მთავარი,სიახლეები

ხელვაჩაურის მერიამ თანამშრომელი უკანონოდ გაათავისუფლა – ომბუდსმენი

05.12.2022 • 1248
ხელვაჩაურის მერიამ თანამშრომელი უკანონოდ გაათავისუფლა – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი ხელვაჩაურის მერიიდან თანამშრომლის – გოჩა მჟავანაძის გათავისუფლებას უკანონოდ მიიჩნევს.

„…ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გოჩა მჟავანაძის მობილობის პროცესში დარღვეულია მობილობის განხორციელების წესის საკანონმდებლო მოთხოვნები,“ – წერია სახალხო დამცველის დასკვნაში, რაც ახლა უკვე ხელვაჩაურის მერის – ზაზა დიასამიძის სამუშაო მაგიდაზეა. მან 20 დღეში უნდა აცნობოს წერილობით პასუხი ომბუდსმენს.

საუბარია „გოჩა მჟავანაძის საქმეზე“ – გათავისუფლებული თანამშრომელი ამბობს, რომ ის რეალურად ხელვაჩაურის მერიიდან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გაჟღერების გამო გაათავისუფლეს. იყო თუ არა გოჩა მჟავანაძის გათავისუფლება დისკრიმინაციული პოლიტიკური ნიშნით, ამაზე ომბუდსმენს არ უმსჯელია, რადგან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სასამართლოს მიმართა – თუმცა სარჩელით მიმართვიდან, ანუ 27 ივლისიდან ამ დრომდე ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს საქმის განხილვა არ დაუწყია.

გოჩა მჟავანაძე გათავისუფლებამდე ხელვაჩაურის მერიის ეკონომიკის და სტატისტიკის განყოფილების უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა. ის რეორგანიზაციის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ვიდრე ხელვაჩაურის საკრებულო რეორგანიზაციაზე გადაწყვეტილებას მიიღებდა [2022 წლის 13 მაისი], გოჩა მჟავანაძე 11 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

„დამაკავეს, რომ შემშინებოდა,“ – ამბობს გოჩა მჟავანაძე და მიანიშნებს, რომ ხელვაჩაურის მოქმედი მერი – ზაზა დიასამიძე ხელვაჩაურის პოლიციის ყოფილი უფროსია.

დაკავებიდან რამდენიმე დღეში – 2022 წლის 19 მაისს გოჩა მჟავანაძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაამართლა. ხელვაჩაურის მერის ყოფილი თანამშრომელი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურსაც უჩივის სასამართლოში, რომელმაც მოქალაქის თქმით, ერთი თვის დაგვიანებით გამოითხოვა ვიდეოჩანაწერი იმაზე, თუ რა მოხდა დაკავების დროს პოლიციის განყოფილებაში.

სახალხო დამცველმა „გოჩა მჟავანაძის საქმეში“ კანონის დარღვევა დაინახა იმ კუთხით, რომ მობილობა მას ხელვაჩაურის მერიამ ფორმალურად შესთავაზა.

„…მობილობის პროცესში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ, საჯარო სამსახურის ბიუროსთან კოორდინაციით, მიმართა არაერთ უწყებას გოჩა მჟავანაძის მობილობით დასაქმების თაობაზე, თუმცა, სხვა საჯარო დაწესებულებაში, ტოლფას თანამდებობაზე გოჩა მჟავანაძის მობილობა ვერ განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში გოჩა მჟავანაძის გათავისუფლებამდეც ვაკანტური იყო მისი თანამდებობის ტოლფასი თანამდებობა – სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიცია, თუმცა, მერიის მიერ წარმოდგენილი განმარტებით, არასაკმარისი სამუშაო გამოცდილების ქონის მიზეზით, უწყებამ არ განიხილა გოჩა მჟავანაძის აღნიშნულ პოზიციაზე მობილობის შესაძლებლობა,“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ პირველ დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებაში.

ომბუდსმენის რეკომენდაცია ასეთია:

„მობილობა არ უნდა განხორციელდეს ფორმალურად და მიმართული უნდა იყოს საჯარო მოხელის შრომითი უფლებების რეალიზებისაკენ.

საჯარო დაწესებულება ვალდებულია გამოიყენოს მობილობის შიდა მექანიზმები. კერძოდ, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის პროცესში, შემცირებულ თანამდებობაზე დასაქმებულ მოხელეს, საჯარო დაწესებულებამ ჯერ უნდა შესთავაზოს იმავე საჯარო დაწესებულებაში არსებულ ტოლფას თანამდებობაზე დასაქმება, ხოლო აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, დაიწყოს გარე მობილობასთან დაკავშირებული პროცედურა,“ – მიიჩნევს სახალხო დამცველი.

ხელვაჩაურის მერიაში ამ საკითხზე განმარტებას დაგვპირდნენ და მას მიღებისთანავე გაგაცნობთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: