ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

რა კავშირშია თურქეთში მდებარე კაშხალი მარადიდში მოსახლეობის ნაკვეთების დატბორვასთან

21.02.2019 • 4830
რა კავშირშია თურქეთში მდებარე კაშხალი მარადიდში მოსახლეობის ნაკვეთების დატბორვასთან

„თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ჰესიდან მოხდა ჭარბი წყლის გამოშვება, რომელიც უნდა გაეტარებინა კირნათი ჰესს, თუმცა, ტექნიკური მიზეზის გამო ეს ვერ მოხერხდა და დაიტბორა გარკვეული ტერიტორია. ასეთი განმარტება მომცეს მე „აჭარენერჯი 2007“-ში, რომლის საკუთრებაშიც არის კირნათი ჰესი“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ ჯუმბერ ვარდმანიძემ, ხელვაჩაურის მერმა. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის მერიას თურქეთის მხარეს მდებარე კაშხლების ოპერატორებთან კომუნიკაცია არ აქვს: „პირადად ჩემთან არა, მაგრამ ჰესებს ერთმანეთთან აქვთ კომუნიკაცია“.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „აჭარენერჯი 2007“-ის წარმომადგენელსაც. გვაინტერესებდა რა სახის კომუნიკაციაა ორ ქვეყანაში მდებარე ჰესებს შორის და მარადიდის დატბორვის შემთხვევა უკავშირდებოდა თუ არა თურქეთში მდებარე კაშხლიდან გამოშვებულ წყალს. კომპანიის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ამასთან დაკავშირებით ხელმძღვანელობა განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.

გუშინ, 20 თებერვალს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში მდინარე ჭოროხმა სამანქანე გზა, სოფლის სასაფლაო და მოსახლეობის ერთი ნაწილის საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა. სოფლებში – მარადიდსა და ძაბლავეთში ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უმცროსი სპეციალისტის, თემურ დიდმანიძის თქმით, მდინარეში წყლის დონემ მატება დაახლოებით დღის 12 საათზე დაიწყო. ადგილობრივმა მოსახლეობამ გუშინვე აქცია გამართა და„კირნათი ჰესის“ შესასვლელი გადაკეტა. დატბორვას მოსახლეობა ჰესს უკავშირებს.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „დატბორვის ფაქტის შემდეგ მალევე მოხდა თურქულ მხარესთან დაკავშირება და გაიმართა საუბარი, რომ იყო პატარა ინციდენტი, ანუ ტექნიკური გაუმართაობა, რამაც გამოიწვია ასეთი წყლის დიდი ნაკადი, თუმცა მალევე მოხდა აღმოფხვრა. თუმცა რა ნაკადიც წამოვიდა ტექნიკური გაუმართაობით, იმ ნაკადის დარეგულირება მიმდინარეობდა და ამან გამოიწვია ეს დატბორვა. ასევე კომისია, რომელიც უნდა შეიქმნას, დაკომპლექტებული იქნება ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლებით“.

დღეს, 21 თებერვალს, ფაქტის შესწავლა დაიწყო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

„მიმდინარეობს ინსპექტირება. წინასწარ ვერაფერს ვიტყვით, დაწყებულია წარმოება და თუ გამოვლინდება დარღვევა და ბრალეულობა „კირნათი ჰესის“, ასეთ შემთხვევაში შევადგენთ შესაბამის ოქმს. ამოსაღებია მასალები, წყლის დონის მატება, სანებართვო პირობები, ცალ-ცალკე უნდა შემოწმდეს ყველაფერი, რა როგორ იყო გათვალისწინებული და მოახდინეს თუ არა ჰესის თანამშრომლებმა შესაბამისი რეაგირება. მიმდინარეობს მათი და მოსახლეობის გამოკითხვაც, თუ როგორ დაიწყო პროცესები და რასთან არის კავშირში; მარტო ჰესის ბრალია, თუ რამე დამატებითი გარემოებები იყო. ამ ყველაფრის შემოწმება ჯერჯერობით გაგრძელდება“, – გვითხრეს დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ თურქეთში მდებარე კაშხლების მესაკუთრეებთან კომუნიკაცია მათ სამსახურს არ აქვს. ინსპექცია ახლა ადგენს, თუ რა სახის კომუნიკაცია აქვს თურქეთსა და საქართველოში არსებული კაშხლების ოპერატორებს ერთმანეთთან და როგორ ხდება ჭარბი წყლის გამოშვების რეგულირება.

ხელვაჩაურის მერი, ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მარადიდში მოსახლეობას დღესაც შეხვდა: „მარადიდში ინფრასტრუქტურა დაზიანებული არ არის. ამ დროისთვის დატბორილია ერთი მოსახლის საყანე ფართობი, ერთ მოქალაქეს, როგორც თავად ამბობს – დატბორვის შედეგად ეზარალა ლიფსიტები, ხოლო ერთი მოქალაქის ავტომანქანა დააზიანა წყალმა.  ვუთხარით, რომ წარმოადგინონ ექსპერტის შეფასებები, რათა წარვუდგინოთ კომპანიას, რომელიც შემდეგ ზარალს აანაზღაურებს. ზარალი დათვლილი არ არის, მოსახლეობამ ის თავად უნდა შეაფასოს“.

ჯუმბერ ვარდმანიძის თქმით, უშუალოდ საცხოვრებელი სახლები არ დატბორილა, „თუმცა სახლებთან ახლოს მივიდა წყალი“. მოსახლეობის ერთი ნაწილი კი შესაბამისი კომპენსაციის მიღებას და განსახლებას ითხოვს, „ვინაიდან იქ აღარ იცხოვრება“.

„მოსახლეობის მოთხოვნა იყო, რომ შეიქმნას კომისია მათი წარმომადგენლების ჩართულობით, რომელიც ყველაფერს კომპლექსურად შეისწავლის, მათ შორის კომპენსაციებს [ტენიანობა მოიმატებს-არ მოიმატებს, იცხოვრება-არ იცხოვრება, ეს ეკოექსპერტმა უნდა დაადგინოს]. კომისია ინდივიდუალურად გაივლის თითოეული მოქალაქის საკითხს და შემდეგ მოვთხოვთ კომპანიას შეისწავლოს და წარმოადგინოს ექსპერტიზის დასკვნები. თუ ზოგი რამ ადრე შესწავლილია და აქვთ დასკვნები, წარმოადგინონ და განვიხილავთ“, – ამბობს ჯუმბერ ვარდმანიძე.

თურქეთის ტერიტორიაზე ბოლო კაშხალი მდინარე ჭოროხზე თურქეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 850 მეტრში მდებარეობს. ამ კაშხალსა და კირნათი ჰესს შორის მანძილი კი 9 კილომეტრამდეა. თურქეთში დერინერის კაშხლის ამუშავების შემდეგ, მდინარე  ჭოროხი გარკვეული პერიოდი საერთოდ იკეტებოდა, მდინარის გადაკეტვის შემდეგ, რამდენიმე წუთში, ჭოროხის კალაპოტის ძირითად ნაწილზე წყალი აღარ რჩება. წყლის გამოშვების შემთხვევაში, ადგილი აქვს მდინარის მოულოდნელ და ელვისებურ მოვარდნას, რაც ადამიანებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. 
მდინარის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობა ჯერ კიდევ 2010 წელს ითხოვდა მდინარეზე სპეციალური სასიგნალო მოწყობილობის დამონტაჟებას, მაგრამ მოწყობილობა დღემდე არ დაუმონტაჟებიათ. ხმოვანი შეტყობინების დამონტაჟება იმას გულისხმობს, რომ თურქულმა მხარემ კაშხლებიდან მდინარის გამოშვებამდე ხმოვანი სიგნალით წინასწარ შეატყობინოს ქართულ მხარეს წყლის გამოშვების შესახებ.

ხელვაჩაურის მერისა და მოსახლეობის შეხვედრა მარადიდში / 21.02.2019

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: