მთავარი,სიახლეები

ზღვას ბათუმის სანაპირო ისევ მიაქვს, რა [არ]კეთდება ამის შესაჩერებლად

29.11.2022 • 3105
ზღვას ბათუმის სანაპირო ისევ მიაქვს, რა [არ]კეთდება ამის შესაჩერებლად

ბათუმში, ახალ ბულვართან ზღვამ კიდევ ერთხელ მიიტაცა სანაპირო. ძლიერმა შტორმმა 27 ნოემბერს დააზიანა დაახლოებით 700 მეტრი სიგრძის მონაკვეთი. მანამდე ზღვას უკვე მიტაცებული და დანგრეული ჰქონდა ტერიტორია პლაჟის 300 მეტრ სიგრძეზე.

ამჟამად ბათუმის ახალ ბულვარში სანაპირო ზოლის 1 კილომეტრიანი მონაკვეთია ჩანგრეული. ჯამში ზღვამ მიიტაცა დაახლოებით 8000 კვ.მ სანაპირო ზოლი [დაინგრა პრომინადი, ზღვამ მიიტაცა ან/და დააზიანა ბულვარის ინფრასტრუქტურა – სკამები, ჯიხურები, ელექტროგადამცემი ხაზები და ბოძები. შტორმების შედეგად ამ მონაკვეთში შემცირდა უშუალოდ პლაჟის სიგანეც].

  • რატომ იტაცებს ზღვა სანაპიროს

„ამის მიზეზზე მრავალჯერ მისაუბრია. ჭოროხს აღარ ჩამოაქვს ინერტული მასალა და, შესაბამისად, ზღვის სანაპირო ზოლი აღარ იკვებება. ამას [ზღვის გამოკვებას] ვაკეთებდით ხელოვნური გზით. ვიღებდით ჭოროხიდან ინერტულ მასალას, შეგვქონდა, ვყრიდით და ვკვებავდით ზღვის სანაპირო ზოლს. ეს შედეგიანი იყო,“ – ამბობს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი, გეოლოგი ტარიელ ტუსკია.

იმისთვის, რომ ზღვამ სანაპირო ზოლი არ  მიიტაცოს, საჭიროა მისი ხელოვნურად კვება. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ ტენდერი პლაჟის გასამაგრებელი სამუშაოებისათვის მიმდინარე წლის აგვისტოში 7 192 585 ლარზე გამოაცხადა.

ტენდერში მონაწილეობა სამმა კომპანიამ მიიღო, მათგან ყველაზე დაბალი ფასი „ბონდი -2009-ს“ ჰქონდა, რომელიც სამუშაოების შესრულებას 5 610 608 ლარად გეგმავდა. საბოლოოდ ხელშეკრულება სწორედ ამ კომპანიასთან გაფორმდა 26 სექტემბერს.

ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას ბათუმის გამწმენდი ნაგებობის მოპირდაპირედ, ასევე, აეროპორტის ასაფრენი ბილიკის და ე.წ. ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე შავი ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნური კვების სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა.

სატენდერო პირობების თანახმად, „ბონდი-2009“-მ ვალდებულება აიღო 413 000 კუბური მეტრი ხრეში შეიტანოს სანაპირო ზოლზე.

„ზღვა თვითონ გადაანაწილებს ამ [ინერტულ მასალას]. ასეთი ავარიული უბნები ნაკლებად გვექნება. შესაბამისად, ზღვა ნაკლებად მოახერხებს სანაპირო ზოლის წარეცხვას. ტენდერი უკვე ჩატარებულია. დაწყებულია ჩაყრა, მაგრამ ჯერჯერობით ძალიან ცოტა რაოდენობით. დროთა განმავლობაში, როცა მოხდება ნატანის შეტანა და საერთო რაოდენობის ათვისება ამ – 413 000 კუბური მეტრის, მაშინ ჩემი გამოცდილებითა და პრაქტიკით გარკვეული შედეგი გვექნება. ნაკლები იქნება საშიშროება წარეცხვის,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი, გეოლოგი ტარიელ ტუსკია.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, შტორმამდე ერთი კვირით ადრე შპს „ბონდი 2009“-მ შეაჩერა სამუშაოები და ზღვაში ნატანი აღარ შეჰქონდათ. ამასთან, კომპანიასთან დადებულ ხელშეკრულებაში 21 ნოემბერს ცვლილება შევიდა და შეიცვალა სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი.

„ბათუმელებმა“ კომენტარისთვის მიმართა აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილეს, ვახტანგ ბაგრატიონს.

„სამმართველოს აქვს გაფორმებული ხელშეკრულება ნაპირგამაგრებაზე. ტენდერის მეშვეობით მოხდა ხელშეკრულების გაფორმება,“ – უთხრა ვახტანგ ბაგრატიონმა „ბათუმელებს“. მისივე თქმით, სამუშაოები [ინერტული მასის შეტანა ზღვაში] 4 ნოემბერს დაიწყო.

„ბათუმელების“ კითხვაზე, ხომ არ დაგვიანდა სამუშაოების დაწყება კომპანიამ, ასევე რატომ ჰქონდა კომპანიას სამუშაოები შეჩერებული, ვახტანგ ბაგრატიონმა გვითხრა, რომ გაარკვევდა და მისთვის მოგვიანებით დაგვერეკა. ორდღიანი მცდელობის მიუხედავად, ვახტანგ ბაგრატიონმა „ბათუმელების“ ზარებს აღარ უპასუხა.

„ბათუმელების“ მცდელობის მიუხედავად, სატელეფონო ზარებს არ უპასუხა არც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურმა, რომლის საქვეუწყებო დაწესებულებაცაა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა კომპანიას, რომელიც სამუშაოებს ასრულებს. შპს „ბონდი 2009“-ს დირექტორი მამუკა დოლიძე ამბობს, რომ კომპანიამ სამუშაოები ნოემბრის დასაწყისში დაიწყო და დღემდე დაახლოებით 20 ათასი კუბური მეტრი ინერტული მასალა შეიტანა სანაპიროზე.

„ხელშეკრულების გაფორმებისთანავე სამუშაოები ვერ დაიწყებოდა. იქ ლიცენზიის გათავისუფლების პროცედურები იყო. მთავრობის განკარგულება სჭირდებოდა. როგორც კი განკარგულება მივიღეთ, დავიწყეთ სამუშაოები,“ – გვითხრა მან.

კითხვაზე, რატომ იყო ბოლო ერთი კვირა სანაპიროზე ხრეშის შეტანა შეჩერებული, მამუკა დოლიძე პასუხობს: „ერთი კვირა არაა გაჩერებული, რამდენიმე დღე იყო. ზედამხედველობის სამსახურს რაღაც მოთხოვნები გაუჩნდა სხვა, ტექნიკური შეფერხება იყო და ხვალიდან გაგრძელდება სამუშაოები“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, ხომ არ დააგვიანდა სამუშაოების დაწყება და უფრო მეტი ხრეში რომ ყოფილიყო ზღვაში შეტანილი, ხომ არ იქნებოდა სანაპიროს მიტაცების თავიდან აცილება შესაძლებელი, კომპანიის დირექტორი პასუხობს, რომ – არა.

„არასწორია. ეს ნაპირსამაგრი სამუშაოები კი არაა, ეს პლაჟის გამოკვების სამუშაოებია. ეს ზღვამ უნდა წაიღოს. ასეა პროექტით გათვალისწინებული. იმას რომ ჩავყრით, ზღვამ უნდა წაიღოს. რადგან ბუნებრივად არ ხდება ზღვის კვება, ხელოვნურად ვაკეთებთ ქვიშა-ხრეშოვანი მასალის შეტანით. ამას წაიღებს ეს კი არ გაჩერდება. შეიძლება შეზიდვის პროცესშივე წაიღოს და ზღვა გადაანაწილებს ამ მასალას პლაჟზე. რასაც შევიტანთ ყველაფერი მიაქვს ზღვას,“ – გვითხრა მამუკა დოლიძემ.

რა ოდენობის ფინანსური ზიანი მიადგა ბათუმის ახალ ბულვარს ჯერ დათვლილი არაა. ტერიტორია „ბათუმის ბულვარის“ მფლობელობაშია. ჯერჯერობით ცნობილი ისაა, რომ დაზიანდა განათების ორი ბოძი, რომელიც ვეღარ აღდგება და რამდენიმე სკამი.

„ბათუმის ბულვარის“ დირექტორის მოადგილე, სოფო გუჯაბიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დაზიანებული პრომინადის აღდგენა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც ზღვაში ინერტული მასალის შეტანა დასრულდება.

„დასრულდება ნაპირსამაგრი სამუშაოები, შესაბამისად აღდგება პლაჟის ნაწილი, მხოლოდ შემდეგ დაიწყება პრომინადის აღდგენაზე ზრუნვა. პრომინადის ეტაპამდე როდესაც მივალთ, მას ბულვარი აღადგენს თავისი ხარჯით,“ – ამბობს სოფო გუჯაბიძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: