მთავარი,სიახლეები

„გათავისუფლებამდე დამაკავეს, რომ შემშინებოდა“ – ხელვაჩაურის მერიის ყოფილი თანამშრომელი

02.07.2022 •
„გათავისუფლებამდე დამაკავეს, რომ შემშინებოდა“ – ხელვაჩაურის მერიის ყოფილი თანამშრომელი

„სამსახურიდან გამათავისუფლეს უკანონოდ იმის გამო, რომ აქტიურად და ღიად ვაფიქსირებ ჩემს კრიტიკულ პოზიციებს. ეს არის დევნა,“ – ამბობს გოჩა მჟავანაძე. ის ხელვაჩაურის მერიის ეკონომიკის და სტატისტიკის განყოფილებაში უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა, თუმცა ხელვაჩაურის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ეს განყოფილება რეორგანიზაციის შედეგად საერთოდ გააუქმეს.

გოჩა მჟავანაძე მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის მერიამ კანონი დაარღვია, რადგან კანონით სავალდებულო „მობილობის წესი“ არ გამოიყენა და მას ტოლფასი თანამდებობა არ შესთავაზა. უკვე ყოფილი საჯარო მოხელე ამბობს, რომ ხელვაჩაურის მერმა, ზაზა დიასამიძემ, რომელიც მერობამდე ხელვაჩაურის პოლიციის უფროსი იყო, მისი დაშინება ადმინისტრაციული წესით დაკავებითაც სცადა. საჯარო მოხელემ სასამართლო პროცესი მოიგო. ხელვაჩაურის მოქმედი მერის ყოფილი კოლეგა პოლიციელების ჩვენებები მოსამართლე ირმა ტოგონიძისთვის სარწმუნო არ აღმოჩნდა.

„საკრებულომ რეორგანიზაციაზე გადაწყვეტილება მიიღო 13 მაისს, 11 მაისს კი, დამაკავეს ადმინისტრაციული წესით წინააღმდეგობის გაწევის გამო,“ – გვიყვება გოჩა მჟავანაძე, რომელიც პირველი ივლისიდან უმუშევარია და უახლოეს დღეებში სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს. მის ინტერესებს სავარაუდოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ დაიცავს.

„დამაკავეს იმ დროს, როცა ჩემს ახლობელს აკავებდნენ და ვიკითხე, ჰქონდათ თუ არა დაკავების ორდერი… პოლიციის განყოფილებაში მომილოცეს, გიხაროდეს ერთი მუხლით დაგაკავეთ მხოლოდო. ბორკილები როცა დამადეს, პოლიციის გონიოს განყოფილების უფროსმა, ლევან ქათამაძემ, ფოტოები გადამიღო, ხოლო პოლიციელმა ლერი შაინიძემ მითხრა, ამას ახლა შენს ხელმძღვანელს, ზაზა დიასამიძეს გადავუგზავნით, შეგიძლია სამსახურში აღარ მიხვიდე, მაინც აზრი აღარ აქვს შენ იქ დაბრუნებასო.

როცა სამსახურში დავბრუნდი, ზაზა დიასამიძემ ამბავი უკვე იცოდა და ჩემი ფოტოებიც ჰქონდა ნანახი. მე სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს მივმართე ჩემი პერსონალური ინფორმაციის გავრცელებისთვის. ინსპექტორმა 6 ივნისს მოკვლევა დაიწყო.

სასამართლომ კი, ადმინისტრაციულ დაკავებაზე გამამართლა, რადგან ეს სრული აბსურდი იყო. არ ვიცი, ზუსტად რის გამო დამაკავეს, მაგრამ მაქვს ეჭვი, რომ ეს იყო დაშინების მცდელობა,“ – გვიყვება გოჩა მჟავანაძე.

გოჩა მჟავანაძეს საჯარო სამსახურში მუშაობის 8 წლის გამოცდილება აქვს. ის მუშაობდა ბათუმის ბულვარის დირექტორის მოადგილის პოზიციაზეც. უკვე ყოფილი საჯარო მოხელე ამბობს, რომ კარიერაში პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, როცა „ოცნებისგან“ განსხვავებული პოზიციების ღიად დაფიქსირება დაიწყო. გოჩა მჟავანაძე ამბობს, რომ არ არის რომელიმე პარტიის წევრი.

„ჩემს ფეისბუქს თუ გადახედავთ, ნახავთ, რომ ძირითადად მას შემდეგ მაქვს პოსტები დადებული, რაც უკრაინაში ომი დაიწყო. ეს უკვე ბოლო წერტილი იყო, როცა ჩავთვალე, რომ გაჩუმება აღარ შეიძლებოდა, რადგან ვხედავდი რამდენად მოღალატეობრივი იყო საქართველოს ხელისუფლების პოზიციები,“ – ამბობს გოჩა მჟავანაძე. მისთვის აშკარაა, რომ კრიტიკულ პოსტებს უკავშირდება მოცემულობა, როცა რეორგანიზაციის შემდეგ ხელვაჩაურის მერიაში 15-მდე ადამიანს ტოლფასი თანამდებობა შესთავაზეს, თვითონ კი, უმუშევარი დატოვეს

„მეუბნებოდნენ კოლეგები, რომ ასე არ შეიძლება, რომ ეს სახელმწიფო სამსახურია და ასე შემდეგ. ხელვაჩაურის მერმა გააუქმა ის შტატი, რომელიც იქნებოდა ჩემთვის ტოლფასი თანამდებობა, მეორე ტოლფასი თანამდებობა კი არ ასახა და დამალა საჯარო სამსახურის ბიუროს ელექტრონულ პლატფორმაზე, რაც დანაშაულია. ეს არის შესყიდვების სპეციალისტის პოზიცია, რომელიც იქნებოდა ჩემთვის ტოლფასი თანამდებობა. მე მაქვს თეორიული ცოდნა ამ მიმართულებით და  მუშაობის 7-წლიანი გამოცდილება.  ეს ვაკანსია რომ გამოჩენილიყო ელექტრონულ პლატფორმაზე, საჯარო სამსახურის ბიურო პირდაპირ მოსთხოვდა ხელვაჩაურის მერიას ჩემს ამ პოზიციაზე გადაყვანას.

ჩემი განყოფილება რომ ფუნქციური იყო, ამას ადასტურებს ისიც, რომ პირველი რეორგანიზაცია ჩატარდა იანვარში, მაშინ, პირიქით, ახალი თანამშრომელი დაგვიმატეს,“ – გვითხრა გოჩა მჟავანაძემ.

„ბათუმელებმა“ სცადა ხელვაჩაურის მერთან, ზაზა დიასამიძესთან დაკავშირება, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარს და შეტყობინებას არ უპასუხა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: