მთავარი,სიახლეები

რუსეთთან მხოლოდ რეპარაციაზე ვილაპარაკებთ – დანილოვი

28.09.2022 • 975
რუსეთთან მხოლოდ რეპარაციაზე ვილაპარაკებთ – დანილოვი

უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, სერგეი დანილოვი ამბობს, რომ უკრაინა მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებები გამართოს მხოლოდ ერთ კონკრეტულ საკითხზე – კონტრიბუციის გადახდა და რეპარაცია [საერთაშორისო სამართლის სუბიექტის მატერიალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ფორმა, როდესაც სამართლის დამრღვევს მხოლოდ მატერიალური ზარალის ფულადი ან გარკვეული საქონლის ანაზღაურება მოეთხოვება] იმ ნგრევისა და ზიანისთვის, რაც რუსეთმა ამ ომის პერიოდში უკრაინას მიაყენა.

ამის შესახებ დანილოვმა ტვიტერზე დაწერა.

„უკრაინა არასდროს ყოფილა მოლაპარაკებების წინააღმდეგი რუსეთთან… უშუალოდ კონტრიბუციისა და რეპარაციის შესახებ. რაც უფრო გაწელავს კრემლის რეჟიმი ამ მოლაპარაკებებს – მით უფრო უარესი პირობები და მაღალი ფასი დახვდება. უკრაინის დეოკუპაციისა და რუსეთის დეფრაგმენტაციის ამოცანა სრული მასშტაბით შესრულდება, გეგმისა და გრაფიკის მიხედვით,“ – აცხადებს დანილოვი.

როგორც სააგენტო „უნიანი“ წერს, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების ქრონოლოგია ასეთია:

პირველი შეხვედრები 27 თებერვალს, 3 და 7 მარტს შედგა.

10 მარტს უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები თურქეთში შეხვდნენ.

პაუზის შემდეგ მოლაპარაკებები განახლდა 14 და 15 მარტს. მხარეები ასევე შეხვდნენ 21 მარტს, თუმცა მნიშვნელოვანი შედეგისთვის არ მიუღწევიათ.

29 მარტს შედგა სტამბოლის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი. თურქეთში გამართული შემდეგი შეხვედრა შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს ეხებოდა. 22 ივლისს მხარეები ამ საკითხზე შეთანხმდნენ, თუმცა მეორე დღეს რუსეთმა ოდესის პორტს დაარტყა.

საბოლოოდ, თურქეთისა და გაეროს მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების შედეგად, შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული ხორბლის ექსპორტი განახლდა.

22 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთს ნამდვილი მოლაპარაკებების ეშინია, რადგან თავისი უკანდახევის შენელებას ცდილობს.

დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, ფრანგ კოლეგასთან, კატრინ კოლონასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე სხვა ქვეყნებს მოუწოდა, არ შესთავაზონ უკრაინას შუამავლობა რუსეთთან მოლაპარაკებაში, არამედ მხარი დაუჭირონ უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვის.

კულებას თქმით, რუსეთი თავისი ქმედებებით ადასტურებს, რომ მას მშვიდობიანი მოლაპარაკებები და კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტა არ სურს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: