მთავარი,სიახლეები

მოსკოვი არ წყვეტს ბრძოლებს ბახმუტისთვის, თუმცა ქალაქი ალყაში ვერ მოაქცია – ISW-ის მიმოხილვა

06.12.2022 • 1269
მოსკოვი არ წყვეტს ბრძოლებს ბახმუტისთვის, თუმცა ქალაქი ალყაში ვერ მოაქცია – ISW-ის მიმოხილვა

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) რუსეთ-უკრაინის ომში 5 დეკემბერს მომხდარ მოვლენებს მიმოიხილავს. ანალიტიკოსების ყურადღების ცენტრში ბახმუტთთან, ავდეეკვასთან, სვატოვო-კრემინნას ხაზზე მიმდინარე ბრძოლები, უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მორიგი შეტევა და ორ რუსულ ავიაბაზაზე თავდასხმაა.

ISW-ის ცნობით, მოსკოვი კვლავაც არ წყვეტს ბრძოლებს ბახმუტისთვის. რუსეთის არმია გუშინაც განაგრძობდა მცირედ წინსვლას ბახმუტის გარშემო, თუმცა ქალაქის ალყაში მოქცევა ვერ შეძლეს.

ანალიტიკოსების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა ეფექტიანად მუშაობს, რუსეთის არმია მაინც ახერხებს ქვეყნის ენერგოინფრასტრუქტურისთვის ზიანის მიყენებას.

5 დეკემბერს რუსეთმა მორიგი სარაკეტო შეტევა მიიტანა უკრაინის ქალაქებზე – კიევის, ოდესის, ვინიცის, სუმისა და ზაპოროჟიეს ოლქებში.

უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ 70 გაშვებული რაკეტიდან 60 ჩამოაგდო. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, რუსების დარტყმებმა სუმის ოლქში გადამცემი ხაზები დააზიანა.

ISW წერს, რომ ორ რუსულ ბაზაზე თავდასხმამ რუსულ საინფორმაციო სივრცეში კრიტიკის ახალი ტალღა გამოიწვია.

„5 დეკემბერს უკრაინის ძალებმა, სავარაუდოდ, დაარტყეს ორ რუსულ სტრატეგიულ ავიაბაზას და შედარებით მსუბუქი ზიანი გამოიწვიეს, თუმცა შეძლეს იმის დემონსტრირება, რომ უკრაინას შეუძლია მისწვდეს რუსების ზურგს და ხელი შეუშალოს მათ საჰაერო კამპანიას უკრაინის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ,“ – აღნიშნავენ ანალიტიკოსები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და რამდენიმე სამხედრო ბლოგერმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ უკრაინის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს. ორივე ბაზა რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენი ფლოტის უმნიშვნელოვანესი ელემენტია და მათ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმებისთვის იყენებს.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ტვიტერზე დაწერა, რომ კრემლს უნდა სცოდნოდა: „თუ რაიმე ისვრიან უკრაინის საჰაერო სივრცეში, ეს ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ადრე თუ გვიან აფრენის ადგილს დაუბრუნდება“, თუმცა უკრაინის ხელისუფლებას თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად არ აუღია.

როგორც ISW მიუთითებს, რუსეთის სარდლობის უუნარობამ, დაეცვა სამხედრო ბაზები უკრაინელთა დარტყმებისგან, რუსი ნაციონალისტური საზოგადოებისა და სამხედრო ბლოგერების კრიტიკა გამოიწვია.

რუსი ბლოგერების ნაწილმა რუსეთის სამხედრო სარდლობა დაადანაშაულა იმაში, რომ მათ სათანადოდ ვერ დაიცვეს სამხედრო ბაზები, როდესაც იცოდნენ, რომ ისინი უკრაინელთა სამიზნე იყო. იმის გამო, რომ ბაზები უკრაინის ტერიტორიიდან 450-500 კილომეტრითაა დაშორებული, რუსმა ბლოგერებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ უკრაინელებმა მათ სავარაუდოდ რუსეთის ტერიტორიიდან დაარტყეს.

ISW-ის ანგარიშის მთავარი მიგნებები:

  • რუსეთის არმია განაგრძობდა საკუთარი პოზიციების დაცვას სვატოვო-კრემინნას ხაზზე;
  • რუსეთის არმიამ უმნიშვნელო წინსვლას მიაღწია ბახმუტის გარშემო, თუმცა ქალაქის ალყაში მოქცევა ვერ შეძლო;
  • რუსი სამხედროები განაგრძობდნენ შეტევებს ავდეევკა-დონეცკის ზონაში, უკრაინული წყაროების ცნობით, რუსული დაჯგუფებები უკრაინელთა თავდაცვის ხაზის გარღვევას ცდილობდნენ;
  • რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებები განაგრძობდნენ უკრაინელი ბავშვები იძულებით გაყვანას დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან;
  • რუსეთის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს 20-ზე მეტ დასახლებას მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე და ქალაქ ხერსონის დაბომბვას განაგრძობდნენ;
  • რუსი დეპუტატები გამოდიან ინიციატივით, რომ მობილიზაციისთვის თავის არიდების მიზნით ქვეყნიდან გაქცეულ მოქალაქეებს რუსეთში დაბრუნების შემდეგ მუშაობის საშუალება აღარ მიეცეთ.

მთავარ ფოტოზე: უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუკა/WarMapper

გადაბეჭდვის წესი


ასევე: