მთავარი,სიახლეები

გოგონების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული ბოლო 3 წელიწადში

30.11.2022 • 795
გოგონების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული ბოლო 3 წელიწადში

კვლევა, რომლის პრეზენტაციაც დღეს, 30 ნოემბერს, გაიმართა, საქართველოში ბავშვთა ქორწინებასა და ბავშვთან ქორწინების მოტივით ჩადენილი დანაშაულის პრაქტიკას შეეხება.

კვლევის მიხედვით, 2020 წელს არასრულწლოვანთან სავარაუდოდ ქორწინების მოტივით ჩადენილ 134 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება, 2021 წელს – 212 საქმეზე, ხოლო 2022 წლის 6 თვეში (1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით) – დაახლოებით 61 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება.

კვლევის მიხედვით, შს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, ბავშვთა ქორწინების საკითხებზე ოფიციალურ ცალკე სტატისტიკას არ აწარმოებს.

თუმცა, როგორც კვლევაში წერია, სხვადასხვა პერიოდში, მათ შორის, 2020 წლის ჩათვლით, შსს ამუშავებდა და აქვეყნებდა მონაცემებს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე, 143-ე და 150-ე პრიმა მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების შესახებ, რომლებიც არასრულწლოვანთან ქორწინების მოტივით იყო ჩადენილი.

2020 წელს აღნიშნული დანაშაულის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 42 პირის მიმართ, გასულ წელს – 67 პირის მიმართ, ხოლო 2022 წელს, 6 თვეში – 44 პირის მიმართ.

  • სექსუალური ხასიათის დანაშაულს რა ვადაში ატყობინებენ სამართალდამცავებს

19 შემთხვევაში სამართალდამცავ უწყებას ინფორმაცია მიეწოდა 1 თვიდან 1 წლამდე ვადაში (უმეტესად, 5-9 თვის პერიოდში), 10 შემთხვევაში – გამოიკვეთა ფაქტის ჩადენიდან ერთ თვემდე, 15 შემთხვევაში კი იმავე დღეს მიმართეს პოლიციას.

„არსებული სტატისტიკა, მათ შორის, შეტყობინების სუბიექტთა ვინაობა მიუთითებს, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ინფორმაცია ძირითადად მაშინ მიეწოდებათ, როდესაც ორსულობის გამო არასრულწლოვანი გოგო მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას ან მშობიარობის შემდეგ, როდესაც ბავშვი იბადება“, – ნათქვამია კვლევაში.

სამართალდამცავი უწყებების რეაგირება შეტყობინებაზე კი ასეთია:

32 შემთხვევაში გამოძიება დაიწყო მიმართვის დღესვე, 3 შემთხვევაში – მიმართვიდან მეორე დღეს, 7 შემთხვევაში – ერთი კვირის შემდეგ, 2 შემთხვევაში გამოძიება დაიწყო ერთი თვის შემდეგ.

„საქმეთა შესწავლამ გამოავლინა, რომ ამ კატეგორიის დანაშაულზე დაზარალებულები მხოლოდ არასრულწლოვანი გოგოები იყვნენ, რომელთა უმეტესობა 17 შემთხვევაში ეთნიკურად ქართველი იყო, 9 შემთხვევაში სავარაუდო დაზარალებული იყო ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ერთ შემთხვევაში – ეთნიკურად სომეხი“, – წერია კვლევაში.

დამნაშავეთა ეთნიკური კუთვნილებაც თითქმის იდენტურია.

სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 27 საქმეზე. აქედან, 24 საქმეზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო 3 საქმეზე – ნაწილობრივ გამამტყუნებელი. 23 შემთხვევაში გაფორმდა საპროცესო შეთანხმება.

  • ᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲚᲔᲑᲘᲡ ᲣᲙᲐᲜᲝᲜᲝ ᲐᲦᲙᲕᲔᲗᲐ

18 შემთხვევაში არასრულწლოვანი გოგოს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის შესახებ სამართალდამცავ უწყებას იმავე დღესვე აცნობეს, ორ შემთხვევაში მეორე დღეს შეატყობინეს პოლიციას, ერთ შემთხვევაში კი – ერთი კვირის შემდეგ.

სისხლის სამართლის 9 საქმიდან 3 შემთხვევაში თავისუფლების უკანონო აღკვეთასთან ერთად ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანი გოგოს გაუპატიურებას ან გაუპატიურების მცდელობას.

„ამ დანაშაულის ჩადენა უმეტესად ხდება ჯგუფურად, რამდენიმე პირის მონაწილეობით, რომლებიც არიან სავარაუდო დამნაშავის ოჯახის წევრები, მაგალითად, ბრალდებულის დედა, ნათესავები, ბიცოლა ან მეგობრები.

დანაშაულში მონაწილე ქალები ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენდნენ არასრულწლოვანზე შემდეგი ფრაზებით: „მეც შენსავით გავთხოვდი“, „ხომ იცი, ეს ჩვენი ტრადიციაა, ახლა არ გიყვარს, შემდეგ შეგიყვარდება“, „ახლა უკვე ვერაფერს შეცვლი, უკვე მოტაცებული ხარ, ხომ იცი, რა გელოდება, თუ არ დარჩები“ და სხვა. ზემოქმედებას იმისთვის მიმართავდნენ, რომ გოგონას არ მიემართა პოლიციისთვის.

რაც შეეხება დაზარალებულთა ეროვნებას, 8 შემთხვევაში არასრულწლოვანი გოგო იყო ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ხოლო 1 შემთხვევაში – ეთნიკურად ქართველი. ეთნიკურობასთან დაკავშირებით ანალოგიური განაწილება იყო ბრალდებულებთან მიმართებითაც“.

ცხრა საქმიდან 7 საქმეზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, ორ შემთხვევაში ნაწილობრივ მოხდა პირის მსჯავრდება წარდგენილ ბრალდებაში. ერთ შემთხვევაში ბრალდებული გამართლდა გაუპატიურების (სსკ-ის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის) ნაწილში, მეორე შემთხვევაში კი ქმედება გადაკვალიფიცირდა გაუპატიურებიდან (სსკ-ის 137-ე მუხლიდან) თექვსმეტ წელს მიუღწეველთან თანხმობით ჩადენილი სქესობრივი კავშირის დამყარებაზე (სსკ-ის 140-ე მუხლზე).

საქმეთა უმეტესობაში გაფორმდა საპროცესო შეთანხმება (5 საქმე), ხოლო 4 საქმე არსებითად განიხილეს“.

  • ᲥᲝᲠᲬᲘᲜᲔᲑᲘᲡ ᲘᲫᲣᲚᲔᲑᲐ

„ქორწინების იძულების ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 3 პირის მიმართ. 2 შემთხვევაში დაზარალებული იყო ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ხოლო 1 შემთხვევაში – ეთნიკურად სომეხი.

სამივე საქმეზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, აქედან ერთ საქმეზე გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, ხოლო ორი საქმე არსებითად იქნა განხილული. თუმცა სამივე შემთხვევაში სასამართლომ სასჯელის სახედ პირობითი მსჯავრი გამოიყენა“.

კვლევის მიხედვით, გამოვლინდა ისეთი შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვანი გოგო თვეების განმავლობაში იმყოფებოდა აღრიცხვაზე სამედიცინო დაწესებულებაში, თუმცა სამართალდამცავ ორგანოებს ინფორმაცია მხოლოდ მისი შვილის დაბადების შემდეგ მიაწოდეს.

„ერთ-ერთ საქმეში, რომელზეც გამოძიება არასრულწლოვანი გოგოს დედის განცხადების საფუძველზე დაიწყო შვილის მიმართ დედამთილის მხრიდან შესაძლო ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, გამოძიების მიმდინარეობისას გამოვლინდა, რომ 15 წლის არასრულწლოვანი იყო ფაქტობრივ თანაცხოვრებაში, რომლის შესახებაც ცნობილი უნდა ყოფილიყო საავადმყოფოს ორი ექიმისთვის – გინეკოლოგებისთვის, რომლებსაც ამის თაობაზე არ შეუტყობინებიათ სამართალდამცავი ორგანოებისთვის.

დაზარალებულის განმარტებით, გინეკოლოგებმა მას ისიც კი ურჩიეს, თუ როგორ დაეცვა თავი ორსულობისგან, ვინაიდან 15 წლის იყო და მშობიარობა გაუჭირდებოდა.

ექიმებმა გამოკითხვის დროს განმარტეს, რომ მათთან დაზარალებული მისული იყო მენსტრუაციული ციკლის დარღვევის გამო და არ იცოდნენ, რომ მას, შესაძლოა, სქესობრივი კავშირი ჰქონოდა.

ექიმების მხრიდან შესაძლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას ცალკე წარმოებად გამოეყო საქმე.“

  • რა დარღვევები იკვეთება არასრულწლოვანთა დაკითხვის საქმეებში

კვლევის მიხედვით, არასრულწლოვანთა გამოკითხვის ოქმების შესწავლისას გამოიკვეთა დისკრიმინაციული, არარელევანტური და სტერეოტიპული შეკითხვების დასმის პრაქტიკა.

კერძოდ, შემდეგი შინაარსის კითხვების დასმის ტენდენცია: „იყავით თუ არა ქალიშვილი?“, „აქამდე გქონიათ თუ არა სქესობრივი კავშირი ვინმესთან?“, „თანახმა ხართ ჩაგიტარდეთ ექსპერტიზა საქალწულე აპკის მთლიანობის დადგენის მიზნით?“, „იყო თუ არა „X” თქვენი პირველი მამაკაცი?“, „გყავდათ თუ არა სხვა პარტნიორი იქამდე?“, „რამდენჯერ გქონდათ სქესობრივი კავშირი?“ და სხვა.

„არასრულწლოვანი გოგოები გამოკითხვისას ასევე უთითებდნენ გარემოებებზე, რომლებშიც ჩანდა მათი განცდები და წუხილები ქორწინების იძულებისა და მოტაცების პრაქტიკასთან დაკავშირებით“.

კვლევაში მოყვანილია ამის მაგალითიც, რაზეც საკუთარი სახლის ეზოდან გატაცებული 15 წლის დაზარალებული გამოკითხვის ოქმში განმარტავს: „გთხოვთ, დამიცავით მე და ჩემნაირი გოგონები ასეთი ძალადობისგან და გათხოვების დაძალებისგან, რადგან ჩვენც ადამიანები ვართ და გვაქვს თავისუფალი არჩევანის უფლება, მე არ ვარ ნივთი, რომელსაც მაშინ აიღებენ და წაათრევენ, როცა მოუნდებათ და თან დასცინებენ იმის გამო, რომ შეძლო ხმის ამოღება და თავის დაცვა“.

კიდევ ერთ საქმეში გატაცებული არასრულწლოვნის 7 წლის ძმა, რომელიც შეესწრო დის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტს, ჩვენებაში განმარტავს: „როცა დიდი გავიზრდები, ძალიან მაგარი ვიქნები და ჩემს დას დავიცავ, რომ არავინ წაიყვანოს და სცემოს. გუშინ რომ ძალით წაიყვანეს, მე ძალიან შემეშინდა და ძალიან შემეცოდა, რომ მას ვერ მივეხმარე“.

კიდევ ერთი დაზარალებული არასრულწლოვნის ჩვენებაში ვკითხულობთ: „მინდა, სოფელში შეიცვალოს მიდგომები, გოგოებს არ ეკითხებოდნენ, როდის თხოვდებიან და არ ხდებოდეს მათი მოტაცება სკოლის მერხებიდან“.

თორმეტ შემთხვევაში, რომლებზეც დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა, ნათლად იკვეთებოდა დანაშაულის ჩადენის შესაძლო გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი.

მაგალითად, ქორწინების იძულების ერთ-ერთ საქმეში დაზარალებული განმარტავდა: „დედაჩემი იმიტომ მცემდა, რომ არ ვაკეთებდი საოჯახო საქმეებს, არ ვალაგებდი და ვრეცხავდი კარგად… მაიძულებდა ცოლად გავყოლოდი… ოჯახის შექმნას მაიძულებდა… ამბობდა, რომ… იყო კარგი ბიჭი და მოსწონდა სასიძოდ“.

კვლევის ავტორების თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ გენდერული დისკრიმინაციის მოტივზე, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებაზე მსჯელობა არც იმ საქმეებში გვხვდება, რომელშიც,  ოჯახის არა წევრებს შორის სწორედ გენდერული ნიშნით ჩადენილ ძალადობაზე დაყრდნობით, შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული.

  • არასრულწლოვნის დაცვა შესაძლო ზეწოლისგან

ქორწინების იძულების მიზნით ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ერთ-ერთ საქმეში არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენდნენ დედა და ბებია, რომლებიც ურჩევდნენ, რომ დარჩენილიყო გამტაცებელთან და ოჯახი შეექმნა.

„მიმოწერებიდან ჩანს, რომ თუ იგი პოლიციის მხარეს დადგებოდა და უკან დაბრუნდებოდა, ბებია თავს მოიკლავდა. გარდა ამისა, უკვე განათხოვრის სახელი ჰქონდა და აღარავის დასჭირდებოდა.

მართალია, ამ პირების მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერები, რომლითაც მათ დაევალათ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვა და აეკრძალათ მასზე ფსიქოლოგიური ძალადობა, თუმცა არასრულწლოვანი ამ პირებისგან არ განუცალკევებიათ.

  • არასრულწლოვანთა გაუპატიურება

კვლევის მიხედვით, განსაკუთრებული პრობლემურობითა და ხარვეზებით გამოირჩევა გაუპატიურების საქმეები.

შესწავლილი 39 საქმიდან 4 შემთხვევაში სხვა დანაშაულებთან ერთად პირს ბრალი ედებოდა გაუპატიურების ან გაუპატიურების მცდელობის ჩადენაში. თუმცა მოსამართლემ 2 შემთხვევაში გაუპატიურების ბრალდება გადააკვალიფიცირა დაზარალებულის თანხმობით ჩადენილ სქესობრივ დანაშაულზე, ხოლო ერთ შემთხვევაში გაამართლა პირი გაუპატიურების ნაწილში.

მოსამართლემ პირი დამნაშავედ მხოლოდ გაუპატიურების მცდელობაში ცნო ყველა იმ საქმეში, რომლებშიც მოსამართლემ შეცვალა კვალიფიკაცია თანხმობით ჩადენილ სქესობრივ დანაშაულზე ან გაამართლა პირი გაუპატიურების ჩადენაში. მოსამართლე ავითარებს სტერეოტიპულ მსჯელობას დაზარალებულის მხრიდან ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევის აუცილებლობაზე, რაც, მოსამართლის აზრით, არ დასტურდებოდა მოპოვებული მტკიცებულებებით ან ძირითადი დასკვნები ეყრდნობა საქალწულე აპკის შესამოწმებლად ჩატარებულ ექსპერტიზას ან ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის არასწორ შეფასებას.

„სასამართლო თვლის, რომ დაზარალებულის მხრიდან წინააღმდეგობის შემთხვევაში ალბათობა იმისა, რომ ბრალდებულს სხეულზე რაიმე სახის დაზიანება (თუნდაც უმნიშვნელო) მიეღო, მაღალი იყო.

ბუნებრივია, სასამართლოს ზუსტი და თანმიმდევრული სურათის აღდგენა არ შეუძლია და ასევე არ შეუძლია დანამდვილებით ამტკიცოს, მიიღებდა თუ არა დაზიანებებს სხეულზე ბრალდებული, მაგრამ სასამართლოს დანამდვილებით შეუძლია დაასკვნას, რომ მის სხეულზე დაზიანებების არარსებობა ბრალდებულის ქმედების კვალიფიკაციის ანალიზისას მის სასარგებლოდ უნდა შეფასდეს და არა საწინააღმდეგოდ“.

სწორედ ამ პრაქტიკის შეცვლას ითხოვდნენ მოქალაქეები 25 ნოემბერს, თბილისში გამართულ აქციაზე – „თავისუფლების მარში“. მოქალაქეების თქმით, თანხმობის არარსებობა გაუპატიურებაა.

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, მსოფლიოში ბავშვთა ქორწინების შემცირების მიუხედავად, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში 100 მილიონი გოგო ბავშვობის ასაკში ქორწინების რისკის წინაშე დგას.

„ათწლეულის წინ ყოველი მეოთხე გოგო იყო დაქორწინებული, დღეს კი – ყოველი მეხუთე, რაც ბავშვთა ქორწინების დაახლოებით 25 მილიონით შემცირებაზე მიუთითებს.

COVID 19-ის პანდემიამდე ივარაუდებოდა, რომ 100 მილიონზე მეტი გოგო დაქორწინდებოდა 18 წლის ასაკის მიღწევამდე. პანდემიის შედეგად დამატებით კიდევ 10 მილიონამდე გოგოს დაემუქრა ბავშვობის ასაკში დაქორწინების საფრთხე.

მსოფლიოში, დღესდღეობით, ბავშვობაში დაქორწინებული 650 მილიონი გოგო და ქალია. მათგან დაახლოებით ნახევარი ბანგლადეშში, ბრაზილიაში, ეთიოპიაში, ინდოეთსა და ნიგერიაშია.

2022 წლის მდგომარეობით, მთელ მსოფლიოში, არასრულწლოვანი გოგოების ქორწინების დონე ყველაზე მაღალია დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში, სადაც 10 ახალგაზრდა ქალიდან თითქმის 4 დაქორწინდა 18 წლამდე.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მეტი პროგრესი შეინიშნება სამხრეთ აზიაში, სადაც გოგოების ბავშვობაში დაქორწინების რისკი მესამედზე მეტით, თითქმის 50 პროცენტიდან 30 პროცენტამდე შემცირდა. მიუხედავად ამისა, ბავშვობაში დაქორწინებული გოგოების საერთო რაოდენობა წელიწადში 12 მილიონია“, – ნათქვამია კვლევაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, არასრულწლოვნების, განსაკუთრებით კი გოგოების ქორწინება და ბავშვების ყოლა უარყოფით გავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობასა და განათლებაზე. „შედეგად, იზღუდება მათი ეკონომიკური დამოუკიდებლობა“.

ამავე რეკომენდაციის თანახმად, სახელმწიფოებმა უნდა დააწესონ სამოქალაქო თუ ჩვეულებებისა და რელიგიური რიტუალების მიხედვით ჩატარებული ქორწინების სამოქალაქო რეგისტრაციაში გატარების მკაცრი ვალდებულება.

გაეროს „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციისა და ბავშვის უფლებათა კონვენციის თანახმად, სახელმწიფოებს ეკრძალებათ აღიარონ ქორწინება იმ პირებს შორის, რომლებსაც სრულწლოვანებისთვის არ მიუღწევიათ.

კვლევა ჩაატარა „დემოკრატიისა და მმართველობის ცენტრმა“, გაეროს ერთობლივი პროგრამის, „გენდერული თანასწორობისათვის“, ფარგლებში, გაეროს მოსახლეობის ფონდთან და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით, შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: