მთავარი,სიახლეები

რას ჰყვებიან უკრაინის ომში დაღუპული ქართველების ოჯახები – ეს მათი ომიც იყო

01.12.2022 • 2406
რას ჰყვებიან უკრაინის ომში დაღუპული ქართველების ოჯახები – ეს მათი ომიც იყო

„ჩვენთვის ეს მესამე ტრაგედიაა. ბაბუა, ჭიჭინი ცაავა, რუსებმა მოგვიკლეს აფხაზეთში, მამამ, ედემი ცაავამ, ბაბუას ამბის მერე ხელში იარაღი აიღო და ისიც მოგვიკლეს. და ახლა უკვე ალიკაც,“ – ლიკა ცაავა, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ალიკა ცაავას და, თავისი ოჯახის ტრაგედიაზე „ბათუმელებთან“ საუბრობს.

უკრაინა-რუსეთის ომში, რომელიც 9 თვეა მიმდინარეობს, უკრაინის მხარეს 30 ქართველი დაიღუპა, მათ შორის არიან წარმოშობით ქართველი უკრაინის მოქალაქეებიც. უკრაინაში დაღუპულ მებრძოლებს შორის იყვნენ ალიკა ცაავა და ედიშერ კვარაცხელია.

ალიკა ცაავა ომის დაწყების 58-ე დღეს დაიღუპა – 2022 წლის 16 აპრილს, ედიშერ კვარაცხელია კი – 10 ოქტომბერს. „ბათუმელები“ მათ ახლობლებს ესაუბრა.

„ალიკა უკრაინაში საცხოვრებლად 4 წლის წინ წავიდა. იქ დაქორწინდა. რაღაც პერიოდი გერმანიაში ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად, ომის დაწყებამდე 6 თვით ადრე დაბრუნდნენ უკრაინაში. ხერსონში ცხოვრობდნენ,“ – უყვება „ბათუმელებს“ ლიკა ცაავა, ალიკა ცაავას და.

ალიკა ცაავა  – ფოტო პირადი ფეისბუქიდან

„ომი რომ დაიწყო, ვეხვეწებოდი ჩამოდი-მეთქი, მაგრამ არ წამოვიდა არაფრით. იქ ქართველი მეგობრები ჰყავდა, იმათთვის დაურეკავს – მეც მინდა ომში მონაწილეობის მიღებაო.

სამი დღე ვეხვეწებოდით, ცალკე მე და ცალკე ბიძაშვილები – წამოდი, წამოდი. ეს ომი ჩემი ომი, არსად არ წავალო. კურდღელივით ვერ გავიქცევიო. გოგოებმა იარაღი აიღეს და მე სად უნდა გავიქცეო? 40 წლის კაცი დავდგე ახლა და შვეიცარიაში გავიქცეო? მოვკვდები და მოვკვდე მერეო, – ამბობდა.

58 დღე იომა. ვიღაც ქართველი დაჭრილა, დაურეკავს მიშველე, გამომიყვანეო და იმის გამოსაყვანად გაქცეულა. მაგრამ უკანა გზაზე აფეთქდა თურმე.

ჩვენ გვეუბნებოდა ნუ გეშინიათ, კარგად ვარ, ყველაფერი მშვიდობიანად იქნებაო. არადა, სულ ცხელ წერტილებში დადიოდა თურმე,“ – გვიყვება ლიკა ცაავა.

ალიკა ცაავა უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში, ქალაქ რუბეჟნოესთან დაიღუპა. მასთან ერთად დაიღუპა ქართველი მებრძოლი ზაზა ბიწაძეც. ზაზა და ალიკა იმ დროს დაიღუპნენ, როდესაც ცდილობდნენ თავიანთი  თანამებრძოლის – არკადი კასრაძის ცხედარი გამოეტანათ ცხელი წერტილიდან.

როგორც ალიკას და, ლიკა ცაავა „ბათუმელებს“ უყვება, 39 წლის ალიკა ცაავამ მთელი ცხოვრება სამხედრო საქმეს მიუძღვნა. 2003 წელს სავალდებულო ჯარში წავიდა, საიდანაც ქვეით ბატალიონ „კომანდოსში“ ჩაირიცხა. ალიკა ცაავა იბრძოდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, სადაც დაიჭრა. ომში მიღებული ტრავმები კი მთელი ცხოვრება გაჰყვა. ალიკა ცაავა უკრაინაში საბრძოლველად პირველად 2014 წელს წავიდა. 2018 წელს კი ხერსონში დასახლდა, სადაც დაქორწინდა.

„ომი რომ დაიწყო და ალიკა საბრძოლველად წავიდა, პირველი სამი დღე ვუმალავდი დედას. მერე ვკითხე ალიკას, რა ვუთხრა დედას-მეთქი, ალიკამ, დავრეკავ, სამხედრო ფორმას დავმალავ და ვეტყვი, რომ შვეიცარიაში ვარო. მაგრამ დედა მაინც მიხვდა – შენ რა არის, ბიჭო, ომში წახვედიო? კი, დედა, ომში ვარო. ნუ გეშინიაო.

დედამ ტირილი დაიწყო.

ნუ გეშინია, მე აქ ობოლი ბავშვები მყავს შეფარებული, იცი, როგორი იმედით მიყურებენ, ჩემი იმედი აქვთო. ისინი გადამყავს საზღვარზეო. არაფერს არ ვაკეთებ მეტსო. კიევში ვარ და აქ არაა საფრთხეო. ნუ გეშინია, მე დავბრუნდებიო.

დედას სულ ერთი თხოვნა ჰქონდა – დაელაპარაკეთ, დაელაპარაკეთ. ალიკა თვითონაც ურეკავდა ღამე, როცა ახერხებდა. ნუ გეშინია, მე კიევში ვარ, უსაფრთხოდ ვარო, – ეუბნებოდა.

მაგრამ ბოლოს ასე მოხდა. ჩემი შვილი გმირიაო – ახლა ასე ამბობს დედაჩემი. ახლაც, როცა თქვენ გესაუბრებით, დედა სასაფლაოზეა. ძალიან თბილი იყო ალიკა. განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა დედასთან. ბავშვივით ექცეოდა, ეფერებოდა დედას. 39 წლის იყო. 25 დეკემბერს 40 წლის გახდებოდა,“ – გვიყვება ლიკა ცაავა.

ლიკა ამბობს, რომ როდესაც ძმას საქართველოში დაბრუნებას სთხოვდა, ალიკას სულ ერთი პასუხი ჰქონდა, რომ ეს ომი ისევე იყო მისი, როგორც უკრაინელების.

„აქ რუსები თუ არ შევაჩერეთ, მანდ მოვლენ და ჩემს დისშვილს, ძმისშვილს მომიკლავენო. გგონია, საქართველოში არ მოვაო? რა მნიშვნელობა აქვს, უკრაინაში ვიბრძოლებ თუ საქართველოშიო. რუსი ჩვენი საერთო მტერიაო. ხშირად ვსაუბრობდით. როგორც კი ახერხებდა, მირეკავდა. ან მესიჯს მივწერდი, როგორ ხარ ალიკა? ნუ გეშინია, კარგადო – მწერდა.

მისი გარდაცვალება ფეისბუქით გავიგე. მესიჯი მივწერე, მერე დავურეკე, ზარი არ გადიოდა. ფეისბუქზე შევედი და იმ წუთის დადებული პოსტი ვნახე – კიდევ ორი ქართველი დაეცა ბრძოლაში – ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავაო. გადმოსვენებაში სახელმწიფო დაგვეხმარა. სახელმწიფომ აანაზღაურა ყველაფერი. ამის მეტი სხვა არაფერი დახმარება არ გაუწევიათ.

არც პანაშვიდზე მოსულან.

მხოლოდ პრეზიდენტმა გამოგვიგზავნა მისი სახელით გვირგვინი. წალენჯიხის მერი და ოპოზიცია დაგვეხმარა. დაგვეხმარა ასევე ხალხიც. ანგარიშის ნომერი გაუხსნეს ალიკას ოჯახს, ფული შეგროვდა და იმით ვაკეთებთ სასაფლაოს. მოვა დრო და შეაფასებენ ამ გმირ ბიჭებს,“ – ამბობს ლიკა.

2022 წლის 10 ოქტომბერს უკრაინაში რუსეთის წინააღდეგ მებრძოლი ედიშერ კვარაცხელია დაიღუპა. პროფესიონალი სამხედრო საქართველოდან უკრაინაში 2014 წელს  წავიდა.

„დაღუპვამდე რამდენიმე საათით ადრე მქონდა კომუნიკაცია,“ – უყვება „ბათუმელებს“  ედიშერ კვარაცხელიას ძმა ბაკურ კვარაცხელია.

ედიშერ კვარაცხელია – ფოტო პირადი ფეისბუქგვერდიდან

„ჩემი ძმა იყო გამნაღმველი, მეოთხე ქვეითი ბრიგადის წევრი. მან გამოიარა 2008 წელს ოკუპანტთან ომი. 2012 წლამდე მუშაობდა საქართველოში. 2014 წელს, ყირიმის ოკუპაციის მერე, წავიდა უკრაინაში და იქ მოღვაწეობდა მისი პროფესიით.

საათობით შემიძლია ჩემს ძმაზე ვისაუბრო. ჩემს ძმას რა ოცნებაც ჰქონდა, იმ ოცნებას შეეწირა. ეს იყო თავისუფლება და ის, რომ საქართველოს ბედი წყდებოდა იქ და ეს ამოძრავებდა ზუსტად. ედიშერი იყო წესიერი ადამიანი, ჩამოყალიბებული ვაჟკაცი, გაწონასწორებული, განათლებული და იცოდა თავისი საქმე კარგად.

პროფესიით იურისტი იყო. უნივერსიტეტის შემდგომ სავალდებულო სამსახური მოიხადა და ჯარში საკონტრაქტო სამსახური გააგრძელა. სხვადასხვა კურსი გაიარა და გამნაღმველი გახდა. შესანიშნავად დაეუფლა თავის პროფესიას და ასე მუშაობდა ბოლომდე,“ – გვიყვება ძმის შესახებ ბაკურ კვარაცხელია.

ედიშერ კვარაცხელიას ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩა – 15 და 17 წლის. ბაკურ კვარაცხელია იხსენებს, რომ მისი ძმა უკრაინაში იდეის გამო იბრძოდა.

„ომში ადამიანი მიდის მოტივაციის გამო. მით უმეტეს ის იყო საქართველოს მოქალაქე, მოგეხსენებათ, იქ წასული ბიჭები ფინანსურ დივიდენდებს არ აგროვებენ, ამის გამო არ მიდიან. თუ სწორად მახსოვს, 2021 წლის დეკემბერში მიიღო უკრაინის მოქალაქეობა. კონტრაქტით დაიწყო მუშაობა და იმ სტანდარტულ ანაზღაურებას იღებდა, რაც იქ აქვს უკრაინელ ჯარისკაცს. იქამდე მას ერთი თეთრი არ ერიცხებოდა, ხშირად მე ვუგზავნიდი აქედან,“ – იხსნებეს ბაკურ კვარაცხელია.

რას აკეთებს სახელმწიფო უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ოჯახებისთვის, ვკითხეთ ბაკურ კვარაცხელიას. მისი თქმით, სახელმწიფომ სრულად დაფარა გადმოსვენების და სამხედრო პატივით დაკრძალვის ხარჯები.

„ვისაც აქვს ამაში წვლილი, მადლობა მინდა ვუთხრა მათ. მაგრამ რაც შეეხება სხვა დანარჩენს, არანაირი რეაგირება. ელემენტარული, დედამისისთვის სამძიმარიც არ უთქვამთ,“ – ამბობს ბაკურ კვარაცხელია.

ის, ისევე როგორც ცაავების ოჯახი, მადლიერია წალენჯიხის მერის. წალენჯიხა ერთადერთი ქალაქია საქართველოში, რომელსაც ოპოზიციონერი მერი ჰყავს.

„წალენჯიხის მერია ედიშერის დაღუპვის დღიდან ჩემ გვერდით დგას და მადლობა მინდა მათ ამისთვის ვუთხრა. მხარში მედგა საქართველოში უკრაინის წარმომადგენელი ატაშე გენერალი ბატონი კრავჩუკი. მინდა მას მადლობა ვუთხრა. იყო ზარები სანუგეშო, ვიდეოები და ვგრძნობ მხარდაჭერას უკრაინელებისგან, რაც მთავარია,“ – ამბობს ბაკურ კვარაცხელია.

ბაკურის თქმით, ის აპირებს ბრძოლას ოკუპაციის წინააღმდეგ და აპირებს მისი ძმის სახელი უკვდავყოს.

„მე და ნინო თამაზაშვილმა შევქმენით ანტისაოკუპაციო, სახალხო მოძრაობა „სამშობლო“. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ოკუპანტები მოშორდნენ საქართველოს. არამარტო ოკუპანტები, საქართველოში მათი ლობისტებიც თან მიჰყვნენ,“ – ამბობს ბაკურ კვარაცხელია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: