მთავარი,სიახლეები

რას ითხოვს ხალხი და რას პასუხობს მთავრობა – პეტიციები აჭარაში

28.09.2022 • 1151
რას ითხოვს ხალხი და რას პასუხობს მთავრობა – პეტიციები აჭარაში

საბავშვო ბაღის მშენებლობა, სკვერის მოწყობა, კაპიტალური საკანალიზაციო არხის მშენებლობა, ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია, წიგნადი ფონდის განახლება, ძეგლის მოვლა, ბულვარის გადარჩენა, ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობა, ადაპტური ტექნოლოგიების პროგრამის დაფინანსება, კონკრეტული მშენებლობის შეჩერება და სხვა – ბოლო წლებში აჭარის მუნიციპალიტეტებში შესული პეტიციები თავიანთი შინაარსით იმდენად მრავალფეროვანია, ისინი ვინმეს გულდასმით რომ შეესწავლა, აღერიცხა და მათი გადაჭრის გზებზე ეფიქრა, კარგი წინასაარჩევნო პროგრამა გამოუვიდოდა თვითმმართველობის არჩევნებისთვის.

პეტიცია ერთ-ერთი შესაძლებლობაა ამომრჩევლისთვის, მიმართოს თავისივე არჩეულ საკრებულოს კონკრეტული მოთხოვნით.

კოდექსი პეტიციას თვითმმართველობის განხორციელებაში ამომრჩევლის მონაწილეობის ერთ-ერთ ფორმად განიხილავს. მეორე მხრივ კი, პეტიცია შესაძლებლობად შეგვიძლია განვიხილოთ არჩეული ორგანოსთვისაც, რომელსაც რეალურად აინტერესებს, რა საკითხები დგას მწვავედ დღის წესრიგში მოსახლეობისთვის. მუნიციპალიტეტს შეუძლია ბიუჯეტის შედგენისას არგუმენტირებულ, დასაბუთებულ გეგმად გამოიყენოს მოსახლეობის მოთხოვნების ჩამონათვალი, თუმცა როგორც პეტიციების შედეგების შესწავლით ირკვევა, ასე არ ხდება. 

აჭარაში პეტიციის წარდგენის ორი გზა არსებობს – მოქალაქეს შეუძლია პეტიციით მიმართოს იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სადაც ის ოფიციალურად არის დარეგისტრირებული ან აჭარის უმაღლეს საბჭოს.

მუნიციპალიტეტის შემთხვევაში პეტიციაზე მხარდასაჭერად ხელმოწერის დაფიქსირება შეუძლიათ მხოლოდ ამ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს, უმაღლესი საბჭოს შემთხვევაში კი, აჭარაში მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მისთვის მისაღებ მოთხოვნას დაუჭიროს მხარი, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ის.

„ბათუმელებმა“ შეისწავლა, მოჰყვა თუ არა რეალური შედეგი მუნიციპალიტეტებში, ასევე აჭარის უმაღლეს საბჭოში დარეგისტრირებულ რომელიმე პეტიციას. 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს მოსახლეობამ საბავშვო ბაღის მშენებლობის მოთხოვნით პეტიცია აჭარის უმაღლეს საბჭოში დაარეგისტრირა. ეს სოფლის მოსახლეობის უკვე მეორე მცდელობაა. იმავე შინაარსის პეტიციით 2017 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსაც მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. უმაღლესი საბჭოს საფინანსო -საბიუჯეტო კომისიამ პეტიცია განიხილა და ის ისევ მუნიციპალიტეტს და, ასევე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარუდგინა „მოსაზრებისთვის“. პასუხი უმაღლეს საბჭოს ჯერ არ მიუღია, ამ პასუხს კი პეტიციის 200-ზე მეტი ხელმომწერი ელოდება.

ხელვაჩაურში, სოფელ ერგეში მოსახლეობა 5 წელია საბავშვო ბაღს ითხოვს პეტიციით. ახლა სოფელ ერგეში ე.წ. დროებითი ბაღია გახსნილი საჯარო სკოლის შენობაში.

ხელვაჩაურის მერიასა და საკრებულოს 2017 წლიდან დღემდე პეტიციით სთხოვდნენ:

  • საბავშვო ბაღის მშენებლობას ზედა სალიბაურში;
  • სოფელ აჭარისწყალში მდებარე ამორტიზებული კულტურის ცენტრის რეაბილიტაციას;
  • ფერიის საჯარო სკოლასთან კაპიტალური საკანალიზაციო არხის მშენებლობას;
  • ახალსოფელში სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობას;
  • დამისამართებულ ადგილებზე აბრებისა და ნიშნულების მოწყობას;
  • სოფელ მახოში კულტურის ცენტრის მშენებლობას;
  • სოფელ წინსვლაში მე-20 ქუჩის რეაბილიტაციას.

ამ მოთხოვნებიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა მხოლოდ სკვერის მოწყობა და რამდენიმე სახელდების დამტკიცება მოახერხა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეებმა დაგვის კულტურის ცენტრის გადასარჩენად პეტიცია 2021 წელს დაარეგისტრირეს და შენობის რესტავრაცია მოითხოვეს. შენობა საბჭოთა პერიოდშია აშენებული ბერძნული აკროპოლისის ელემენტებით. შენობის გადარჩენას სოფლის მოსახლეობა ათზე მეტი წელია ითხოვს, მაგრამ მათი ხმა დღემდე არავის ესმის.

2021 წელს პეტიციას ხელს 701 მოქალაქე აწერდა. ერთი წელი გავიდა, თუმცა შენობა იმავე მდგომარეობაშია, მერიას რეაბილიტაციის დასაწყებად თანხა ჯერ არ აქვს.

კულტურის სახლი დაგვაში, რომლის რეაბილიტაციასაც მოქალაქეები ითხოვენ

2021 წელს მოქალაქეებმა პეტიციით მოითხოვეს ქობულეთის ცენტრალური ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია და წიგნადი ფონდის განახლებაც. მოქალაქეები წერენ, რომ ბიბლიოთეკა წლების განმავლობაში ამორტიზებულ შენობაში ფუნქციონირებს და „ეს მნიშვნელოვნად აფერხებს ქალაქის კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას.“

ბიბლიოთეკის შენობა

„მწვანე უბნები ბათუმს“ – პეტიცია ამ სახელწოდებით მოქალაქეებმა ბათუმის საკრებულოში გასული წლის ივლისში დაარეგისტრირეს. პეტიციით მოქალაქეები ბათუმში არსებული 93 მწვანე ადგილისთვის სკვერის, პარკის ან ხეივნის სტატუსის მინიჭებას ითხოვდნენ. მერიაში ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ ისევ მუშაობენ

2017 წლიდან დღემდე ქობულეთის მერიასა და საკრებულოში ასევე ითხოვდნენ: ინტენსიური სატრანსპორტო მოძრაობის მონაკვეთებში გზაჯვარედინებსა და წრიულებთან შუქნიშნების დამონტაჟებას და ხანდაზმულთა თავშესაფრის მოწყობას. პირველი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მეორე – არა.

2016 წლიდან დღემდე შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას პეტიციით სთხოვდნენ ადგილობრივი გზებისა და სანიაღვრე არხების მოწყობას და სოფელ წაბლანაში ე.წ. წისქვილის ხიდის რეაბილიტაციას. შუახევში მოსახლეობის ეს მოთხოვნა დააკმაყოფილეს.

2022 წლის მარტში აჭარის უმაღლეს საბჭოში ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების პროგრამის დაფინანსების მოთხოვნით პეტიცია შევიდა. პეტიციის ავტორმა თამილა ფუტკარაძემ შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სპეციალური ტრანსფერის გათვალისწინება მოითხოვა.

მოთხოვნის ტექსტში პეტიციის ავტორი წერს, რომ ქალთა ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესებში გამოწვევად რჩება, რასაც ის გენდერული უთანასწორობის ერთ-ერთ მიზეზადაც ასახელებს: „გენდერული უთანასწორობის ერთ-ერთი შედეგი კი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობაა“ – წერს ავტორი.

ის პეტიციაში საუბრობს, ასევე, 2019 წელს ქალთა გაძლიერების მიზნით ფაქტობრივად მიზერული ბიუჯეტის მქონე პროგრამის მნიშვნელობაზე, რომლითაც სულ რაღაც სამი იდეის დაფინანსება მოუხერხებიათ:

„საქართველოს მასშტაბით პირველად, 2019 წელს შუახევის მუნიციპალიტეტმა განახორციელა 9000 ლარით ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის იდეების დაფინანსება, ჯამში დაფინანსდა 3 იდეა. 2020 წელს პანდემიიდან გამომდინარე პროგრამა არ განხორციელებულა, პროგრამის თანხა სოციალურ საკითხებს მოხმარდა, 2021 წელს კი ბიუჯეტი 10 500 ლარი იყო და 4 გამარჯვებული გამოვლინდა. პროგრამა დღესაც წარმატებით მიმდინარეობს და მისი ბიუჯეტი 15 000 ლარია. ასევე, 2022 წელს ქედის მუნიციპალიტეტმაც შეძლო 15 000 ლარის მობილიზება ადგილობრივ ბიუჯეტში ქალთა იდეების დაფინანსებისთვის.“

პეტიციის ავტორი ითხოვს მთავრობამ შეიმუშაოს მიზნობრივი პროგრამა, რომელიც სპეციალური ტრანსფერით დაფინანსდება. ამ პეტიციას 263 ხელმოწერა აქვს.

პეტიცია თავისი დასკვნებით უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობას და მუნიციპალიტეტებს გადაუგზავნა. მთავრობის აპარატის უფროსმა ჯაბა სურმანიძემ უმაღლეს საბჭოს ასევე წერილობით უპასუხა, რომ „აჭარის მთავრობა და შესაბამისი უწყებები მიესალმებიან სხვადასხვა სფეროში ქალთა როლის გაძლიერებას და ამ მიზნით მათ საჭიროებებზე ორიენტირებული პროექტების/პროგრამების ინიცირებას“.

ჯაბა სურმანიძე ასევე წერს: „ სასურველია პეტიციის განხილვაში ჩართული იქნეს შესაბამისი უწყების წარმომადგენლები.“ მან ამ წერილს მთავრობის წევრებისა და მერების ოფიციალური გამოხმაურებებიც თან დაურთო.

შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე მთავრობას პასუხობს, რომ დაფინანსება მწირია და შესაბამისად, საუკეთესო ბიზნესიდეები დაფინანსების გარეშე დარჩა.

მთავრობის წევრებიდან გამორჩეული იყო აჭარის განათლების მინისტრის, მაია ხაჯიშვილის პასუხი. მინისტრმა ჩამოწერა პროგრამები, რომლებშიც მეტი ქალი მონაწილეობს. იგი ასევე წერს, რომ მისი „სამინისტრო მიესალმება სხვა სფეროებში ინიცირებული, ქალთა როლის გაძლიერების მიზნით, მათ საჭიროებებზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას.“

აჭარის უმაღლეს საბჭოს პეტიციით მიმართა ასევე მოქალაქე იზა ფუტკარაძემ, მან შუახევის სოფლებში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მოითხოვა. ამ პეტიციის პასუხად მთავრობა აჭარის უმაღლეს საბჭოს წერს:

„საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამის ფარგლებში, ა(ა)იპ „ოუფენ ნეტის“ მიერ, ოპტიკური ქსელის მშენებლობა დაგეგმილია შუახევის მუნიციპალიტეტის 30 -მდე სოფელში. პროგრამის სამიზნე გეოგრაფიული არეალი მათ შორის მოიცავს სოფ. ინწკირვეთსაც. აღნიშნულ მუნიციპალიტეტში ქსელის მშენებლობის ტენდერის გამოცხადება დაგეგმილია 2023 წლისთვის“. 

მოქალაქეები პეტიციით ითხოვენ აჭარაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის ადაპტური ტექნოლოგიების მხარდამჭერი პროგრამის ან ქვეპროგრამის დაფინანსებას. შესაბამისი შინაარსის პეტიცია აჭარის უმაღლეს საბჭოში 2022 წლის 5 სექტემბერს მაია ქათამაძემ დაარეგისტრირა. ის წერს ასევე, რომ პროგრამით 55 პირი ისარგებლებს და პროგრამის დასაფინანსებლად ბიუჯეტში 60 000 ლარის გათვალისწინებას ითხოვს. მოქალაქეებს ჯერ პასუხი არ მიუღიათ.

აჭარაში არსებულ ხის მეჩეთებთან დაკავშირებით მოამზადა პეტიცია „სოლიდარობის თემმა“ აჭარის უმაღლეს საბჭოში წარსადგენად. პეტიციის მოთხოვნაა, აღრიცხული და შესწავლილი იქნას და სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდეს აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებულ ხის მეჩეთებსა და ჯამეებს, როგორც ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.

იურისტი ალექსანდრე ლორთქიფანიძე, რომელიც „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტის ფარგლებში მოქალაქეებს პეტიციების მომზადებაში ეხმარებოდა, ამბობს, რომ ძირითად შემთხვევაში შედეგი არ დგება და დადებითი პასუხი მხოლოდ ისეთი მარტივი კატეგორიის პეტიციებს აქვს ხოლმე, რომელიც ითვალისწინებს სახელდების მინიჭებას ან რაიმე მსგავსს.

მოქალაქეთა ჩართულობისთვის პეტიციებზე რეაგირების მექანიზმები ეფექტურად არც გასულ წლებში მუშაობდა. 2017 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ თავის კვლევაში წერს:

„მიუხედავად მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების საკანონმდებლო დონეზე არსებობისა, მოქალაქეთა ჩართულობა აჭარის ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში არის არასაკმარისი.“ მაშინ ორგანიზაციამ არამხოლოდ პეტიციებზე რეაგირება, არამედ სამოქალაქო საბჭოების მუშაობა, საჯარო განხილვების მოწყობის ვალდებულების შესრულება, ინფორმაციის გაცემა და კანონით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულების ხარისხიც შეისწავლა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: