მთავარი,სიახლეები

12,5 ჰექტარს ზღვაში ლოდებით ამოავსებენ – კუნძულის ნაპირდამცავი ჯებირი გზშ-ს გარეშე მოეწყობა

19.08.2022
12,5 ჰექტარს ზღვაში ლოდებით ამოავსებენ – კუნძულის ნაპირდამცავი ჯებირი გზშ-ს გარეშე მოეწყობა

ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის გასწვრივ [ბარცხანის პლაჟზე] „ნაპირდამცავი ჯებირი“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ-ს] გარეშე აშენდება. ეს გადაწყვეტილება გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მიიღო.

სამუშაოებს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ჩაატარებს, რომელიც ამ ტერიტორიის მიმდებარედ ხელოვნური კუნძულის მშენებლობას გეგმავს. „ნაპირდამცავი ჯებირის“ აშენება, დაახლოებით 12,5 ჰექტარ ფართობზე ზღვის ლოდებითა და ინერტული მასალით ამოვსებას გულისხმობს. ამ ლოდების შემოტანა კი სხვადასხვა კარიერებიდანაა დაგეგმილი.

ფაქტობრივად, გზშ-ს გარეშე, 12,5 ჰექტარ ზღვას ხმელეთად გადააქცევენ. ამ ნაგებობის მშენებლობისათვის საჭირო ქვების შემოტანა დაგეგმილია ხალას, ახალშენის და ქედის კარიერებიდან.

„მიღებულ იქნეს სკრინინგის გადაწყვეტილება, რომ ბათუმში, შავი ზღვის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი [ნაპირსამაგრი] სამუშაოების განხორციელება არ დაექვემდებაროს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას,“ – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებაში.

თუმცა, ამავე გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ „შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ვალდებულია „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ შესაბამისად უზრუნველყოს გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი მოთხოვნებისა და გარემოსდაცვითი ნორმების დაცვა“.

პროექტის მიხედვით, ნაპირდამცავი ჯებირის სამშენებლო სამუშაოების ხანგრძლივობა 14 თვეს გასტანს.

„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ იურისტმა რამდენიმე დღის წინ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ „ნაპირდამცავი სამუშაოები საინვესტიციო პროექტის [ხელოვნური კუნძულის“] დაწყების დაანონსება“ იყო.

„მთლიანი პროექტი უახლოეს პერიოდში იქნება მზად და კანონმდებლობის სრული დაცვით, შემდეგ ისევ მივმართავთ სახელმწიფო ორგანოებს, უკვე მთლიან პროექტზე ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მაშინ „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ იურისტმა გოჩა კამკიამ.

ამ თემაზე ვრცლად:

რიჟვაძე: ბათუმში აშენდება პალმის მსგავსი ხელოვნური კუნძული

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: