მთავარი,სიახლეები

პუტინმა ომის დანაშაულებისთვის პასუხი უნდა აგოს – მაკრონი

05.12.2022 • 1386
პუტინმა ომის დანაშაულებისთვის პასუხი უნდა აგოს – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამო პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.

ემანუელ მაკრონმა ვრცელი ინტერვიუ მისცა ამერიკულ CBS-ს, რომელშიც ჟურნალისტ ბილ უიტაკერთან რუსეთის სამხედრო აგრესიაზე, უკრაინისადმი დასავლეთის დახმარებისა და პუტინთან კავშირის შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრა.

ემანუელ მაკრონი: ამ წლის 24 თებერვალს რუსეთმა ომის დაწყება გადაწყვიტა. ვფიქრობ, მათ უდიდესი, უდიდესი შეცდომა დაუშვეს. პირველი – მათ არ სცეს პატივი საერთაშორისო სამართლის ნორმებს, იმ პრინციპებს, რომლებსაც თავად მოაწერეს ხელი. და მეორე – მათ არაერთი შეცდომა დაუშვეს საკუთარი შესაძლებლობებისა და უკრაინელთა შესაძლებლობების შეფასებისას. და ახლა, სექტემბრის შემდეგ, მათ გადაწყვიტეს დაბომბონ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იმ მიზნით, რომ სასოწარკვეთაში ჩააგდონ უკრაინელი ხალხი და ზამთრის განმავლობაში მათი ცხოვრება გაუსაძლისი გახადონ.

ბილ უიტაკერი: თქვენ თქვით, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმა ომის დანაშაულია.

ემანუელ მაკრონი: დიახ, ეს ომის დანაშაულია.

ბილ უიტაკერი: და უნდა დაეკისროს პუტინს პასუხისმგებლობა ომის დანაშაულებისთვის?

ემანუელ მაკრონი: ჩვენ უნდა შევაგროვოთ სამხედრო დანაშაულების ყველა მტკიცებულება. სწორედ ამას ვაკეთებთ ომის დაწყების დღიდან, როდესაც ვაგზავნით უკრაინაში პოლიციელებს, ექსპერტებს… ჩვენ ყველა სამართლებრივი ინიციატივა უნდა გამოვიყენოთ. ამიტომაც ჩემი პასუხია – დიახ.

ინტერვიუში მაკრონი ასევე ხაზს უსვამს, რატომ მიაჩნია აუცილებლად პუტინთან კავშირის შენარჩუნება.

„მე ყოველთვის ვინარჩუნებ რეგულარულ და პირდაპირ კავშირს პრეზიდენტ პუტინთან, რადგან მიმაჩნია, რომ იზოლაცია ეს ყველაზე ცუდი რამაა, განსაკუთრებით მისნაირი ლიდერისთვის,“ – ამბობს მაკრონი და დასძენს, რომ ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა უპირობოდ უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა.

ჯერ კიდევ ივნისში უკრაინის ხელისუფლებისა და მოკავშირეთა ნაწილის კრიტიკა გამოიწვია მაკრონის განცხადებამ იმის შესახებ, რომ პუტინმა უკრაინაში შეჭრით ისტორიული შეცდომა დაუშვა, თუმცა ამის მიუხედავად, აუცილებელია, ომის დასრულების შემდეგ დიპლომატიური საუბრებისთვის ადგილი დარჩეს.

„ჩვენ არ უნდა დავამციროთ რუსეთი, რათა იმ დღეს, როდესაც ბრძოლები შეწყდება, შევძლოთ გამოსავლის პოვნა დიპლომატიური გზებით,“ – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

„ჩვენ კი არ გვამცირებენ, ჩვენ გვკლავენ, ამიტომაც პასუხად არც ჩვენ ვაპირებთ, ვინმე დავამციროთ, ჩვენც იმავე ინსტრუმენტით ვუპასუხებთ,“ – ასე გამოეხმაურა მაკრონს ვოლოდიმირ ზელენსკი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: