მთავარი,სიახლეები

უმაღლესი სასულიერო დაწესებულება მხოლოდ მართლმადიდებლებისთვის – დავა საკონსტიტუციოში

28.09.2022 • 1442
უმაღლესი სასულიერო დაწესებულება მხოლოდ მართლმადიდებლებისთვის – დავა საკონსტიტუციოში

მუსლიმი თემის ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოში იმ საკანონმდებლო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომელიც უმაღლესი საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსით საქმიანობის უფლებას მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას ანიჭებს.

მოსარჩელე იურიდიული პირი „საქართველოს სრულიად მუსლიმთა სამმართველოს“ ხელმძღვანელი მირტაგ ასადოვია, რომელმაც პარლამენტის წინააღმდეგ ჩივილი მას შემდეგ გადაწყვიტა, როცა განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრიდან წერილობითი პასუხი მიიღო – ასადოვი ისლამური სასულიერო საგანმანათლებლო დაწესებულების გახსნისთვის შესაბამის ავტორიზაციას ითხოვდა.

„მუსლიმთა სამმართველოს სურს, რომ დააფუძნოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც სტუდენტები ისწავლიან თეოლოგიას, ღვთისმსახურებას და სხვა მსგავსი შინაარსის მქონე პროფესიებს,“ – ვკითხულობთ კონსტიტუციურ სარჩელში. – „აღნიშნულის განსახორციელებლად კი, მათ სჭირდებათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვება, რასაც სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს,“ – აღნიშნულია სარჩელში.

მირტაგ ასადოვი სარჩელში აქცენტს აკეთებს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პასუხზე, სადაც ხაზგასმულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 47-ე პრიმა ხუთი მუხლი.

„ამ მუხლის თანახმად, საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება აქვთ მხოლოდ მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რაც გამომდინარეობს კონსტიტუციური შეთანხმებიდან.

მიგვაჩნია, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 475-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტისა და ამავე კანონის მე-2 მუხლის „ვ“ პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას ანიჭებს უმაღლესი საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსით საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას, არღვევს სხვა რელიგიური ორგანიზაციების კონსტიტუციურ უფლებას.

აღნიშნული მოსაზრება ეფუძნება იმას, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში მოცემული მოწესრიგებით საპატრიარქოს გარდა სხვა რელიგიურ გაერთიანებებს არ შეუძლიათ უმაღლესი სასულიერო დაწესებულების სტატუსით განახორციელონ საგანმანათლებლო საქმიანობა. ამას მოწმობს სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ პოზიციაც, რომელიც სწორედაც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 475-ე მუხლის საფუძველზე გამორიცხავს საპატრიარქოს გარდა სხვა რელიგიური გაერთიანების მიერ უმაღლესი საღვთისმეტყველო სასწავლების დაარსებისა და რელიგიური საგანმანათლებლო პროგრამების სწავლების შესაძლებლობას“, – წერია სარჩელში.

მუსლიმთა სამმართველო სარჩელში ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სეკულარიზმი არ კრძალავს სახელმწიფოს მხრიდან რომელიმე რელიგიური ორგანიზაციისთვის გარკვეული შესაძლებლობის მინიჭებას, მაგრამ ეს არ უნდა ქმნიდეს შეზღუდვას სხვა რელიგიებისთვის.

„…სეკულარიზმის პრინციპის დღევანდელი გაგება არ კრძალავს სახელმწიფოს მიერ რელიგიური ორგანიზაციებისთვის გარკვეული შესაძლებლობების მინიჭებას, მაგრამ შეზღუდვა, რომელსაც ის სახელმწიფოებს უწესებს მდგომარეობს იმაში, რომ თუ კი ისინი ასეთ შესაძლებლობას მიანიჭებენ ერთ რელიგიურ ორგანიზაციას, ასეთივე უნდა მიანიჭონ სხვა ორგანიზაციებსაც, რადგან სეკულარიზმი თავის თავში მოიცავს თანასწორობის პრინციპსაც.

შესაბამისად, არაკონსტიტუციური არ არის თავისთავად მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უმაღლესი საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსით საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობის, ისევე, როგორც ჩვენ მიერ გასაჩივრებული რიგი შესაძლებლობების მინიჭება, არამედ არაკონსტიტუციურია ასეთი შესაძლებლობების მხოლოდ მისთვის მინიჭება,“ – აღნიშნულია სარჩელში.

მირტაგ ასადოვის მოპასუხე პარლამენტი იქნება, რომელსაც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის შეცვლა მოუწევს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: