სიახლეები

ბათუმში ბიზნესგეგმის შემუშავების ორდღიანი სემინარი ტარდება – ევროკავშირის პროგრამა

28.09.2022 • 1046
ბათუმში ბიზნესგეგმის შემუშავების ორდღიანი სემინარი ტარდება – ევროკავშირის პროგრამა

პროგრამის ფარგლებში Links „რედისონ ბლუ“ ბათუმში ბიზნეს გეგმის შემუშავების ორდღიანი სემინარი ჩატარდა 26-27 სექტემბერს.

Links-ი ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების პროგრამაა. თავის მხრივ Links-ი ევროკავშირის დიდი პროგრამის ნაწილია, რომელსაც ჰქვია Skills for jobs/განათლება დასაქმებისთვის.

ეს 53 მილიონიანი პროგრამა პროფესიული განათლების და შრომის ბაზრის განვითარების მხარდასაჭერად ცხრა პროექტს აფინანსებს. ამ პროექტებს არასამთავრობო ორგანიზაციები და აკადემიური ინსტიტუციები ახორციელებენ.

ბიზნესგეგმის შემუშავების ორდღიანი სემინარი ბათუმში

პროგრამის მიზანია დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს სამუშაო ადგილების მოძიებაში, პროფესიული თუ უწყვეტი განათლების მიღებასა და მეწარმეობის გაძლიერებაში.

ჯონდო ცერცვაძე ბათუმში ბიზნეს გეგმის შემუშავების სემინარის მონაწილეა. ბიზნეს იდეა აქვს – უნდა, რომ ნივრის მწნილი აწარმოოს და პროდუქტი პოპულარული გახადოს საქართველოში. ჯონდო გორიდანაა. ბიზნესიდეა მარტივად მოუვიდა: დედის გაკეთებულ მწნილებს აკვირდებოდა, მათ შორის საუკეთესოს, ნივრის მწნილის წარმოება გადაწყვიტა.

„ბიზნესიდეები საყოფაცხოვრებო გარემოში ჩნდება. ეს იდეაც ასე მომივიდა, მწნილებს შორის ყველაზე უფრო ნივრის მწნილი მიყვარს, დედაჩემი იდეალურად აკეთებს. რატომ არ უნდა ვაქციო ეს პროდუქტად, როცა საქართველოში ნივრის მწნილს ცალკე მაღაზიაში ვერსად იყიდი? Links-ის ტრენინგებზე მეწარმეობის საფუძვლებს გავეცანი. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესის მიმართულებით არ მაქვს პროფესიული ცოდნა, ტრენინგ-სემინარებზე ბევრი რამ გავიგე და დავიჯერე, რომ ყველაფერი გამომივა“, – ამბობს ტრენინგის მონაწილე.

პროგრამას „Links“ „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“ ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაციასთან ერთად ოთხ რეგიონში: აჭარაში, გურიაში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში.

პროექტის მიზანი ამ ოთხ რეგიონში ცოდნისა და უნარების განვითარება, დასაქმების ხელშეწყობა,  შრომის ბაზრის მოთხოვნებთან მიწოდების შესაბამისობის გაზრდაა.

პროექტის ბენეფიციარები არიან ახალგაზრდები, რომლებიც არ არიან ჩართული საგანმანათლებლო პროცესში და არც დასაქმებულები არიან.

„Links“-ის პროექტში ჩართულები არიან საგანმანათლებლო სერვისების მიმწოდებლები, პროფესიული სასწავლებლები, ადგილობრივი ახალგაზრდული და არასამთავრობო ორგანიზაციები, სხვა ჯგუფები.

ერთი წლის განმავლობაში საქართველოს „ღია საზოგადოების ფონდი“, ორგანიზაცია Mindworks-თან ერთად ატარებდა სამეწარმეო ტრენინგებს ქვეყნის ზემოთ ხსენებულ ოთხ რეგიონში. 6 თვიან სემინარებს ოთხასამდე ახალგაზრდა დაესწრო.

23 წლის ლუკა თხილაიშვილიც „Links“-ის ბიზნეს გეგმის შემუშავების ორდღიანი სემინარის მონაწილეა. ლუკა აპირებს გურული სანელებლების წარმოებას და რეალიზაციას.

„ეს ხის სპეციალურ საცეხელში დამზადებული სუნელია, მზადდება ნედლი ქინძის, თხილის, მარილის და წითელი წიწაკისგან. ხის საცეხელი წყალზე მუშაობს წისქვილის პრინციპით და სუნელს ცეხვავს. ასე მზადდებოდა გურიაში ტრადიციული სუნელი, მინდა სარეალიზაციო პროდუქტად ვაქციო ჩვენი ტრადიცია“, – ამბობს ტრენინგების 23 წლის მონაწილე.

„ღია საზოგადოების ფონდის“ წარმომადგენელი, ხათუნა იოსელიანი ამბობს, რომ სამომავლოდ პროგრამა „Links“-ის ფარგლებში მოეწყობა ბიზნეს მოდელების, მარკეტინგული გეგმების და გაყიდვების გეგმის განხილვა.

ასევე ბიზნესპროექტებისთვის საჭირო რესურსების განსაზღვრა პროექტის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე.

ხათუნა იოსელიანი

„ევროკავშირის პროგრამა skills4jobs-ის სრული ბიუჯეტი 48,85 მილიონი ევროა, აქედან 7 მილიონი გაიცა 9 პროექტზე, რომელთა შორის ერთერთი ჩვენია. მიზანი არის შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და მიწოდებას შორის შესაბამისობის გაზრდა, ახალგაზრდებისათვის, მოწყვლადი ჯგუფებისა და ქალებისათვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნა, განსაკუთრებით პროფესიული განათლებისა და მეწარმეობის მიმართულებით.

ამ ორდღიან სემინარზე განვიხილავთ ასევე ფულად ნაკადებსა და ბალანსს, მოგება-ზარალის უწყისების დამუშავებას და ბოლოს გვექნება ბიზნესპროექტების წარდგენა.

ახლა გვყავს 29 მონაწილე, რომლებსაც საინტერესო ბიზნესიდეები აქვთ, ამ ბიზნესიდეებს ვხვეწთ და შემდეგ უკვე ნოემბერში გამოვაცხადებთ საგრანტო კონკურსს, სადაც მათ მონაწილეობის მიღება შეეძლებათ.

გვაქვს 8 პროექტის დაფინანსების შესაძლებლობა, თითოეული პროექტისთვის გვაქვს გამოყოფილი 4000 ევრო“, – ამბობს ხათუნა იოსელიანი.

ბიზნესგეგმის შემუშავების ორდღიანი სემინარი ბათუმში

ბათუმის ორდღიანი სემინარების მონაწილეები „Links“-ის სხვა სემინარების მონაწილეებისგან შეარჩიეს. ხათუნა იოსელიანი ამბობს, რომ შეარჩიეს ინგლისური ენის, კომპიუტერული კურსებისა და მეწარმეობის, კარიერული კურსების გამორჩეული მსმენელები.

„პროექტის ფარგლებში ვადგენთ მეწარმეობის სახელმძღვანელოსაც, რომელსაც მერე პროფესიული სასწავლებლებიც გამოიყენებენ. სახელმძღვანელო განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით შევიმუშავეთ. უკვე გვაქვს სამუშაო ვერსია, მალე საბოლოო ვერსიაც გვექნება“, – ამბობს ხათუნა იოსელიანი.


„ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ (LINKS) პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით, „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ, ხოლო აჭარის რეგიონში პროექტის პარტნიორი ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლია“ (IJH) 

გადაბეჭდვის წესი