მთავარი,სიახლეები

აფხაზეთიდან დევნილებს გვადარებენ რუსეთიდან გამოქცეულებს – ეს ჩვენთვის ჭრილობაზე მარილია

27.09.2022 •
აფხაზეთიდან დევნილებს გვადარებენ რუსეთიდან გამოქცეულებს – ეს ჩვენთვის ჭრილობაზე მარილია

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. აფხაზეთის ომის შემდეგ 29 წელი გავიდა. სოხუმის დაცემის მერე ადგილობრივებმა სვანეთის უღელტეხილის გავლით მიაღწია სამშვიდობოს. უღელტეხილზე  ასობით ადამიანი დაიღუპა თვითმხილველების მონათხრობის მიხედვით.

29 წლის შემდეგ, სოხუმიდან დევნილი ია კვაშილავა წამოსვლის ისტორიას იხსენებს. მაშინ 13 წლის იყო. ომის პირველი დღეც ახსოვს. პურის რიგში იდგა, როცა ავტომატის ჯერი რამდენჯერმე გაისროლეს, ხალხი გონს ვერ მოეგო, ვერ მიხვდნენ, უბრალოდ ვინმემ გაისროლა, თუ რამე უფრო სერიოზული დაიწყო.

ია კვაშილავას მონათხრობი:

პურის მაღაზიიდან სახლში დავბრუნდი და ვთქვი, ომი დაიწყო-მეთქი. გაოგნებულები მიყურებდნენ. ჩათვალეს, რომ რაღაც დაჯგუფებამ გაისროლა. მერე ომი მართლა დაიწყო. ჩვენი სახლის უკან, მთაზე სასროლი დანადგარები იყო დამონტაჟებული. ამ მთას ესროდნენ, ჩვენ კი ვითომც არაფერი, ვიყავით სახლში და ხან მეორე სართულზე ავდიოდით, ხან დაბლა ჩამოვდიოდით.

27 სექტემბერი იყო, სოფელ მერხელში წავედით. ეს იყო სოხუმის შემდგომი სოფელი, საიდანაც მერე უკვე გზა პირდაპირ სვანეთისკენ გრძელდებოდა. ვიცოდით, რომ მთელი სოხუმის მოსახლეობა ამ სოფელში იყო თავმოყრილი. ველოდებოდით დამაიმედებელ ინფორმაციას. ვერ ვიჯერებდით, რომ ქალაქი ოკუპირებული იყო და საშინელება გველოდა.

ჯარისკაცები გვეუბნებოდნენ: წადით, დატოვეთ სახლები, ქალები და ბავშვები მაინც წაიყვანეთო. ბიძაჩემს დიდი სატვირთო მანქანა ჰყავდა, მისაბმელიანი.

მორჩა, ჩაალაგეთ, რაც გჭირდებათ და გავდივართო – ბიძაჩემმა თქვა.

ქალები და ბავშვები ვიყავით ძირითადად. ჩავყარეთ ნივთები. რაც ხელში მოგვხვდა, გააზრებულად არაფერი წამოგვიღია, როცა გადმოვაღწიეთ სვანეთიდან გავხსენით ჩანთები. იქ იმდენი არასაჭირო ნივთი იყო… ქსოვილები, საზაფხულო ტანსაცმელი, არადა შემოდგომისპირი იდგა, წინ ზამთარი გველოდა. გვეგონა მოვდიოდით მაქსიმუმ ორი, სამი დღით. ვფიქრობდით გზად დაგვეწეოდა ამბავი და გვაუწყებდნენ, რომ ომი დასრულდა, მოლაპარაკება დაიწყო და ჩვენ შევძლებდით სახლში დაბრუნებას.

მალე ავტომობილით შეუძლებელი გახდა გზის გაგრძელება. ცუდი გზა იყო, ტალახი, აღმართები. მანქანას მისაბმელი ნაწილი მოხსნეს, მძღოლი ბიძაჩემი იყო, მანქანაში მისი შვილი და ხუთი დღის შვილიშვილი იყო. მისაბმელზე მე ვიყავი და ჩვენი ნათესავები, მეზობლები.

ჩვენი გზა 15 დღე გრძელდებოდა. ციოდა სვანეთის უღელტეხილზე, ხან წვიმდა. ბავშვებს თითქმის წელამდე გვწვდებოდა ტალახი.

საშინელებები გვხვდებოდა გზადაგზა, გვამები, ბავშვები, სისასტიკე… ემოციებისგან დაცლილი ხალხი…

ერთ რამეს ვიხსენებ სულ. ცეცხლთან ვისხედით და გზად ჩამვლელმა ჯარისკაცმა გვთხოვა ჩვენთან ღამე გაეთია, რა თქმა უნდა, დავთანხმდით, ქალებმა ჰკითხეს, როგორც ჯარისკაცს, რახან ჩვენზე მეტი რამ იცოდა, სავარაუდოდ რას ფიქრობდა, როდის სრულდებოდა ეს ყველაფერი, როდის შევძლებდით ისევ დაბრუნებას. ახლაც მახსოვს რა გაფაციცებით ველოდი ჯარისკაცის სიტყვებს. როგორ შევცქეროდი.

კაცმა თვალები დაბლა დახარა და თქვა: ალბათ ათი წელი მაინც ვერ დავბრუნდებით სოხუმშიო. ქალებს შეეცოდათ ეს კაცი. ამბობდნენ, შეიშალა საწყალი, კონტუზია აქვს ალბათ, არ არის თავის ჭკუაზეო.

ასე დაუჯერებლად ჟღერდა მაშინ სოხუმის დაკარგვა. არ დავიჯერეთ 10 წელი. თუმცა აგერ უკვე 30 წელი სრულდება და სოხუმი ისევ დაკარგულია…

მერე სვანეთის ტყის ნაწილი დასრულდა და უდაბნოს ნაწილი დაიწყო. საკმაოდ რთული იყო, მიდიოდი სიმაღლეზე, სადაც მიწა მტვრად იყო ქცეული და წინ მიმავალი ადამიანის მტვერი სახეში გეყრებოდა.

13 წლის ვიყავი. ჩვენი საახლობლო წრე ალბათ თხუთმეტიოდე ადამიანისგან შედგებოდა, ჩამოვრჩი მათ და წინსვლის ნაცვლად ფეხი უკან მისრიალებდა, ვერც ვთქვი მიშველეთ ან ხელი ჩამჭიდეთ-მეთქი, ხმას ვერ ვიღებდი.

ჩვენი ოჯახის ერთი ახლობელი კაცი იყო, თავის ბებიას მოჰყვებოდა და ჩვენთან ერთად გამოვიდა სოხუმიდან. საშველად არავისთვის დამიძახია, მაგრამ ამ კაცმა მოიხედა შემთხვევით უკან და ხელი გამომიწოდა, ამომქაჩა, ხრამში ჩასრიალებისგან გადამარჩინა.

უღელტეხილის თითქმის მწვერვალზე ვიყავით, როცა ვერტმფრენი დავინახეთ. შეგვნიშნეს, ჩვენკენ მოფრინავდნენ დასახმარებლად. მახსენდება, ჩემი 37 წლის ბიცოლა გაიძახოდა, მე არ წავალ, არსად წავალ, ვერ დაგტოვებო. ბიძაჩემს, თავის ქმარს ეუბნებოდა. ბიძაჩემი არწმუნებდა რომ უნდა წასულიყო  შვილთან და შვილიშვილთან ერთად.

ჩამოგვიყვანა ვერტმფრენმა, თავი რაღაც კლუბის შენობას შევაფარეთ. ძალიან ციოდა, შენობაში ცეცხლი ენთო, ყველაფერი იკვამლებოდა. ყველას იატაკზე გვეძინა. ვიღაცები წაკამათდნენ, ერთმა კაცმა დიდ ჭურჭელს, რაშიც ცეცხლი ენთო, ფეხი ჰკრა. ლითონის საშინელი ხმა იყო, ბიცოლაჩემმა თავი ცუდად და სწრაფად წამოწია, შვილი და შვილიშვილი მოიკითხა, სოფო და ბავშვი სად არიანო – დაიძახა.  მერე იქვე დაეცა მოწყვეტით, გონება დაკარგა. ბნელოდა, ვერ ვხვდებოდით რა მოხდა.

მე და ჩემხელა, 13 წლის ბიძაშვილი გარეთ გავვარდით და ვყვიროდით, დაგვეხმარეთ! დაგვეხმარეთ-მეთქი.

იქვე სადღაც წითელი ჯვრის მანქანა დადიოდა. შემოვიდნენ კლუბში, მაგრამ ბიცოლაჩემი უკვე გარდაცვლილიყო. 37 წლის ქალი.  ორი დღის შემდეგ ბიძაჩემიც ჩამოვიდა. მეუღლე ცოცხალი აღარ დახვდა.

მე და დედაჩემი დავრჩით მარტო. ჩემი 18 წლის ძმა აფხაზეთში დავტოვეთ, ბებია-ბაბუას ვერ დავტოვებო, მამაც იქ იყო. ძმაზე გვეუბნებოდნენ, რომ ტყვედ ჩავარდა, ნათლიაჩემსა და ბიძაჩემზეც იმავეს ამბობდნენ. მერე გავიგეთ, რომ ჩემი ძმა მართლა სომეხმა ბოევიკებმა დაატყვევეს.

ბიძაჩემი და ნათლიაჩემიც იყო აყვანილი ტყვედ. ზოგი გვეუბნებოდა, რომ აფხაზებს შეეწირა, ზოგი ამბობდა, რომ ცოცხალია და ბებია-ბაბუას იცავდა.

ჩემი ძმა ახლა რომ ჰყვება ტყვეობის ამბავს ვერ ვიჯერებ, ნუთუ ეს მართლა მოხდა-მეთქი, ვფიქრობ.

უცხო მამაკაცი ახლდათ თურმე. უბრალოდ, ფეხით გადმოდიოდა მათთან ერთად, შეეკედლა ჯგუფს და სამხედრო ზედა ეცვა.

სომეხი ბოევიკები ჩაეჭიდნენ ამ კაცს და აიძულებდნენ, გაგვიმხილე, რომლები არიან ამათგან მებრძოლებიო. მებრძოლებს შორის იყვნენ მამაჩემი, ბიძაჩემი და ჩემი ძმაც.

ნაკუწ-ნაკუწ, ცოცხალს მოაჭრეს თურმე ალაგ-ალაგ ხორცი ჩემი ძმის თვალწინ და ნახევრად ცოცხალი ხრამში გადააგდეს. ამ ბიჭს არცერთი მეომარი არ დაუსახელებია.

დღეს გავრცელდა კადრები, სადაც აფხაზეთიდან დევნილებს ადარებდნენ რუსეთიდან გამოქცეულ ხალხს ლარსზე, ეს ჩვენთვის, აფხაზეთიდან დევნილებისთვის ჭრილობაზე მარილის მოყრასავითაა.

გული მწყდება ჩვენს საზოგადოებაზე, რადგან ჩვენ არ აღგვიქვამდნენ როგორც ადამიანებს, რომლებმაც საშინელება გამოიარეს. ვიყავით უბრალოდ „დევნილები“. არავინ ინტერესდებოდა, რა მოხდა, რა გავიარეთ, ყველა უბრალოდ გვეკითხებოდა – თქვენ დევნილი ხართ? მთელი ამხელა ტრაგიკული ამბების შემდეგ.

როცა ვხედავ რუსები როგორ მორბიან… მათ მიწას არავინ ართმევს და მაინც გამორბიან. ჩვენ კი აფხაზეთიდან ძალით გამოგვდევნეს. ჩვენივე თანამოქალაქეები გვეუბნებოდნენ: რატომ თოხებით და ბარებით არ დაიცავით თქვენი მიწა, რატომ არ დარჩით იქვეო. ახლა მე ვეკითხები ქართულ საზოგადოებას, გაბედავენ და ჰკითხავენ იმავეს რუსეთიდან გამოქცეულ დეზერტირებს? ჰკითხავენ თამამად, რატომ არ რჩებიან რუსეთში და რატომ არ იცავენ თავიანთ ღირსებას სამშობლოში ბარებით?

თავიდან აფხაზეთის თემა და მოლაპარაკებები აქტუალური იყო, ახლა აღარ. ამას აფხაზეთიდან დევნილი ყველა ადამიანი გრძნობს.

ჩვენი ამბების მსმენელი საქართველოში უკვე აღარ არის…“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: