მთავარი,სიახლეები

აეროდრომებზე დარტყმები რუსეთმა სტრატეგიულ მარცხად უნდა განიხილოს – ბრიტანეთის დაზვერვა

06.12.2022
აეროდრომებზე დარტყმები რუსეთმა სტრატეგიულ მარცხად უნდა განიხილოს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთი, სავარაუდოდ, თავის ბომბდამშენებს ენგელსის ბაზიდან სხვაგან, უფრო დაცულ აეროდრომებზე გადაიყვანს.

უწყება სარატოვის ოლქში, ენგელსის საავიაციო ბაზაზე და რიაზანთან, დიაგილევოს აეროდრომზე მომხდარ აფეთქებებს იხსენებს. ინციდენტების დროს ენგელსის ბაზაზე ორი ბომბდამშენი – Tu-95 დაზიანდა და რუსული წყაროების ცნობით, 3 ადამიანი დაიღუპა, დიაგილევოს აეროდრომზე კი – ნავთობმზიდი აფეთქდა.

აფეთქებების მიზეზები ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ. თუმცა თუ რუსეთი ამ ინციდენტებს მიზანმიმართულ თავდასხმებად შეაფასებს, მაშინ ეს ინციდენტები უნდა განიხილოს, როგორც მისი თავდაცვის ყველაზე დიდი სტრატეგიული მარცხი,“ – წერს დაზვერვა 6 დეკემბრის რელიზში.

უწყება მიუთითებს, რომ ორივე ადგილი ღრმად რუსეთის ტერიტორიაზეა, ბევრად შორს უკრაინიდან, ვიდრე სხვა აეროდრომები, რომლებზეც მანამდე აფეთქებები მოხდა. მაგალითად, ენგელსი დაახლოებით 600 კილომეტრითაა დაშორებული უკრაინელთა კონტროლირებადი ტერიტორიიდან.

„ენგელსი რუსეთის შორსმოქმედი ავიაციის მთავარი ბაზაა და იქ 30-ზე მეტი ბომბდამშენია განთავსებული. ეს ბაზა და საჰაერო ხომალდები რუსეთის ბირთვული შეკავების პროგრამის ნაწილია, თუმცა ამავე დროს ხშირად გამოიყენება უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმებისას,“ – აღნიშნავს დაზვერვა და დასძენს, რომ სავარაუდოდ, რუსეთის სარდლობა ეცდება გამოარკვიოს და მკაცრად დასაჯოს ის რუსი ოფიცრები, რომლებსაც მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილება ევალებოდათ.

დღეს დილით ასევე ცნობილი გახდა, რომ აფეთქება მოხდა რუსეთში, კურსკის აეროდრომზე. ოლქის გუბერნატორის ცნობით, დრონის შეტევის შედეგად, აეროდრომის სიახლოვეს ნავთობშემგროვებელს გაუჩნდა ცეცხლი.

რამდენიმე დღის წინ გერმანულმა გამოცემა Spiegel-მა ენგელსის საავიაციო ბაზის სატელიტური ფოტოები და ექსპერტთა შეფასებები გაავრცელა. ფოტოების მიხედვით, სამხედრო ანალიტიკოსები ასკვნიდნენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი მასშტაბური სარაკეტო შეტევისთვის ემზადებოდა. ბაზაზე ჩანდა Ту-95 და Т-160 ტიპის ათობით გამანადგურებელი.

რუსეთმა მორიგი თავდასხმა უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე გუშინ, 5 დეკემბერს განახორციელა. უკრაინის ოფიციალური ინფორმაციით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ 70 გაშვებული რაკეტიდან 60 ჩამოაგდო, თუმცა რუსების დარტყმებმა სუმის ოლქის ენერგოგამანაწილებელი ქსელი დააზიანა.

მთავარ ფოტოზე: სარატოვის ოლქი, ენგელსის აეროდრომის სატელიტური ფოტო/Maxar Technologies

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: