Batumelebi | რა ხდება ალკოჰოლზე დამოკიდებულთა უფასო ცენტრში, რომელიც მხოლოდ ბათუმშია რა ხდება ალკოჰოლზე დამოკიდებულთა უფასო ცენტრში, რომელიც მხოლოდ ბათუმშია – Batumelebi
RU | GE  

რა ხდება ალკოჰოლზე დამოკიდებულთა უფასო ცენტრში, რომელიც მხოლოდ ბათუმშია

„არ მეგონა, თუ ასე დავეცემოდი ოდესმე, მაგრამ დავეცი. მთავარია, წამოდგომა შეძლო… ამას მაშინ აკეთებ, როცა ხვდები, რომ ყველაფერს კარგავ და დაკარგულის დაბრუნება რთულია,“ – ამბობს ზურაბ ხარაზიშვილი, რომელიც უკვე ორი თვეა ბათუმში, ალკოჰოლდამოკიდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრში ცხოვრობს. ცენტრი, სადაც ადამიანები 6 თვის განმავლობაში ამარცხებენ ალკოჰოლის სურვილს, მხოლოდ ბათუმშია და მას საქველმოქმედო ფონდი „კარიტასი“ აფინანასებს. სარეაბილიტაციო ცენტრში ამ დროისთვის 8 კაცი ცხოვრობს.

„მსურველს ექიმთან და ფსიქოლოგთან ერთად ვესაუბრებით და შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას, მივიღოთ თუ არა ცენტრში. თუ ადამიანს ფიზიკური დამოკიდებულება არ აქვს მოხსნილი, მაშინ რთულია ცენტრში მისი დატოვება. სულ 12 ადამიანის მიღება შეგვიძლია ერთდროულად“, – გვიყვება ალკოჰოლდამოკიდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის კოორდინატორი თამაზ მღებრიშვილი. ის კახაბრის დასახლებაში მოწყობილი ცენტრის ეზოში დაგხვდა. ცენტრი სამსართულიან სახლშია გახსნილი.

თამაზ მღებრიშვილი გვაჩვენებს ბაღსაც, სადაც ცენტრის ბენეფიციარებს ბოსტნეული მოჰყავთ, ასევე უვლიან ფრინველებს. ცენტრის ტერიტორიაზე გარეშე პირის შესვლა აკრძალულია. გამონაკლისი ალკოჰოლდამოკიდებულის ოჯახის წევრია, რომელმაც ვიზიტი წინასწარ უნდა შეუთანხმოს ხელმძღვანელობას.

სარეაბილიტაციო ცენტრის კოორდინატორს თავდაპირველად სარდაფში შევყავართ, სადაც მინი საამქროა მოწყობილი. აქ ცენტრის სამი ბენეფიციარი მაგიდის ირგვლივ შემომსხდარა და ხის კვეთაზე მუშაობს. სამივეს თავისი ისტორია აქვს მოსაყოლი. ტენდენცია საერთოა: მათ აქვთ განცდა, რომ რაღაც ძვირფასი დაკარგეს, რომლის დაბრუნებაც უკვე რთულია. აქვთ სინანული და ბრაზი იმ ილუზიაზე, სასმელი რომ თითქოს ცხოვრების ტკივილებს ავიწყებდათ.

როგორ აღმოვჩნდი რეაბილიტაციის ცენტრში? 

„ხან რას მოვიტყუებდი, ხან – რას. ვამბობდი, რომ თითქოს ვერ ვუკავშირდებოდი ოჯახს მოსკოვში, გადმომირიცხავენ ფულს და დაგიბრუნებთ-მეთქი… მერე უკვე ვხედავდი, რომ ალალი ძმა და დაც, როცა ვურეკავდი, აღარ მენდობოდნენ, არ მეუბნებდნენ, მაგრამ ვხედავდი, როგორ ვკარგავდი ნდობას. ნდობის დაკარგვა ყველაზე რთულია. მე ვკარგავდი ყველაფერს…“ – იხსენებს ზურაბ ხარაზიშვილი. ამბობს, რომ ცენტრი კარგი გამოსავალია და ზაფხულისთვის უკვე საკუთარი ოჯახის წევრებთან შეხვედრისთვისაც ემზადება.

„შვილიშვილიც მყავს უკვე, მასტუმრებენ აგვისტოში,“ – დასძინა მან.

ზურაბ ხარაზიშვილი

„ადამიანები უკვე ზურგს მაქცევდნენ, ყურადღებას აღარ მაქცევდნენ… ვიგრძენი, რომ ყველაფერი დავკარგე,“ – საუბარში ერთვება სერგეი გოგრაჭაძე. მას ცოლი და მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ყოველდღიურ რეჟიმში ალკოჰოლის მიღება მას შემდეგ დაიწყო, როცა ნაქირავებში ცხოვრობდა, შემდეგ – ღია ცის ქვეშ.

„იცით, როგორი შეგრძნებაა? როცა სვამ, ყველა პრობლემა თითქოს გვარდება და აღარ არსებობს… იღვიძებ დილით და ხვდები, რომ ძალიან გინდა დალევა, გული ცუდადააა, კანკალებ… დალევ 100 გრამს და ყველაფერი გავიწყდება.

9 კლასი დავამთავრე, მეტი არა… მშენებლობებზე მუშის დამხმარედ ვმუშაობდი, ხან არმატურას ვქსოვდი, ბოლოს მუშაობა აღარ შემეძლო, ისე დავსუსტდი…

ქირის ფული როცა ვეღარ გადავიხადეთ, გამოგვიშვეს სახლიდან. მამაჩემს სხვა ოჯახი აქვს. იქ დაბრუნება აღარ მინდოდა… ჩემი ცოლი თავის ძმასთან დაბრუნდა. მე ქუჩაში დავრჩი.

აქ მას მერე წამოვედი, როცა გავიაზრე, რომ ყველაფერი დავკარგე.

მხოლოდ ცოლი და შვილია ჩემს გვერდით… მოჰყავს ჩემი შვილიც ცოლს აქ. ჩემს შვილს ანრი ჰქვია. უკვე წლის და 9 თვისაა. აქ რომ მოდის, მეხუტება, წამოდი მამიკოო, ამბობს, მაგრამ ჯერ ვერ წავალ, აქ უნდა ვიყო 6 თვე და სრულიად ჯანმრთელი დავუბრუნდე ოჯახს. მერე ყველაფერი გამოვა,“ – ასრულებს სერგეი, თუმცა ვგრძნობ, რომ სათქმელი ისევ აქვს.

სერგეი გოგრაჭაძე

„მე ქუთაისის მერიის თანამშრომელმა დამაკავშირა ამ ცენტრს, მეც ქუჩაში ვიყავი, ღია ცის ქვეშ…“, – გვიყვება ტარიელ რუსაძე. ის წყალტუბოში, სოფელ ვულკანეთში ცხოვრობდა, ხოლო დედ-მამის გარდაცვალების შემდეგ სახლი დაშალა და გაყიდა.

„თურქეთში ვაპირებდი წასვლას, ვეღარ წავედი, არ გამიშვეს საზღვარზე, მანამდე ციხე მოვიარე… ჩემი ერთი და ანტალიაშია, მეორე – თბილისში. თავიანთი ოჯახები აქვთ, არ ვურეკავ, არ ვაწუხებ არავის… მინდა ჯანსაღი გავხდე და დავოჯახდე, როცა აქედან გავალ, იმედია, ამას შევძლებ,“ – მუშაობის შეუჩერებლად გვიყვება ტარიელი.

ტარიელი სარეაბილიტაციო ცენტრში ცხოვრების პირობებზეც გვიყვება.

„ხან აქ ჩამოვდივართ და ხეს ვკვეთავთ, ხან ფსიქოლოგი მოდის და გვესაუბრება, ხან მამაო მოდის… მერე ფილმებს ვუყურებთ ზემოთ, დარბაზში, ტელევიზორსაც ვუყურებთ…. ჩვენს ნივთებს თავად ვაწესრიგებთ, სარეცხი მანქანაა და ყველაფერი… სადილ-ვახშამს ოპერატორი გვიმზადებს, ჩვენც ვეხმარებით მომზადებაში, მორიგეობაა ბაღში მუშაობაზეც, ხან ერთი უყურებს ფრინველებს და ბოსტნეულს, ხან – მეორე… ერთად ვუვლით ყველაფერს,“ – გვითხრა ტარიელ რუსაძემ.

ტარიელ რუსაძე

„თავს ვიმართლებდი, არ ვარ დამოკიდებული-მეთქი“ – რა შეცვალა ცენტრში ცხოვრებამ

„ჩემთვისაც უთქვამთ, ალკოჰოლიკი ხარო. მეთქი რა დამოკიდებული, რის დამოკიდებული… არადა, დამოკიდებული ვიყავი, უბრალოდ, თავს ვიმართლებდი,“ – განაგრძობს ზურაბ ხარაზიშვილი და ირონიულად ეცინება, ისევ ხეზე ამოჭრილ ნაკეთობებს დასტრიალებს: – „ზოგჯერ, როცა სარკის წინ ვდგებოდი და ვაკვირდებოდი საკუთარ თავს, ვხედავდი, უკვე რა ვიყავი და რას ვაკეთებდი. ერთ დღესაც ვუთხარი საკუთარ თავს, რომ დასრულდა…“

სერგეი გოგრაჭაძე: „ვგრძნობ, რომ დასრულდა რაღაც, მაგრამ ვიცი, ძირითადად ახლა მედიკამენტების გავლენაა ეს… ყველაზე ცუდი და რთული მარტო დარჩენაა… მახსოვს, ადრე როცა ძალიან ცუდად ვიყავი, ზოგჯერ ვეკითხებოდი ჩემს თავს: რატომ ვაკეთებ ამას? ბოლოს ვხდებოდი, რომ პასუხი არ მქონდა.

აქ როგორ ვძლებ? არ ვუძლებ, მშვენივრად ვარ… არა, ჰო, ალბათ უფრო ვუძლებ, ასე ვიტყვი, მაგრამ მე გამაძლებინა იმან, რომ მე მინდა ვიყო ჩემ ცოლ-შვილთან ისე, როგორც ადრე ვიყავი,“ – ასრულებს სერგეი და ისევ საჭრეთელს იღებს ხელში.

მომავალი წლის ბიუჯეტში გავითვალისწინებთო, მაგრამ არაფერი…“ – რატომ არ აქცევს სახელმწიფო ყურადღებას სარეაბილიტაციო ცენტრს

სარეაბილიტაციო ცენტრს და მის ბენეფიციარებს სახელმწიფოსგან ამ ეტაპზე არავითარი მხარდაჭერა არ აქვს.

„სამი წლის წინ, როცა ეს პროექტი შევიმუშავეთ, პრეზენტაციას დაესწრო აჭარის ჯანდაცვის სამინისტროც, ერთ-ორი ბენეფიციარი გამოგვიგზავნეს კიდეც, მეტი არაფერი,“ – გვიყვება ალკოჰოლდამოკიდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის კოორდინატორი თამაზ მღებრიშვილი. მისი თქმით, ალკოჰოლდამოკიდებულ ადამიანებს სხვადასხვა სახის სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, რაც ფასიანია.

„თავიდან გვითხრეს, რომ ბიუჯეტი უკვე შედგენილია და მომავალი წლის ბიუჯეტში გავითვალისწინებთო, მაგრამ არაფერი. აქ ვინც არის ბენეფიციარი, თითქმის ყველას სხვადასხვა სახის პრობლემა აქვს ჯანმრთელობის კუთხით, ზოგს დიაგნოსტიკა სჭირდება, ოპერაცია, მკურნალობა, მედიკამენტები… ის მაინც შეიძლება, რომ აქ როცა არის ბენეფიციარი, დაუფინანსდეს მკურნალობა. ბოლოს, ერთ ადამიანს ხერხემლის მალაზე დასჭირდა ოპერაცია, რაღაც ნაწილი დააფინანსეს, მაგრამ 1000 ლარამდე ჩვენ გადავიხადეთ.

კომუნალურ გადასახადებშიც კომერციულ ფასს ვიხდით. აჭარის მთავრობას მივმართეთ და ვერ ჩავერევით, სოკარს მიმართეთო. სოკარსაც მივწერეთ და შედეგი არ არის… ჩვენ ვუთხარით აჭარის მთავრობასაც, რომ ვართ საქველმოქმედო ორგანიზაცია,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ თამაზ მღებრიშვილმა.

პრობლემაა ინფორმირების და კლინიკებთან კოორდინაციის კუთხითაც. ამას აჩვენებს ის, რომ ცენტრში, სადაც 12 ადამიანის მიღება ახლაც შეუძლიათ, სულ 8 ბენეფიციარია.

„უფრო მეტის მიღებაც შეგვიძლია, მაგრამ ჩვენი გუნდიც ახლა იღებს გამოცდილებას, აქამდე მსგავს პროექტზე არ ვმუშაობდით, გვინდა, რომ შედეგი გვქონდეს,“ – დასძინა თამაზ მღებრიშვილმა.

თამაზ მღებრიშვილი

ალბათ მოვა გიტარაზე დაკვრის დროც…“ 

სარდაფის საუბრების შემდეგ მასპინძელი სახლს გვათვალიერებინებს: ალკოჰოლდამოკიდებული ადამიანების სარეაბილიტაციო ცენტრი 3-სართულიანი სახლშია გახსნილი. აქ ნორმალური ცხოვრებისთვის ყველა პირობაა შექმნილი: სადილის ოთახი, სამზარეულო, მოსასვენებელი სივრცე, სპორტული დარბაზი, კინოჩვენების დარბაზი….

სპორტული დარბაზი სარეაბილიტაციო ცენტრში

სარეაბილიტაციო ცენტრის სასადილო ოთახი

სასადილო ოთახშიც შევდივართ. დღის მორიგე ბენეფიციარებს თევზის შეწვა გადაუწყვეტიათ. მორიგეა ალბერტ აბრამიძეც.

„აქ როცა მომიყვანეს, ორი-სამი დღე ძალიან გამიჭირდა, ვკარგავდი თავს, პიკზე ვიყავი მისული, ვფიქრობდი, ხომ არ წავსულიყავი იმქვეყნად… მერე ვიფიქრე, ან იქეთ, ან აქეთ-მეთქი,“ – გვიყვება ალბერტი და ფანჯრიდან ეზოში, ტირიფებისკენ აპარებს თვალს.

ალბერტი ქუთაისიდანაა. ამბობს, რომ სამი წელი მუდმივად სვამდა ალკოჰოლს და ალკოჰოლდამოკიდებული მაშინ გახდა, როცა შვილი დაეღუპა.

„ის 6 წლის იყო, მარიამი ერქვა, ფილტვების ანთება ჰქონდა…“, – ალბერტი ისევ ოთახის შემოსასვლელისკენ გამოდის და პაუზის შემდეგ აგრძელებს.

„მაშინ მეგონა, ალკოჰოლი დამავიწყებდა ყველაფერს, მაგრამ ასე არ მოხდა, ცოლსაც გავშორდი… მე სამი წელი არ გამოვფხიზლებულვარ, მუდმივად ვსვამდი. ვერ გეტყვი, სიტყვიერად რას ვგრძნობდი,“ – ასრულებს ის და ვიდრე მაგიდას შემოუსხდებიან ადამიანები, რომლებმაც ალკოჰოლზე უარი თქვეს, ვკითხულობ, ვინმე ხომ არ უკრავს წითელ გიტარაზე, შემოსასვლელთან რომ ჩამოუკიდიათ.

„არა, არავინ უკრავს, მაგრამ მოვა დაკვრის დროც,“ – თავდაჯერებულია ალბერტი და მერე იმასაც გვიყვება, როგორ იყო წლების წინ როკით გატაცებული.

„ჩემით ვისწავლე აკორდები და ვუკრავდი, ახლა არ ვარ მზად, მაგრამ ვიცი, მოვა ის ეტაპიც…“, – ასრულებს ის.

ალბერტ აბრამიძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი