მთავარი,სიახლეები

„ვინმე ფეხზე იდგეს, არ არის მისაღები“ – როგორ ახსნა ჯინჭარაძემ სხდომაზე მოქალაქეების არ შეშვება

29.09.2022 • 1126
„ვინმე ფეხზე იდგეს, არ არის მისაღები“ – როგორ ახსნა ჯინჭარაძემ სხდომაზე მოქალაქეების არ შეშვება

„სხდომათა დარბაზში რომ ვინმე ფეხზე იდგეს, ეს ჩემთვისაც არ არის მისაღები და მოქალაქისთვის, 5 საათის განმავლობაში გველოდებოდეს მოქალაქე ფეხზე დამდგარი,“ – ამ არგუმენტით სცადა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ იმის გამართლება, რომ მოქალაქეები ბათუმის საკრებულოს სხდომებს ვეღარ ესწრებიან.

„…როგორ შეკითხვას მისვამთ ახლა იცით, ჩემზე უკეთესად ხვდებით, აქ რამდენი სკამის განთავსება შეიძლება,“ – გვიპასუხა რამაზ ჯინჭარაძემ, რომელსაც შევახსენთ, რომ დღეს 4 მოქალაქეს სურდა დასწრებოდა საკრებულოს სხდომას.

„რა საშუალებასაც მოგვცემს აღნიშნული დარბაზი, იმდენ სკამს განვათავსებთ… მაქსიმალურად გამოვიყენებთ,“ – გვიპასუხა რამაზ ჯინჭარაძემ, თუმცა ვერ დაგვიკონკრეტა, რატომ არ დაამატეს სკამები მოქალაქეებისთვის, თუკი დარბაზში ამის შესაძლებლობა არსებობს და რატომ არ განიხილავს საკრებულო სხვა ვერსიას, რაც ჩართულობის საშუალებას გააჩენს.

მოქალაქეებს საკრებულოს სხდომებზე დასწრების უფლებას თვითმმართველობის კოდექსი აძლევს.

პირდაპირ არ თქვა, თუმცა რამაზ ჯინჭარაძესთან გასაუბრებით ასევე გამოჩნდა, რა გამოსავალს ხედავს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე: „ყველასთვის ხელმისაწვდომია ჩვენი სხდომის ტრანსლაციის ყურება“, – აღნიშნა რამაზ ჯინჭარაძემ.

მოქალაქეების სხდომაზე დაშვება პრობლემა გახდა მას შემდეგ, როცა საკრებულოს წევრთა რაოდენობა 25-დან 35-მდე გაიზარდა. ამ სიახლის მიუხედავად საკრებულოს სხდომები ისევ იმ დარბაზში ტარდება, სადაც წინა მოწვევის საკრებულო იკრიბებოდა. შესაბამისად, დარბაზში რკალისებურად განლაგებულ მაგიდებსა და სკამებს კიდევ ერთი მწკრივი – მაგიდები და სკამები დაემატება. აქ მოქალაქეებისთვის განკუთვნილი ადგილები აღარ არის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: