ოფიციალური სტატისტიკით საქართველოში ალკოჰოლის მოხმარების საერთო გავრცელება საკმაოდ მაღალია – 78.5%-ს შეადგენს. საქართველოში მაღალია ალკოჰოლის რეგულარული მომხმარებლების რიცხვიც. ბოლო კვლევის (STEPS – 2016 წ.) თანახმად, ალკოჰოლს რეგულარულად მოიხმარდა გამოკითხული მოსახლეობის 39 პროცენტი (58.9% კაცი, 20.7% ქალი). მძიმე ეპიზოდური სმის პროცენტული მაჩვენებელი 18.3 პროცენტია.
ამავე კვლევის თანახმად, საკმაოდ მაღალია ალკოჰოლის მოხმარების მაჩვენებლები სკოლის ასაკის (16 წელი) ბავშვებშიც.
ამ მაჩვენებლების მიუხედავად, ალკოჰოლის საზიანო მოხმარების შემცირების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საქართველოს დღემდე არ დაუმტკიცებია.
ალკოჰოლზე დამოკიდებულების მქონე ადამიანებისთვის საქართველოში რამდენიმე სერვისი არსებობს: კერძო, ფასიანი სარეაბილიტაციო ცენტრები, საქველმოქმედო ორგანიზაცია „კარიტასის“ ცენტრი და სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარულ მკურნალობას უზრუნველყოფს.
აქამდე ამ სახელმწიფო პროგრამას აჭარაში არსებული სამედიცინო დაწესებულებები არ ახორციელებდნენ, ბენეფიციარები უფასო სერვისის მისაღებად ყველაზე ახლოს, ქალაქ ხონში ან თბილისში უნდა ჩასულიყვნენ, სხვა შემთხვევაში ბათუმში ფასიანი სერვისით უნდა ესარგებლათ, რისი ფინანსური საშუალებაც პაციენტების ამ ჯგუფს ხშირად არ აქვს.
„ზუსტად ეს იყო მიზეზი იმისა, რატომაც დავიწყეთ ამ პროგრამის განხორციელებაზე ფიქრი.
ამ დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობა ხონში გეოგრაფიულად საკმაოდ პრობლემური იყო. დანარჩენი კლინიკები განთავსებულია თბილისში.
აჭარაში პაციენტს ამ მომსახურების მისაღებად თავად უწევდა თანხის გადახდა,“ – განმარტავს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის განმავლობაში 150-ზე მეტმა პაციენტმა მიმართა სტაციონარს აღნიშნული პრობლემით, თუმცა სამინისტროსვე ცნობით, საჭიროება უფრო მეტია – სტაციონარში მიმართვიანობა გაიზრდება მაშინ, როცა გაიზრდება სტაციონარულ მკურნალობაზე ფინანსური ხელმისაწვდომობა.
ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მკურნალობის პროგრამა აჭარაში 2023 წლის იანვრიდან ამოქმედდება.
მარი ზანაქიძის განმარტებით, ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მკურნალობა არ წარმოადგენს ჩანაცვლებით თერაპიას ან ე.წ. გამოსაფხიზლებელს. ეს მოიცავს ოთხი დიაგნოზის მკურნალობას, კერძოდ:
- ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები
- აღკვეთის მდგომარეობა დელირიუმით [თეთრი ცხელება]
- მწვავე ბოდვითი ფსიქოზური აშლილობა
- ფსიქოზური აშლილობა მწვავე ჰალუცინოზით და აღკვეთის მდგომარეობა გულყრებით
ამ შემთხვევაში სტაციონარულ მომსახურებაში არ არის გაწერილი დღეების რაოდენობა, ამას ინდივიდუალურად წყვეტს სტაციონარში მედპერსონალი, ექიმი, რომელიც მიიღებს პაციენტს. პროგრამით ფინანსდება შემთხვევები, როცა პაციენტი თავსდება სტაციონარში რამდენიმე დღით.
პროგრამით ისარგებლებენ აჭარის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის ბენეფიციარები, მათ შორის არიან როგორც სოციალურად დაუცველი ადამიანები, ისე მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ 40 000 ლარზე ნაკლები წლიური შემოსავალი.
მომსახურება ფინანსდება ვაუჩერული პრინციპით, სამედიცინო დაწესებულებას ირჩევს თავად პაციენტი.
ამ ეტაპზე აჭარაში რამდენიმე კლინიკაა, რომლებსაც ნარკოლოგიური ნოზოლოგიების მქონე პაციენტების სტაციონარული მართვის ნებართვა აქვთ.
„ამ ეტაპზე ეს შეუძლია ბათუმის სამედიცინო ცენტრს და ნარკოლოგიურ ცენტრს, თუმცა, შესაძლოა, სხვა სტაციონარებმაც, რომლებიც დააკმაყოფილებენ შესაბამის სტანდარტს, მიიღონ რეგულირების სააგენტოდან ამ მომსახურების უფლება,“ – განმარტავს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.
პროგრამის მოსარგებლეები არიან ასევე უსახლკარო ადამიანები, რომელთა გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფსაც შეუძლია.
„მიმდინარედაც ხდება ამ პაციენტების [უსახლკაროების] მოთავსება კლინიკაში და ეს ფინანსურად ხელმისაწვდომი არ არის მათთვის, მათ უწევთ ან თანხის გადახდა, ან რჩებათ კლინიკაში ეს სამედიცინო მომსახურება დავალიანებად,“ – განმარტავს მარი ზანაქიძე.
საქართველოს მასშტაბით უფასო ცენტრი, სადაც ადამიანები თვეობით ცხოვრობენ და ალკოჰოლზე დამოკიდებულების დასამარცხებლად იბრძვიან, მხოლოდ ბათუმშია და მას საქველმოქმედო ფონდი „კარიტასი“ აფინანსებს. სარეაბილიტაციო ცენტრს ერთდროულად 12 ადამიანის მიღება შეუძლია, ამჟამად აქ 7 ადგილია თავისუფალი. ცენტრს ჰყავს ფსიქოლოგი, ექიმი და ოპერატორები. ცენტრში ცხოვრება და რეაბილიტაცია შეუძლია საქართველოს მოქალაქეს ნებისმიერი რეგიონიდან.
„ცენტრიდან არ გადიან. ვთავაზობთ 3 თვით რეაბილიტაციას [მაქსიმუმ 18 თვე], მედიკამენტურ თერაპიას, ფსიქოთერაპიას. მთავარია, პაციენტი იყოს დამოკიდებული მხოლოდ ალკოჰოლზე. სამწუხაროდ, ჯერ ჩვენ ქალი ბენეფიციარების მისაღებად არ ვართ მზად, სხვა პირობებია საჭირო და ქალი ოპერატორებიც არ გვყავს. იმ ოთხი წლის განმავლობაში, რაც ეს ცენტრი გვაქვს გახსნილი, მხოლოდ 2 ქალი იყო, ვინც მოგვმართა,“ – ამბობს ალკოჰოლდამოკიდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის კოორდინატორი თამაზ მღებრიშვილი.
იგი მიიჩნევს, რომ ალკოჰოლზე დამოკიდებულება მწვავე პრობლემაა საქართველოში, რომელსაც მეტი ინვესტიცია სჭირდება. „გაცილებით უკეთესი შედეგი დადგება, თუ მეტი მხარდაჭერა იქნება, მთავრობის ან თუნდაც ბიზნესის მხრიდან,“ – ამბობს ის.
„ხშირად ცენტრში რეაბილიტაციის გავლიდან ერთი წლის ან რამდენიმე თვის შემდეგაც მოგვმართავენ, მესამედაც დაბრუნებულან, მაგრამ გვყავს ბენეფიციარები, რომლებიც რეაბილიტაციის შემდეგ არ გაჰკარებიან ალკოჰოლს. მთავარი, რაც განაპირობებს შედეგის დადგომას, არის ის, რომ თვითონ პიროვნებამ მიიღოს გადაწყვეტილება/აღიაროს, რომ ეს მისთვის საზიანოა, მეორე არის ოჯახი/გარემო, მათი მხარდაჭერა და პირობების შექმნა იმისთვის, რომ ის არ დაუბრუნდეს ალკოჰოლს,“ – ამბობს თამაზ მღებრიშვილი.