მთავარი,სიახლეები

პუტინმა ყირიმის ხიდზე მანქანით გაიარა – კრემლისტური მედია

05.12.2022 • 2685
პუტინმა ყირიმის ხიდზე მანქანით გაიარა – კრემლისტური მედია

კრემლისტური მედიით ვრცელდება ინფორმაცია და ვიდეო, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყირიმის ხიდზე იმყოფებოდა. მან ხიდზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

რუსული პროპაგანდისტული საიტები ხაზს უსვამენ, რომ პუტინი Mercedes-Benz-ის საჭესთან თავად დაჯდა და ხიდის შეკეთებულ ნაწილზე გაიარა, გზად კი ვიცე-პრემიერ მარატ ხუსნულლინისგან ხიდის აღდგენითი სამუშაოების შესახებ ანგარიშს ისმენდა.

„ჩვენ ახლა მივდივართ მარჯვენა მხარეს. ხიდის მარცხენა ნაწილი, როგორც ვხვდები მუშა მდგომარეობაშია, თუმცა მაინც სჭირდება შეკეთება. ცოტათი მაინც დაზიანდა, ყველაფერი იდეალურ მდგომარეობამდე უნდა მივიყვანოთ,“ – ამბობს პუტინი ვიდეოში.

მანამდე სამუშაოებზე პასუხისმგებელმა სახელმწიფო კომპანიამ განაცხადა, რომ ყირიმის ხიდის ავტოსაგზაო ნაწილის მარჯვენა მხარეზე მოძრაობა გაიხსნა.

ყირიმის, იგივე ქერჩის ხიდი 8 სექტემბერს დაზიანდა. ხიდზე სატვირთო მანქანა აფეთქდა. აალდა საწვავით სავსე შვიდი ცისტერნა ხიდის სარკინიგზო ნაწილზე, ხიდის ორი საავტომობილო მალი კი ჩაინგრა.

რუსეთის ხელისუფლებამ აფეთქებაში უკრაინის ხელისუფლება და კონკრეტულად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი დაადანაშაულა.

12 ოქტომბერს ФСБ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეზე 8 ადამიანი დააკავეს – 5 რუსეთის მოქალაქე, 3 – უკრაინისა და სომხეთის.

რუსეთის სპეცსამსახურები ამტკიცებდნენ, რომ აგვისტოს დასაწყისში ტვირთი, რომელიც ხიდზე აფეთქდა, ოდესის პორტიდან ჯერ ბულგარეთში გადაიტანეს, იქიდან საქართველოში, ფოთის პორტში, საიდანაც ის სომხეთში მოხვდა. გადატანის პროცესში მონაწილეობდნენ უკრაინის მოქალაქეები – მიხაილ ციურკალო, დენის კოვაჩი, რომან სოლომკო, საქართველოს მოქალაქეები – სანდრო ინოსარიძე, ბროკერი მეტსახელად „ლევანი“ და სომხეთის მოქალაქე არტურ ტერჩანიანი.

კრემლისტური მედია წერს, რომ ხიდის საავტომობილო ნაწილზე მოძრაობა აფეთქებიდან მალევე აღდგა. ოქტომბრის შუა რიცხვებში კი მშენებლებმა დაზიანებული მალების დემონტაჟი და ახლებით შეცვლა დაიწყეს. ვიცე-პრემიერის, მარატ ხუსულლინის თქმით, მარცხენა მხარეს ხიდის ოთხი კონსტრუქციის პროექტი დამტკიცებულია და დაზიანებული ნაწილების შეცვლა მალე დაიწყება. ხიდის სარკინიგზო ნაწილის სრულად აღდგენა ექვს-შვიდ თვეში იგეგმება.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, ნაკლებსავარაუდოა, რუსეთმა ხიდის სრულად აღდგენა 2023 წლის სექტემბრამდე მოახერხოს.

დაზვერვის აზრით, ქერჩის ხიდზე თავდასხმამ სერიოზულად შეაფერხა ყირიმსა და სამხრეთ უკრაინაში მარაგების შევსება და შეამცირა რუსეთის შესაძლებლობა, გადაიტანოს სამხედრო აღჭურვილობა, გადაიყვანოს პირადი შემადგენლობა რკინიგზით ან საავტომობილო ტრანსპორტით.

ყირიმის, იგივე ქერჩის საავტომობილო და სარკინიგზო ხიდი, რომელიც რუსეთს ოკუპირებულ ყირიმთან აკავშირებს, 2016-2018 წლებში აშენდა და ის 3,5 მილიარდი დოლარი დაჯდა. მისი სიგრძე დაახლოებით 18 კილომეტრია.

ხიდი 2018 წლის 15 მაისს საზეიმოდ გაიხსნა და ვლადიმერ პუტინმა ხიდის საავტომობილო გზის ნაწილზე მაშინაც მანქანით გაიარა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: