მთავარი,სიახლეები

ზელენსკი მაკრონს: ჩვენ კი არ გვამცირებენ, გვკლავენ, ამიტომ იმავე ინსტრუმენტით ვუპასუხებთ 

08.06.2022
ზელენსკი მაკრონს: ჩვენ კი არ გვამცირებენ, გვკლავენ, ამიტომ იმავე ინსტრუმენტით ვუპასუხებთ 

კარგად არ მესმის, რას ნიშნავს რუსეთის დამცირება. რომელი რუსეთის? რაზე ვლაპარაკობთ? მთელი ამ წლების განმავლობაში, 8 წელზე მეტია, ისინი ჩვენს მოქალაქეებს კლავენ. რაზე ვლაპარაკობთ? ემანუელი ღრმად ერკვევა ამ პროცესში, „ნორმანდიული ოთხეულის“ ერთ-ერთი ლიდერია, შესანიშნავად იცის მინსკის დოკუმენტის დეტალები, ყველა შეთანხმება, რომლებიც „ნორმანდიული ოთხეულის“ ფარგლებში რუსეთთან დაიდო და იცის ამ შეთანხმებების არ შესრულებაზეც“, – ასე შეაფასა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება Financial Times-თან ინტერვიუში.

ინტერვიუს დეტალებს უკრაინული მედია ავრცელებს

„მე იმასაც კი არ ვფიქრობ, რომ უკრაინას ამცირებენ, რადგან ეს სუსტი პოზიციაა. ჩვენ კი არ გვამცირებენ, ჩვენ გვკლავენ, ამიტომაც პასუხად არც ჩვენ ვაპირებთ, ვინმე დავამციროთ, ჩვენც იმავე ინსტრუმენტით ვუპასუხებთ,“ – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარი, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკი პასუხობს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 4 ივნისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში გააკეთა. საფრანგეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პუტინმა უკრაინაში შეჭრით ისტორიული შეცდომა დაუშვა, თუმაც ამის მიუხედავად, აუცილებელია, რომ არ უნდა დავამციროთ რუსეთი, რათა ომის დასრულებისშემდეგ დიპლომატიური საუბრებისთვის დარჩეს ადგილი.

„ჩვენ არ უნდა დავამციროთ რუსეთი, რათა იმ დღეს, როდესაც ბრძოლები შეწყდება, შევძლოთ გამოსავლის პოვნა დიპლომატიური გზებით,“ – ციტირებს „როიტერსი“ ემანუელ მაკრონს.

მაკრონის ამ განცხადებას იმავე დღესვე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და მის მოწოდებას სამარცხვინო უწოდა.

„რუსეთის დამცირების თავიდან აცილებაზე მოწოდებებს მხოლოდ შეუძლია დაამციროს საფრანგეთი და ყველა სხვა ქვეყანა, რომელიც მსგავს მოწოდებას გააკეთებს. რადგან რუსეთი თავად ირცხვენს თავს. აჯობებს ყველა ჩვენგანმა იმაზე ვიფიქროთ, როგორ მივუჩინოთ რუსეთს თავისი ადგილი. ეს მოიტანს მშვიდობას და გადაარჩენს უამრავ სიცოცხლეს,“ – დაწერა ტვიტერზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

___

ფოტოზე: ზელენსკი, მაკრონი და პუტინი. 2019 წელი, სამინიტი საფრანგეთში. ფოტო: PA-EFE/ALEXEI NIKOLSKY

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: