეთ მთაში სიარული, ავედით 2 მწვერვალზე… გამოცდილება, რომელიც აქ მივიღე, ძალიან დამეხმარა.

ჩვენთან, ხულოში, მსგავსი რაღაცები ძალიან იშვიათია, მაგრამ ონლაინსივრცეში ბევრ რამეს ვსწავლობ. სულ ძიებაში ვარ. ჩემს თავს თავგადასავლების მაძიებელს დავარქმევდი. თუ მსგავსი ლაშქრობები გამოჩნდება, მინდა წავიდე, ჩავერთო, გამოცდილება შევიძინო.

ჩემი აზრით, მთამსვლელობა ძალიან ბევრ  რამეს გასწავლის. ამ ერთი წლის განმავლობაში ჩემს თავში პროგრესს ვგრძნობ. ამ საქმეში გამოცდილ ადამიანებთან ურთიერთობამ ბევრი რამ მასწავლა.

მე სადაც ვცხოვრობ [რიყეთში], მიმაჩნია, რომ იმის იქეთ კიდევ ბევრი რამაა… მინდა მთამსვლელობაზე უფრო მეტმა ჩემმა თანატოლმა გაიგოს და ძალიან გამიხარდება, თუ ვინმეს დააინტერესებს.

არ ვიცი, ჩემი ასაკის გოგო ან ბიჭი მთამსვლელი ხულოდან. შეიძლება არის, მაგრამ მე არ ვიცნობ.

  • შენი სოფლის სხვა ახალგაზრდებიც არიან მთამსვლელობით დაინტერესებულები?

როდესაც დავდიოდი მთებში, ვიღებდი ფოტოებს და ჩემს კლასელებს, მეგობრებს ვაცნობდი, ძალიან კარგი რამაა, შემომიერთდით-მეთქი, ბევრს დააინტერესა და სხვათა შორის, ბევრი უკვე ჩემს გუნდშიცაა, მაგრამ არის წინააღმდეგობები ოჯახიდან. არის სტერეოტიპი, რომ „გოგოს რა უნდა მთაში“ … ჩემი აზრით, ამ სტერეოტიპებს ნელ-ნელა ვანგრევ. თანხმობა წამოვიდა უკვე ოჯახებიდანაც, მაგრამ ბევრგანაა იგივე მდგომარეობა. მინდა დასრულდეს ეს ყველაფერი. ასე აღარ უნდა ვაზროვნებდეთ. უფრო მეტი შესაძლებლობა უნდა მივცეთ ბავშვებს, რათა ისწავლონ დამოუკიდებლად ცხოვრება და აკეთონ ის, რაც მათ უნდათ.

პირველ რიგში, იმაში გამიმართლა, რომ ჩემი ოჯახი ყოველთვის გვერდში მიდგას. ბებია, ბაბუა, მამა, დედა – ყოველთვის ყველაზე მეტად მიჭერენ მხარს და არასდროს ზღუდავენ ჩემს თავისუფლებას. პატარ-პატარა წინააღმდეგობებია მხოლოდ. მიუჩვევლები არიან, შენ გარდა არავინ დადის ამდენს, აღარ წახვიდეო, მაგრამ როცა ვუხსნი, მხარს მიჭერენ.

  • რით არის განსაკუთრებული მთამსვლელობა?

ყოველი ლაშქრობა ახალი თავგადასავალია. ჩემთვის მთა მედიტაციაა. მთაში უფრო გახსნილი ვარ, ვწერ დღიურებს, თითქოს ბუნებასთან ვთანამშრომლობ. კარგი განცდაა, დაღლილი რომ ადიხარ მწვერვალზე და შემდეგ გადმოჰყურებ ამ სილამაზეს. ანუ, შენ ეს შეძელი, მწვერვალს მიაღწიე.

კარავს შლი. დილით იღვიძებ, უცებ ნისლი ჩამოწვება, უცებ გადაიყრება… ამის ყურება ბედნიერებას მანიჭებს.

მარი კოჩალიძე

  • მცოცავი ქვების დროს, როცა მეტია წინააღმდეგობა, როგორ იქცევით?

თუ ძალიან საშიშია, იქ არ ვრისკავთ. ინსტრუქტორი ყოველთვის ისეთ ადგილს არჩევს, სადაც ნაკლები საფრთხეა. ან თოკზე ვართ ჩაბმულები.

  • აღჭურვილობას თქვენ თვითონ იძენთ?

აღჭურვილობას თავიდან მასწავლებელი მაძლევდა, მაგრამ ახლა ჩემს აღჭურვილობას ვაგროვებ, თანდათან ვყიდულობ, საკმაოდ ძვირი ღირს, ჯერ ბევრი არაფერი მაქვს. მხოლოდ ჩანთა შევიძინე, ცოტა უხარისხოა…

რამდენი წელია სასკოლოდ არაფერი არ მიყიდია. ფულს ვაგროვებ, რომ უფრო საჭირო ნივთები ვიყიდო, მაგალითად, საძილე ტომარა, კარავი და ა.შ. ბევრს დაუცინია, ტანსაცმელს რატომ არ ყიდულობო. ჩემთვის ესაა ყველაფერი.

უკვე დამოუკიდებლად მინდა მწვერვალებზე წავიდე, სოლო ლაშქრობები დავიწყო.

  • რა უნდა გაკეთდეს, რომ ახალგაზრდები უფრო მეტად დაინტერესდნენ მთამსვლელობით?

ჩემი აზრით, ამ სპორტს უფრო მეტად უნდა გაეცნონ ბავშვები. ბევრი არაფერი იციან ახალგაზრდებმა მთამსვლელობაზე, ლაშქრობებზე …

მეც რას წარმოვიდგენდი, რომ საქართველოში ასეთი რამ ხდებოდა. პირველ რიგში, გაეცნონ ამ სპორტს, მთამსვლელთა კლუბებს შემოუერთდნენ, თუ ვინმეს სურვილი აქვს.

რა თქმა უნდა, საჭიროა საზოგადოების ცნობიერების გაზრდა, რომ ბავშვებს მისცენ ამის საშუალება, რადგან სულ „გოგო ხარ და რა გინდა მთაში“ – ისმის.

მე არასდროს მეშინია, თუნდაც მაშინ, როცა მლანძღავენ… ყოველთვის ვაკეთებ იმას, რაც მინდა და ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემს თანატოლებს დავეხმარები. ბევრ მშობელთან მისაუბრია, ბევრი მშობლისგან ცუდი დამოკიდებულება წამოსულა. ბევრი ამბობს ჩემზე, რომ აი, მაგალითად, „დადის აქეთ-იქით, როგორ შეიძლება გოგოსთვის ასეთი რამო“, მაგრამ მე ამას ყურადღებას არ ვაქცევ.

რაღაცნაირად ბევრი მშობელი დავარწმუნე, რომ მათი შვილები უნდა გაუშვან ლაშქრობებზე, რაც ძალიან მახარებს.

  • რას გეგმავ სამომავლოდ?

ახლა აბიტურიენტი ვარ, ფსიქოლოგიაზე მინდა ჩავაბარო. ეს ერთი წელი ნაკლებად ვივლი ლაშქრობებზე. როცა უნივერსიტეტში ჩავაბარებ, დამატებით გიდების [მოსამზადებელ] სკოლაში მინდა ვისწავლო, ნახევრად ტურიზმის სფეროს გავყვე. შემდეგ, რასაც შევძლებ, საქართველოს ყველა მხარის შემოვლას დავიწყებ და როცა გავიზრდები, გამოცდილება მექნება, საზღვარგარეთაც წავალ. ძალიან მინდა გრენლანდიაში მოგზაურობა.

მთელი ცხოვრება, სანამ შესაძლებლობა მექნება, მთამსვლელობაში მინდა ვიყო ჩართული და იმ ახალგაზრდებს დავეხმარო, რომლებიც ამ საქმით დაინტერესდებიან.

  • როგორ ფიქრობ, ხულოს მუნიციპალიტეტს ამ მიმართულებით განვითარების პოტენციალი აქვს?

მაღალმთიან აჭარაში, კერძოდ ხულოში, ბევრი საინტერესო ადგილია ტურისტებისთვის.

ჩემი მეგობარი მოლაშქრე წამოვიყვანე ხულოში. ძალიან მოეწონა აქაურობა. ვფიქრობ, მწვერვალების გარდა სხვა ყველაფერი გვაქვს. უნდა იზრუნონ, მოაწესრიგონ ინფრასტრუქტურა და ეს ტურისტული მარშრუტები განავითარონ.

ხულოს გზები ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. საშინელი, დამღლელი გზაა და ბევრი ხულოში ამოსვლისგან ამიტომ იკავებს თავს.

მარი კოჩალიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: