ბათუმში ბავშვთა ფეხბურთზე მზარდი მოთხოვნაა. ქალაქში 7 კერძო საფეხბურთო სკოლაა, სადაც ასობით ბავშვი სწავლობს.
რა სჭირდება ბავშვთა ფეხბურთს განვითარებისთვის და რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა, სანამ შვილს ფეხბურთზე შეიყვანენ, ჰკითხა „ბათუმელებმა“ ორი საფეხბურთო სკოლის, „დელფინის“ მწვრთნელს იურა ალეფირენკოს და „პორტუსის“ პრეზიდენტს, ჯაბა ჭანტურიას.
„20 წელია ამ სფეროში ვარ და მსგავსი არ მახსოვს,“ – ბავშვების მხრიდან ფეხბურთისადმი გაზრდილი ინტერესით იწყებს საუბარს „ბათუმელებთან“ საფეხბურთო კლუბ „პორტუსის“ პრეზიდენტი, საფეხბურთო მენეჯერი ჯაბა ჭანტურია.
„ძალიან ბევრი ბავშვია დაინტერესებული ფეხბურთით. ამას, პირველ რიგში, ხელი შეუწყო ბათუმის ახალმა სტადიონმა და ბათუმის „დინამოს“ წარმატებებმა. ამ რაოდენობის ბავშვების ნაკადმა კი გააჩინა აუცილებლობა, ქალაქში გახსნილიყო საფეხბურთო სკოლები,“ – ამბობს ჯაბა ჭანტურია.
მისივე თქმით, ბავშვთა გაზრდილ ნაკადს ვერცერთი საფეხბურთო სკოლა მომზადებული ვერ შეხვდა.
დღეს ბათუმში მოქმედი საფეხბურთო სკოლების უმეტესობას არ აქვს საკუთარი ინფრასტრუქტურა, ამიტომ ვარჯიშები მუნიციპალურ მინი საფეხბურთო მოედნებზე ტარდება, რომელიც ხშირ შემთხვევაში სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ხოლო მაღალი დონის მოედნები კერძო საკუთრებაშია და მისით სარგებლობისათვის სკოლებს სოლიდური თანხის გადახდა უწევთ.
„მოგეხსენებათ, რომ საწვრთნელი ბაზა ბათუმის „დინამოს“ გარდა არცერთ საფეხბურთო სკოლას არ გააჩნია. ამიტომ ვარჯიშები მუნიციპალურ საფეხბურთო მოედნებზე ტარდება. ერთი მოედანი არის ახალ ბულვარში, მეორე არის ყინულის სახლის ტერიტორიაზე, ასევე არის მოედანი ბაგრატიონის ქუჩაზე. ცალკეული სკოლა არჩევს ორ-სამ ადგილს, სადაც ატარებს ვარჯიშებს,“ – ამბობს ჯაბა ჭანტურია.
საფეხბურთო სკოლებში სწავლის თანხა განსხვავებულია. იწყება 50 ლარიდან და რიგ შემთხვევაში 110-120 ლარზე ადის.
- რა პრობლემები აქვს ბავშვთა ფეხბურთს
საფეხბურთო სკოლა „დელფინი“ იურა ალეფირენკომ ერთი წლის წინ დააარსა, მაშინ, როდესაც კიევიდან ბათუმში გადმოვიდა საცხოვრებლად.
„თავიდან კიევში გვინდოდა ამ ყველაფრის გაკეთება, დაბრუნებას ვგეგმავდი. მაგრამ აქ არსებული მდგომარეობა რომ დავინახე – ვარჯიშებზე ვაკვირდებოდი რა ხდებოდა მოედნებზე, მივხვდი, რომ 10-15 წლით უკან ვართ. ამიტომაც გადავწყვიტე დამეფუძნებინა საკუთარი სკოლა. იმიტომ, რომ შორს ვართ იმ რეალობისგან, რაც ხდება დღეს თანამედროვე ფეხბურთში. ამ ვარჯიშებით, ამ მიდგომით, ამ ყველაფრით ძალიან შორს ვართ,“ – ამბობს იურა ალეფირენკო.
იურა ალეფირენკოს ვთხოვეთ დაესახელებინა ის მთავარი პრობლემები, რომელიც დღეს ბათუმში ბავშვთა ფეხბურთს აქვს.
„ინფრასტრუქტურა და მწვრთნელები, თუმცა მწვრთნელები – ჩემთვის ეს არის მაინც პირველი პრობლემა. ამიტომაც დავრჩი ამ ქალაქში. ჩემს ირგვლივ მაინც თუ შევძლებ რამეს შეცვლას და მაქვს იმედი რომ შევცვლი.
მეორე არის ინფრასტრუქტურა, რომელიც არ გვაქვს. ადრე, ჩემს ბავშვობაში უფრო მეტი მოედნები იყო, ვიდრე ახლა.
მოედნები აკლია ბათუმს, დიდი მოედნები. გვყავს საფეხბურთო სკოლები, რომლებიც ხან სად ვარჯიშობენ და ხან სად. ჩვენ მაგალითად უბნებშიც ვვარჯიშობთ. უბანში რომ შევდივართ, გვიწევს ჭიდაობა – „ცოტახანს დაგვითმეთ მოედანი“ ან „გთხოვთ, ათი წუთიც გვადროვეთ“, – ამბობს იურა ალეფირენკო.
არასაკმარის მოედნებს და ინფრასტრუქტურას ასახელებს მთავარ პრობლემად ჯაბა ჭანტურიაც.
„პირველი არის ინფრასტრუქტურა და მეორე არის მეტ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა. საერთაშორისო ტურნირები საშუალებას აძლევს ჩვენს აღსაზრდელებს, შეეჯიბრონ საერთაშორისო წამყვანი საფეხბურთო აკადემიების გუნდებს, ისეთების, როგორიცაა იტალიის, თურქეთის, გერმანიის, ესპანეთის… ეს საჭიროა ბავშვების ფსიქოლოგიური მდგრადობის განვითარებისთვის. რომ მიხვდნენ, ისინიც ჩვენნაირი ბავშვები არიან და შეიძლება მათთან არამარტო საფეხბურთო პაექრობა, არამედ გამარჯვების მოპოვებაც,“ – ამბობს ჯაბა ჭანტურია.
- ძველი სამწვრთნელო სკოლა და ახალი რეალობა
„ბათუმში არის ძალიან სუსტი მწვრთნელები,“ – ამბობს იურა ალეფირენკო და იქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ამ პრობლემის გამოსწორებას ცდილობს.
კერძოდ, ფედერაციამ დანერგა სწავლების ახალი სისტემა, რომლითაც ახალი თაობის მწვრთნელები გაიზრდებიან. ეს მწვრთნელები კი ახალი მიდგომებით აღზრდიან პატარა ფეხბურთელებს.
„ფეხბურთის ფედერაციაში ვსწავლობ. ძალიან კარგი სწავლება აქვთ, თანამედროვე. ჩვენზე ასაკიანი მწვრთნელებიც კი იძახიან, რომ შედარებაც არააო, „ახლა რომ გავსულიყავით გამოცდაზე, ვერ ჩავაბარებდითო“. მათ ადრე რაღაც კვალიფიკაცია კი აიმაღლეს, მაგრამ დღეს სულ სხვა სწავლებაა. ეს ახალი სწავლება, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ დანერგა, გამოიწვევს უფრო კარგ მწვრთნელებს, უფრო შედეგზე ორიენტირებული მწვრთნელების თაობა წამოვა.
ჩემ მიერ ნათქვამი „შედეგი“ ზოგს არასწორად ესმის. შედეგი არის ის, რომ ბავშვი განვითარდება და არა ის, რომ „დღეს მე „დინამო“ თბილისს მოვუგე თუ წავაგე“. ამ შედეგზე მაქვს საუბარი,“ – ამბობს იურა ალეფირენკო.
- რა გავლენას ახდენს ბავშვობაში ვარჯიშის დროს მიღებული ტრავმები საფეხბურთო კარიერაზე
„საკმაოდ მწვავე საკითხია და ცუდ მდგომარეობაში გვაქვს სპორტული მედიცინა,“ – ამბობს ბავშვი ფეხბურთელების ტრავმებზე საუბრისას ჯაბა ჭანტურია. მისი თქმით, არცერთ საფეხბურთო სკოლას არ ჰყავს სამედიცინო წარმომადგენელი. გარდა ამისა, ბათუმში პრობლემაა სპორტული მედიცინის მუშაკის პოვნაც. ტრავმებს ხელს უწყობს უხარისხოდ გაკეთებული მინი მოედნები.
„ეს პირდაპირ აზიანებს ბავშვების ჯანმრთელობას. მაგრამ აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ რიგი ტრავმები გამოწვეულია არასწორი წვრთნისგან. გარკვეული პერიოდის შემდეგ [მწვრთნელების მხრიდან] ხდება ტრავმების გადაბრალება უხარისხო მოედნებზე.
მაგრამ საფეხბურთო მოედანი სტანდარტების შესაბამისი რომ არ არის, ეს თავიდანვე ვიცით. ამიტომ ვარჯიშები იმდაგვარად უნდა იყოს დაგეგმილი, რომ ბავშვები მაქსიმალურად დაბალი ინტენსივობით დატვირთონ. ასე ბავშვი აღარ მიიღებს ტრავმას,“ – ამბობს ჯაბა ჭანტურია.
სპორტული მოედნები, რომ ცუდი და უხარისხოა ამაზე საუბრობს იურა ალეფირენკოც.
„ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა არის ის, რომ ბავშვები იყვნენ ჯანმრთელები. ჩვენთან 6-12 წლამდე ბავშვებში ისეთი ფიზიკური დატვირთვები არ არის, რომ მშობლებმა ინერვიულონ – ვაიმე სად გავუშვი, ისეთი დატვირთვები არ მისცეს მწვრთნელმა, რომ მუხლების პრობლემა დაეწყოს.
მაგალითად, მაგნოლიასთან მდებარე მოედანი, რომელზეც ვვარჯიშობთ, არის ძალიან ცუდი. ამიტომ აქ ბავშვებს არ ვთხოვთ, რომ ჩაიცვან ბუცები. აზრი არ აქვს აქ ბუცების ჩაცმას. მაშინ ჩვენ თვითონ დავიწყებთ მუხლების და მყესების გაფუჭებას, აქ რომ ბუცებით ვავარჯიშოთ ბავშვები,“ – ამბობს იურა ალეფირენკო.
იურა ალეფირენკოს თქმით, არსებობს სპეციალური პროგრამა, რომლითაც შესაძლებელია შეამოწმო თუ რა პრობლემა აქვს ბავშვს.
„ხშირი პრობლემა, რასაც გუნდში ვაწყდებით, არის მყესების პრობლემა. ყველას ჩავარდნილი აქვს ფეხები და ამის გასწორებაა ჯერ საჭირო. ზოგს ზურგის პრობლემა აქვს. ამას სანამ არ გაასწორებ, შენ ფიზიკური დატვირთვა არ შეგიძლია. ტერფებს, მუხლებს ყველაფერს ყურადღებას ვაქცევთ და მერე ვიწყებთ ჩვენს სავარჯიშო გეგმას.
ბევრი მეთოდია ფეხბურთში, ბევრნაირად გამხდარან ფეხბურთელები, მაგრამ მე ვუბრუნდები მთავარს – ჩვენ გვაქვს შეხება 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებთან. ეს ასაკი იმდენად საბაზისოა, აქ თუ ჩვენ ბავშვი დავაზიანეთ, მერე ჩვევების გადასწორება 15-16 წლის ასაკში ძალიან რთული იქნება. თუ ბავშვს არ აქვს სწორი მუხლები, ამის გასწორებაზე თუ დღეს არ ვიმუშავეთ, 15 წლის ასაკში მისი კარიერა ჩათვალეთ დამთავრებულია,“ – ამბობს იურა ალეფირენკო.
ის თვლის, რომ მწვრთნელმა მუდმივად უნდა ისწავლოს, გაეცნოს თანამედროვე მიდგომებს და შემდეგ ეს ცოდნა ბავშვებს გადასცეს. ამ პროცესში კი მწვრთნელებს სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს. მას ვკითხეთ, როგორ შეუძლია სახელმწიფოს არსებული სიტუაციის გამოსწორება.
„მწვრთნელებით. ფეხბურთის ფედერაციას უნდა მოსთხოვოს, რომ გამოუშვას უფრო მაგარი და ჭკვიანი მწვრთნელები. უფრო გაამკაცრონ იქ სწავლება. უფრო მომთხოვნი უნდა იყოს, რაც გაკეთდა უკვე. ახლა მე ვსწავლობ და ვხედავ. როგორც ვიცი, ადრე არ იყო ასეთი მოთხოვნა და კი გვეტყობა, ყველანაირად გვეტყობა. თუ ჩვენ პატარებიდან არ დავიწყეთ, დიდებში შედეგი როგორ გვექნება?“ – კითხვას სვამს ფეხბურთის მწვრთნელი.
- მშობლების ფაქტორი
საფეხბურთო სფეროში მომუშავე პროფესიონალები ბავშვ ფეხბურთელთა წარმატების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ასახელებენ მშობლებს, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში არასწორი მოლოდინები აქვთ და საბოლოოდ აზიანებენ ბავშვის წვრთნის პროცესში.
„მშობლებიც ძალიან შორს არიან დღევანდელი რეალობისგან თუ რა ხდება ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ. საზღვარგარეთ უფრო აქცევენ ყურადღებას, თვითონ ბავშვის განვითარებას და არა – „დღეს მოიგო ჩემმა ბავშვმა თუ წააგო“. ეს ძალიან დიდი პრობლემაა. მოგება – წაგებაზე მშობლები უპირისპირდებიან ერთმანეთს. თუ წააგო გუნდმა – ფუ, მწვრთნელი არ ვარგა, წამოდი ვეძებოთ რაღაცა სხვა გუნდში გადავიდეთ და ა.შ.“ – ამბობს იურა ალეფირენკო.
„ჩვენი სკოლა აქტიურად მუშაობს არამარტო ბავშვების წვრთნაზე, არამედ ვმუშაობთ ცნობიერების ამაღლებაზეც. მშობლებს სწორი ინფორმაცია გვინდა მივაწოდოთ, სად არიან მათი შვილები, რა არის ჩვენი მიზანი და რა გვინდა, რომ მივიღოთ სამომავლოდ.
ქართველი მშობელი აქტიურია – ჩართულია, როგორც გუნდის შენებაში, ასევე თავისი შვილის წარმატებაში და მაქსიმალურად გვერდში უდგანან სკოლის განვითარებას და შვილს რა თქმა უნდა. არის მომენტები, როდესაც ემოციები ცოტა ზედმეტი გამოდის, მაგრამ ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობ. ვცდილობთ მივაწოდოთ ინფორმაცია მშობლებს, რათა ისინი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში იყვნენ ჩართულები,“ – გვითხრა ჯაბა ჭანტურიამ.
- რას ნიშნავს არასწორი წვრთნა და როგორ არ უნდა მოიქცეს მშობელი
„როდესაც ბავშვთა ფეხბურთზე ვსაუბრობთ… მე ხშირად მინახავს კი არადა, მეც როცა პატარა ვიყავი, ასე ხდებოდა: თამაშის დაწყებამდე 20 წუთით ადრე მწვრთნელი გველაპარაკებოდა -„აბა დღეს ასე უნდა ვქნათ, ისე უნდა ვქნათ“. ფაქტობრივად თამაშის წინ მიდიოდა/მიდის ფეხბურთის სწავლება.
ის ერთი კვირა რას შვრებოდნენ?
თამაშის წინ რომ კრებ პატარა ბავშვებს, მანამდე რას აკეთებდი?
ბავშვი თამაშის დღეს ისედაც განცდებშია… ბედნიერია. ასევე აქ მთავარია, გზაში, სანამ სტადიონზე მოვა, მშობლები რას ეუბნებიან.
პირველ რიგში, თქვენ ბავშვთან არ გიწევთ ურთიერთობა, მშობელთან გიწევთ. თუ მშობელი მოგყვებათ და თქვენს რჩევებს ითვალისწინებს, მაშინ უკვე გიადვილდებათ ბავშვთან ურთიერთობა.
ბავშვები თამაშზე ისედაც მოტივირებულები არიან და ისინი ყველაფერს ხედავენ: ხედავენ თამაშის დროს როცა გოლს გაუშვებს, ამაზე როგორია მშობლის რეაგირება. მშობელი რას ამბობს? როგორი სახით ზის? მხარდაჭერა არის თუ არ არის. მწვრთნელი როგორ იქცევა? ეუბნება: „არა უშავს“ თუ „ბიჭო რა ქენი? ეს რა გააკეთე“?
დაინახა მშობელმა, რომ მწვრთნელი გაბრაზდა. მერე ამ ბავშვს სანამ სახლში მივა, მეორე შიში მანქანაში აქვს. თუ მშობელი ეუბნება – „შენ ასეთო, შენ ისეთო, იქ ასე რატომ არ გააკეთე?“ – აქ უკვე ჩნდება „მშობელი მწვრთნელი“. თითქოს ერთი მწვრთნელი არ ეყო თამაშზე, ის მწვრთნელი, რომელიც უკმაყოფილოა – რა ქენით, უნდა მოგეგოთ, უნდა გაგეტანათ, როგორ ვერ გაიტანეთ, სად იხედებოდით?
ამ დროს ბავშვი როგორია? სტადიონზე რამემ რომ გადაიფრინოს, შეიძლება მაგას გააყოლოს თვალი ბურთის ნაცვლად. თამაშებზეც ხდება ასეთი რაღაცები. ასეთ რეაგირებაზე ბავშვი ისტრესება, შიში უჩნდება, მერე საერთოდ აღარ უნდა მოედანზე გამოსვლა და თამაში,“ – ამბობს იურა ალეფირენკო.
მისი თქმით, ბავშვთა ჯგუფებში ცდილობს ინოვაციური მიდგომები დანერგოს, რათა ბავშვებისთვის ვარჯიში უფრო სასიამოვნო იყოს, ვიდრე სტრესული.
„მოგება-წაგება ჩვენთვის შედეგი არ არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ვარჯიშებზეც ვთამაშობთ ისე, რომ ანგარიშები არ გვაქვს. 2014 წელს დაბადებულ ბავშვებს შორის ფესტივალი ჩავატარე. ბავშვები გავაფრთხილე – დღეს ვთამაშობთ ისე, რომ შედეგი არ არის. გოლები ვინ რამდენი გაიტანა, რამდენი გაუშვა არაფერს არ ვანგარიშობთ. ბავშვები იცით რა ბედნიერები იყვნენ? მაგრამ უკმაყოფილო მშობლები იყვნენ მოედნის გარეთ – რას ჰქვია შედეგი არ არის? აბა როგორ გავიგო ვინ მოიგო – ვინ წააგო? ბავშვები ბედნიერები არიან, მშობლები კი უკმაყოფილოები.
ჩვენ შეიძლება ბურთი გავათამაშოთ, დავკარგოთ, გოლი გავიტანოთ, მაგრამ არ ვუღალატებთ ჩვენს სტილს. ჩვენთან ბავშვმა იცის, რომ შეიძლება რაღაც არ გამოუვიდეს, მაგრამ ამის გამო მას არ გაუბრაზდებიან. მას მხარს დაუჭერენ.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ვთამაშობთ იმისათვის, რომ მოვიგოთ, მაგრამ სტილი და ფილოსოფია, რაც გვაქვს, როგორ უნდა მოვიგოთ, ამას არასდროს ვუღალატებთ“.
___
მთავარი ფოტო: იურა ალეფირენკო და ჯაბა ჭანტურია