ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ხელოვნური კუნძულის მოსაწყობად ნაპირდამცავ ნაგებობას ააშენებენ – ნებართვის პროცედურა 

08.08.2022 •
ხელოვნური კუნძულის მოსაწყობად ნაპირდამცავ ნაგებობას ააშენებენ – ნებართვის პროცედურა 

ბათუმში, ბარცხანის სანაპიროს გასწვრივ, „ნაპირდამცავი ჯებირის“ მშენებლობა იგეგმება, რომლის ფარგლებშიც 12,5 ჰექტარ ფართობზე ზღვას ხმელეთად გადააქცევენ. ეს ხელოვნური ნაგებობა კი, მთლიანად გააქრობს ბარცხანის პლაჟს. მშენებლობას შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ აპირებს, რომელიც აქ ხელოვნური კუნძულის მოწყობასაც გეგმავს.

სამშენებლო ფართობი, ანუ ტერიტორია ბარცხანის სანაპიროსთან, რომელსაც ქვებით ამოავსებენ / ფოტოები სკრინინგის ანგარიშიდან

კომპანიამ „ჯებირის“ ასაშენებლად ნებართვის მიღების პროცედურა უკვე დაიწყო და სკრინინგის განცხადებით გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიმართა.

სააგენტომ უნდა მიიღოს სკრინინგის დასკვნა, რომლის მიხედვითაც გადაწყდება, დაგეგმილი სამუშაოები საჭიროებს თუ არა გზშ-ს [გარემოზე ზემოქმედების შეფასების] მომზადებას.

„დამცავი ნაგებობა“ შემდგომში იქნება თუ არა იმ საინვესტიციო პროექტის ნაწილი, რომლის მიხედვითაც ხელოვნური კუნძული უნდა აშენდეს? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ „ამბასადორi ბათუმი აილენდს“.

კომპანიაში დაგვიდასტურეს, რომ მთლიანობაში ეს ნაგებობა „კუნძულის პროექტის“ შემადგენელ ნაწილად შეგვიძლია განვიხილოთ: „ეს არის ნაპირდაცვითი სამუშაოები, რომელიც შემდგომში ხელს შეუწყობს ხელოვნური კუნძულის მოწყობის სამუშაოებს, ვინაიდან, ჯერ ნაპირდაცვის საკითხი უნდა მოგვარდეს, რასაც შემდეგ მოჰყვება ინფრასტრუქტურული ნაწილი“.

„საკანონმდებლო თვალსაზრისით, ამ ეტაპზე ეს არის ნაპირდამცავი სამუშაოების ნებართვის მიღება, ხოლო საინვესტიციო მიმართულებით, ეს არის საინვესტიციო პროექტის დაწყების დაანონსება“, – გვითხრა გოჩა კამკიამ, „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ იურისტმა.

რაც შეეხება საინვესტიციო პროექტს [რომელიც უშუალოდ ხელოვნური კუნძულის მშენებლობას გულისხმობს], გოჩა კამკიას თქმით, „დეტალურ პროექტირებაზე მუშაობა ამჟამად თურქეთსა და საფრანგეთში მიმდინარეობს. მთლიანი პროექტი უახლოეს პერიოდში იქნება მზად და კანონმდებლობის სრული დაცვით, შემდეგ ისევ მივმართავთ სახელმწიფო ორგანოებს, უკვე მთლიან პროექტზე ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით“.

„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ სკრინინგის ანგარიშის მიხედვით: „ნაპირსამაგრი ჯებირის მოწყობა დაგეგმილია, სანაპირო ზოლში ეროზიული პროცესების განვითარების პრევენციის მიზნით. პროექტის განხორციელების შემთხვევაში პრაქტიკულად გამორიცხული იქნება სანაპირო ზოლში ეროზიული პროცესების განვითარება და, შესაბამისად, არსებული ნაპირდამცავი კედლის და საავტომობილო გზის დაზიანების რისკები. გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, შეიქმნება დაახლოებით 12.5 ჰექტარი ფართობის ტერიტორია, რომლის გამოყენება შესაძლებელი იქნება საქალაქო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის.“

ამ მისასვლელი გზით შეიტანენ ზღვაში ლოდებს და ინერტულ მასალას / ფოტო სკრინინგის ანგარიშიდან

კომპანიას ვკითხეთ, თუ რატომ გაჩნდა საჭირო ცალკე ნაპირდაცვის სამუშაოები იმ ზოლში, სადაც ეროზიული პროცესები შედარებით ნაკლებად შეიმჩნევა.

გოჩა კამკია ამას არ ეთანხმება და ამბობს, რომ „ეს არის ერთ-ერთი ზონა, სადაც ნაპირი საჭიროებს გამაგრებას. ზოგადად, შავი ზღვის მთელი აკვატორია კატასტროფულ დღეშია და ბათუმში ყველგან არის საჭირო ნაპირის დაცვა. ნაპირდაცვის კომპონენტს ჩვენს ნაწილში, ვიღებთ ჩვენს თავზე და ამ მხრივ ჩვენ სახელმწიფო ბიუჯეტს მინიმუმ 20 მილიონს ვუზოგავთ. ამიტომ, ამჟამად მხოლოდ ნაპირდაცვით სამუშაოებზე გვაქვს მიმართული… ხელოვნურ კუნძულს რაც შეეხება, ეს არის ჩვენი საინვესტიციო ვალდებულება და შემდგომში კანონის მოთხოვნათა დაცვით ვიმოქმედებთ“.

„შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის/ ნახევარკუნძულის მოწყობა და მასთან დაკავშირებული სამუშაოები“, საქართველოს მთავრობამ რამდენიმე დღის წინ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ჩამონათვალში შეიტანა. ასეთი ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობებს კი, ცალკე კანონი განსაზღვრავს.

„ახალშექმნილი ტერიტორია“ მთლიანად შთანთქავს ბარცხანის პლაჟს. გოჩა კამკიას განცხადებით კი, „საინვესტიციო პროექტი კუნძულთან ერთად გულისხმობს ხელოვნური პლაჟის შექმნასაც, რომელიც საჯარო სივრცე იქნება“.

რამდენიმე დეტალი სკრინინგის ანგარიშიდან:

  • „ნაპირდამცავი ჯებირის მოწყობა დაგეგმილია მდინარე ბარცხანის და მდინარე კუბასწყლის შესართავებს შორის მოქცეული სანაპირო ზოლის მიმდებარე საზღვაო აკვატორიაში;
  • საპროექტო ტერიტორიის პერიმეტრზე დაგეგმილია დამცავი კედლის მოწყობა, ხოლო კედლის შიგნით მოქცეული ტერიტორია შეივსება ინერტული მასალით;
  • დამცავი კედლის საძირკვლის მოსაწყობად, წყალქვეშა ფერდის ექსკავაციის სამუშაოების ჩატარება დაგეგმილი არ არის, რაც მნიშვნელოვანია საპროექტო აკვატორიის წყალქვეშა ფერდის ნავთობით და ნავთობპროდუქტებით ისტორიული დაბინძურებიდან გამომდინარე, რადგან ექსკავაციის შემთხვევაში ადგილი ექნებოდა დაბინძურებული ფსკერული ნალექების გავრცელებას;
  • დამცავი კედლის ჯავშნის და ფილტრის მოსაწყობად გამოყენებული იქნება 2-4 ტონა ქვები;
  • კედლების მშენებლობისათვის საჭირო ქვების შემოტანა დაგეგმილია ლიცენზირებული კარიერებიდან, კერძოდ: ხალას, ახალშენის და ქედის კარიერებიდან. კარიერებიდან მასალის ტრანსპორტირება განხორციელდება თვითმცლელი ავტომანქანების საშუალებით;
  • საჭირო ქვების და ინერტული მასალების საერთო მოცემულობა იქნება 350 000 კუბური მეტრი. მათ შორის, დამცავი კედლისთვის საჭირო ქვების მოცულობა 20 000 კუბური მეტრი;
  • პროექტის მიხედვით, ნაპირდამცავი კედლის სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვადა შეადგენს 14 თვეს, მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების ვადა იქნება 1 თვე…“

დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით, მისამართზე: თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge [შენიშვნის/მოსაზრების ელფოსტაზე გაგზავნისას მიუთითეთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს].


ხელისუფლებამ 1 ლარად გადასცა 89 ჰექტარი ზღვა კომპანიას, რომელმაც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ ბათუმში კუნძულის აშენებას გეგმავს. რა ვიცით ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე? – ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

რიჟვაძე: ბათუმში აშენდება პალმის მსგავსი ხელოვნური კუნძული

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: