ნეტგაზეთი • RU

როგორ უნდა ვიკვებოთ ჯანმრთელი ძვლების შესანარჩუნებლად | ექიმის რჩევები

ძლიერი ძვლების საშენებლად და შემდეგ მათ შესანარჩუნებლად აუცილებელია კალციუმის ჯანსაღი დონე ორგანიზმში. მისი დეფიციტის, იგივე ჰიპოკალცემიის შემთხვევაში ძვლები იფიტება და ვითარდება ოსტეოპოროზი ანუ ძვლოვანი ქსოვილის განლევა და მისი სიმკვრივის დაქვეითება.

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი თეონა გოგიტიძე ამბობს, რომ კალციუმის დეფიციტი, უხშირესად, ორგანიზმში D ვიტამინის ნაკლებობასა და არასათანადო კვებას უკავშირდება.

ძვლოვანი ქსოვილის განლევა და სიმტკიცის დაქვეითება ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ენდოკრინული სისტემის პათოლოგიებით და სხვადასხვა ქრონიკული დაავადებით.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, განვითარებულ ქვეყნებში აღინიშნება კალციუმის ნაკლებობა, ხოლო განვითარებადი სამყარო არასრულფასოვანი კვების გამო სერიოზული დეფიციტის წინაშე დგას.

„ძვლოვანი სტრუქტურის გამოფიტვას მოჰყვება ისეთი გართულებები, როგორიცაა ხშირი მოტეხილობა, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგია, შეიძლება დეფორმირება განიცადოს ხერხემალმა, ამან შეიძლება კიდევ სხვა გართულებები გამოიწვიოს“, – ამბობს თეონა გოგიტიძე.

  • რა იწვევს ორგანიზმში კალციუმის დეფიციტს – ჰიპოკალცემიას?

მიზეზებს შორის პირველი შეიძლება გამოვყოთ ძალიან გახშირებული D ვიტამინის ნაკლებობა, ეს ვიტამინი ძალიან მნიშვნელოვანია კალციუმის ნორმალურ მეტაბოლიზმში. შესაბამისად, მისმა დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალციუმის დაქვეითება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პაციენტი ნორმალური რაოდენობით იღებს კალციუმის შემცველ საკვებ პროდუქტებს.

მეორე ალბათ კალციუმით მდიდარი საკვები პროდუქტების არასაკმარისი რაოდენობით მოხმარებაა.

ენდოკრინული სისტემის პათოლოგიებიდან ძალიან ბევრმა პათოლოგიამ შეიძლება მიგვიყვანოს კალციუმის დეფიციტამდე, მაგალითად, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული ან მომატებული ფუნქცია, შეიძლება იყოს თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიები, როცა არის მომატებული კორტიზოლი (თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონი), რის გამოც შეიძლება დიდი რაოდენობით კალციუმი გამოიდევნოს ორგანიზმიდან.

შეიძლება იყოს პარათიროიდული, ანუ ფარისებრთან ახლო ჯირკვლების პათოლოგია. როდესაც ხდება  ჯირკვლების პარათიროიდული ფუნქციის დაქვეითება, არასაკმარისი რაოდენობით გამოიყოფა ჰორმონი, რომელიც აუცილებელია კალციუმის ცვლაში. ამ ჰორმონის დეფიციტის დროს შეიძლება გვქონდეს კალციუმის მნიშვნელოვანი დეფიციტი, რომელსაც მივყავართ ძვლების პათოლოგიებამდე.

მიზეზი ხდება ქრონიკული დაავადებები, მაგალითად, კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები, რის დროსაც უხარისხოდ შეიწოვება კალციუმი, რომელსაც იღებს პაციენტი კვების ხარჯზე.

ძვლოვანი ქსოვილის განლევა ხდება ასაკის მატებასთან ერთად; კალციუმის ცვლაში ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს სქესობრივ ჰორმონებს, შესაბამისად ქალებში, მენოპაუზის დროს ხშირია კალციუმის დეფიციტი, რადგანაც ხდება სქესობრივი ჰორმონების დაქვეითება სისხლში.

  • როგორია კალციუმით მდიდარი მენიუ?

ჰიპოკალცემიის პრევენციის საუკეთესო საშუალებაა რაციონალური კვება, იქნება ეს მოზარდთა პერიოდი, ორსულობისას თუ ხანდაზმულობის პერიოდში. საკვები პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ კალციუმს, შეიძლება იყოს როგორც ცხოველური წარმოშობის, ისე ხილი და ბოსტნეული.

კალციუმით მდიდარია რძე და რძის ისეთი პროდუქტები, როგორიც არის ხაჭო და ყველი; კალციუმს დიდი რაოდენობით შეიცავს ზღვის პროდუქტები, როგორც თევზი, ისე ზღვის მცენარეები, ზღვის კომბოსტო; ცხოველური პროდუქტებიდან კალციუმის შემცველია კვერცხი. 

კალციუმით მდიდარ მცენარეულ საკვებს რაც შეეხება, ბოსტნეულიდან შეიძლება გამოვყოთ ბროკოლი, კომბოსტო, ლობიო და სხვა პარკოსნები [ბარდა, ოსპი]; კალციუმით მდიდარია ისპანახი; ასევე მარცვლოვანი პროდუქტები, მათ შორის წიწიბურა; ხილიდან შეგვიძლია გამოვყოთ ბანანი, ვაშლი, ლეღვი, კივი, მოცხარი, ქიშმიში, ასევე თხილი, კაკალი და ნუში.

აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის თანახმად, კალციუმით ასევე მდიდარია: სოიას მარცვლები (მომზადებული), ჩიას მარცვლები, ჩინური კომბოსტო.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლის მიხედვით, 9 წლამდე ბავშვი დღის განმავლობაში უნდა იღებდეს მინიმუმ 2 ულუფა რძის პროდუქტს; 9 წელზე მეტი ასაკის ბავშვი დღის განმავლობაში უნდა იღებდეს მინიმუმ 3 ულუფა რძის პროდუქტს.

ერთ ულუფას შეადგენს: 1 ჭიქა მაწონი ან 45 გრ. ანუ ასანთის კოლოფის ზომის ყველის ნაჭერი, ან 1 ჭიქა რძე, ან 1/2 ჭიქა ხაჭო;

კალციუმის შეწოვას ამცირებს ფოსფორი, ფიტინი (დიდი რაოდენობითაა მანანის ბურღულში) და ოქსალატები.

კალციუმზე მოთხოვნილება სიცოცხლის სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებულია.

აშშ-ს ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მიერ რეკომენდებული კალციუმის დღიური ნორმა ჯანმრთელი ადამიანისთვის

  • რა უწყობს ხელს კალციუმის კარგვას ორგანიზმიდან?

ნიკოტინის მოხმარებამ, ალკოჰოლის მოხმარებამ, ყავის ხშირად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კალციუმის დეფიციტი. ადამიანებისთვის, რომლებიც სისტემატურად მოიხმარენ თამბაქოსა და ალკოჰოლს, ასევე, ყავას, მაღალია რისკი, რომ კალციუმი გამოიდევნოს ორგანიზმიდან და შედეგად გვქონდეს ჰიპოკალცემია.

  • რამდენად ეფექტურია უკვე განვითარებული კალციუმის დეფიციტის დროს კვების მოწესრიგება და  მედიკამენტური თერაპია?

საკვებით გამოწვეული ჰიპოკალცემია არის უფრო მსუბუქი ხარისხის და, როგორც წესი, ორგანიზმი თვითონ ცდილობს ამ დეფიციტის გამოსწორებას. მაგრამ თუ დიდი ხნის განმავლობაში არის ეს დეფიციტი, პაციენტი ცუდად იკვებება, იმ შემთხვევაში უკვე ჩართული გვაქვს სხვა მეტაბოლური დარღვევები, რაც ითხოვს მეტ ჩარევას, კვების გამოსწორებასთან ერთად.

მაგალითად, თუ ამას ემატება ენდოკრინული პათოლოგია, აქ მხოლოდ კვების მოწესრიგება არ იქნება საკმარისი, საჭიროა მედიკამენტური თერაპია. მკურნალობისას აუცილებელია კალციუმის დეფიციტისა და ძვლოვანი სტრუქტურის დაავადების ძირითადი მიზეზის გაგება და თუ ეს ენდოკრინული პათოლოგისაა, პირველ რიგში, უნდა გამოსწორდეს ძირითადი პათოლოგია.

კალციუმის დეფიციტის შესავსებად მედიკამენტური მკურნალობა დაახლოებით ერთი თვით ინიშნება, შემდეგ ვაკვირდებით შევსებულია თუ არა დეფიციტი, შეინიშნება თუ არა დადებითი დინამიკა, შესაძლოა კიდევ გავაგრძელოთ პროფილაქტიკისთვის კალციუმის მედიკამენტი და დავამატოთ D ვიტამინი. გააჩნია, რა პათოლოგიის გამო დავიწყეთ ეს მკურნალობა. თუ ქრონიკული დაავადების გამო დავიწყეთ კალციუმის მედიკამენტით მკურნალობა, შესაძლოა გაცილებით დიდი ხნით გაგრძელდეს მისი მიღება.

  • რამ შეიძლება მიგვანიშნოს ორგანიზმში კალციუმის დეფიციტზე?

საერთო სისუსტე, თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა, კანის სიმშრალე, კუნთების სისუსტე, კუნთების სპაზმი, იგივე კრუნჩხვა ე.წ. დაჭიმვა (ამ დროს არა მხოლოდ კალციუმის, არამედ მაგნიუმის დეფიციტიც შეიძლება იყოს).

ასევე შეიძლება მოგვცეს ფეხების ბჟუილი, იგივე პარესთეზიები; შესაძლოა განვითარდეს გულის არითმია, გავლენა მოახდინოს არტერიულ წნევაზე, პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს სახსრების ტკივილიც.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან