100 წლის წინანდელი ევროპა ქართველი გენერლის ფოტოობიექტივში

ეს გენერალ გიორგი [გიგლო] ყარალაშვილის მიერ თბილისსა და ევროპულ ქალაქებში გადაღებული ფოტოებია, რომლებიც საქართველოს ეროვნული არქივის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

გიგლო ყარალაშვილი ართანელი თავადი იყო, თელავთან ახლოს მდებარე სოფლიდან. გარდა სამხედრო საქმისა და ფოტოგრაფიით გატაცებისა, იგი ცნობილი იყო, როგორც სახელგანთქმული მომღერალი.

გიგლო ყარალაშვილი 1918 წელს გარდაიცვალა, 80 წლის ასაკში. მისი ფოტოკოლექცია, რომელიც 770 ნეგატივსა და 60 პოზიტივს აერთიანებს, ყარალაშვილის ოჯახმა ჯერ კიდევ 1963 წელს გადასცა საქართველოს ეროვნულ არქივს.

„კოლექცია მოიცავს 1900-1910-იან წლებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში – საფრანგეთში, ჩეხეთში, შვეიცარიაში, ბელგიაში, ესპანეთში, იტალიაში – მოგზაურობისას გადაღებულ ფოტოებს. გენერლის ობიექტივს აღუბეჭდავს, ასევე, თბილისში გამართული სამხედრო სადღესასწაულო მარშები, კერძო პირების საცხოვრებელი სახლები, საზოგადოებრივი შეკრებები და სხვა.

მისი ფოტოკოლექციის უნიკალურობის ერთ-ერთი მახასიათებელი სტერეოგამოსახულებაა, რაც მის მიერ გადაღებულ კადრებს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს,“ – წერს ეროვნული არქივი.

 

ნიჟეგოროდის პოლკის მარში გოლოვინის პროსპექტზე. 1911 წლის 26 ნოემბერი. გიგლო ყარალაშვილის კოლექცია.
მეხანძრეების სწავლება – ხელოვნური ხანძრის ქრობა თბილისის სახაზინო თეატრის ეზოში. 1913 წელი. გიგლო ყარალაშვილის კოლექცია.
ლ.რ. ზუბალაშვილი და ა.ო. ფრიდონაშვილი. 1910 წელი. გიგლო ყარალაშვილის კოლექცია
თბილისი, 1912 წლის 23 ნოემბერი. სამხედრო აღლუმი გიორგობის დღესასწაულზე. გიგლო ყარალაშვილის კოლექცია.
ბრიუსელი, ბელგია. 1910 წელი. გიგლო ყარალაშვილის კოლექცია.
ქალბატონი კაპშა და ე.ი. თამამშევა სასტუმრო „მეტროპოლთან“. მონტე კარლო, მონაკო. 1907 წელი.
ძიძა. ნიცა, საფრანგეთი, 1908 წელი. გიგლო ყარალაშვილის კოლექცია.
ბრიუსელი, ბელგია. 1910 წელი. გიგლო ყარალაშვილის კოლექცია.
დოღი ბიარიცში. საფრანგეთი, 1910 წელი. გიგლო ყარალაშვილის კოლექცია.
კორიდა, სან სებასტიანი, ესპანეთი. 1913 წელი. გიგლო ყარალაშვილის კოლექცია.
ბაზრობა ლოზანაში. შვეიცარია, 1909 წელი. გიგლო ყარალაშვილის კოლექცია.

____________________

მთავარ ფოტოზე: პარიზი, საფრანგეთი. 1912 წელი. ფრაგმენტი გიგლო ყარალაშვილის ფოტოდან

გლოვის ნიშნად ოპოზიციამ აჭარის უმაღლეს საბჭოსთან დროშები დაუშვა

გლოვის ნიშნად აჭარის უმაღლეს საბჭოსთან ოპოზიციამ დროშები დაუშვა. ხელისუფლებამ უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლის დაღუპვის შემდეგ 6 დეკემბრის გლოვის დღედ გამოცხადებაზე უარი თქვა.

„ჩვენ დავუშვით დროშები, რადგან ქვეყნის ტრაგედიაა, როცა დაიღუპნენ ქართველი მებრძოლები,“ – ამბობს ლევან ანთაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ენმ-დან.

„ხელისუფლებამ უარი თქვა, გამოეცხადებინა გლოვის დღედ დღევანდელი დღე, ეს არის სახალხო გლოვის დღე. ხელისუფლების პრობლემაა, რომ არ აღიქვამს იმას, რომ ეს მებრძოლები იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ისინი აკავებენ აგრესორ რუსებს. ეს არის საქართველოსთვის და მშვიდობისთვის ბრძოლა,“ – გვითხრა ლევან ანთაძემ.

ლევან ანთაძემ დროშები აჭარის უმაღლეს საბჭოსთან დაშვებული დატოვა.

„არა მგონია, დღეს ვინმემ აღმართოს ეს დროშები. უმაღლეს საბჭოში ბევრი თანამშრომელია და, მათ შორის, ოპოზიციის გარდა დეპუტატები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ დღეს გლოვის დღეა. ისინი ღიად ვერ გამოხატავენ ამას,“ – დასძინა ლევან ანთაძემ.

დღეს, 6 დეკემბერს, დროშები ოპოზიციამ დაუშვა ხელვაჩაურის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთანაც.

აეროდრომებზე დარტყმები რუსეთმა სტრატეგიულ მარცხად უნდა განიხილოს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთი, სავარაუდოდ, თავის ბომბდამშენებს ენგელსის ბაზიდან სხვაგან, უფრო დაცულ აეროდრომებზე გადაიყვანს.

უწყება სარატოვის ოლქში, ენგელსის საავიაციო ბაზაზე და რიაზანთან, დიაგილევოს აეროდრომზე მომხდარ აფეთქებებს იხსენებს. ინციდენტების დროს ენგელსის ბაზაზე ორი ბომბდამშენი – Tu-95 დაზიანდა და რუსული წყაროების ცნობით, 3 ადამიანი დაიღუპა, დიაგილევოს აეროდრომზე კი – ნავთობმზიდი აფეთქდა.

აფეთქებების მიზეზები ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ. თუმცა თუ რუსეთი ამ ინციდენტებს მიზანმიმართულ თავდასხმებად შეაფასებს, მაშინ ეს ინციდენტები უნდა განიხილოს, როგორც მისი თავდაცვის ყველაზე დიდი სტრატეგიული მარცხი,“ – წერს დაზვერვა 6 დეკემბრის რელიზში.

უწყება მიუთითებს, რომ ორივე ადგილი ღრმად რუსეთის ტერიტორიაზეა, ბევრად შორს უკრაინიდან, ვიდრე სხვა აეროდრომები, რომლებზეც მანამდე აფეთქებები მოხდა. მაგალითად, ენგელსი დაახლოებით 600 კილომეტრითაა დაშორებული უკრაინელთა კონტროლირებადი ტერიტორიიდან.

„ენგელსი რუსეთის შორსმოქმედი ავიაციის მთავარი ბაზაა და იქ 30-ზე მეტი ბომბდამშენია განთავსებული. ეს ბაზა და საჰაერო ხომალდები რუსეთის ბირთვული შეკავების პროგრამის ნაწილია, თუმცა ამავე დროს ხშირად გამოიყენება უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმებისას,“ – აღნიშნავს დაზვერვა და დასძენს, რომ სავარაუდოდ, რუსეთის სარდლობა ეცდება გამოარკვიოს და მკაცრად დასაჯოს ის რუსი ოფიცრები, რომლებსაც მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილება ევალებოდათ.

დღეს დილით ასევე ცნობილი გახდა, რომ აფეთქება მოხდა რუსეთში, კურსკის აეროდრომზე. ოლქის გუბერნატორის ცნობით, დრონის შეტევის შედეგად, აეროდრომის სიახლოვეს ნავთობშემგროვებელს გაუჩნდა ცეცხლი.

რამდენიმე დღის წინ გერმანულმა გამოცემა Spiegel-მა ენგელსის საავიაციო ბაზის სატელიტური ფოტოები და ექსპერტთა შეფასებები გაავრცელა. ფოტოების მიხედვით, სამხედრო ანალიტიკოსები ასკვნიდნენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი მასშტაბური სარაკეტო შეტევისთვის ემზადებოდა. ბაზაზე ჩანდა Ту-95 და Т-160 ტიპის ათობით გამანადგურებელი.

რუსეთმა მორიგი თავდასხმა უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე გუშინ, 5 დეკემბერს განახორციელა. უკრაინის ოფიციალური ინფორმაციით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ 70 გაშვებული რაკეტიდან 60 ჩამოაგდო, თუმცა რუსების დარტყმებმა სუმის ოლქის ენერგოგამანაწილებელი ქსელი დააზიანა.

მთავარ ფოტოზე: სარატოვის ოლქი, ენგელსის აეროდრომის სატელიტური ფოტო/Maxar Technologies

რას ამბობენ ენმ-ში დაპირისპირებაზე პარტიის ლიდერები აჭარიდან

ქუჩის აქციების შეწყვეტა ის საკითხია, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერები საყვედურობენ ნიკა მელიას, ენმ-ს მოქმედ თავმჯდომარეს. პარტიაში მიაჩნიათ, რომ „გადამწყვეტი ისევ ქუჩის აქციები იქნება“.

11 დეკემბერს ენმ-ს პოლიტსაბჭო შეიკრიბება, სადაც გადაწყდება შიდაპარტიული არჩევნების ჩატარების თარიღი. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ენმ-ს თავმჯდომარეობას აპირებენ: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე.

რა ხდება რეგიონულ ორგანიზაციებში, როცა მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შორის მწვავე დაპირისპირებაა, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმდება? – „ბათუმელები“ ენმ-ს შიგნით მიმდინარე პროცესზე 2021 წლის არჩევნებზე ენმ-ს ბათუმის მერობის კანდიდატს გიორგი კირთაძეს ესაუბრა და ასევე ქობულეთის მერობის კანდიდატს, ბონდო თედორაძეს. ის ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც საჯაროდ შიდაპარტიული არჩევნები მოითხოვა.

„ოდნავ მაინც არაორგანიზებულობა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იქნება დამღუპველი, განსაკუთრებით კი, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად ბრძოლაში,“ – განსაკუთრებულ რისკს ხედავს პარტიის შიდა დაპირისპირებაში გიორგი კირთაძე, ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.

მას პარტიის შიგნით არჩევნების იდეა მოსწონს, თუმცა დღევანდელ მოცემულობაში ერთობის რისკს ხედავს და მართებულად მიაჩნია არჩევნების გადადება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის შესაბამის კლინიკაში გადაყვანას ვერ შეძლებენ.

„პირველი ამოცანაა ახლა მიშას სიცოცხლის გადარჩენა,“ – გვიყვება გიორგი კირთაძე. – „სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, სასამართლომ რა, ივანიშვილმა: რეალურად სააკაშვილს წირავს სასიკვდილოდ, თუ გადაჰყავს ქვეყნის გარეთ სამკურნალოდ. ამაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

თუ პარტიის შიგნით არ გვაქვს დემოკრატია, როგორ შეიძლება ქვეყანას დემოკრატიულად ვმართავდეთ, თუმცა შესაძლოა ეს პროცესი რომ შეჩერდეს, ან გადაიდოს იმდენად მნიშვნელოვანია ახლა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ნებისმიერი არჩევნებში მაინც ყველას გარკვეულ პოზიციებზე დადგომა უწევს, ერთობას შესაძლოა ამან ხელი შეუშალოს,“ – მიიჩნევს გიორგი კირთაძე.

გიორგი კირთაძე

გიორგი კირთაძის დაკვირვებით, ივანიშვილი და სუსი აქამდე და ახლაც აქტიურად მუშაობენ იმაზე, რომ მთავარი ოპოზიციური  პარტია დაასუსტონ. სუსის პროპაგანდა რომ არა, კირთაძისთვის გაუგებარია, როგორ უკავშირებს მისივე პარტიის მხარდამჭერების ნაწილი ნიკა მელიას მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში დარჩენას.

„რბილად რომ ვთქვათ, სისულელეა ნიკა მელიასთვის იმის დაბრალება, რომ მიშა ციხეშია… ვინმეს რამე კონკრეტული რეცეპტი ჰქონდა, როგორ გამოეყვანა სააკაშვილი ციხიდან და ნიკა მელია ბლოკავდა, ეს არ არის სწორი.

თუმცა პარტიამ რომ ყველაფერი გააკეთა ამ დრომდე, ესეც არ არის სწორი. როგორ შეიძლება ვინმე იყოს საკუთარი თავით კმაყოფილი – ნიკა მელიათი დაწყებული, ჩემით დამთავრებული, როცა მიშა ციხეშია და ავტოკრატიული რეჟიმი კიდევ უფრო მეტი სიძლიერით გვყავს თავზე წამომჯდარი?“ – კითხულობს გიორგი კირთაძე.

ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის თქმით, მისთვის სიურპრიზი იყო, როცა ენმ-ს ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ბონდო თედორაძემ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკიდან აჭარის რეგიონის სახელით მოითხოვა შიდაპარტიული არჩევნები.

„მე არ მეპარება ეჭვი ამ ადამიანების გულწრფელობაში, ვინც ეს არჩევნები მოითხოვა, თუმცა ბონდო თედორაძე აჭარის სახელით როცა წარსდგა, ეს არ იყო შეთანხმებული და სიურპრიზი იყო, არ ველოდით ამ განცხადებას. ბონდო არ წარმოადგენდა ბათუმის ორგანიზაციას, თუმცა ეგ არის მოცემულობა, რაც მივიღეთ. კარგია, რომ მას დათანხმდა ნიკა მელია,“ – აღნიშნა გიორგი კირთაძემ „ბათუმელებთან“.

„ყველასთან ვერ მოხერხდებოდა შეთანხმება და აზრის შეჯერება,“ – გვითხრა ბონდო თედორაძემ. არ აკონკრეტებს, თუმცა ის ლევან ვარშალომიძეს ახსენებს, ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერს რეგიონში და მიხეილ სააკაშვილის ახლო მეგობარს.

„…პარტიის აჭარის რეგიონული ხელმძღვანელი არის ლევან ვარშალომიძე, ქობულეთის რაიონული ორგანიზაციიდან ბონდო თედორაძე არ ყოფილა წარმომადგენელი იმ შემთხვევაში, როცა გაკეთდა ეს განცხადება.

ბონდო თედორაძე წარმოადგენდა აჭარას… ყველასთან შეთანხმება ვერ მოხერხდებოდა. მე ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდი. დანარჩენი კირთაძე დამიჭერდა მხარს, ლევან ვარშალომიძე თუ ელგუჯა ბაგრატიონი, ყველა თავის სათქმელს იტყვის“, – აღნიშნა ბონდო თედორაძემ „ბათუმელებთან“.

ბონდო თედორაძის დაკავება თბილისში, აქციაზე, ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ბონდო თედორაძე ღიად უჭერს მხარს ლევან ხაბეიშვილს, ენმ-ს თავმჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატს. რამდენიმე დღის წინ ლევან ხაბეიშვილი ქობულეთელ მხარდამჭერებსაც შეხვედრია.

ბონდო თედორაძე გვიყვება, რომ შეხვედრა ქობულეთში არ აჩვენებს იმას, რომ ლევან ხაბეიშვილს აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში არ ჰყავს მხარდამჭერები.

„მას მანამდე შეხვედრები ჰქონდა ფოთსა და ოზურგეთში, ტერიტორიულად იყო შესაძლებელი ქობულეთის მიბმა. ამას გარდა, ლევან ვარშალომიძე, ლევან ანთაძე და ელგუჯა ბაგრატიონი ამ დროს იყვნენ უკრაინაში ვიზიტით,“ – დასძინა ბონდო თედორაძემ.

გიორგი კირთაძეს კი ამ ეტაპზე არ სურს დაფიქსირება, ვის დაუჭერს მხარს შიდაპარტიულ არჩევნებში.

„მიმაჩნია, რომ ყველა კანდიდატს თანაბრად უნდა მიეცეს პარტიული რესურსის გამოყენების შესაძლებლობა. ჩვენ მოვაწყობთ შეხვედრებს ყველა კანდიდატსა და მხარდამჭერებს შორის. ჯერჯერობით ჩემი მხრიდან პოზიციის დაფიქსირება არ იქნება სწორი,“ – ამბობს გიორგი კირთაძე და შენიშნავს, რომ, მაგალითად, მან ჯერ კიდევ 2022 წლის აპრილში ითხოვა ბათუმის ორგანიზაციაში არჩევნების ჩატარება.

„აპრილში მოვითხოვე ეს, როცა მოგებული არჩევნების შენარჩუნება ვერ შევძელით,“ – თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე აკეთებს აქცენტს გიორგი კირთაძე და მიიჩნევს, რომ მსგავს სიტუაციაში, როცა პარტია ვერ ახერხებს ამომრჩევლის არჩევანის დაცვას, პარტიამაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა.

„მე ნიკასაც მოვთხოვე ეს… რეალური დემოკრატია ქვემოდან ზემოთ მიმართული პროცესია. ამჯერად ჯერ რაიონული და საქალაქო ორგანიზაციების ხელმძღვანელები უნდა ავირჩიოთ, მერე პოლიტსაბჭო და თავმჯდომარეები, რეალურად ეს იქნებოდა უფრო სწორი,“ – გვიყვება გიორგი კირთაძე.

ბათუმის მერობის ყოფილი კანდიდატი მიიჩნევს, რომ ბათუმი დღეს ყველაზე კარგი მაგალითია იმის საილუსტრაციოდ, თუ რა გზით უნდა იაროს ენმ-მ და მთლიანობაში ოპოზიციამ.

„ბათუმი არის კარგი მაგალითი იმის, თუ რა შედეგი მოაქვს კოორდინაციას. „ქართულმა ოცნებამ“ ბათუმში 40 % ვერ აიღო. თუ იგივე განმეორდება სხვაგან, გამოდის, რომ ივანიშვილი მიდის ხელისუფლებიდან ამ პირობებშიც კი. მე არ ვგულისხმობ ერთიან სიას, სიმართლე გითხრათ, ვერც ამაში ვერ ვხედავ პრობლემას, მაგრამ ახლა სწორი და კოორდინირებული თანამშრომლობაა საჭირო ყველა იმ ადამიანის, ვისაც ევროპა სურს, ეს იქნება პოლიტიკოსი, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი თუ სხვა.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი უნდა იყოს ქუჩა. მხოლოდ ქუჩიდან თუ ვაიძულებთ ივანიშვილს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ნორმალური არჩევნების ჩატარებას. მე მიმაჩნია, რომ გადამწყვეტი იქნება ისევ ქუჩის აქციები და ის, რომ კარგად ავუხსნათ ხალხს, რა გვინდა,“ – ამბობს გიორგი კირთაძე.

ენმ-ს ადგილობრივი ლიდერები თანხმდებიან იმაზე, რომ აქციების გარეშე პოლიტიკური ცვლილებების მიღწევა შეუძლებელია. მაგალითად, ბონდო თედორაძე ადასტურებს, რომ მისი ნიკა მელიათი უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზი იყო ბათუმში სააკაშვილის გადასარჩენად წამოწყებული აქციის შეწყვეტა.

ამ აქციების დროს ბათუმში კარვებიც გაშალეს, თუმცა პოლიციამ 24 ოპოზიციონერი, მათ შორის, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და საკრებულოს წევრები ერთდროულად დააკავა, კარვები კი, დაშალა.

„ერთ-ერთი პრობლემა იყო ესეც, რომ არ ყოფილა ამაზე ღია მსჯელობა. ფაქტია, რომ ამ აქციებს რეგიონულ დონეზე ხელშეწყობა არ ჰქონდა… ნიკა მელიას პატიმრობის დროს ჩვენ 3 თვე გვქონდა კარვები გაშლილი, ბევრ რამეს ნიშნავდა ეს და ნიშნავს კიდეც.

ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ გავრილოვის ღამეს როგორ გადმოგვიგდეს კობახიძე, სადაც გინდათ, წაიყვანეთო. მოგვატყუეს, მაგრამ მაშინ ისაუბრეს პროპორციულ არჩევნებზე. ერთადერთი რჩება ქუჩაში აქტიურობა, რასაც ეხმაურება „ოცნება“.

ოპოზიციაში როცა ხარ და ებრძვი რუსულ რეჟიმს, აუცილებელია, ქუჩაში ისმოდეს პარტიის ხმა. იყო დაპატიმრებები და შესაძლოა, ისევ იყოს, მაგრამ ქუჩის აქციების გამორიცხვა ბრძოლის მეთოდიდან, არის კატეგორიულად მიუღებელი. ქუჩა არის ერთადერთი ადგილი, სადაც ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ვესაუბროთ ბიძინა ივანიშვილს,“ – ამბობს ბონდო თედორაძე.

მთავარი ფოტო: საპროტესტო აქცია ბათუმში მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

8 ფაქტი უკრაინის არმიის შესახებ – დღეს უკრაინაში შეიარაღებული ძალების დღეს აღნიშნავენ

6 დეკემბერს უკრაინა თავისი შეიარაღებული ძალების დღეს აღნიშნავს. რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, ეს ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს უკრაინა 1993 წლიდან აღნიშნავს – 6 დეკემბერს, რადგან სწორედ 1991 წლის 6 დეკემბერს მიიღო უკრაინის რადამ კანონი ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესახებ.

ასევე, ეს დღე უკრაინის ისტორიაში 1917-1921 წლების ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის გადამწყვეტი თარიღია.

1919 წლის 6 დეკემბერს დაიწყო უკრაინის სახალხო რესპუბლიკის გაერთიანებული არმიის პარტიზანული შეტევა დენიკინისა და ბოლშევიკების ჯარების წინააღმდეგ.

უკრაინული გამოცემა Новое Время ამ დღის აღსანიშნავად მკითხველს უკრაინის შეიარაღებული ძალების შესახებ რამდენიმე ფაქტს სთავაზობს:

1. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უკრაინელთა 96% ენდობა

ასეთია მოსახლეობის ნდობის მაჩვენებელი შეიარაღებული ძალებისადმი 2022 წლის ოქტომბერში ჩატარებული სოციალური გამოკითხვით.

ნდობის ათეული ასე გამოიყურება:

  • უკრაინის შეიარაღებული ძალები – 96 %
  • უკრაინის პრეზიდენტი – 83%
  • ჰუმანიტარული და საქველმოქმედო ორგანიზაციები – 78%
  • ეკლესია – 70%
  • უნივერსიტეტები – 62%
  • ქალთა ორგანიზაციები – 59,5 %
  • სახელმწიფო დაწესებულებები – 55%
  • პოლიცია – 55 %
  • ეკოლოგიური ორგანიზაციები – 54%
  1. უკრაინას დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი იცავს – 70% უკრაინის შეიარაღებულ ძალებშია

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მონაცემებით, ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორში „1 მილიონი ფორმიანი ადამიანია“. მათ შორის:

  • 700 000-მდე – უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობა
  • 60 000-მდე – სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური
  • 90 000 – მდე – ეროვნული გვარდია
  • 100 000-მდე – ეროვნული პოლიცია
  1. ერთ თვეში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთს იმაზე დიდი ზიანი მიაყენეს, ვიდრე ავღანეთის 10-წლიან ომში საბჭოთა კავშირის დანაკარგია

უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, მხოლოდ ნოემბერში ლიკვიდირებულია 17 000-მდე რუსი სამხედრო, რუსეთის საერთო დანაკარგი კი ომში 91 690 სამხედროა.

ოფიციალური მონაცემებით, ავღანეთში 10-წლიან ომში (1979-1989) საბჭოთა კავშირს დაახლოებით 15 000  სამხედრო დაეღუპა, 54 ათასი კი დაიჭრა.

  1. ერთ თვეში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიბრუნეს 5-ჯერ იმაზე დიდი ტერიტორია, ვიდრე რუსეთმა 3 თვეში დაიპყრო.

სააგენტო Top Lead-ის გათვლებით, თუ რუსეთმა ზაფხულის სამ თვეში დაახლოებით 2125 კმ2 ტერიტორია დაიკავა, მხოლოდ სექტემბერში უკრაინამ 10 608 კმ2 გაათავისუფლა.

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) მონაცემებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა და თავდაცვის სხვა დანაყოფებმა რუსეთის მიერ 24 თებერვლის შემდეგ დაპყრობილი ტერიტორიების 63% დაიბრუნეს.

თებერვალსა და მარტში რუსეთს უკრაინის თითქმის მეხუთედი, დაახლოებით 119 ათასი კმ2 ჰქონდა დაკავებული (2014 წელს დაპყრობილი ტერიტორიების გარეშე).

5. შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაშია

ამ სიაში ზალუჟნი ჟურნალმა TIME-მა ჯერ კიდევ 2022 წლის მაისში შეიყვანა. ამავე სიაში არიან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და „უკრაინსკა პრავდას“ რედაქტორი სევგილ მუსაიევა.

ჟურნალის იმ ნომრისთვის ვალერი ზალუჟნის შესახებ ტექსტი აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის მეთაურმა, გენერალმა მარკ მილიმ დაწერა.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი ის სამხედრო გონებაა, რომელიც მის ქვეყანას ასე ძალიან სჭირდებოდა,“ – წერდა მილი.

6. უკრაინის შეიარაღებული ძალები საქველმოქმედო აქციების ლიდერია – პლატფორმა United 24-ით შეგროვებული თანხის 83% უკრაინის არმიაზე მოდის.

როგორც Opendatabot-ის ანალიტიკოსებმა დაითვალეს, ყველაზე მეტი შეწირულობა უკრაინის დასახმარებლად პლატფორმა United24-ის დახმარებით გროვდება. უკვე მიღებული 6,8 მილიარდი გრივნის 83% უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებისთვისაა.

United24-თან ერთად ქვეყნის ყველაზე მსხვილი საქველმოქმედო ფონდებია Повернись живым და პრიტულას ფონდი.

7. ათ თვეში უკრაინის არმიამ რუსეთის არმიის ძლევამოსილების მითი გაანადგურა.

Global Firepower-ის ყოველდღიურ რეიტინგში რუსეთი აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილს იკავებდა მსოფლიო ქვეყნების ძლევამოსილ არმიებს შორის, მაშინ, როდესაც უკრაინა 22-ე პოზიციაზე იყო.

Новое Время აღნიშნავს, რომ რეიტინგის ავტორების თქმით, სია 2023 წლის იანვრის ბოლოს განახლდება და მასში უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგებიც აისახება.

8. უკრაინელთა 92%-ს სჯერა რუსეთის არმიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გამარჯვების.

სოციოლოგიური კვლევის მონაცემებით, გამოკითხულთა 77% უკრაინის არმიის გამარჯვებაში მყარადაა დარწმუნებული, დანარჩენი – 15% – დარწმუნებულია, თუმცა არა ბოლომდე.

გამოკითხულთა უმრავლესობა სრულ გამარჯვებად რუსეთის არმიის ყველა უკრაინული ტერიტორიიდან განდევნას მიიჩნევს.

გამარჯვების რწმენა – ასეთია 72%-ის პასუხი კითხვაზე, რა აერთიანებს დღეს უკრაინის საზოგადოებას.

მთავარ ფოტოზე: უკრაინელი სამხედროები გათავისუფლებულ ხერსონში/ფოტო: ანდრეი დუბჩაკი/Donbas Frontliner

როგორ უნდა ვიკვებოთ ჯანმრთელი ძვლების შესანარჩუნებლად | ექიმის რჩევები

ძლიერი ძვლების საშენებლად და შემდეგ მათ შესანარჩუნებლად აუცილებელია კალციუმის ჯანსაღი დონე ორგანიზმში. მისი დეფიციტის, იგივე ჰიპოკალცემიის შემთხვევაში ძვლები იფიტება და ვითარდება ოსტეოპოროზი ანუ ძვლოვანი ქსოვილის განლევა და მისი სიმკვრივის დაქვეითება.

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი თეონა გოგიტიძე ამბობს, რომ კალციუმის დეფიციტი, უხშირესად, ორგანიზმში D ვიტამინის ნაკლებობასა და არასათანადო კვებას უკავშირდება.

ძვლოვანი ქსოვილის განლევა და სიმტკიცის დაქვეითება ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ენდოკრინული სისტემის პათოლოგიებით და სხვადასხვა ქრონიკული დაავადებით.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, განვითარებულ ქვეყნებში აღინიშნება კალციუმის ნაკლებობა, ხოლო განვითარებადი სამყარო არასრულფასოვანი კვების გამო სერიოზული დეფიციტის წინაშე დგას.

„ძვლოვანი სტრუქტურის გამოფიტვას მოჰყვება ისეთი გართულებები, როგორიცაა ხშირი მოტეხილობა, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგია, შეიძლება დეფორმირება განიცადოს ხერხემალმა, ამან შეიძლება კიდევ სხვა გართულებები გამოიწვიოს“, – ამბობს თეონა გოგიტიძე.

  • რა იწვევს ორგანიზმში კალციუმის დეფიციტს – ჰიპოკალცემიას?

მიზეზებს შორის პირველი შეიძლება გამოვყოთ ძალიან გახშირებული D ვიტამინის ნაკლებობა, ეს ვიტამინი ძალიან მნიშვნელოვანია კალციუმის ნორმალურ მეტაბოლიზმში. შესაბამისად, მისმა დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალციუმის დაქვეითება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პაციენტი ნორმალური რაოდენობით იღებს კალციუმის შემცველ საკვებ პროდუქტებს.

მეორე ალბათ კალციუმით მდიდარი საკვები პროდუქტების არასაკმარისი რაოდენობით მოხმარებაა.

ენდოკრინული სისტემის პათოლოგიებიდან ძალიან ბევრმა პათოლოგიამ შეიძლება მიგვიყვანოს კალციუმის დეფიციტამდე, მაგალითად, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული ან მომატებული ფუნქცია, შეიძლება იყოს თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიები, როცა არის მომატებული კორტიზოლი (თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონი), რის გამოც შეიძლება დიდი რაოდენობით კალციუმი გამოიდევნოს ორგანიზმიდან.

შეიძლება იყოს პარათიროიდული, ანუ ფარისებრთან ახლო ჯირკვლების პათოლოგია. როდესაც ხდება  ჯირკვლების პარათიროიდული ფუნქციის დაქვეითება, არასაკმარისი რაოდენობით გამოიყოფა ჰორმონი, რომელიც აუცილებელია კალციუმის ცვლაში. ამ ჰორმონის დეფიციტის დროს შეიძლება გვქონდეს კალციუმის მნიშვნელოვანი დეფიციტი, რომელსაც მივყავართ ძვლების პათოლოგიებამდე.

მიზეზი ხდება ქრონიკული დაავადებები, მაგალითად, კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები, რის დროსაც უხარისხოდ შეიწოვება კალციუმი, რომელსაც იღებს პაციენტი კვების ხარჯზე.

ძვლოვანი ქსოვილის განლევა ხდება ასაკის მატებასთან ერთად; კალციუმის ცვლაში ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს სქესობრივ ჰორმონებს, შესაბამისად ქალებში, მენოპაუზის დროს ხშირია კალციუმის დეფიციტი, რადგანაც ხდება სქესობრივი ჰორმონების დაქვეითება სისხლში.

  • როგორია კალციუმით მდიდარი მენიუ?

ჰიპოკალცემიის პრევენციის საუკეთესო საშუალებაა რაციონალური კვება, იქნება ეს მოზარდთა პერიოდი, ორსულობისას თუ ხანდაზმულობის პერიოდში. საკვები პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ კალციუმს, შეიძლება იყოს როგორც ცხოველური წარმოშობის, ისე ხილი და ბოსტნეული.

კალციუმით მდიდარია რძე და რძის ისეთი პროდუქტები, როგორიც არის ხაჭო და ყველი; კალციუმს დიდი რაოდენობით შეიცავს ზღვის პროდუქტები, როგორც თევზი, ისე ზღვის მცენარეები, ზღვის კომბოსტო; ცხოველური პროდუქტებიდან კალციუმის შემცველია კვერცხი. 

კალციუმით მდიდარ მცენარეულ საკვებს რაც შეეხება, ბოსტნეულიდან შეიძლება გამოვყოთ ბროკოლი, კომბოსტო, ლობიო და სხვა პარკოსნები [ბარდა, ოსპი]; კალციუმით მდიდარია ისპანახი; ასევე მარცვლოვანი პროდუქტები, მათ შორის წიწიბურა; ხილიდან შეგვიძლია გამოვყოთ ბანანი, ვაშლი, ლეღვი, კივი, მოცხარი, ქიშმიში, ასევე თხილი, კაკალი და ნუში.

აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის თანახმად, კალციუმით ასევე მდიდარია: სოიას მარცვლები (მომზადებული), ჩიას მარცვლები, ჩინური კომბოსტო.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლის მიხედვით, 9 წლამდე ბავშვი დღის განმავლობაში უნდა იღებდეს მინიმუმ 2 ულუფა რძის პროდუქტს; 9 წელზე მეტი ასაკის ბავშვი დღის განმავლობაში უნდა იღებდეს მინიმუმ 3 ულუფა რძის პროდუქტს.

ერთ ულუფას შეადგენს: 1 ჭიქა მაწონი ან 45 გრ. ანუ ასანთის კოლოფის ზომის ყველის ნაჭერი, ან 1 ჭიქა რძე, ან 1/2 ჭიქა ხაჭო;

კალციუმის შეწოვას ამცირებს ფოსფორი, ფიტინი (დიდი რაოდენობითაა მანანის ბურღულში) და ოქსალატები.

კალციუმზე მოთხოვნილება სიცოცხლის სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებულია.

აშშ-ს ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მიერ რეკომენდებული კალციუმის დღიური ნორმა ჯანმრთელი ადამიანისთვის
  • რა უწყობს ხელს კალციუმის კარგვას ორგანიზმიდან?

ნიკოტინის მოხმარებამ, ალკოჰოლის მოხმარებამ, ყავის ხშირად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კალციუმის დეფიციტი. ადამიანებისთვის, რომლებიც სისტემატურად მოიხმარენ თამბაქოსა და ალკოჰოლს, ასევე, ყავას, მაღალია რისკი, რომ კალციუმი გამოიდევნოს ორგანიზმიდან და შედეგად გვქონდეს ჰიპოკალცემია.

  • რამდენად ეფექტურია უკვე განვითარებული კალციუმის დეფიციტის დროს კვების მოწესრიგება და  მედიკამენტური თერაპია?

საკვებით გამოწვეული ჰიპოკალცემია არის უფრო მსუბუქი ხარისხის და, როგორც წესი, ორგანიზმი თვითონ ცდილობს ამ დეფიციტის გამოსწორებას. მაგრამ თუ დიდი ხნის განმავლობაში არის ეს დეფიციტი, პაციენტი ცუდად იკვებება, იმ შემთხვევაში უკვე ჩართული გვაქვს სხვა მეტაბოლური დარღვევები, რაც ითხოვს მეტ ჩარევას, კვების გამოსწორებასთან ერთად.

მაგალითად, თუ ამას ემატება ენდოკრინული პათოლოგია, აქ მხოლოდ კვების მოწესრიგება არ იქნება საკმარისი, საჭიროა მედიკამენტური თერაპია. მკურნალობისას აუცილებელია კალციუმის დეფიციტისა და ძვლოვანი სტრუქტურის დაავადების ძირითადი მიზეზის გაგება და თუ ეს ენდოკრინული პათოლოგისაა, პირველ რიგში, უნდა გამოსწორდეს ძირითადი პათოლოგია.

კალციუმის დეფიციტის შესავსებად მედიკამენტური მკურნალობა დაახლოებით ერთი თვით ინიშნება, შემდეგ ვაკვირდებით შევსებულია თუ არა დეფიციტი, შეინიშნება თუ არა დადებითი დინამიკა, შესაძლოა კიდევ გავაგრძელოთ პროფილაქტიკისთვის კალციუმის მედიკამენტი და დავამატოთ D ვიტამინი. გააჩნია, რა პათოლოგიის გამო დავიწყეთ ეს მკურნალობა. თუ ქრონიკული დაავადების გამო დავიწყეთ კალციუმის მედიკამენტით მკურნალობა, შესაძლოა გაცილებით დიდი ხნით გაგრძელდეს მისი მიღება.

  • რამ შეიძლება მიგვანიშნოს ორგანიზმში კალციუმის დეფიციტზე?

საერთო სისუსტე, თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა, კანის სიმშრალე, კუნთების სისუსტე, კუნთების სპაზმი, იგივე კრუნჩხვა ე.წ. დაჭიმვა (ამ დროს არა მხოლოდ კალციუმის, არამედ მაგნიუმის დეფიციტიც შეიძლება იყოს).

ასევე შეიძლება მოგვცეს ფეხების ბჟუილი, იგივე პარესთეზიები; შესაძლოა განვითარდეს გულის არითმია, გავლენა მოახდინოს არტერიულ წნევაზე, პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს სახსრების ტკივილიც.

ბათუმში მთელი კვირა უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 დეკემბრის 21 საათიდან 7 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი
  • ღამით: -2 – +3 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში უნალექო ამინდი 13 დეკემბრამდე შენარჩუნდება.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 6 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 6 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 92 200 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +510]
  • ტანკი – 2 929 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 5 905 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 1 915 ერთეული [+1]
  • MLRS – 395 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 211 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 281 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 264 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 587 ერთეული [+5]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 592 ერთეული [+61]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 505 ერთეული [+8]
  • სპეცტექნიკა – 163 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 6 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 340 თვითმფრინავი
  • 180 ვერტმფრენი
  • 2 634 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 391 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 010 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 910 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 662 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 484 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

6 დეკემბერს უკრაინა თავისი შეიარაღებული ძალების დღეს აღნიშნავს: 8 ფაქტი უკრაინის არმიის შესახებ 

ამავე თემაზე:

მოსკოვი არ წყვეტს ბრძოლებს ბახმუტისთვის, თუმცა ქალაქი ალყაში ვერ მოაქცია – ISW-ის მიმოხილვა

 

 

 

ხანძარი კურსკში – აეროდრომს დრონით დაარტყეს

6 დეკემბერს, დილით, თავდასხმა მოხდა რუსეთის ქალაქ კურსკის აეროდრომზე. ოლქის გუბერნატორის, რომან სტაროვოიტის ცნობით, აეროდრომს უპილოტო საფრენი აპარატით დაარტყეს.

როგორც გუბერნატორი ტელეგრამზე წერს, თავდასხმის შედეგად აეროდრომთან ახლოს ნავთობშემგროვებელს გაუჩნდა ხანძარი.

„დაშავებულები არ არიან. ხანძარს აქრობენ. ყველა სპეცსამსახური ადგილზეა“, – წერს გუბერნატორი.

5 დეკემბრის დილით  უცნობი საფრენი აპარატი ჩამოვარდა რუსეთის სარატოვის ოლქის აეროდრომის ასაფრენ ზოლზე, დიაგილევოს აეროდრომზე კი ბენზინმზიდი აფეთქდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ინციდენტების შედეგად აეროდრომებზე 3 ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.

მთავარ ფოტოზე: ხანძარი კურსკის აეროდრომზე/ფოტო: kursk.ru

მოსკოვი არ წყვეტს ბრძოლებს ბახმუტისთვის, თუმცა ქალაქი ალყაში ვერ მოაქცია – ISW-ის მიმოხილვა

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) რუსეთ-უკრაინის ომში 5 დეკემბერს მომხდარ მოვლენებს მიმოიხილავს. ანალიტიკოსების ყურადღების ცენტრში ბახმუტთთან, ავდეეკვასთან, სვატოვო-კრემინნას ხაზზე მიმდინარე ბრძოლები, უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მორიგი შეტევა და ორ რუსულ ავიაბაზაზე თავდასხმაა.

ISW-ის ცნობით, მოსკოვი კვლავაც არ წყვეტს ბრძოლებს ბახმუტისთვის. რუსეთის არმია გუშინაც განაგრძობდა მცირედ წინსვლას ბახმუტის გარშემო, თუმცა ქალაქის ალყაში მოქცევა ვერ შეძლეს.

ანალიტიკოსების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა ეფექტიანად მუშაობს, რუსეთის არმია მაინც ახერხებს ქვეყნის ენერგოინფრასტრუქტურისთვის ზიანის მიყენებას.

5 დეკემბერს რუსეთმა მორიგი სარაკეტო შეტევა მიიტანა უკრაინის ქალაქებზე – კიევის, ოდესის, ვინიცის, სუმისა და ზაპოროჟიეს ოლქებში.

უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ 70 გაშვებული რაკეტიდან 60 ჩამოაგდო. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, რუსების დარტყმებმა სუმის ოლქში გადამცემი ხაზები დააზიანა.

ISW წერს, რომ ორ რუსულ ბაზაზე თავდასხმამ რუსულ საინფორმაციო სივრცეში კრიტიკის ახალი ტალღა გამოიწვია.

„5 დეკემბერს უკრაინის ძალებმა, სავარაუდოდ, დაარტყეს ორ რუსულ სტრატეგიულ ავიაბაზას და შედარებით მსუბუქი ზიანი გამოიწვიეს, თუმცა შეძლეს იმის დემონსტრირება, რომ უკრაინას შეუძლია მისწვდეს რუსების ზურგს და ხელი შეუშალოს მათ საჰაერო კამპანიას უკრაინის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ,“ – აღნიშნავენ ანალიტიკოსები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და რამდენიმე სამხედრო ბლოგერმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ უკრაინის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს. ორივე ბაზა რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენი ფლოტის უმნიშვნელოვანესი ელემენტია და მათ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმებისთვის იყენებს.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ტვიტერზე დაწერა, რომ კრემლს უნდა სცოდნოდა: „თუ რაიმე ისვრიან უკრაინის საჰაერო სივრცეში, ეს ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ადრე თუ გვიან აფრენის ადგილს დაუბრუნდება“, თუმცა უკრაინის ხელისუფლებას თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად არ აუღია.

როგორც ISW მიუთითებს, რუსეთის სარდლობის უუნარობამ, დაეცვა სამხედრო ბაზები უკრაინელთა დარტყმებისგან, რუსი ნაციონალისტური საზოგადოებისა და სამხედრო ბლოგერების კრიტიკა გამოიწვია.

რუსი ბლოგერების ნაწილმა რუსეთის სამხედრო სარდლობა დაადანაშაულა იმაში, რომ მათ სათანადოდ ვერ დაიცვეს სამხედრო ბაზები, როდესაც იცოდნენ, რომ ისინი უკრაინელთა სამიზნე იყო. იმის გამო, რომ ბაზები უკრაინის ტერიტორიიდან 450-500 კილომეტრითაა დაშორებული, რუსმა ბლოგერებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ უკრაინელებმა მათ სავარაუდოდ რუსეთის ტერიტორიიდან დაარტყეს.

ISW-ის ანგარიშის მთავარი მიგნებები:

  • რუსეთის არმია განაგრძობდა საკუთარი პოზიციების დაცვას სვატოვო-კრემინნას ხაზზე;
  • რუსეთის არმიამ უმნიშვნელო წინსვლას მიაღწია ბახმუტის გარშემო, თუმცა ქალაქის ალყაში მოქცევა ვერ შეძლო;
  • რუსი სამხედროები განაგრძობდნენ შეტევებს ავდეევკა-დონეცკის ზონაში, უკრაინული წყაროების ცნობით, რუსული დაჯგუფებები უკრაინელთა თავდაცვის ხაზის გარღვევას ცდილობდნენ;
  • რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებები განაგრძობდნენ უკრაინელი ბავშვები იძულებით გაყვანას დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან;
  • რუსეთის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს 20-ზე მეტ დასახლებას მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე და ქალაქ ხერსონის დაბომბვას განაგრძობდნენ;
  • რუსი დეპუტატები გამოდიან ინიციატივით, რომ მობილიზაციისთვის თავის არიდების მიზნით ქვეყნიდან გაქცეულ მოქალაქეებს რუსეთში დაბრუნების შემდეგ მუშაობის საშუალება აღარ მიეცეთ.

მთავარ ფოტოზე: უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუკა/WarMapper

სააკაშვილი ციხეში ვერცხლისწყლით და დარიშხანით მოწამლეს – „ფიგარო“

ფრანგული გამოცემა „ფიგარო“ წერს, რომ ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული ანალიზების მიხედვით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სხეულში ვერცხლისწყალი აღმოაჩინეს.

„თბილისის ციხეში სააკაშვილი ვერცხლისწყლითა და დარიშხანით მოწამლეს,“ – ასეთი დასკვნა გამოიტანა კვლევის შედეგად ამერიკელმა ექიმმა და ტოქსიკოლოგმა დევიდ სმიტმა, რომლის კვლევის შედეგებიც გამოცემა „ფიგარომ“ [Le Figaro] მოიპოვა. გამოცემის შეფასებით, სამედიცინო დოკუმენტი სარწმუნოა და ეჭვს არ იწვევს.

„მის თმასა და ფრჩხილებში მძიმე მეტალების კვალია აღმოჩენილი, მათ შორის დარიშხნისა და ვერცხლისწყლის. მიხეილ სააკაშვილი მოწამლეს პატიმრობაში“, – წერია სამედიცინო დასკვნაში „ფიგაროს“ ინფორმაციით.

გამოცემა წერს, რომ ბიოლოგიური ნიმუშები აშშ-ის ორ დამოუკიდებელ ლაბორატორიაში იყო გადაგზავნილი.

„უცვლელია ყოფილი პრეზიდენტის ოჯახისა და ახლობლების მიერ უფლებამოსილი ხუთი სპეციალისტის გადაწყვეტილებაც, რომ საჭიროა ადგილზე დადგინდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და თუ იგი არ გადაიყვანეს ამერიკულ ან ევროპულ საავადმყოფოში, შესაბამისი ზრუნვის პირობებში, მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოკვდება“, – წერს „ფიგარო“.

ჯამბულათ ხოფერიას მამა ღარიბაშვილის განცხადებაზე – „რა გვჭირს ვინმეს წასაყვანი“

უკრაინაში დაღუპული ჯამბულათ ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია, ფეისბუქზე პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება.

„მე გულს უკვე ვეღარაფერი მატკენს. სიტყვაზე ვამბობ, უადგილოდ, უაზროდ ნათქვამ სიტყვაზე. უბრალოდ ქვეყნის მმართველს მეტი დაფიქრება მართებს თითოეულ სიტყვაზე…

არ მინდოდა მეთქვა ან რა სათქმელია, უბრალოდ იცოდეთ, ჩემი შვილი, როცა ომი დაიწყო, თბილ მიუნჰენში იყო. დილის 9 საათზე დამირეკა და მითხრა, რომ მიდიოდა. უბრალოდ, ვთხოვე დამლოდებოდა ვარშავაში. არ დამელოდა და იმ კიევში შევიდა, რომელსაც მთელი მსოფლიო დაცემას, მის დამცველებს კი სიკვდილს უქადდა. იგი არავის წაუყვანია ან რა გვჭირს ჩვენ ვინმეს წასაყვანი. მას მისი კაცური მოვალეობები აწუხებდა და მისი გზა ჰქონდა, რაზეც, ვფიქრობ, პირუთვნელად იარა“, – წერს არჩილ ხოფერია.

ღარიბაშვილმა დღეს, 5 დეკემბერს, თქვა, რომ „საქართველოდან უკრაინაში ომში ადამიანები „ომის პარტიას“ მიჰყავს“.

ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერია უკრაინაში პირველ დეკემბერს დაიღუპა.

„ფერეიდანში დიდ სირცხვილად ითვლება, თუ ოჯახში სასაუბრო ენა ქართული არაა“

„მე ბებიამ გამზარდა, დედის დედამ. მიყვებოდა ძველ ამბებს საქართველოზე, ჩვენს გადმოსახლებაზე, ჩვენს მძიმე გზაზე ირანში. სულ გონებაში მქონდა ეს ისტორიები და ბებიას ნაამბობმა, ჩემი ისტორიული ენის უკეთ შესწავლის სურვილმა ჩამომიყვანა საქართველომდე.

ჩვენ არ დაგვრჩა არაფერი. ყველაფერი წაგვართვეს: ქვეყანა, ნათესავები, რელიგია, კულტურა, დაგვავიწყეს სიმღერა და ცეკვა, სამზარეულო, კერძები… მაგრამ ენა ვერ წაგვართვეს. ენით გადავრჩით. არაფერი გვქონდა: არც წიგნები, არც კავშირი საქართველოსთან, არც ინტერნეტი ან ქართული ტელევიზია. მხოლოდ ჩვენი დიდი ბებიების, ბაბუების და პაპების გადმოცემით ნასწავლია ეს ენა, რომელზეც ახლა გესაუბრებით, ეს ზეპირი გადმოცემებით შენახული ქართულია“ – ამბობს 34 წლის ამინ ნაგელიანი ფერეიდნიდან.

ამინი მეუღლესთან ერთად 13 წლის წინ გადმოვიდა საქართველოში საცხოვრებლად ირანიდან. იმ დროს 21 წლის იყო.

საქართველოში პირველად 2010 წლის ზაფხულში ჩამოვიდა. კავკასიის უნივერსიტეტიდან მიიღო მოწვევა საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად. მაშინ თეირანის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.

მერე ირანში დაბრუნდა და 2012 წლიდან ქართული ენის ლექტორად დაინიშნა თეირანის უნივერსიტეტის უცხო ენათა ცენტრში.

„ეს იყო ქართული ენის პირველი აკადემიური კურსი თეირანის უნივერსიტეტის ენათა ცენტრში. ჩემი ოცნებაც ქართული ენის გავრცელებაში საკუთარი წვლილის შეტანა იყო და დავთანხმდი.

კვირაში ერთხელ მიწევდა ფერეიდნიდან თეირანამდე ჩასვლა, პატარა მანძილი არაა, 470 კილომეტრს გავდიოდი ყოველ პარასკევს. 7 საათი სჭირდებოდა მგზავრობას. 7 წელი ასე ვიარე“ – იხსენებს ამინი.

2018 წელს ამინი მეუღლესთან ერთად საქართველოში გადმოსახლდა და კავკასიის უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა. დღემდე ამ უნივერსიტეტში ასწავლის ქართულს სპარსულენოვან სტუდენტებს.

„ქართული ენის კურსები თეირანის უნივერსიტეტში ჩემს მეგობრებს გადავაბარე. იქ ეს საქმე აუცილებლად უნდა გაგრძელებულიყო. აქაც იგივე საქმეს ვაკეთებ, რასაც თეირანში ვაკეთებდი და ბედნიერი ვარ. პანდემიის დროსაც არ შეგვიწყვეტია სწავლა და დისტანციურ რეჟიმში ვასწავლიდით სპარსულენოვან სტუდენტებს ქართულს. მათ შორის არიან არამხოლოდ ფერეიდნელი ქართველი ირანელები, არამედ სპარსულენოვანი ირანელებიც.

ამინ ნაგელიანი

2017 წლიდან, რაც საქართველოსა და ირას შორის სავიზო რეჟიმი გაუქმდა, ბევრი ირანელი დაინტერესდა საქართველოში ინვესტირებით, სწავლით, ბევრ ფერეიდნელს გაუხსნა გზა სავიზო რეჟიმის გახსნამ საქართველოსკენ. როგორც მე ვიცი 400, 500-მდე ფერეიდნელი დაბრუნდა და დასახლდა საქართველოში.

მართალია, ძლიერია ჩვენი კავშირი საქართველოსთან, მაგრამ გადმოსახლება მაინც რთულია. როცა სხვა ქვეყანაში იბადები და იზრდები, მაინც იმ კულტურის გავლენის ქვეშ ხარ და აქაურობა პირველ წლებში გეუცხოება, თანაც მოქალაქეობას ყველა ფერეიდნელი ვერ იღებს. ეს გარანტირებული არ გვაქვს, განსაკუთრებით ბოლო წლებია“ – ამბობს ამინი.

უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, საქართველოს კანონმდებლობით აქვთ საშუალება თანამემამულის სტატუსის მისაღებად შეიტანონ განაცხადი. ამ სტატუსს სპეციალური კომისია გასცემს. სტატუსი შეიძლება მიიღოს უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც აქვს საქართველოდან წარმომავლობა ან/და რომლის მშობლიური ენა მიეკუთვნება ქართველურ-კავკასიურ ენებს.

ამის საფუძველზე შეაქვთ მოქალაქეებს განცხადება საქართველოში დროებითი ბინადრობის მისაღებად. როგორც ამინი გვეუბნება, წინა წლებში თანამემამულის სტატუსის მქონე ფერეიდნელებს საქართველოში უპრობლემოდ აძლევდნენ ბინადრობის უფლებას საქართველოში. მაგრამ ბოლო პერიოდის ტენდენცია, მისი თქმით, სხვაგვარია:

„თუ ადრე თანამემამულის სტატუსის მქონე ფერეიდნელებს ათიდან ათ შემთხვევაში აძლევდნენ ბინადრობის უფლებასაც, თავიდან 1 წლით, ამ ვადის გასვლის შემდეგ კი 3-5 წლით, ახლა ფერეიდნელებს ძალიან ხშირად ეუბნებიან უარს საქართველოში ბინადრობის უფლებაზე. მიზეზს არ გიხსნიან. ბევრი ფერეიდნელი ვიცი, ვისაც ჰქონდა თანამემამულის სტატუსი, მაგრამ არ მისცეს ბინადრობის უფლება, ამიტომ უკან გაბრუნდნენ, ირანში. არალეგალურად ვერ დარჩებოდნენ საქართველოში“ – ამბობს ამინი „ბათუმელებთან“ საუბრისას.

ფერეიდანში ორი დიდი ქალაქია, მარტყოფი და თორელი. მათ შორისაა მოქცეული სოფლები: ვაშლოვანი, ჩუღურეთი, ახჩა, რუისპირი, ჯაყჯაყი, ტაშისკარი და სხვა. ამინი მარტყოფიდანაა. ამ ადგილს სპარსულად შაჰრი ჰქვია.

ამინის თქმით, ფერეიდანში თითქმის 50 ათასი ქართველი ცხოვრობს, დღემდე ყველა ქართულად საუბრობს ფერეიდნულ დიალექტზე, 400 წლის წინ შემონახული ძველი ქართულით, რომელსაც არც მე-19 საუკუნეში შექმნილი ახალი სალიტერატურო ქართულის ნორმები შეხებია, არც თანამედროვე ინტერნეტის ენა და არც ტექნიკური პროგრესის შედეგად გაჩენილი ნეოლოგიზმები. რაც ბოლო 400 წელი იცვლებოდა ქართულ ენაში, არ შეცვლილა ფერეიდნულ დიალექტში. ფერეიდნელებთან საუბარი ენის წარსულში მოგზაურობას ჰგავს.

„ბევრი სიტყვა, რაც თანამედროვე ქართულში დაიკარგა ფერეიდნულს აქვს შემონახული.

ახალ თაობას ძალიან უნდა ისწავლოს თანამედროვე, ლიტერატურული ქართული. ბევრი ახალგაზრდაა დაინტერესებული საქართველოში ჩამოსვლით. იქ ყველა უფრთხილდება უმთავრეს რამეს – ენას.

ბავშვი რომ იბადება, მშობლები ცდილობენ ქართული ასწავლონ. ფერეიდნულ ოჯახებში დიდ უხერხულობად და სირცხვილად ითვლება თუ სახლში ძირითადი სასაუბრო ენა ქართული არაა და სპარსულად ეკონტაქტები ოჯახის წევრებს“ – ამბობს ამინი.

სამზარეულო და მასთან დაკავშირებული ლექსიკა ფერეიდანში არ შემორჩა. დარჩა ერთადერთი სიტყვა – შეჭამადი, რომელსაც კერძის სინონიმად იყენებენ. ამზადებენ ხავიწს და კორკოტსაც, სულ ესაა.

ამინი მიიჩნევს, რომ ფერეიდანში ქართული სკოლების არარსებობა დიდი პრობლემაა. მისი აზრით, მხოლოდ ენის კურსები არ იძლევა შესაძლებლობას სრულფასოვნად ისწავლებოდეს თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენა:

„ენის კურსები, თანაც ფასიანი, საკმარისი არაა ენა ყველამ რომ ისწავლოს სრულფასოვნად. ჩვენ ირანში უმცირესობა ვართ, კარგი იქნებოდა გვეძლეოდეს საშუალება გვქონდეს სკოლები და მშობლიურ ენაზე შეგვეძლოს ყველა საგნის სწავლა. იყო ბევრჯერ ამის მცდელობა, მაგრამ არ გამოვიდა.

მე ბოდიშს ვუხდი ქართველებს. ჩემი ენა 400 წლის წინანდელია. მე აქ ჩამოსვლის მერე ვისწავლე სალიტერატურო ქართული. ბოდიშს ვიხდი, რომ ფერეიდანში ჩვენი ენა „გაიყინა“, ვერ განვითარდა, მაგრამ გპირდებით, როცა ფერეიდანში ჩამოხვალთ საქართველოდან, ჩვენ იქ საქართველოს დაგახვედრებთ, ჩვენ ეს შევძელით“ – ამბობს ამინი.

___

ამავე თემაზე:

ცისარტყელას ჩამოვყევი და სამშობლოს მოვაგენი – საიდის გზა ფერეიდნიდან საქართველომდე

„დამირეკა და მითხრა, რომ ძალით ათხოვებდნენ“ – მოსწავლეები მარნეულიდან

„ქალები ცვლიან“, „ქალი ძლიერია“, „ქალი შეუცვლელია“, „ქალი და კაცი თანასწორია“ – ასე ამბობენ მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ თუ მათი თაობა არ გაჩუმდება, ცვლილებები შესაძლებელია და ქალები და გოგონები აღარ იქნებიან ჩაგვრისა და ძალადობის სამიზნე.

მოზარდებმა ფემიციდის წინააღმდეგ კლიპიც გადაიღეს და ხშირად, საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად, საინფორმაციო ბუკლეტებსაც არიგებენ ხოლმე სოფლებში.

რაუფ  ბაბაქიშიევი მეთორმეტეკლასელია. ის ჩვენთან საუბარში გოგონების ნაადრევი ქორწინების არაერთ შემთხვევას იხსენებს. მას ახსენდება 14 წლის გოგონა, რომელსაც მშობლები პატარა ასაკში აიძულებდნენ, ოჯახი შეექმნა. რაუფი ამბობს, რომ მსგავსი რამ მისთვის მიუღებელია.

„ამ ზაფხულს იყო ეს შემთხვევა. ის გოგონა ჩემს სკოლაში სწავლობს და როცა გავიგე, რომ ქორწინებას აიძულებდნენ ოჯახში, მაშინვე დირექტორს ვუთხარი.

წარმოვიდგინე, რას განიცდიდა ეს ბავშვი, როგორ გრძნობდა თავს  და ვუთხარი დირექტორს, თუ შეგიძლიათ, რაიმე მოიმოქმედეთ-მეთქი.

დირექტორმა სახალხო დამცველს მიმართა. როგორც ვიცი მას, ნაადრევი ქორწინების საფრთხე აღარ ემუქრება,“- გვითხრა რაუფმა.

რაუფი ამბობს, რომ ნაადრევი ქორწინებისგან კიდევ ერთი, 15 წლის გოგონაც იხსნა.

„ხმოვანი შეტყობინება გამომიგზავნა, მითხრა, რომ ძალით ათხოვებდნენ და მთხოვა დახმარება. ამ შემთხვევაშიც დირექტორს გავაგებინე. ვიცოდი, სწავლის გაგრძელება რომ სურდა ამ გოგონას და დავეხმარე,“- ამბობს რაუფი.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეა და საზოგადოება მიიჩნევს, რომ ცივილიზებულ სამყაროში ვცხოვრობთ, კაცობრიობას მაინც ვერ მივიჩნევთ ბოლომდე განვითარებულად, რადგან ჯერ კიდევ ირღვევა ქალების, გოგონების უფლებები.

რაუფ ბაბაქიშიევი

„ისევ სტერეოტიპებით ვცხოვრობთ, ესე იგი, გვაკლია განვითარება. როცა მეგობრებში ვარ და მესმის ხოლმე დისკრიმინაციული ტერმინები ან არასწორი შეხედულებები აქვთ, ვცდილობ, არ დავტოვო უყურადღებოდ და მაშინვე ჩავერთო.

მაგალითად, მეგობარი ამბობდა, ჩემს ცოლს, სამსახურში არ გავუშვებო. ავუხსენი, რატომ ფიქრობდა არასწორად და ვუთხარი, რომ ქალს აქვს უფლება, ჰქონდეს თავისი ცხოვრება და სამსახურშიც იაროს. სახლში ჯდომა არ არის ქალის დაცვა, პირიქით არის-მეთქი. მე ვფიქრობ, მიხვდა, რადგან შეიცვალა აზრი,“- ამბობს რაუფი.

რაუფის აზრით, ცვლილებებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კაცების აქტიურობა ქალების უფლებების დასაცავად.

„ჩემი აზრით, საზოგადოების დიდ ნაწილზე მოახდენს ეს გავლენას და ბოლოს და ბოლოს შეიცვლება სტერეოტიპული დამოკიდებულება.“

როდის დაფიქრდი პირველად უთანასწორობაზე? – ვკითხეთ რაუფს. მან გვითხრა, რომ მეშვიდე კლასში იყო, როცა პირველად დაესწრო ქალთა უფლებებზე დისკუსიას.

„რეალურად, მაშინ დავინახე, რომ საჭიროა ქალების უფლებების დაცვა, რომ ქალიც და კაციც ნამდვილად თანასწორი უნდა იყოს ჩვენს საზოგადოებაში,“- ამბობს რაუფი.

სამირა კაჯაროვა

სამირა კაჯაროვაც მეთორმეტე კლასში სწავლობს. მარნეულის სკოლაში სოფლიდან დადის და ამბობს, რომ სოფლად ჯერ კიდევ არის ქალზე ძალადობის ფაქტები და ფიქრობს, რომ ამაზე არ შეიძლება გაჩუმება.

„ჩვენ ვიცით, რომ დუმილი არ არის გამოსავალი. რატომ არ უნდა ამოვიღო ხმა, თუკი ვხედავ, რომ ვიღაც იჩაგრება“-ამბობს სამირა.

ის წლების წინ მის სოფელში მომხდარ შემთხვევას იხსენებს, როცა 14 წლის გოგოს ოჯახი ქორწინებას აიძულებდა.

„ქორწილამდე ორი დღე იყო დარჩენილი, როცა გოგონამ მასწავლებელს სთხოვა დახმარება და გოგო თავშესაფარში გადაიყვანეს, გოგონას მამა კი დააპატიმრეს.

იმ გოგონამ ქართულიც ისწავლა და გამოცდებიც ჩააბარა უმაღლესში. მაშინ ბევრი ამბობდა, არ იყო საჭირო პოლიციაში ჩივილი, მამა ციხეში გაუშვა და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად, ამ ამბავმა ძალიან შეცვალა ხალხი. ამ ამბის შემდეგ ჩვენს სოფელში გოგოების იძულებით ქორწინების ფაქტი აღარ მომხდარა,“- ამბობს სამირა.

მისი თქმით, როცა ქალის უფლება ირღვევა, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არღვევს – დედა, მამა თუ ოჯახის სხვა რომელი  წევრი, „ხმის ამოღება ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანია“ – გვეუბნება სამირა და დედის ამბავს გვიყვება, რომელიც 14 წლის ასაკში გაათხოვეს და ოცნება, ექიმი გამხდარიყო, ვეღარ აისრულა.

„დედა ახლა 34 წლისაა და ოთხი შვილი ჰყავს. სულ სახლშია ჩაკეტილი. ძალიან წყდება გული, რომ ვერ მიიღო განათლება. ალბათ ამიტომაც არის, რომ ჩვენ სხვანაირად გვექცევა, არასდროს უთქვამს, ადრე უნდა გათხოვდეო. სულ მეუბნება, ჯერ ისწავლე და შემდეგ შენი სურვილით შექმენი ოჯახიო. მამაც ხელს გვიწყობს სწავლაში.“

სამირას თქმით, ქალებს ჯერ კიდევ სჭირდებათ სახელმწიფოს და საზოგადოების დახმარება, რადგან მოძალადის წინააღმდეგ წასვლას ვერ ბედავენ.

„ჩემი მეგობრის მეზობელს სცემა ქმარმა. დაურეკა მეგობარმა პოლიციას, მაგრამ როცა მოვიდა პოლიცია, ქალმა დამალა ცემის ამბავი. ეშინიათ, რადგან ფიქრობენ, რომ უარესად მოექცევა მოძალადე, თანაც, როცა შვილი ჰყავთ, ამაზეც ფიქრობენ.

ვიცი, რომ ძალიან რთულია საზოგადოების აზრის ცვლილება, მაგრამ თუ კონკრეტული შემთხვევებიდან არ დავიწყებთ, შედეგს ვერ მივაღწევთ,“- ამბობს სამირა.

ლეილა ახიევა

ლეილა ახიევაც ამ სკოლაში სწავლობს და ისიც თავის გამოცდილებას გვიყვება. ლეილას აზრით, მოზარდების გაძლიერებაში ძალიან მნიშვნელოვანია სკოლისა და მასწავლებლების მხარდაჭერა.

„იყო შემთხვევები, როცა არ მიშვებდნენ არც ექსკურსიებზე და არც სხვა შეხვედრებზე, გოგო ხარ და არ შეიძლება შენთვისო. როცა პატარა ვიყავი, ვერ ვამხელდი სკოლაში, რომ არ მიშვებდნენ. მასწავლებელს ვეუბნებოდი, არ მინდა წამოსვლა-მეთქი.

მაგრამ როცა გავიზარდე, შემდეგ აღარ დავმალე და ვუთხარი მასწავლებელს, რომ ოჯახი არ მიშვებდა.

დაელაპარაკა მშობლებს ჩემი მასწავლებელი და ამის შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვალა. თავისუფალი ადამიანი გავხდი და ახლა ყველგან შემიძლია წავიდე,“-ამბობს ლეილა.

მასში ბრაზს იწვევს როცა ქალებს, გოგონებს ჩაგრავენ. „შენ ქალი ხარ და არ გაქვს ამის გაკეთების უფლება- ეს რომ მესმის, ძალიან ვღიზიანდები. ჩემი მამიდაშვილისთვის მშობლები მხოლოდ იმიტომ არ ყიდულობდნენ ტელეფონს, რომ გოგო ხარ და შენთვის არ შეიძლებაო.

მე ვკითხე, რატომ? თუკი ტელეფონი თქვენს შვილს ეხმარება განათლების მიღებაში, იქნებ აგვიანდება და უნდა გაგაგებინოს ამბავი, განა ეს ცუდია? – ვუთხარი მათ. შემდეგ უყიდეს ტელეფონი,“- ამბობს ლეილა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია აჩვენო ადამიანებს სიმართლე, „დაანახო, რომ გოგონებიც ძლიერები ვართ, ჩვენც გვაქვს უფლებები და შეგვიძლია ყველაფრის კეთება“.

ვასიფ მამედოვი მეათე კლასშია. მეგობრების მსგავსად მასაც ჰქონდა შესაძლებლობა დახმარებოდა 15 წლის გოგონას, თავი დაეღწია იძულებით ქორწინებისთვის.

„გავერთიანდით მეგობრები და გადავწყვიტეთ, მივსულიყავით მის მშობლებთან და აგვეხსნა, რომ ეს არ შეიძლებოდა. რა თქმა უნდა, იყო წინააღმდეგობა, ჩემი შვილია და რა თქვენი საქმეა – გვეუბნებოდნენ მისი მშობლები, მაგრამ ავუხსენით, რომ ჩვენც 15 წლისანი ვართ და უფლება გვაქვს, რომ ვისწავლოთ-მეთქი.“- გვითხრა ვასიფმა.

ის დარწმუნებულია, რომ მისი თაობა შეძლებს ძალადობის დაძლევას და ქალების უფლებების დაცვას.

„უბანში, როცა ერთად ვართ ხოლმე ბიჭები, სულ ვსაუბრობთ ამ საკითხზე. იმაზეც, რომ მეტი ინფორმაცია, ცნობიერების გაზრდა და მეტი განათლებაა საჭირო ცვლილებებისთვის“.

ვასიფი გოგოს მოტაცების მავნე ტრადიციაზეც საუბრობს და მიიჩნევს, რომ კანონის სიმკაცრე და დროული რეაგირება ამ პრაქტიკასაც შეცვლის.

„მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები გავიდნენ სოფლიდან, რეგიონიდან, იმოგზაურონ, რომ დაინახონ განსხვავებული სამყარო და მოისმინონ განსხვავებული აზრები,“- მიიჩნევს ვასიფი.

დანიელ ხუციშვილი, ვასიფ მამედოვი.

დანიელ ხუციშვილი ამბობს, რომ მშობლებთან მეგობრული ურთიერთობა აქვს და ნაკლებად სტერეოტიპულად უდგებიან საკითხებს. „ალბათ იმიტომ, რომ მშობლებს, ორივეს, განათლება აქვთ მიღებული და ბებიაჩემიც თავის დროზე ბევრს მოგზაურობდა.

გარემო რომ შეიცვალოს, ჯერ ადამიანებმა თავიანთი უფლებების შესახებ უნდა გაიგონ და შემდეგ ამის დასაცავად დაიწყონ ბრძოლა.

განათლების გარდა, მნიშვნელოვანია მეგობრული გარემოც,“- გვეუბნება დანიელი.

მოზარდები ცდილობენ, თავიანთი წვლილი შეიტანონ ცნობიერების ამაღლებაში, ამიტომ ბუკლეტებს, ფლაერებსაც ამზადებენ ადამიანების უფლებებზე და სოფელ-სოფელ არიგებენ.

პუტინმა ყირიმის ხიდზე მანქანით გაიარა – კრემლისტური მედია

კრემლისტური მედიით ვრცელდება ინფორმაცია და ვიდეო, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყირიმის ხიდზე იმყოფებოდა. მან ხიდზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

რუსული პროპაგანდისტული საიტები ხაზს უსვამენ, რომ პუტინი Mercedes-Benz-ის საჭესთან თავად დაჯდა და ხიდის შეკეთებულ ნაწილზე გაიარა, გზად კი ვიცე-პრემიერ მარატ ხუსნულლინისგან ხიდის აღდგენითი სამუშაოების შესახებ ანგარიშს ისმენდა.

„ჩვენ ახლა მივდივართ მარჯვენა მხარეს. ხიდის მარცხენა ნაწილი, როგორც ვხვდები მუშა მდგომარეობაშია, თუმცა მაინც სჭირდება შეკეთება. ცოტათი მაინც დაზიანდა, ყველაფერი იდეალურ მდგომარეობამდე უნდა მივიყვანოთ,“ – ამბობს პუტინი ვიდეოში.

მანამდე სამუშაოებზე პასუხისმგებელმა სახელმწიფო კომპანიამ განაცხადა, რომ ყირიმის ხიდის ავტოსაგზაო ნაწილის მარჯვენა მხარეზე მოძრაობა გაიხსნა.

ყირიმის, იგივე ქერჩის ხიდი 8 სექტემბერს დაზიანდა. ხიდზე სატვირთო მანქანა აფეთქდა. აალდა საწვავით სავსე შვიდი ცისტერნა ხიდის სარკინიგზო ნაწილზე, ხიდის ორი საავტომობილო მალი კი ჩაინგრა.

რუსეთის ხელისუფლებამ აფეთქებაში უკრაინის ხელისუფლება და კონკრეტულად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი დაადანაშაულა.

12 ოქტომბერს ФСБ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეზე 8 ადამიანი დააკავეს – 5 რუსეთის მოქალაქე, 3 – უკრაინისა და სომხეთის.

რუსეთის სპეცსამსახურები ამტკიცებდნენ, რომ აგვისტოს დასაწყისში ტვირთი, რომელიც ხიდზე აფეთქდა, ოდესის პორტიდან ჯერ ბულგარეთში გადაიტანეს, იქიდან საქართველოში, ფოთის პორტში, საიდანაც ის სომხეთში მოხვდა. გადატანის პროცესში მონაწილეობდნენ უკრაინის მოქალაქეები – მიხაილ ციურკალო, დენის კოვაჩი, რომან სოლომკო, საქართველოს მოქალაქეები – სანდრო ინოსარიძე, ბროკერი მეტსახელად „ლევანი“ და სომხეთის მოქალაქე არტურ ტერჩანიანი.

კრემლისტური მედია წერს, რომ ხიდის საავტომობილო ნაწილზე მოძრაობა აფეთქებიდან მალევე აღდგა. ოქტომბრის შუა რიცხვებში კი მშენებლებმა დაზიანებული მალების დემონტაჟი და ახლებით შეცვლა დაიწყეს. ვიცე-პრემიერის, მარატ ხუსულლინის თქმით, მარცხენა მხარეს ხიდის ოთხი კონსტრუქციის პროექტი დამტკიცებულია და დაზიანებული ნაწილების შეცვლა მალე დაიწყება. ხიდის სარკინიგზო ნაწილის სრულად აღდგენა ექვს-შვიდ თვეში იგეგმება.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, ნაკლებსავარაუდოა, რუსეთმა ხიდის სრულად აღდგენა 2023 წლის სექტემბრამდე მოახერხოს.

დაზვერვის აზრით, ქერჩის ხიდზე თავდასხმამ სერიოზულად შეაფერხა ყირიმსა და სამხრეთ უკრაინაში მარაგების შევსება და შეამცირა რუსეთის შესაძლებლობა, გადაიტანოს სამხედრო აღჭურვილობა, გადაიყვანოს პირადი შემადგენლობა რკინიგზით ან საავტომობილო ტრანსპორტით.

ყირიმის, იგივე ქერჩის საავტომობილო და სარკინიგზო ხიდი, რომელიც რუსეთს ოკუპირებულ ყირიმთან აკავშირებს, 2016-2018 წლებში აშენდა და ის 3,5 მილიარდი დოლარი დაჯდა. მისი სიგრძე დაახლოებით 18 კილომეტრია.

ხიდი 2018 წლის 15 მაისს საზეიმოდ გაიხსნა და ვლადიმერ პუტინმა ხიდის საავტომობილო გზის ნაწილზე მაშინაც მანქანით გაიარა.

ალკოჰოლით გამოწვეული აშლილობის სამკურნალოდ აჭარაში ახალი პროგრამა ამოქმედდება

ოფიციალური სტატისტიკით საქართველოში ალკოჰოლის მოხმარების საერთო გავრცელება საკმაოდ მაღალია – 78.5%-ს შეადგენს. საქართველოში მაღალია ალკოჰოლის რეგულარული მომხმარებლების რიცხვიც. ბოლო კვლევის (STEPS – 2016 წ.) თანახმად, ალკოჰოლს რეგულარულად მოიხმარდა გამოკითხული მოსახლეობის 39 პროცენტი (58.9% კაცი, 20.7% ქალი). მძიმე ეპიზოდური სმის პროცენტული მაჩვენებელი 18.3 პროცენტია.

ამავე კვლევის თანახმად, საკმაოდ მაღალია ალკოჰოლის მოხმარების მაჩვენებლები სკოლის ასაკის (16 წელი) ბავშვებშიც.

ამ მაჩვენებლების მიუხედავად, ალკოჰოლის საზიანო მოხმარების შემცირების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საქართველოს დღემდე არ დაუმტკიცებია.

ალკოჰოლზე დამოკიდებულების მქონე ადამიანებისთვის საქართველოში რამდენიმე სერვისი არსებობს: კერძო, ფასიანი სარეაბილიტაციო ცენტრები, საქველმოქმედო ორგანიზაცია „კარიტასის“ ცენტრი და სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარულ მკურნალობას უზრუნველყოფს.

აქამდე ამ სახელმწიფო პროგრამას აჭარაში არსებული სამედიცინო დაწესებულებები არ ახორციელებდნენ, ბენეფიციარები უფასო სერვისის მისაღებად ყველაზე ახლოს, ქალაქ ხონში ან თბილისში უნდა ჩასულიყვნენ, სხვა შემთხვევაში ბათუმში ფასიანი სერვისით უნდა ესარგებლათ, რისი ფინანსური საშუალებაც პაციენტების ამ ჯგუფს ხშირად არ აქვს.

„ზუსტად ეს იყო მიზეზი იმისა, რატომაც დავიწყეთ ამ პროგრამის განხორციელებაზე ფიქრი.

ამ დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობა ხონში გეოგრაფიულად საკმაოდ პრობლემური იყო. დანარჩენი კლინიკები განთავსებულია თბილისში.

აჭარაში პაციენტს ამ მომსახურების მისაღებად თავად უწევდა თანხის გადახდა,“ – განმარტავს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით,  მიმდინარე წლის განმავლობაში  150-ზე მეტმა პაციენტმა მიმართა სტაციონარს აღნიშნული პრობლემით, თუმცა სამინისტროსვე ცნობით, საჭიროება უფრო მეტია – სტაციონარში  მიმართვიანობა გაიზრდება მაშინ, როცა გაიზრდება სტაციონარულ მკურნალობაზე ფინანსური ხელმისაწვდომობა.

ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მკურნალობის პროგრამა აჭარაში 2023 წლის იანვრიდან ამოქმედდება. 

მარი ზანაქიძის განმარტებით, ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მკურნალობა არ წარმოადგენს ჩანაცვლებით თერაპიას ან ე.წ. გამოსაფხიზლებელს. ეს მოიცავს ოთხი დიაგნოზის მკურნალობას, კერძოდ:

  • ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები
  • აღკვეთის მდგომარეობა დელირიუმით [თეთრი ცხელება]
  • მწვავე ბოდვითი ფსიქოზური აშლილობა
  • ფსიქოზური აშლილობა მწვავე ჰალუცინოზით და აღკვეთის მდგომარეობა გულყრებით

ამ შემთხვევაში სტაციონარულ მომსახურებაში არ არის გაწერილი დღეების რაოდენობა, ამას ინდივიდუალურად წყვეტს სტაციონარში მედპერსონალი, ექიმი, რომელიც მიიღებს პაციენტს. პროგრამით ფინანსდება შემთხვევები, როცა პაციენტი თავსდება სტაციონარში რამდენიმე დღით.

პროგრამით ისარგებლებენ აჭარის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის ბენეფიციარები, მათ შორის არიან როგორც სოციალურად დაუცველი ადამიანები, ისე მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ 40 000 ლარზე ნაკლები წლიური შემოსავალი.

მომსახურება ფინანსდება ვაუჩერული პრინციპით, სამედიცინო დაწესებულებას ირჩევს თავად პაციენტი.

ამ ეტაპზე აჭარაში რამდენიმე კლინიკაა, რომლებსაც ნარკოლოგიური ნოზოლოგიების მქონე პაციენტების სტაციონარული მართვის ნებართვა აქვთ.

„ამ ეტაპზე ეს შეუძლია ბათუმის სამედიცინო ცენტრს და ნარკოლოგიურ ცენტრს, თუმცა, შესაძლოა, სხვა სტაციონარებმაც, რომლებიც დააკმაყოფილებენ შესაბამის სტანდარტს, მიიღონ რეგულირების სააგენტოდან ამ მომსახურების უფლება,“ – განმარტავს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

პროგრამის მოსარგებლეები არიან ასევე უსახლკარო ადამიანები, რომელთა გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფსაც შეუძლია.

„მიმდინარედაც ხდება ამ პაციენტების [უსახლკაროების] მოთავსება კლინიკაში და ეს ფინანსურად ხელმისაწვდომი არ არის მათთვის, მათ უწევთ ან თანხის გადახდა, ან რჩებათ კლინიკაში ეს სამედიცინო მომსახურება დავალიანებად,“ – განმარტავს მარი ზანაქიძე.

საქართველოს მასშტაბით უფასო ცენტრი, სადაც ადამიანები თვეობით ცხოვრობენ და ალკოჰოლზე დამოკიდებულების დასამარცხებლად იბრძვიან, მხოლოდ ბათუმშია და მას საქველმოქმედო ფონდი „კარიტასი“ აფინანსებს. სარეაბილიტაციო ცენტრს ერთდროულად 12 ადამიანის მიღება შეუძლია, ამჟამად აქ 7 ადგილია თავისუფალი. ცენტრს ჰყავს ფსიქოლოგი, ექიმი და ოპერატორები. ცენტრში ცხოვრება და რეაბილიტაცია შეუძლია საქართველოს მოქალაქეს ნებისმიერი რეგიონიდან.

„ცენტრიდან არ გადიან. ვთავაზობთ 3 თვით რეაბილიტაციას [მაქსიმუმ 18 თვე], მედიკამენტურ თერაპიას, ფსიქოთერაპიას. მთავარია, პაციენტი იყოს დამოკიდებული მხოლოდ ალკოჰოლზე. სამწუხაროდ, ჯერ ჩვენ ქალი ბენეფიციარების მისაღებად არ ვართ მზად, სხვა პირობებია საჭირო და ქალი ოპერატორებიც არ გვყავს. იმ ოთხი წლის განმავლობაში, რაც ეს ცენტრი გვაქვს გახსნილი, მხოლოდ 2 ქალი იყო, ვინც მოგვმართა,“ – ამბობს ალკოჰოლდამოკიდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის კოორდინატორი თამაზ მღებრიშვილი.

იგი მიიჩნევს, რომ ალკოჰოლზე დამოკიდებულება მწვავე პრობლემაა საქართველოში, რომელსაც მეტი ინვესტიცია სჭირდება. „გაცილებით უკეთესი შედეგი დადგება, თუ მეტი მხარდაჭერა იქნება, მთავრობის ან თუნდაც ბიზნესის მხრიდან,“ – ამბობს ის.

„ხშირად ცენტრში რეაბილიტაციის გავლიდან ერთი წლის ან რამდენიმე თვის შემდეგაც მოგვმართავენ, მესამედაც დაბრუნებულან, მაგრამ გვყავს ბენეფიციარები, რომლებიც რეაბილიტაციის შემდეგ არ გაჰკარებიან ალკოჰოლს. მთავარი, რაც განაპირობებს შედეგის დადგომას, არის ის, რომ თვითონ პიროვნებამ მიიღოს გადაწყვეტილება/აღიაროს, რომ ეს მისთვის საზიანოა, მეორე არის ოჯახი/გარემო, მათი მხარდაჭერა და პირობების შექმნა იმისთვის, რომ ის არ დაუბრუნდეს ალკოჰოლს,“ –  ამბობს თამაზ მღებრიშვილი.

ყირგიზული მედიის მხარდასაჭერად – ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია სივრცე კავკასია“ ყირგიზული მედიის მხარდასაჭერად განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ხელს ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აწერენ.

განცხადების ავტორები და ხელმომწერები მოუწოდებენ „საერთაშორისო პარტნიორებს, მხარდაჭერა გამოხატონ ყირგიზული მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, არა მხოლოდ თავისუფალი, კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დასაცავად, არამედ ასევე უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი „დაკავშირებულობის“/სატრანზიტო შესაძლებლობების დასაცავად”.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 60-მდე მედიაორგანიზაციამ ყირგიზეთიდან, რომლებიც გაერთიანებულნი არიან „ყირგიზეთის მედიაპლატფორმის“ სახელით, ქართველ პარტნიორებს მიაწოდა ინფორმაცია ყირგიზეთში მედიის უახლესი, უკანონო დევნის მძიმე ფორმების შესახებ.

„მედიაპლატფორმის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო პერიოდში გახშირდა დაპატიმრების, უსაფუძვლო სასამართლო დევნისა და სხვა სახის ზეწოლის შემთხვევები, ამავდროულად, ყირგიზეთში ინიცირდა რამდენიმე არაკონსტიტუციური საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პრინციპებს და დიდწილად იმეორებს რუსეთის ფედერაციაში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც მიმართული იყო თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საქართველო და ცენტრალური აზია წარმოადგენენ მნიშვნელოვან შუა კორიდორს ევროპული და საერთაშორისო ენერგეტიკული/ეკონომიკური უსაფრთხოებისათვის, განსაკუთრებით ახლა, როდესაც რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამ შეცვალა მრავალი სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების მომავალი.

სამწუხაროდ, ყირგიზეთში ყველაზე მწვავე ფორმით გამოვლენილი ტენდენციები ასევე გახშირდა რეგიონის სხვა ქვეყნებშიც – მათ შორის, საქართველოშიც, სადაც ბოლო პერიოდში გახშირებული მოწოდებები არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვისკენ აჩენს კითხვებს სამოქალაქო საზოგადოების უსაფრთხოებისა და სიტყვის თავისუფლების შესახებ“.

განცხადებაზე ხელმოწერა ყველა მსურველ ორგანიზაციას შეუძლია, ამისათვის საჭიროა დაუკავშირდეთ ავტორებს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: cos@cos.ge

ამ დროისთვის, განცხადებას ხელს აწერენ:

  • ღია სივრცე კავკასია
  • აი, ფაქტი – გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება
  • თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
  • სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
  • დემოკრატ მესხთა კავშირი
  • მედიის განვითარების ფონდი
  • მედიაკლუბი
  • მედიაომბუდსმენი
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • უფლებები საქართველო
  • რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
  • საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
  • Batumelebi.ge / netgazeti.ge

წინანდლის მუსიკალური ფესტივალის მეხუთე საიუბილეო სეზონის ჩატარების თარიღები ცნობილია

2023 წელს, ფესტივალი 31 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება და მსმენელს, ტრადიციულად წინანდლის ისტორიულ მამულში უმასპინძლებს.

წინანდალს კვლავ ეწვევიან მსოფლიოში აღირებული ვარსკვლავები. თუმცა, საიუბილეო სეზონზე ორგანიზატორები განსაკუთრებით საინტერესო პროგრამასა და მუსიკოსების გამორჩეულ შემადგენლობას გვპირდებიან

ინფორმაცია ფესტივალის პროგრამისა და სხვა დეტალების შესახებ ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

„2023 წელს ფესტივალს 5 წელი უსრულდება. ეს მნიშვნელოვანი თარიღია. ეს ის ზღვარია, რომლის გადალახვის შემდეგ ფესტივალი სხვა განზომილებაში გადადის და მნიშვნელოვან ადგილს იმკვიდრებს ქვეყნის და საზოგადოების ცნობიერებაში.  

ძალიან რთული იყო პანდემიის წლებში ფესტივალის გამართვა, მაგრამ ჩვენ შევძელით, რომ წყვეტა არ ყოფილიყო და 100-მდე კონცერტი გავმართეთ, გქონდა 18 პირდაპირი ეთერი კლასიკური მუსიკის ყველაზე რეიტინგულ საერთაშორისო პლატფორმებზე, ვუმასპინძლეთ 70 მსოფლიოში აღიარებულ ვარსკვლავს. წინანდლის ფესტივალის წიაღში დაბადებულ პანკავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრს უკვე 8 ქვეყნიდან უერთდებიან მუსიკოსები და ეს ყველაფერი საოცარ ენერგიას ქმნის წინანდალში.

გვაქვს სასიხარულო ამბავიმაესტრო ჯანანდრეა ნოზედა დაგვთანხმდა და ის კიდევ 3 წელი იქნება ჩვენი მუსიკალური ხელმძღვანელი. მაესტროს დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე ეს შეთანხმება ურთულესი პროცესის შედეგია. ჯანანდრეა ნოზედა გახლავთ აშშ ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ასევე, ციურიხის საოპერო თეატრის მუსიკალური დირექტორი, ლონდონის და ისრაელის სიმფონიური ორკესტრების მთავარი მოწვეული დირიჟორიდროის დეფიციტის მიუხედავად, 2023 წლიდან ნოზედა წინანდლის ფესტივალს უხელმძღვანელებს და ეს მნიშვნელოვანი შენაძენი ფესტივალის დამფუძნებლების და მთელი გუნდის დაუღალავი შრომის შედეგია. სულ მალე გამოვაქვეყნებთ რეპერტუარს და მონაწილეთა სიას, რომელიც ძალიან შთამბეჭდავი იქნება. “ – დავით საყვარელიძე, წინანდლის ფესტივალის გენერალური დირექტორი.


წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2018 წელს კომპანიასილქნეტისმხარდაჭერით დაარსდა წინანდლის მამულში. წინანდლის ფესტივალის იდეა ემსახურება არა მხოლოდ საქართველოში მსოფლიოს კლასიკური მუსიკის უდიდესი ვარსკვლავების ჩამოყვანას საქართველოში, არამედ წინანდლის საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრად გადაქცევას რეგიონის ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსებისთვის, სადაც მათ საშუალება ეძლევათ წარსდგნენ ფართო მსმენელის წინაშე კლასიკური მუსიკის კორიფეებთან ერთად

ზელენსკის მოდა – რა აცვია ომის პრეზიდენტს და რა ღირს მისი ცნობილი მაისურები

უკრაინის პრეზიდენტი პირველი უკრაინელი ლიდერია, რომელმაც უარი თქვა ოფიციალურ კოსტიუმებზე და ომის დაწყების შემდეგ საკუთარ სტილს ამკვიდრებს – „ზელენსკის მოდას“ – უკრაინის სიმბოლიკიანი სამხედრო მწვანე მაისურებით, ჟაკეტებით, ქურთუკებით, სპორტული შარვლებითა და მოსახერხებელი, ნაკლებად ძვირადღირებული ფეხსაცმლით.

ის ასე ხვდება მსოფლიო ლიდერებს, ერთვება ონლაინკონფერენციებს, წერს ვიდეომიმართვებს, დადის უკრაინის ქალაქებში და აჯილდოებს უკრაინის გმირებს.

ინტერნეტსაიტებსა და სოციალურ ქსელებში არაერთგან წააწყდებით მასალებს იმის შესახებ, თუ რა აცვია ვოლოდიმირ ზელენსკის, რა ღირს კონკრეტული სამოსი და მიაგნებთ ინსტრუქციებსაც – როგორ ჩავიცვათ ზელენსკივით.

უკრაინული გამოცემა Новое Время-ს თანახმად, ზელენსკის გარდერობის დიდ ნაწილს ბოლო პერიოდში ეს უკრაინული და ამერიკული ბრენდები ქმნიან – New Balance, Saucony, М-ТАС, KateLab და Creative Depo.

„ახლა ყველაფერი, რასაც ის იცვამს, პოპულარული და მოდური ხდება,“ – წერს გამოცემა, რომლის ცნობითაც, მაგალითად, უკრაინული წარმოების ქურთუკი, რომელიც ზელენსკის გათავისუფლებულ ხერსონში ჩასვლისას ეცვა, კომპანიის ინტერნეტმაღაზიიდან იმ დღესვე გაიყიდა.

ისეთი დუტის ქურთუკი, როგორიც ზელენსკის ხერსონში ეცვა, უკრაინული M-TAC-ის წარმოებისაა და მის ინტერნეტმაღაზიაში 230 აშშ დოლარი ღირს.

ვოლოდიმირ ზელენსკი/ფოტო: president.gov.ua

სწორედ უკრაინის პრეზიდენტის დახმარებით გახდა ცნობილი უკრაინული კომპანია KateLab-ი, რომელიც უკრაინისგერბიანი მაისურის ავტორია. ეს მაისური ეცვა ზელენსკის, როდესაც ომის მე-100 დღეს უკრაინელებს მიმართა და ის 950 გრივნა (დაახლოებით 25 აშშ დოლარი) ღირს.

სწორედ M-TAC-ია ზელენსკის იმ ცნობილი ჟაკეტის მწარმოებელი, რომელმაც მაისში უკრაინის საზღვრები გაარღვია და ლონდონში კრისტის საქველმოქმედო აუქციონზე 90 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა.

ბორის ჯონსონი და ვოლოდიმირ ზელენსკი/ფოტო: president.gov.ua ფოტოზე ზელენსკის სწორედ ის ქურთუკი აცვია, რომელიც მოგვიანებით აუქციონზე გაიყიდა.

„ჩვენი მაისური პრეზიდენტს აცვია“ – ასეთი სარეკლამო წარწერა დაგხვდებათ კიდევ ერთი უკრაინული ბრენდის Creative Depo-ს საიტზე. ამ კომპანიის მაისურით – I’M UKRAINIAN (მე უკრაინელი ვარ) – ზელენსკი არაერთ ღონისძიებაზე გამოჩნდა.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, კონკრეტული სამოსის გაყიდვებმა სწორედ ამის შემდეგ მოიმატა და საწარმო იძულებული გახდა, მისი წარმოება გაეფართოებინა – ახლა ასეთივე წარწერით არსებობს მაისური, ჰუდი, ქუდი და ტელეფონის ჩასადები.

ზელენსკი Creative Depo-ს სამოსით/ფოტო: president.gov.ua

ზელენსკის ტანსაცმელი საზოგადოების ყურადღების ქვეშ პირველად ახლად გათავისუფლებულ ბუჩაში მისი ჩასვლის შემდეგ მოექცა, როდესაც ინტერნეტმომხმარებლებმა არამხოლოდ მისი ჩაცმულობა შეამჩნიეს, არამედ ფასიც დათვალეს და აღმოაჩინეს, რომ პრეზიდენტს 50-დოლარიანი ბოტასები ეცვა.

თავად ზელენსკი ამტკიცებს, რომ გარდერობი მისთვის სტილისტებს არ შეურჩევიათ, უბრალოდ თავისთავად ასე გამოვიდა.

ZDF-ისთვის მიცემულ ბოლო ინტერვიუში პრეზიდენტი აღიარებს, რომ ახლა მას უკვე ადგილობრივი ბრენდების 20-მდე მაისური აქვს, თუმცა ომის დასაწყისში მხოლოდ 2 ცალი ჰქონდა.

„სამხედროებმა რომ დაინახეს, დაიწყეს მაისურების გამოგზავნა“, – ჰყვება პრეზიდენტი. – „შემდეგ იგივე დაიწყეს უკრაინელმა მწარმოებლებმა და მოდელიერებმა. ახლა ტანსაცმლის პრობლემა ნამდვილად არ მაქვს.“

მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული კუ 190 წლისაა – მას დაბადების დღე გადაუხადეს

წელს, დეკემბრის პირველ შაბათ-კვირას, მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული კუს დაბადების დღე აღნიშნეს წმინდა ელენეს კუნძულზე.

სეიშელის გიგანტურ კუს ჯონათანი ჰქვია და მეცნიერების ვარაუდით, იგი 1832 წელსაა დაბადებული. შესაბამისად, ჯონათანი ახლა დაახლოებით 190 წლისაა. მის სიცოცხლეში მოხდა 2 მსოფლიო ომი, ელექტროფიკაცია, გამოიგონეს თვითმფრინავი, ინტერნეტი, ადამიანი გაფრინდა კოსმოსში და ა.შ.

ჯონათანის პირველი ფოტო 1886 წელსაა გადაღებული. ფოტოზე: ჯონათანი (მარცხნივ) სხვა კუსთან ერთად. ფოტო: ვიკიპედია

 

გიგანტური კუ დაახლოებით 50 წლის იყო, როცა სეიშელის კუნძულებიდან ჩამოიყვანეს წმინდა ელენეს კუნძულზე. მას შემდეგ კუ გუბერნატორის რეზიდენციის ბაღში ცხოვრობს. მან სულ 32 გუბერნატორი გამოიცვალა.

გინესის რეკორდებში ჯონათანის შესახებ ინფორმაცია შეტანილია, როგორც   ხმელეთის უძველესი ცოცხალი ცხოველისა და ყველაზე ხანდაზმული კუს შესახებ მსოფლიოში.

გიგანტურმა კუმ დაბადების დღეზე ტორტიც მიიღო, რომელიც დამზადებული იყო მისი საყვარელი საკვებისგან: სტაფილოსგან, სალათის ფოთლებისგან, კიტრისგან, ვაშლისა და მსხლისგან.

ჯონათანი წმინდა ელენეს კუნძულზე სამ გიგანტურ კუსთან – დევიდთან, ემასთან და ფრედისთან ერთად ცხოვრობს. იგი კატარაქტისგან დაბრმავდა. მიუხედავად ასაკისა, ჯონათანს „შეყვარებულიც“ ჰყავს, 50 წლის გიგანტური კუ, სახელად ემა.

ფოტო: St Helena Tourism

პრიგოჟინი Google-ისა და YouTube-ის დასჯას „სიცრუის გავრცელების გამო“ ითხოვს

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი გენერალურ პროკურატურას მიმართავს და სთხოვს, შეაჩეროს „არასანდო ინფორმაციის“ გავრცელება Google-ისა და Youtube-ის საშუალებით და ამ უკანასკნელის წინააღმდეგ „უმკაცრესი ზომებიც“ მიიღოს.

„აუცილებელია სასწრაფოდ შევაჩეროთ არაზუსტი, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელება, რაც საზოგადოებრივი წესრიგის მასობრივი დარღვევის საფრთხეს ქმნის. ასევე ინფორმაციის, რომელიც მიმართულია რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ორგანოების დისკრედიტაციისკენ. აუცილებელია შეიზღუდოს წვდომა აღნიშნულ პლატფორმებზე,“ – წერს პრიგოჟინი საკუთარი კომპანია „კონკორდის“ სახელით ტელეგრამში და რუსეთის პროკურატურას სთხოვს, არასასურველად აღიარონ Google-ის საქმიანობა რუსეთის ტერიტორიაზე, პარალელურად კი დაიწყოს YouTube-ის საქმიანობის შემოწმება.

მას შემდეგ, რაც დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს სანქციები დაუწესეს, რუსეთის ფედერაციამ ვიდეოსერვისი Youtube დეზინფორმაციის გავრცელებაში და პროტესტების გაღვივებაში დაადანაშაულა.

მარტში Google-მა რუსეთში თავისი კომერციული ოპერაციების დიდი ნაწილი შეაჩერა და სრულად შეწყვიტა რეკლამა.

მაისში Google-მა განაცხადა, რომ რუსული ოფისის საქმიანობის შეწყვეტის მიუხედავად, კომპანია რუსული აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომად ტოვებდა უფასო სერვისებს, ისეთებს, როგორებიცაა YouTube, ძებნა, რუკები და ელექტრონული მეილი.

Youtube ომის დაწყების შემდეგ არაერთხელ მოექცა რუსეთის მარეგულირებელი ორგანოების კრიტიკის ქვეშ კრემლისტური არხების დაბლოკვისა და იმ კონტენტის წაშლაზე უარის თქმის გამო, რომლის აღებასაც რუსეთი ითხოვდა.

რუსეთის ხელისუფლებას ვიდეოსერვისი დღემდე არ დაუბლოკავს, ის რუსეთში ახლაც პოპულარულია.

სიმტკიცის განსახიერება – ზელენსკი Financial Times-მა წლის ადამიანად დაასახელა

ბრიტანულმა გამოცემა Financial Times-მა წლის ადამიანის ტიტული უკრაინის პრეზიდენტს მიაკუთვნა.

„თებერვლის სამხედრო აგრესიამდე უკრაინელთა ნაწილი მას დილეტანტად აღიქვამდა, ადამიანად, რომელიც ცდილობდა თავისი მაღალი თანამდებობის მოთხოვნებისთვის როგორმე ეპასუხა.

44 წლის ზელენსკიმ ისტორიაში ადგილი დაიმსახურა ლიდერობის თავისი არაჩვეულებრივი უნარით და სულის სიძლიერით…

ზელენსკი იქცა უკრაინელი ხალხის სიმამაცისა და სიმტკიცის განსახიერებად რუსეთის აგრესიასთან ბრძოლაში. სწორედ ამ მიზეზების გამო შეარჩია Financial Times-მა ზელენსკი წლის ადამიანად“, – წერს გამოცემა.

Financial Times-ი დასძენს, რომ ზელენსკის თავისი ემოციური და შინაარსიანი გამოსვლების გამო ხშირად ბრიტანეთის ცნობილ პრემიერს, უინსტონ ჩერჩილს ადარებენ.

უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ მედიასაც დაუღალავად იყენებს „აგიტაციისთვის დასავლეთის სამხედრო და ფინანსური დახმარების მისაღებად და საკუთარი ხალხის მძიმე მდგომარეობას გავლენის მორალურ ბერკეტად აქცევს,“ – მიუთითებს გამოცემა. – „ამ გზაზე ის ავტორიტარიზმთან გლობალურ  ბრძოლაში ლიბერალური დემოკრატიის მედროშე გახდა.“

გაზაფხულზე ვოლოდიმირ ზელენსკი ჟურნალმა TIME-მა წლის 100 გავლენიან ლიდერს შორის პირველ ადგილზე დაასახელა.

წაიკითხეთ ზელენსკის მიმართვა მსოფლიოს გავლენიანი ლიდერებისადმი.

ჟურნალ TIME-ის სიაში შევიდა უკრაინული გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ რედაქტორი, ჟურნალისტი სევგილ მუსაიევაც.

ხელვაჩაურის მერიამ თანამშრომელი უკანონოდ გაათავისუფლა – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი ხელვაჩაურის მერიიდან თანამშრომლის – გოჩა მჟავანაძის გათავისუფლებას უკანონოდ მიიჩნევს.

„…ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გოჩა მჟავანაძის მობილობის პროცესში დარღვეულია მობილობის განხორციელების წესის საკანონმდებლო მოთხოვნები,“ – წერია სახალხო დამცველის დასკვნაში, რაც ახლა უკვე ხელვაჩაურის მერის – ზაზა დიასამიძის სამუშაო მაგიდაზეა. მან 20 დღეში უნდა აცნობოს წერილობით პასუხი ომბუდსმენს.

საუბარია „გოჩა მჟავანაძის საქმეზე“ – გათავისუფლებული თანამშრომელი ამბობს, რომ ის რეალურად ხელვაჩაურის მერიიდან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გაჟღერების გამო გაათავისუფლეს. იყო თუ არა გოჩა მჟავანაძის გათავისუფლება დისკრიმინაციული პოლიტიკური ნიშნით, ამაზე ომბუდსმენს არ უმსჯელია, რადგან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სასამართლოს მიმართა – თუმცა სარჩელით მიმართვიდან, ანუ 27 ივლისიდან ამ დრომდე ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს საქმის განხილვა არ დაუწყია.

გოჩა მჟავანაძე გათავისუფლებამდე ხელვაჩაურის მერიის ეკონომიკის და სტატისტიკის განყოფილების უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა. ის რეორგანიზაციის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ვიდრე ხელვაჩაურის საკრებულო რეორგანიზაციაზე გადაწყვეტილებას მიიღებდა [2022 წლის 13 მაისი], გოჩა მჟავანაძე 11 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

„დამაკავეს, რომ შემშინებოდა,“ – ამბობს გოჩა მჟავანაძე და მიანიშნებს, რომ ხელვაჩაურის მოქმედი მერი – ზაზა დიასამიძე ხელვაჩაურის პოლიციის ყოფილი უფროსია.

დაკავებიდან რამდენიმე დღეში – 2022 წლის 19 მაისს გოჩა მჟავანაძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაამართლა. ხელვაჩაურის მერის ყოფილი თანამშრომელი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურსაც უჩივის სასამართლოში, რომელმაც მოქალაქის თქმით, ერთი თვის დაგვიანებით გამოითხოვა ვიდეოჩანაწერი იმაზე, თუ რა მოხდა დაკავების დროს პოლიციის განყოფილებაში.

სახალხო დამცველმა „გოჩა მჟავანაძის საქმეში“ კანონის დარღვევა დაინახა იმ კუთხით, რომ მობილობა მას ხელვაჩაურის მერიამ ფორმალურად შესთავაზა.

„…მობილობის პროცესში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ, საჯარო სამსახურის ბიუროსთან კოორდინაციით, მიმართა არაერთ უწყებას გოჩა მჟავანაძის მობილობით დასაქმების თაობაზე, თუმცა, სხვა საჯარო დაწესებულებაში, ტოლფას თანამდებობაზე გოჩა მჟავანაძის მობილობა ვერ განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში გოჩა მჟავანაძის გათავისუფლებამდეც ვაკანტური იყო მისი თანამდებობის ტოლფასი თანამდებობა – სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიცია, თუმცა, მერიის მიერ წარმოდგენილი განმარტებით, არასაკმარისი სამუშაო გამოცდილების ქონის მიზეზით, უწყებამ არ განიხილა გოჩა მჟავანაძის აღნიშნულ პოზიციაზე მობილობის შესაძლებლობა,“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ პირველ დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებაში.

ომბუდსმენის რეკომენდაცია ასეთია:

„მობილობა არ უნდა განხორციელდეს ფორმალურად და მიმართული უნდა იყოს საჯარო მოხელის შრომითი უფლებების რეალიზებისაკენ.

საჯარო დაწესებულება ვალდებულია გამოიყენოს მობილობის შიდა მექანიზმები. კერძოდ, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის პროცესში, შემცირებულ თანამდებობაზე დასაქმებულ მოხელეს, საჯარო დაწესებულებამ ჯერ უნდა შესთავაზოს იმავე საჯარო დაწესებულებაში არსებულ ტოლფას თანამდებობაზე დასაქმება, ხოლო აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, დაიწყოს გარე მობილობასთან დაკავშირებული პროცედურა,“ – მიიჩნევს სახალხო დამცველი.

ხელვაჩაურის მერიაში ამ საკითხზე განმარტებას დაგვპირდნენ და მას მიღებისთანავე გაგაცნობთ.

როდის გამოიდარებს? – გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5-6 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს, ხოლო 7-8 დეკემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი და ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობში +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ 8 დეკემბრამდე შენარჩუნებული იქნება ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და ზოგან თოვლიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამით 0, -5 გრადუსი იქნება, დღისით – 0, +5 გრადუსი.

8 დეკემბერს უკვე აღმოსავლეთ საქართველოშიც გამოიდარებს და დღისით ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსამდე მოიმატებს.

„თბილისში 8 დეკემბრამდე ცივი, ღრუბლიანი და ნისლიანი ამინდია მოსალოდნელი. შესაძლოა მცირე თოვლიც აღინიშნოს.

8 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -1, -3 , ხოლო დღის საათებში +3, +5 გრადუსი იქნება,“ – იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.

________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

რატომ შემცირდა უკრაინაში რუსეთის ავიაციის აქტივობა – ბრიტანეთის დაზვერვის შეფასება

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო თვეებში უკრაინაში რუსეთის ტაქტიკური ავიაციის ფრენები მნიშვნელოვნად შემცირდა.

„ახლა რუსული თვითმფრინავები, სავარაუდოდ, ახორციელებენ დღეში ათობით გაფრენას, მაშინ, როდესაც 2022 წლის მარტის მაქსიმუმი დღეში 300 ფრენა იყო,“ – წერს უწყება 5 დეკემბრის რელიზში.

დაზვერვის ცნობით, რუსეთმა ომში უკვე 60-ზე მეტი ფიქსირებულფრთიანი საბრძოლო თვითმფრინავი დაკარგა და ამ დანაკარგს, სავარაუდოდ, გასულ კვირაში კიდევ დაემატა გამანადგურებელ-ბომბდამშენი Su-24M FENCER  და მოიერიშე Su-25 FROGFOOT-ი.

ფრენების შემცირების მიზეზებად უწყება ასახელებს  „უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მხრიდან მაღალ საფრთხეს, რუსული თვითმფრინავების ფრენის დროის შეზღუდულობას და გაუარესებულ ამინდს“.

დაზვერვის ვარაუდით, რუსეთის საჰაერო ძალების შემცირებული აქტივობა ზამთრის ცუდი ამინდის პირობებში შენარჩუნდება.

უკრაინის გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, რუსეთმა 24 თებერვლიდან 5 დეკემბრამდე პერიოდში, ჯამში 281 თვითმფრინავი, 264 ვერტფრენი და 1 582 უპილოტო საფრენი აპარატი დაკარგა.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 5 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 5 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 91 690 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +540]
  • ტანკი – 2 924 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 5 900 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 1 914 ერთეული [+6]
  • MLRS – 395 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 211 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 281 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 264 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 582 ერთეული [+9]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 531 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 497 ერთეული [+18]
  • სპეცტექნიკა – 163 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 5 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 339 თვითმფრინავი
  • 180 ვერტმფრენი
  • 2 628 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 391 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 6 996 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 910 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 657 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 477 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ISW ზამთარში უკრაინელთა წარმატების წინაპირობებს ასახელებს

ბათუმში კატასტროფა გარდაუვალია ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგიის გარეშე – კვლევა

„ახლო მომავალში აუცილებლად უნდა შემუშავდეს [ბათუმის] სანაპიროს ექსპლოატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდაუვალია, ვინაიდან ამოწურულია ზღვის სანაპიროს ბუნებრივი დინამიკის აღდგენის ყველა შესაძლებლობა“, – აღნიშნულია დოკუმენტში, რომლის მომზადებაშიც აჭარის ბიუჯეტიდან 19 700 ლარი დაიხარჯა. სამუშაო სპეციალისტების მიერ შესაბამისი კვლევების ჩატარებასაც მოიცავდა.

აჭარის მთავრობიდან, ასევე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან და ბათუმის მერიიდან „ბათუმელებმა“ ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე – დაწყებულია თუ არა მუშაობა ზღვისგან დაცვის ახალ სტრატეგიაზე.

დოკუმენტის მომზადება, რომელშიც გარდაუვალ კატასტროფაზეა საუბარი, კერძო კომპანიას ტენდერის გარეშე შეუკვეთა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ.

„ბათუმში შავი ზღვის სანაპირო ზოლში – გამწმენდი ნაგებობის მოპირდაპირედ, ასევე, აეროპორტის ასაფრენი ბილიკის და  ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოების (პლაჟის გასამაგრებელი სამუშაოების) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე“, – შპს „ქოსთ დიზაინთან“ ხელშეკრულება 2022 წლის 22 მარტს გააფორმა სამინისტრომ.

თუმცა ბათუმის პლაჟის გასამაგრებლად ზღვის ხელოვნური კვება [ხრეშის შეტანა] აუცილებელი რომ იყო, ეს საქართველოს, აჭარისა და ბათუმის მთავრობებმა მანამდეც, სულ ცოტა, სამი წლის წინ მაინც იცოდნენ [იცოდნენ 6 წლის წინათაც].

2019 წლის ბოლოს ხრეში ნაპირდამცავ ნაგებობასთან იმ კომპანიამ შეიტანა და ხელოვნური პლაჟი მოაწყო, რომელმაც ნაპირის გასამაგრებლად ლოდების ბერმა გააკეთა. მაშინდელი გათვლებით ახალი ბულვარის გაგრძელებაზე მოწყობილ ნაპირდამცავ ნაგებობასთან ყოველწლიურად მინიმუმ 25 ათასი კუბური მეტრი ხრეში უნდა დაეყარათ.

თუმცა არ დაყარეს და… ზღვამ აქ ხელოვნურად მოწყობილი პლაჟი წაიღო და იმ ლოდების დაშლაც დაიწყო, რომელთა დალაგებაშიც სახელმწიფომ 50 მილიონზე მეტი ლარი გადაიხადა. „ბათუმელებმა“ ოფიციალურ უწყებებში დღემდე ისიც ვერ გაარკვია, ვინ უნდა უპატრონოს ამ ნაგებობას.

ხელისუფლება მოქმედებას მაშინ იწყებს, როცა ზღვა პლაჟს, სანაპირო ზოლს და ინფრასტრუქტურას ერთად ანგრევს.

ამის მაგალითად ისიც კმარა, რომ ბოლო, 2022 წლის 27 ნოემბრის შტორმამდე, ბათუმში დამანგრეველი შტორმი 2021 წლის 22 დეკემბერს და 2022 წლის 5 თებერვალსაც იყო.

ბათუმის ახალ ბულვარში 2022 წლის თებერვალში შტორმის შედეგად დაზიანებული სანაპირო [ლურჯი ხაზით] და მის გაგრძელებაზე, 27 ნოემბერს დაზიანებული სანაპირო [წითელი ხაზით]
სანაპიროზე ხრეშის შეტანა კი, აჭარის მთავრობამ 2022 წლის მარტში გადაწყვიტა და პროცესი 7 თვის შემდეგ, ნოემბერში დაიწყო:

ხრეშის შეტანა „ქოსთ დიზაინის“ მიერ მომზადებული პროექტის საფუძველზე დაიწყო, რომელშიც „გარდაუვალ კატასტროფულ მოვლენებზე“ მთავრობას კიდევ ერთხელ მიუთითეს. ამასთან, პროექტით, ხრეშის შეტანა მხოლოდ პლაჟის აღდგენა-შენარჩუნებას გულისხმობდა უკვე დაზიანებულ ადგილებში და არა ნაპირგამაგრებას. ამ დოკუმენტის მომზადებიდან დღემდე კი, ზღვამ დამატებით სულ ცოტა 300 მეტრი სიგრძის სანაპირო წარეცხა და ინფრასტრუქტურაც დააზიანა.

1-2 და 3 წერტილებით აღნიშნულია ადგილები, სადაც ამჯერად ხრეში ხელოვნურად შეაქვთ [წითელი და ლურჯი ხაზებით კი ბოლო შტორმების დროს დაზიანებული ნაპირია აღნიშნული]. აღსანიშნავია, რომ ხელოვნურად შეტანილი ხრეშის ნაწილი [წერტილი – 1], როგორც აქ დასაქმებულმა „ბათუმელებს“ უთხრა, ზღვამ უკვე წაიღო. ხრეში ამჯერად შეაქვთ წერტილში – 1, აეროპორტის ასაფრენი ზოლის მოპირდაპირედ.
„ვიცით, რომ 5-6 ბალი შტორმის დროს, ბათუმის სანაპიროს პრობლემები აქვს. 400 ათასი კუბური მეტრი ხრეშის შეტანას რაც შეეხება, მე რამდენადაც მახსოვს, იმ 800-900 მეტრ მონაკვეთზე იყო გათვლილი, სადაც წარეცხა პლაჟი. ახლა თუ დამატებით კიდევ წარეცხა, რაღაც კორექტირება შეიძლება დასჭირდეს პროექტს – ახალი მონაკვეთი არ ვიცი, სად მოხდა. ეს 400 ათასი რაღაც სტაბილიზაციისთვის უნდა ეყოს, მომავალში ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ყოველწლიურად შეტანა“, – გვითხრა გეომორფოლოგმა თემურ მეტრეველმა, რომელიც, როგორც თავად ამბობს, პროექტის მომზადების დროს ერთ-ერთი კონსულტანტი იყო და ბათუმშიც იმყოფებოდა.

აუცილებელია თუ არა ხრეშის შეტანის პროექტში ცვლილებები, „ბათუმელებს“ აჭარის სამინისტროდან არც ამ კითხვაზე უპასუხეს.

რაც შეეხება ახალ სტრატეგიაზე მუშაობას, მთავრობას და მის ქვემდებარე სამსახურებს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში შტორმის შედეგად ბათუმის სანაპიროსთვის მიყენებული ზარალიც არ აქვთ დათვლილი.

თემურ მეტრეველის თქმით, ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია კვლევებისა და მათემატიკური მოდელირების შემდეგ უნდა გადაწყდეს.

„ეს სტრატეგია მომავალში აუცილებლად იქნება გასაკეთებელი. სხვადასხვა ვარიანტი არსებობს ზღვისგან დაცვის – წყალქვეშა ტალღმტეხები შეიძლება გაკეთდეს, შეიძლება წყალზედა… „მე ვფიქრობ წყალზედა ტალღმტეხების აშენება მომავალში იქნება კარგი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს კვლევებისა და მოდელირების საფუძველზე, იმიტომ, რომ ასეთი ტალღმტეხები საქართველოში არსად გვაქვს, იტალიაში აკეთებენ, მაგალითად.

თემურ მეტრეველის თქმით, ტალღმტეხი უნდა მოეწყოს მთელი ბათუმის პლაჟის გასწვრივ ყოველ 100-150 მეტრში [2-3 მეტრ სიღრმეზე] ლოდების ჩაწყობით [წყალქვეშა – ეს არის მთლიანად წყალში, არ ჩანს ნაპირიდან, წყალზედა კი – ნაგებობები, ანუ ლოდების კონსტრუქცია, რომლებიც ზღვის ზედაპირზე ამოდის და ხილულია.]

მისივე თქმით, ეს ხელს შეუშლის აბრაზიულ პროცესებს, ნაპირის წარეცხვას, თუმცა რაღაც მასალა მაინც შესატანი იქნება ხელოვნურად, იმიტომ, რომ მხოლოდ ტალღმტეხების გაკეთება არ იქნება საკმარისი, მით უმეტეს, პლაჟების შესანარჩუნებლად: „მასალის შემოტანა საჭირო იქნება, მაგრამ, ადრე თუ შემოგვქონდა ვთქვათ, 100-120 ათასი კუბური მეტრი ხრეში, შემდეგ შეიძლება 20-25 ათასი კუბური მეტრი იყოს საჭირო, ანუ ბევრად ნაკლები.“

როგორ იმუშავებს ხრეშის ხელოვნურად შეტანა – რა დროში და რა მონაკვეთზეა პლაჟის აღდგენა მოსალოდნელი ამჯერად, თემურ მეტრეველი ამბობს, რომ ზუსტი პროგნოზის გაკეთება ვერ მოხერხდება: „ვნახოთ, როგორი მდგომარეობა იქნება, იმიტომ რომ ზღვის აქტივობა ყოველთვის არ ჰგავს ერთმანეთს – შეიძლება ისე გავიდეს წელი, რომ საერთოდ არ იყოს შტორმი… მთავარი პრობლემა ბათუმის სანაპიროსთვის არის ის, რომ ჭოროხიდან ზღვაში პრაქტიკულად აღარაფერი შემოდის ნატანის სახით“.

2022 წლის 27 ნოემბრის შტორმის დროს დანგრეული სანაპირო ბათუმის ახალ ბულვარში / ფოტო: 3.12.2022

 

[toggle title=”ბათუმის სანაპიროს ახლანდელი მდგომარეობის სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]

„ქოსთ დიზაინის“ მიერ მომზადებული დოკუმენტიდან:

„საქართველოს ზღვის ნაპირებზე, მდინარეების მიერ გამოტანილი, ნაშალი მასალა შტორმული ტალღებით გადაადგილდება სანაპიროს გასწვრივ. იგივე ტალღების შექმნილია დღეს არსებული ყველა პლაჟი.

საუკუნეების განმავლობაში, ყველაზე დიდი, შტორმული ტალღები ქმნიდნენ მაღალი ნაპირგასწვრივი ზვინულების გენერაციებს, განიერ პლაჟებს და ამით საიმედოდ იცავდნენ ნაპირებს წარეცხვისგან. დღეს:

1. მთლიანად მოშლილია პლაჟებისთვის, მდინარით ჩამოტანილი მკვებავი მასალის მიწოდების მექანიზმი.

თურქეთის ტერიტორიაზე, ჰიდროტექნიკური ნაგებობებით გადაკეტვის გამო, რამდენიმე მლნ მ3 მყარი ჩამონადენის მქონე მდინარე ჭოროხს, თითქმის აღარაფერი აღარ გამოაქვს სანაპიროზე. ადრე მდ. ჭოროხი კვებავდა ნაპირებს გონიოდან ქობულეთის ჩათვლით, ხოლო უკანასკნელ წლებში, ბათუმის საპორტო მოლების აშენების შემდეგ, მხოლოდ გონიოდან ბათუმის კონცხის ჩათვლით.

უკეთესი მდგომარეობა არც პატარა მდინარეებზეა – მდინარეების ნატანების და კინტრიშის კალაპოტებიდან მოპოვებული მილიონობით მ3 მასალით შენდება გზები და შენობები, როცა ორივე მდინარის საშუალო წლიური ჩამონადენი არ აღემატება 60 000 მ3-ს.

2. მშენებლობების შედეგად, მასობრივად განადგურებულია საუკუნოვანი ნაპირგასწვრივი ზვინულები, ხდება პლაჟების ტერიტორიების ათვისება.

მაგ. საქართველოს სანაპირო ზოლში არსად არ გვხვდება მრავალწლიური ნაპირგასწვრივი ზვინული და პლაჟები, ბუნებრივი ზომებით.

ზვინულები ან საგრძნობლად დადაბლებულია ან მასზე, დამატებით, გაშენებულია ნაგებობა და გზა.

პლაჟები საუკეთესო შემთხვევაში, ბუნებრივი ზომების 1/3 სიგანითაა შემორჩენილი. ასეა მაგ. ბათუმის ახალი ბულვარი – ზვინულის ნარჩენებზე და პლაჟზე გაშენებული, რომელიც პირველივე შტორმის შემდეგ დაინგრა.

აგრეთვე უამრავი მოსწორებულ ზვინულზე აშენებული და ზოგი მშენებარე შენობა, რომელთა წინ არსებული დამცავი პლაჟის სიგანე 20 – 40 მ-ს არ აღემატება.

უნდა იყოს 90 – 120 მ. ადლიაში და ბათუმში; აჭარის სხვა პლაჟებზე კი 60- 70 მ.

3. ამჟამად ნაპირდაცვითი სამუშაოები ხორციელდება ორი მეთოდით – ქვანაყარი ნაპირგასწვრივი დეფორმირებადი ბერმით და კარიერებიდან მოტანილი მასალით პლაჟების აღდგენით.

მაგ. ქვანაყარი ბერმა გამოიყენება ყველგან, სადაც საჭიროა საავტომობილო გზების და რკინიგზის დაცვა (სარფი, კვარიათი, ადლია, ჩაქვი და სხვ.). ეს მართლაც კარგი მეთოდია ვინაიდან, დეფორმაციის შემთხვევაში არ ხდება სანაპირო დანაგვიანება ბეტონის ნამტვრევებით და ადვილია აღდგენა ლოდების დამატებით.

ერთადერთი ნაკლია ის, რომ ამ მეთოდით გამაგრებული ნაპირი კარგავს პლაჟებს და რეკრეაციულ მნიშვნელობას.

პლაჟების შესანარჩუნებლად ხდება კარიერებიდან შესაბამისი ფრაქციისა და ხარისხის, ინერტული მასალის შემოტანა სანაპიროზე და ხელოვნურად პლაჟების აღდგენა (სარფი, ადლია, ქობულეთი, და სხვ.).

ბოლო წლებში აჭარის ზღვის სანაპიროზე მოხდა, მთელი რიგი მნიშვნელოვანი მოვლენა:

  • სარფი – კვარიათის მონაკვეთზე აშენდა 800 მ სიგრძის ქვანაყარი ბერმა.
  • გამწმენდი ნაგებობის წინ არსებული ქვანაყარი ბერმა გაგრძელდა აეროპორტის ასაფრენ ზოლამდე.
  • იტალიელების პროექტით, აშენდა ახალი ქვანაყარი ბერმა აეროპორტის ასაფრენ ზოლიდან მდ. მეჯინას შესართავამდე.
  • აეროპორტის ასაფრენ ზოლიდან ბათუმის კონცხამდე, იტალიელების პროექტით განხორციელდა „სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია“.
  • აშენდა აგრეთვე ბულვარი, რომელზედაც მიყრდნობილია პლაჟი. ბულვარის სიმაღლის ნიშნული მხოლოდ 3 მეტრამდეა, მაშინ როცა ბუნებრივი პლაჟის ზვინულის სიმაღლე 4,5-5 მ. უნდა იყოს, ხოლო ბულვარი უნდა მდებარეობდეს ზვინულის უკან.
  • ზვინულზე დასაშვებია მხოლოდ მცენარეული საფარის გაშენება. ასეთ პირობებში, ბულვარი და მის მიმდებარედ გაშენებული ნაგებობები დაცული იქნებოდა განადგურებისგან.
  • სანაპიროს მკვებავ მდინარეებში აღარ არსებობს პლაჟების მკვებავი მასალა, ვინაიდან მათი პირდაპირი დანიშნულების მაგივრად მდინარის ნატანს იყენებენ სხვადასხვა სამშენებლო მიზნებით ( შემოვლითი გზების და უბრალოდ გზების მშენებლობა, მაღლივი კორპუსების მშენებლობა უშუალოდ ზღვასთან და ხშირ შემთხვევაში იქ, სადაც პლაჟი და ზვინული უნდა იყოს).
  • აქედან გამომდინარე, ახლო მომავალში, აუცილებლად უნდა შემუშავდეს სანაპიროს ექსპლოატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდაუვალია, ვინაიდან ამოწურულია ზღვის სანაპიროს ბუნებრივი დინამიკის აღდგენის ყველა შესაძლებლობა.

[/toggle]

 

ამავე დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ბათუმის კონცხზე, „როდესაც მასალის დაგროვება აღწევს გარკვეულ კრიტიკულ ზღვარს, საკმარისია ერთი ძლიერი შტორმი ან მცირე სიმძლავრის მიწისძვრა, რათა მოხდეს პლაჟის მნიშვნელოვანი ტერიტორიის მოწყვეტა და ჩაზვავება 50 მეტრზე მეტ სიღრმეზე, როგორც მოხდა 1999 წლის იანვარში. მას შემდეგ, დღემდე, იახტკლუბთან მუდმივად ხდება მასალის დაგროვება და წინ წაწევა…

ნაპირის ბუნებრივი ფლუქტუაცია ბათუმის კონცხზე, საფრთხეს უქმნის ნებისმიერ ნაგებობას, რომელიც პლაჟზე არის განლაგებული. მასალის მუდმივი დაგროვება იახტკლუბთან აუცილებლად გამოიწვევს პლაჟის მოწყვეტას და ჩაზვავებას კანიონში.

როდის მოხდება ეს პროცესი და ექნება თუ არა მას კატასტროფული ხასიათი დამოკიდებულია ბევრ შემთხვევით პროცესზე და მისი ზუსტი დრო ჩვენთვის უცნობია.“

ბათუმის სანაპიროს პრობლემებზე „ბათუმელები“ წლებია წერს და ყველა სპეციალისტი პრობლემად ზღვაში ნატანის დეფიციტს ასახელებდა:

  • ბათუმის პლაჟები საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნებული იყო მდინარე ჭოროხის მიერ ზღვაში ჩატანილი ნატანით.
  • გასულ საუკუნეში მდინარის კალაპოტის შეცვლამ ნატანის რაოდენობა შეამცირა – დელტაში თავმოყრილი ნატანის ძირითადი მასა ზღვაში არსებულ ღრმა კანიონში იკარგებოდა;
  • თავის დროზე მდინარე ჭოროხზე კაშხლების მშენებლობამ თურქეთში, მინიმუმამდე დაიყვანა ნატანის რაოდენობა;
  • ამას დაერთო ჰესების მშენებლობა მდინარე აჭარისწყალზე და ჭოროხზე საქართველოში; ასევე ჭოროხის დელტაში თავმოყრილი ინერტული მასალების მშენებლობებზე გამოყენება;
  • შესაბამისად, ზღვას პლაჟების შენარჩუნებისთვის საჭირო მასალა აღარ დარჩა
  • შეწყდა ხელოვნური კვებაც, რამაც გამოიწვია კატასტროფული ეროზიული პროცესები აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან ბულვარის მიმართულებით, რაც დღესაც გრძელდება.

ნაპირის გამაგრებას ლოდების ჩაწყობით ზოგი სპეციალისტი ადრეც ეწინააღმდეგებოდა, თუმცა ნაგებობები ისე მოაწყვეს, რომ ზღვისგან დაცვის სტრატეგია სახელმწიფოს არ გააჩნდა და არც დღეს აქვს. შედეგად კი, ზღვამ ადლია-ბათუმთან ჯამში ჰექტრობით ხმელეთი მიიტაცა.

ამ თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

ნაპირდაცვა თუ ბათუმის სანაპიროს ეკოლოგიური დასახიჩრება – რა შემთხვევაში ემუქრება წარეცხვა ძველ ბულვარს

 

 

 

პუტინმა ომის დანაშაულებისთვის პასუხი უნდა აგოს – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამო პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.

ემანუელ მაკრონმა ვრცელი ინტერვიუ მისცა ამერიკულ CBS-ს, რომელშიც ჟურნალისტ ბილ უიტაკერთან რუსეთის სამხედრო აგრესიაზე, უკრაინისადმი დასავლეთის დახმარებისა და პუტინთან კავშირის შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრა.

ემანუელ მაკრონი: ამ წლის 24 თებერვალს რუსეთმა ომის დაწყება გადაწყვიტა. ვფიქრობ, მათ უდიდესი, უდიდესი შეცდომა დაუშვეს. პირველი – მათ არ სცეს პატივი საერთაშორისო სამართლის ნორმებს, იმ პრინციპებს, რომლებსაც თავად მოაწერეს ხელი. და მეორე – მათ არაერთი შეცდომა დაუშვეს საკუთარი შესაძლებლობებისა და უკრაინელთა შესაძლებლობების შეფასებისას. და ახლა, სექტემბრის შემდეგ, მათ გადაწყვიტეს დაბომბონ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იმ მიზნით, რომ სასოწარკვეთაში ჩააგდონ უკრაინელი ხალხი და ზამთრის განმავლობაში მათი ცხოვრება გაუსაძლისი გახადონ.

ბილ უიტაკერი: თქვენ თქვით, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმა ომის დანაშაულია.

ემანუელ მაკრონი: დიახ, ეს ომის დანაშაულია.

ბილ უიტაკერი: და უნდა დაეკისროს პუტინს პასუხისმგებლობა ომის დანაშაულებისთვის?

ემანუელ მაკრონი: ჩვენ უნდა შევაგროვოთ სამხედრო დანაშაულების ყველა მტკიცებულება. სწორედ ამას ვაკეთებთ ომის დაწყების დღიდან, როდესაც ვაგზავნით უკრაინაში პოლიციელებს, ექსპერტებს… ჩვენ ყველა სამართლებრივი ინიციატივა უნდა გამოვიყენოთ. ამიტომაც ჩემი პასუხია – დიახ.

ინტერვიუში მაკრონი ასევე ხაზს უსვამს, რატომ მიაჩნია აუცილებლად პუტინთან კავშირის შენარჩუნება.

„მე ყოველთვის ვინარჩუნებ რეგულარულ და პირდაპირ კავშირს პრეზიდენტ პუტინთან, რადგან მიმაჩნია, რომ იზოლაცია ეს ყველაზე ცუდი რამაა, განსაკუთრებით მისნაირი ლიდერისთვის,“ – ამბობს მაკრონი და დასძენს, რომ ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა უპირობოდ უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა.

ჯერ კიდევ ივნისში უკრაინის ხელისუფლებისა და მოკავშირეთა ნაწილის კრიტიკა გამოიწვია მაკრონის განცხადებამ იმის შესახებ, რომ პუტინმა უკრაინაში შეჭრით ისტორიული შეცდომა დაუშვა, თუმცა ამის მიუხედავად, აუცილებელია, ომის დასრულების შემდეგ დიპლომატიური საუბრებისთვის ადგილი დარჩეს.

„ჩვენ არ უნდა დავამციროთ რუსეთი, რათა იმ დღეს, როდესაც ბრძოლები შეწყდება, შევძლოთ გამოსავლის პოვნა დიპლომატიური გზებით,“ – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

„ჩვენ კი არ გვამცირებენ, ჩვენ გვკლავენ, ამიტომაც პასუხად არც ჩვენ ვაპირებთ, ვინმე დავამციროთ, ჩვენც იმავე ინსტრუმენტით ვუპასუხებთ,“ – ასე გამოეხმაურა მაკრონს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ISW ზამთარში უკრაინელთა წარმატების წინაპირობებს ასახელებს

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, უკრაინა ბრძოლაში უპირატესობის შენარჩუნებას და ოპერატიულ წინსვლას იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ზამთრის განმავლობაში თანმიმდევრულ კონტრშეტევებს გააგრძელებს.

ინსტიტუტის ცნობით, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა უკვე განაცხადეს, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები ზამთრის გამო ოპერაციების შეჩერებას არ აპირებენ, ეცდებიან, გაიმაგრონ ახლანდელი პოზიციები და არ მისცენ საშუალება რუსეთს, ინიციატივა ხელში ჩაიგდოს.

თუმცა ISW-ის ექსპერტების აზრით, „ზამთარში ომის ტემპი“ შენელდება.

როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, უკრაინის უნარი, შეინარჩუნოს საბრძოლო ინიციატივა და არსებული ოპერატიული წარმატებების დინამიკა, დიდწილად იქნება დამოკიდებული იმაზე, შეძლებენ თუ არა უკრაინის ძალები, ზამთარშიც განაგრძონ თანმიმდევრული საბრძოლო ოპერაციები.

ISW-ის აზრით, უკრაინის სარდლობა, ცდილობს, გამოიყენოს ზამთრის უპირატესობა მტრის წინააღმდეგ – გაყინული ნიადაგი, რომელზეც სამხედრო ტექნიკის გადაადგილება უფრო იოლია, ვიდრე ტალახიან ზედაპირზე.

ექსპერტები მიუთითებენ, რომ რუსეთმა ბრძოლაში ინიციატივა 2022 წლის ზაფხულში დაკარგა, აგვისტოს შემდეგ ეს ინიციატივა მოიპოვეს და შეინარჩუნეს უკრაინის ძალებმა: მას შემდეგ, უკრაინამ გაათავისუფლა ხარკოვის ოლქის დიდი ნაწილი, ქალაქი ხერსონი და ამჟამად რამდენიმე მიმართულებაზე კონტრშეტევას აწარმოებს.

„წარმატებული ოპერაციები უკრაინული კამპანიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ხარკოვისა და ხერსონის კონტრშეტევები აჩვენებს უკრაინელი სამხედროები ბრწყინვალე გეგმარებით უნარებს და საბჭოთა სამხედრო ხელოვნების კარგ ცოდნას,“ – წერენ ანალიტიკოსები.

წარმატებული კამპანიების კიდევ ერთ პირობად ISW დასავლეთის დახმარებას ასახელებს – თუ ზამთარში მოკავშირეები და პარტნიორები უკრაინის მხარდაჭერას არ განაგრძობენ, უკრაინელთა შესაძლებლობები მკვეთრად შემცირდება.

ასეთი ვითარებაში, სავარაუდოდ, უკრაინა ვეღარ შეძლებს მომენტუმის შენარჩუნებას, რუსეთს კი გაუჩნდება დრო ძალების აღსადგენად და უკეთ მოსამზადებლად.

ISW-ის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები:

  • რუსული წყაროები მტკიცებით, უკრაინის არმია განაგრძობდა კონტრშეტევას კრემინნასა და სვატოვოს მიმართულებებზე;
  • რუსეთი არმია განაგრძობდა შეტევებს ბახმუტისა და ავდეევკის რაიონებში;
  • რუსი მობილიზებულების ჯგუფები კვლავაც აპროტესტებენ ცუდ პირობებს და ბრძოლაზე უარს ამბობენ;
  • რუსმა სამხედროებმა, სავარაუდოდ, სახალხოდ დასაჯეს ოკუპირებული ლუგანსკის მცხოვრებლები, რომლებსაც პარტიზანული საქმიანობა წაუყენეს ბრალად.

უკრაინის ომში 5 ქართველის დაღუპვის გამო 6 დეკემბრის გლოვის დღედ გამოცხადებას ითხოვენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას ამ დრომდე [20:15, 04/12] არ გამოუცხადებია სამძიმარი უკრაინაში ერთდროულად 5 ქართველის დაღუპვის გამო.

ავთო რურუა, რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ბადრი მარკელია 3 დეკემბერს ბახმუტთან, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან შეტაკებისას დაიღუპნენ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერთადერთია უმაღლესი თანამდებობის პირებს შორის, რომელმაც დაღუპულთა ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს განცხადებით მიუსამძიმრა.

„5 ქართველის გარდაცვალება თავისუფლებისთვის ბრძოლაში უნდა შეიმჩნიოს ხელისუფლებამ! დიდება გმირებს!“, – წერს ეკა ბესელია, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი.

ბახმუტთან საქართველოს მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით თავისუფლების მოედანზე სამგლოვიარო აქცია გაიმართა. „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ და სამოქალაქო აქტივისტებმა თბილისის მერიის მიერ განთავსებულ ინსტალაციასთან – „მშვიდობის ქალაქი“ შავი ლენტები შეაბეს.

 

ამასთან, მოძრაობა „სირცხვილია“ 6 დეკემბრის გლოვის დღედ გამოცხადებას ითხოვს.

„როდესაც ამ ქვეყნის შვილები მტერთან ბრძოლაში გმირულად იღუპებიან, გლოვის დღის გამოცხადება ინსტინქტი უნდა იყოს. დაწეული დროშებით, სიმბოლურად მაინც ხომ უნდა ვაჩვენოთ, რომ ისევ ერი გვქვია, რომ ისევ გვაქვს მცირე სინდისი მაინც? რომ ცხოვრებას დანაკარგის იგნორირებით კი არა – მისი შემჩნევით, დაფასებითა და მომავლის იმედად ვაგრძელებთ? როგორია ცხოვრება მშვიდობის ქალაქად შეფუთულ კოლაბორაციონიზმისა და სირცხვილის ქალაქში?“, – აცხადებს „სირცხვილია“.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა საქართველოს მთავრობის პრესსამსახურს და ჰკითხა, აპირებს თუ არა მთავრობა გლოვის დღის და სამძიმრის გამოცხადებას, თუმცა პასუხი არ მიგვიღია.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის აგრესიას უკრაინაში 33-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველი სამხედროების უკრაინაში დაღუპვია გამო სამძიმარი ბოლოს 21 მარტს, 3 ქართველის დაღუპვიდან 4 დღის დაგვიანებით გამოხატა.

ბათუმის ავტობუსებში ახალ აპარატებს ამონტაჟებენ – მალე გადახდას ნებისმიერი ბარათით შეძლებთ

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში გადახდის ახალი აპარატების დამონტაჟება დაწყებულია და „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით პროცესი მიმდინარე კვირაში დასრულდება.

ახალი აპარატებით მგზავრებს საშუალება ექნებათ, მგზავრობის საფასური საქართველოს ბანკის ბარათების გარდა უკონტაქტო ტიპის, სხვადასხვა ბანკის პლასტიკური ბარათის მეშვეობითაც გადაიხადონ.

„ახალი ვალიდატორების მეშვეობით, მუნიციპალურ ავტობუსში მგზავრობის საფასურის გადახდა Visa და MasterCard-ის ტიპის, უკონტაქტო ბარათის მფლობელ საერთაშორისო ვიზიტორებსაც შეეძლებათ.“ – აცხადებენ „ავტოტრანსპორტში“.

„ახალი სისტემის დანერგვისთვის სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე შეიცვლება გადახდის აპარატები, შემდეგ კი მათი პროგრამული ცვლილება განხორციელდება.

რაც შეეხება შესაბამის პროგრამულ ცვლილებას, ის ძალაში შევა ეტაპობრივად, საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან შეთანხმების პარალელურად, მანამდე კი აპარატები არსებული სისტემით იმუშავებენ.“ – აცხადებენ კომპანიაში.

31 ოქტომბერს ბათუმის საკრებულომ ცვლილება შეიტანა დადგენილებაში, რომლის თანახმადაც, მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ნებისმიერი საბანკო ბარათით იქნება შესაძლებელი. მაშინ ბათუმის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნებისმიერი ბარათით გადახდა 2023 წლიდან იქნებოდა შესაძლებელი.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ნებისმიერი ბარათით გადახდა, დიდი ალბათობით, შესაძლებელი იქნება დეკემბრის ბოლოდან [მაქსიმუმ პირველი იანვრიდან].

გადახდის ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ ძალაში დარჩება საქალაქო ავტობუსებით შეღავათიანი თუ უფასოდ მგზავრობის ის წესი, რაც დღეს მოქმედებს, შესაბამისად, იმოქმედებს ასეთი მგზავრობისთვის განკუთვნილი სპეციალური პლასტიკური ბარათებიც.

ამ თემაზე:

ბათუმში 2023 წლიდან ავტობუსში ნებისმიერი საბანკო ბარათით გადაიხდით მგზავრობის თანხას

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 4 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 4 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 91 150 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +550]
  • ტანკი – 2 922 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 5 892 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 1 908 ერთეული [+2]
  • MLRS – 395 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 210 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 281 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 263 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 573 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 531 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 479 ერთეული [+7]
  • სპეცტექნიკა – 163 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 4 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 337 თვითმფრინავი
  • 178 ვერტმფრენი
  • 2 618 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 391 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 6 983 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 909 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 653 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 463 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა[/yellow_box]

ამავე თემაზე:

„მოინდომეს ამერიკულად ეომათ რუსული შესაძლებლობებით, ეს არ გამოუვიდათ“ – ინტერვიუ

 

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 დეკემბრის 21 საათიდან 5 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრულიანი ამინდი; დროგამოშვებით წვიმა; მთაში – თოვა;

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 2 – 7 გრადუსი
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 6-7 დეკემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ზღვის წყლის ტემპერატურა +15 გრადუსია.


რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 4 დეკემბრის ინფორმაციით, გოდერძის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა:

გოდერძის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

 

გოდერძის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 4 დეკემბერს გავრცელებული განცხადებით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 (გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დეპარტამენტის ინფორმაციით, უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობებია.

 

მთავარი ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფოტო არქივიდან.

უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლების ინფორმაციით, დღეს, 3 დეკემბერს, ბახმუტთან 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. უკრაინაში მყოფმა მებრძოლებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ქართველები სავარაუდოდ საარტილერიო დაბომბვაში მოყვნენ.

ამ ეტაპზე არ ვრცელდება დაღუპულების ვინაობა. თუმცა, როგორც ქართველმა მებრძოლებმა მოგვწერეს, კიდევ მიმდინარეობს დაღუპულთა რაოდენობის გადამოწმება.

დაღუპულების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას „ბათუმელები“ საგარეო საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით ვერ ახერხებს.

დღემდე უკრაინაში 28 ქართველი მებრძოლი იყო დაღუპული.

___

რას ჰყვებიან უკრაინის ომში დაღუპული ქართველების ოჯახები – ეს მათი ომიც იყო

თურქეთმა სამედიცინო ტურიზმიდან 1,6 მილიარდი დოლარი მიიღო 9 თვეში

თურქეთის საერთაშორისო ჯანდაცვის სერვისების ორგანიზაციის მონაცემებით, ქვეყანამ 2022 წლის პირველ ცხრა თვეში 1,6 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა სამედიცინო ტურიზმიდან.

იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში, სამედიცინო მომსახურების მისაღებად თურქეთში თითქმის 870 000 უცხოელი ჩავიდა.

საერთაშორისო პაციენტები ყველაზე ხშირად შემდეგი სპეციალობის ექიმებს მიმართავდნენ: გინეკოლოგია, შინაგანი დაავადებები, ოფთალმოლოგია, ონკოლოგია, ზოგადი ქირურგია, სტომატოლოგია, ორთოპედია და ტრავმატოლოგია, ინფექციური დაავადებები.

ორგანიზაციის შეფასებით, სამედიცინო ტურიზმი თურქეთში 2015 წლიდან ნახტომისებურად ვითარდება: ამ წელს თურქეთის კლინიკებს სამკურნალოდ უცხო ქვეყნის 395 000-მა მოქალაქემ მიმართა. სამედიცინო ტურიზმიდან ქვეყნის შემოსავლები კი 2015 წელს  638 მილიონი დოლარი იყო.

ოფიციალური თურქული წყაროების თანახმად, თურქეთში ჯანდაცვის სერვისების მისაღებად ჩასული უცხოელების რაოდენობა და, შესაბამისად, ქვეყნის შემოსავლებიც სტაბილურად გაიზარდა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.

მაგალითად, 2016 წელს შემოსავალი გაიზარდა 715 მილიონ დოლარამდე, 2017 წელს 827 მილიონ დოლარამდე, 2018 წელს ქვეყნის შემოსავლებმა 863 მილიონ დოლარს მიაღწია, ხოლო მილიარდ დოლარს პირველად 2019 წელს გადააჭარბა – იმ წელს თურქეთში 700 ათასი ადამიანი ჩავიდა სამკურნალოდ, ხოლო ქვეყანამ 1.4 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.

კოვიდ პანდემიის პერიოდში თურქეთში ჯანმრთელობის სერვისების მისაღებად ჩასული ადამიანების ნაკადი შემცირდა. თუმცა, გასულ წელს ქვეყანამ სამედიცინო ტურიზმიდან $1,73 მილიარდი დოლარი მიიღო.

თურქეთის კლინიკებში სერვისების მისაღებად აქტიურად მიდიან საქართველოს მოქალაქეებიც. საქართველოში არ მოიპოვება სტატისტიკა, თუ რა ოდენობის თანხა გაედინება ქვეყნიდან ამ მიზნით ან რამდენი ადამიანი მიდის თურქეთში სამკურნალოდ.

სამედიცინო ტურიზმის განვითარებას აქტიურად უჭერს მხარს თურქეთის სახელმწიფო – როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორს.

Exit mobile version