მთავარი,სიახლეები

„ოცნების“ კოორდინატორისა და ხელვაჩაურის მერის მოადგილის მეგობრის ბიზნესი მაჭახელში

25.02.2021 • 2828
„ოცნების“ კოორდინატორისა და ხელვაჩაურის მერის მოადგილის მეგობრის ბიზნესი მაჭახელში

ხელვაჩაურში, მაჭახლის ხეობაში, თამარის ხიდთან მისვლამდე, მდინარის პირას საცხოვრებელი კოტეჯები შენდება. კოტეჯებს სახელმწიფო მიწაზე უკანონოდ აშენებენ. მეოთხე კოტეჯის მშენებლობა ისე სრულდება, რომ რეაგირება არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ ჰქონია. კოტეჯების მშენებლობასთან ადგილობრივებს ხელვაჩაურის მერის მოადგილე – არჩილ ბარამიძე ბევრჯერ უნახავთ. ამას ჩინოვნიკიც ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ კოტეჯები მისი არ არის. ამავდროულად, ჩინოვნიკი უკანონო მშენებლობას არ იმჩნევს.

კოტეჯების ოფიციალური მფლობელი „ოცნების“ კოორდინატორია: შუაში დასაჯდომსაც გავაკეთებ

სოფელ ცხემლარაში ადგილობრივები გაჩვენებენ ადგილს, სადაც ახალი ტურისტული სივრცე ეწყობა – კოტეჯები მდინარის პირას, თამარის ხიდთან ახლოს. ამ ხიდს მაჭახლის ხეობაში ამოსული ტურისტები თითქმის ყოველთვის ნახულობენ. ადგილობრივების ნაწილი თავს არიდებს კითხვას: ვისია ეს ბიზნესი? ნაწილი კი პირდაპირ გვპასუხობს: „ვისია და მთავრობის“.

საჯაროდ არ სურთ საუბარი, მაგრამ ამ სოფელში მცხოვრებლები გვიყვებიან, რომ კოტეჯებს ხელვაჩაურის მერის მოადგილე – არჩილ ბარამიძე და მისი მეგობარი როინ სალვარიძე აშენებენ. როინ სალვარიძე ამ სოფელში ცხოვრობს და 2012 წლიდან „ქართული ოცნების“ კოორდინატორია.

საავტომობილო გზიდან მდინარის პირას ჩავდივარ, სადაც ხელოსნები უკვე მეოთხე კოტეჯზე მუშაობენ. უკვე გადახურულ სამ კოტეჯში სველი წერტილებია მოსაწყობი. ხელოსნების თქმით, თითოეულ კოტეჯს სამზარეულო კუთხეც ექნება და სველი წერტილიც. ხელოსნებმა ჩვენთან საუბარი მას შემდეგ აღარ ისურვეს, როცა ვიკითხეთ, ვისგან მიიღეს შეკვეთა კოტეჯების მოწყობაზე. თუმცა მანამდე გვიყვებოდნენ, რომ მშენებლობის პროცესში როინ სალვარიძესა და არჩილ ბარამიძესთან აქვთ ურთიერთობა.

არჩილ ბარამიძე, ხელვაჩაურის მერის მოადგილე ამბობს, რომ ეს მისი მეგობრის ბიზნესია.

„როინ სალვარიძე ჩემი მეგობარია, იქ ყოფნის პერიოდში რამდენჯერმე მომიწია იქ შესვლა და დათვალიერება აღნიშნული პროექტის, თუ როგორ კეთდებოდა, ისეთი პროექტია, არაა გრანდიოზული პროექტი… მე არავითარი კავშირი ამ კოტეჯებთან არ მაქვს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ხელვაჩაურის მერის მოადგილემ.

ხელვაჩაურის მერის მოადგილის, არჩილ ბარამიძის განმარტებით, როინ სალვარიძე საკუთარი მიწის ნაკვეთში აშენებს კოტეჯებს და კოტეჯების პარამეტრებიდან გამომდინარე მას ნებართვა არ სჭირდება.

„კოტეჯები ჯდება სტანდარტებში ანუ 5 მეტრზე მეტი სიმაღლის არ არის და 60 კვადრატულ მეტრზე ნაკლებია თითოეული კოტეჯის ფართობი, შესაბამისად, სამშენებლო ნებართვა არ სჭირდება,“ – განმარტავს არჩილ ბარამიძე.

„მაგ მიწის იმედი მაქვს მთელი ცხოვრება, მამა-პაპის მიწაა, არ სჭირდებოდა ნებართვა, ამიტომ არ მაქვს, ვარღვევ რამეს?“ – გვკითხა „ოცნების“ კოორდინატორმა და კოტეჯების მფლობელმა, როინ სალვარიძემ. მისი აღწერით, ამ ადგილზე სულ ოთხი კოტეჯი იქნება, რომელთა ამუშავებასაც ზაფხულში აპირებს.

„შუაში დასაჯდომსაც მოვაწყობთ, სულ ესაა,“ – დასძინა როინ სალვარიძემ „ბათუმელებთან“.

რა ჩანს დოკუმენტებიდან? 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, როინ სალვარიძე მიწის ნაკვეთს ფლობს სოფელ ცხემლარაში, თუმცა არა მდინარის პირას, არამედ იმ მიწის ნაკვეთის მოსაზღვრედ, სადაც კოტეჯები შენდება. სალვარიძეების ოჯახს 650 კვადრატული მეტრი მიწა, არქივის შესაბამისი დოკუმენტის მიხედვით, 2019 წელს დაურეგისტრირებია, თუმცა საკადასტრო რუკას თუ დახედავთ, მარტივად შესამჩნევია ფაქტი – კოტეჯები სახელმწიფო მიწაზე შენდება.

საკადასტრო რუკის ხსენების შემდეგ როინ სალვარიძემ „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ „ცოტა შესულია“ სხვა მიწის ნაკვეთში.

„ახლა ცოტა შესული ვარ, მაგრამ პრობლემა რატომ უნდა იყოს?… მდინარის ნაპირიდან 10 თუ 17 მეტრი უნდა აშორებდეს, ვერ გეტყვით ახლა ზუსტ ზომებს, ეს ტურისტული ზონაა, მაჭახლის ხეობაა და ყველა ასე აკეთებს,“ – აღნიშნა როინ სალვარიძემ „ბათუმელებთან“.

სოფელი, სადაც კოტეჯები შენდება, დაცული ტერიტორია არ არის, თუმცა სახელმწიფო მიწის სარგებლობის უფლება როინ სალვარიძეს არ აქვს. შესაბამისად, მშენებლობა უკანონო გამოდის. მიწა, სადაც კოტეჯები შენდება, კერძო საკუთრებაც რომ იყოს, მშენებლობა მაინც უკანონოა, რადგან მშენებელს არ გაუვლია ხელვაჩაურის მერიისგან თანხმობის მისაღწევად პროცედურა.

საია: „ხელვაჩაურის მერია არ რეაგირებს უკანონო მშენებლობაზე“

ასეთია საია-ს იურისტის, მირზა მამულაძის შეფასება მაჭახლის ხეობაში კოტეჯების მშენებლობაზე. იურისტი განმარტავს, რომ სახელმწიფო მიწა, პირველ რიგში, ხელვაჩაურის მერიას უნდა დაეცვა და უკანონო მშენებლობის დემონტაჟი მოეთხოვა. სახელმწიფო მიწა უნდა დაეცვა ქონების მართვის სააგენტოსაც.

„ეს უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული მოკვლევის საფუძველი, რომლის შემდეგაც უნდა გამოცემულიყო სამართლებრივი აქტი და მოითხოვდა მერია უკანონო მშენებლობის დემონტაჟს… რადგანაც ეს არის სახელმწიფო მიწა, ეს კიდევ უფრო მეტად ავალდებულებდა ადმინისტრაციულ ორგანოს, რომ სამართლებრივი რეაგირება მოეხდინა,“ – აღნიშნავს საია-ს იურისტი, მირზა მამულაძე „ბათუმელებთან“.

იმ შემთხვევაში, თუკი ეს მიწა როინ სალვარიძის კერძო საკუთრება იქნებოდა, მშენებლობის ნებართვა არა, მაგრამ მშენებელს ხელვაჩაურის მერიის თანხმობა დასჭირდებოდა. თანხმობის მისაღწევად, კანონის მიხედვით, მერიაში კონკრეტული დოკუმენტების წარდგენაა საჭირო, მათ შორის, მაგალითად, არქიტექტურული ესკიზი, რეესტრის ამონაწერი და ასე შემდეგ.

„თუკი 5 დღეში მშენებელი ვერ მიიღებდა პასუხს, ეს ჩაითვლებოდა დადებით პასუხად,“ – დასძინა იურისტმა მირზა მამულაძემ.

როინ სალვარიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ხელვაჩაურის მერიაში არც ერთი სახის დოკუმენტი არ წარუდგენია, რადგან:

„მე მოვიკითხე ეს და მითხრეს, არ საჭიროებსო, თუ რამე გავაგრძელე, აუცილებლად გავაკეთებ მერე…“ – გვითხრა როინ სალვარიძემ.

რატომ არ რეაგირებს ხელვაჩაურის მერია უკანონო მშენებლობაზე – „ეჭვები კორუფციაზე“ 

„ის, რომ ამ დრომდე ხელვაჩაურის მერია არ რეაგირებს ამაზე, აჩენს მინიმუმ ეჭვებს, ხომ არ გვაქვს საქმე კორუფციულ გარიგებასთან. აუცილებელია მოკვლევა,“ – მიიჩნევს საია-ს იურისტი, მირზა მამულაძე.

„მაგ მიწაზე მე რამდენი ხანია თანხას ვაგროვებდი… არჩილ ბარამიძეს ვიცნობ პარტიული კუთხიდან… მეგობარიცაა, მაგრამ არჩილს ნამდვილად ვერ მივცემ ვერაფერს, რომც მოინდომოს,“ – გვითხრა როინ სალვარიძემ. მან დაგვიდასტურა, რომ „ოცნების“ კოორდინატორია.

„მე ვარ „ოცნების“ კოორდინატორი, 2012 წლიდან მოვდივარ და ახლა ძირითადად ტრანსპორტით ვემსახურები ტურისტებს, ეს არის ჩემი შემოსავალი, შეთანხმებული ვარ სასტუმროებთან და ვემსახურები „მარშუტკით,“ – გვითხრა როინ სალვარიძემ.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: