მთავარი,სიახლეები

თურქეთმა სამედიცინო ტურიზმიდან 1,6 მილიარდი დოლარი მიიღო 9 თვეში

03.12.2022 • 6174
თურქეთმა სამედიცინო ტურიზმიდან 1,6 მილიარდი დოლარი მიიღო 9 თვეში

თურქეთის საერთაშორისო ჯანდაცვის სერვისების ორგანიზაციის მონაცემებით, ქვეყანამ 2022 წლის პირველ ცხრა თვეში 1,6 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა სამედიცინო ტურიზმიდან.

იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში, სამედიცინო მომსახურების მისაღებად თურქეთში თითქმის 870 000 უცხოელი ჩავიდა.

საერთაშორისო პაციენტები ყველაზე ხშირად შემდეგი სპეციალობის ექიმებს მიმართავდნენ: გინეკოლოგია, შინაგანი დაავადებები, ოფთალმოლოგია, ონკოლოგია, ზოგადი ქირურგია, სტომატოლოგია, ორთოპედია და ტრავმატოლოგია, ინფექციური დაავადებები.

ორგანიზაციის შეფასებით, სამედიცინო ტურიზმი თურქეთში 2015 წლიდან ნახტომისებურად ვითარდება: ამ წელს თურქეთის კლინიკებს სამკურნალოდ უცხო ქვეყნის 395 000-მა მოქალაქემ მიმართა. სამედიცინო ტურიზმიდან ქვეყნის შემოსავლები კი 2015 წელს  638 მილიონი დოლარი იყო.

ოფიციალური თურქული წყაროების თანახმად, თურქეთში ჯანდაცვის სერვისების მისაღებად ჩასული უცხოელების რაოდენობა და, შესაბამისად, ქვეყნის შემოსავლებიც სტაბილურად გაიზარდა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.

მაგალითად, 2016 წელს შემოსავალი გაიზარდა 715 მილიონ დოლარამდე, 2017 წელს 827 მილიონ დოლარამდე, 2018 წელს ქვეყნის შემოსავლებმა 863 მილიონ დოლარს მიაღწია, ხოლო მილიარდ დოლარს პირველად 2019 წელს გადააჭარბა – იმ წელს თურქეთში 700 ათასი ადამიანი ჩავიდა სამკურნალოდ, ხოლო ქვეყანამ 1.4 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.

კოვიდ პანდემიის პერიოდში თურქეთში ჯანმრთელობის სერვისების მისაღებად ჩასული ადამიანების ნაკადი შემცირდა. თუმცა, გასულ წელს ქვეყანამ სამედიცინო ტურიზმიდან $1,73 მილიარდი დოლარი მიიღო.

თურქეთის კლინიკებში სერვისების მისაღებად აქტიურად მიდიან საქართველოს მოქალაქეებიც. საქართველოში არ მოიპოვება სტატისტიკა, თუ რა ოდენობის თანხა გაედინება ქვეყნიდან ამ მიზნით ან რამდენი ადამიანი მიდის თურქეთში სამკურნალოდ.

სამედიცინო ტურიზმის განვითარებას აქტიურად უჭერს მხარს თურქეთის სახელმწიფო – როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: