მთავარი,სიახლეები

8 ფაქტი უკრაინის არმიის შესახებ – დღეს უკრაინაში შეიარაღებული ძალების დღეს აღნიშნავენ

06.12.2022 • 1199
8 ფაქტი უკრაინის არმიის შესახებ – დღეს უკრაინაში შეიარაღებული ძალების დღეს აღნიშნავენ

6 დეკემბერს უკრაინა თავისი შეიარაღებული ძალების დღეს აღნიშნავს. რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, ეს ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს უკრაინა 1993 წლიდან აღნიშნავს – 6 დეკემბერს, რადგან სწორედ 1991 წლის 6 დეკემბერს მიიღო უკრაინის რადამ კანონი ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესახებ.

ასევე, ეს დღე უკრაინის ისტორიაში 1917-1921 წლების ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის გადამწყვეტი თარიღია.

1919 წლის 6 დეკემბერს დაიწყო უკრაინის სახალხო რესპუბლიკის გაერთიანებული არმიის პარტიზანული შეტევა დენიკინისა და ბოლშევიკების ჯარების წინააღმდეგ.

უკრაინული გამოცემა Новое Время ამ დღის აღსანიშნავად მკითხველს უკრაინის შეიარაღებული ძალების შესახებ რამდენიმე ფაქტს სთავაზობს:

1. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უკრაინელთა 96% ენდობა

ასეთია მოსახლეობის ნდობის მაჩვენებელი შეიარაღებული ძალებისადმი 2022 წლის ოქტომბერში ჩატარებული სოციალური გამოკითხვით.

ნდობის ათეული ასე გამოიყურება:

  • უკრაინის შეიარაღებული ძალები – 96 %
  • უკრაინის პრეზიდენტი – 83%
  • ჰუმანიტარული და საქველმოქმედო ორგანიზაციები – 78%
  • ეკლესია – 70%
  • უნივერსიტეტები – 62%
  • ქალთა ორგანიზაციები – 59,5 %
  • სახელმწიფო დაწესებულებები – 55%
  • პოლიცია – 55 %
  • ეკოლოგიური ორგანიზაციები – 54%
  1. უკრაინას დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი იცავს – 70% უკრაინის შეიარაღებულ ძალებშია

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მონაცემებით, ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორში „1 მილიონი ფორმიანი ადამიანია“. მათ შორის:

  • 700 000-მდე – უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობა
  • 60 000-მდე – სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური
  • 90 000 – მდე – ეროვნული გვარდია
  • 100 000-მდე – ეროვნული პოლიცია
  1. ერთ თვეში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთს იმაზე დიდი ზიანი მიაყენეს, ვიდრე ავღანეთის 10-წლიან ომში საბჭოთა კავშირის დანაკარგია

უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, მხოლოდ ნოემბერში ლიკვიდირებულია 17 000-მდე რუსი სამხედრო, რუსეთის საერთო დანაკარგი კი ომში 91 690 სამხედროა.

ოფიციალური მონაცემებით, ავღანეთში 10-წლიან ომში (1979-1989) საბჭოთა კავშირს დაახლოებით 15 000  სამხედრო დაეღუპა, 54 ათასი კი დაიჭრა.

  1. ერთ თვეში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიბრუნეს 5-ჯერ იმაზე დიდი ტერიტორია, ვიდრე რუსეთმა 3 თვეში დაიპყრო.

სააგენტო Top Lead-ის გათვლებით, თუ რუსეთმა ზაფხულის სამ თვეში დაახლოებით 2125 კმ2 ტერიტორია დაიკავა, მხოლოდ სექტემბერში უკრაინამ 10 608 კმ2 გაათავისუფლა.

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) მონაცემებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა და თავდაცვის სხვა დანაყოფებმა რუსეთის მიერ 24 თებერვლის შემდეგ დაპყრობილი ტერიტორიების 63% დაიბრუნეს.

თებერვალსა და მარტში რუსეთს უკრაინის თითქმის მეხუთედი, დაახლოებით 119 ათასი კმ2 ჰქონდა დაკავებული (2014 წელს დაპყრობილი ტერიტორიების გარეშე).

5. შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაშია

ამ სიაში ზალუჟნი ჟურნალმა TIME-მა ჯერ კიდევ 2022 წლის მაისში შეიყვანა. ამავე სიაში არიან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და „უკრაინსკა პრავდას“ რედაქტორი სევგილ მუსაიევა.

ჟურნალის იმ ნომრისთვის ვალერი ზალუჟნის შესახებ ტექსტი აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის მეთაურმა, გენერალმა მარკ მილიმ დაწერა.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი ის სამხედრო გონებაა, რომელიც მის ქვეყანას ასე ძალიან სჭირდებოდა,“ – წერდა მილი.

6. უკრაინის შეიარაღებული ძალები საქველმოქმედო აქციების ლიდერია – პლატფორმა United 24-ით შეგროვებული თანხის 83% უკრაინის არმიაზე მოდის.

როგორც Opendatabot-ის ანალიტიკოსებმა დაითვალეს, ყველაზე მეტი შეწირულობა უკრაინის დასახმარებლად პლატფორმა United24-ის დახმარებით გროვდება. უკვე მიღებული 6,8 მილიარდი გრივნის 83% უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებისთვისაა.

United24-თან ერთად ქვეყნის ყველაზე მსხვილი საქველმოქმედო ფონდებია Повернись живым და პრიტულას ფონდი.

7. ათ თვეში უკრაინის არმიამ რუსეთის არმიის ძლევამოსილების მითი გაანადგურა.

Global Firepower-ის ყოველდღიურ რეიტინგში რუსეთი აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილს იკავებდა მსოფლიო ქვეყნების ძლევამოსილ არმიებს შორის, მაშინ, როდესაც უკრაინა 22-ე პოზიციაზე იყო.

Новое Время აღნიშნავს, რომ რეიტინგის ავტორების თქმით, სია 2023 წლის იანვრის ბოლოს განახლდება და მასში უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგებიც აისახება.

8. უკრაინელთა 92%-ს სჯერა რუსეთის არმიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გამარჯვების.

სოციოლოგიური კვლევის მონაცემებით, გამოკითხულთა 77% უკრაინის არმიის გამარჯვებაში მყარადაა დარწმუნებული, დანარჩენი – 15% – დარწმუნებულია, თუმცა არა ბოლომდე.

გამოკითხულთა უმრავლესობა სრულ გამარჯვებად რუსეთის არმიის ყველა უკრაინული ტერიტორიიდან განდევნას მიიჩნევს.

გამარჯვების რწმენა – ასეთია 72%-ის პასუხი კითხვაზე, რა აერთიანებს დღეს უკრაინის საზოგადოებას.

მთავარ ფოტოზე: უკრაინელი სამხედროები გათავისუფლებულ ხერსონში/ფოტო: ანდრეი დუბჩაკი/Donbas Frontliner

გადაბეჭდვის წესი


ასევე: