მთავარი,სიახლეები

ყირგიზული მედიის მხარდასაჭერად – ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

05.12.2022 • 896
ყირგიზული მედიის მხარდასაჭერად – ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია სივრცე კავკასია“ ყირგიზული მედიის მხარდასაჭერად განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ხელს ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აწერენ.

განცხადების ავტორები და ხელმომწერები მოუწოდებენ „საერთაშორისო პარტნიორებს, მხარდაჭერა გამოხატონ ყირგიზული მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, არა მხოლოდ თავისუფალი, კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დასაცავად, არამედ ასევე უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი „დაკავშირებულობის“/სატრანზიტო შესაძლებლობების დასაცავად”.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 60-მდე მედიაორგანიზაციამ ყირგიზეთიდან, რომლებიც გაერთიანებულნი არიან „ყირგიზეთის მედიაპლატფორმის“ სახელით, ქართველ პარტნიორებს მიაწოდა ინფორმაცია ყირგიზეთში მედიის უახლესი, უკანონო დევნის მძიმე ფორმების შესახებ.

„მედიაპლატფორმის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო პერიოდში გახშირდა დაპატიმრების, უსაფუძვლო სასამართლო დევნისა და სხვა სახის ზეწოლის შემთხვევები, ამავდროულად, ყირგიზეთში ინიცირდა რამდენიმე არაკონსტიტუციური საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პრინციპებს და დიდწილად იმეორებს რუსეთის ფედერაციაში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც მიმართული იყო თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საქართველო და ცენტრალური აზია წარმოადგენენ მნიშვნელოვან შუა კორიდორს ევროპული და საერთაშორისო ენერგეტიკული/ეკონომიკური უსაფრთხოებისათვის, განსაკუთრებით ახლა, როდესაც რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამ შეცვალა მრავალი სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების მომავალი.

სამწუხაროდ, ყირგიზეთში ყველაზე მწვავე ფორმით გამოვლენილი ტენდენციები ასევე გახშირდა რეგიონის სხვა ქვეყნებშიც – მათ შორის, საქართველოშიც, სადაც ბოლო პერიოდში გახშირებული მოწოდებები არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვისკენ აჩენს კითხვებს სამოქალაქო საზოგადოების უსაფრთხოებისა და სიტყვის თავისუფლების შესახებ“.

განცხადებაზე ხელმოწერა ყველა მსურველ ორგანიზაციას შეუძლია, ამისათვის საჭიროა დაუკავშირდეთ ავტორებს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: cos@cos.ge

ამ დროისთვის, განცხადებას ხელს აწერენ:

  • ღია სივრცე კავკასია
  • აი, ფაქტი – გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება
  • თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
  • სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
  • დემოკრატ მესხთა კავშირი
  • მედიის განვითარების ფონდი
  • მედიაკლუბი
  • მედიაომბუდსმენი
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • უფლებები საქართველო
  • რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
  • საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
  • Batumelebi.ge / netgazeti.ge

გადაბეჭდვის წესი


ასევე: