მთავარი,სიახლეები

პრიგოჟინი Google-ისა და YouTube-ის დასჯას „სიცრუის გავრცელების გამო“ ითხოვს

05.12.2022
პრიგოჟინი Google-ისა და YouTube-ის დასჯას „სიცრუის გავრცელების გამო“ ითხოვს

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი გენერალურ პროკურატურას მიმართავს და სთხოვს, შეაჩეროს „არასანდო ინფორმაციის“ გავრცელება Google-ისა და Youtube-ის საშუალებით და ამ უკანასკნელის წინააღმდეგ „უმკაცრესი ზომებიც“ მიიღოს.

„აუცილებელია სასწრაფოდ შევაჩეროთ არაზუსტი, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელება, რაც საზოგადოებრივი წესრიგის მასობრივი დარღვევის საფრთხეს ქმნის. ასევე ინფორმაციის, რომელიც მიმართულია რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ორგანოების დისკრედიტაციისკენ. აუცილებელია შეიზღუდოს წვდომა აღნიშნულ პლატფორმებზე,“ – წერს პრიგოჟინი საკუთარი კომპანია „კონკორდის“ სახელით ტელეგრამში და რუსეთის პროკურატურას სთხოვს, არასასურველად აღიარონ Google-ის საქმიანობა რუსეთის ტერიტორიაზე, პარალელურად კი დაიწყოს YouTube-ის საქმიანობის შემოწმება.

მას შემდეგ, რაც დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს სანქციები დაუწესეს, რუსეთის ფედერაციამ ვიდეოსერვისი Youtube დეზინფორმაციის გავრცელებაში და პროტესტების გაღვივებაში დაადანაშაულა.

მარტში Google-მა რუსეთში თავისი კომერციული ოპერაციების დიდი ნაწილი შეაჩერა და სრულად შეწყვიტა რეკლამა.

მაისში Google-მა განაცხადა, რომ რუსული ოფისის საქმიანობის შეწყვეტის მიუხედავად, კომპანია რუსული აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომად ტოვებდა უფასო სერვისებს, ისეთებს, როგორებიცაა YouTube, ძებნა, რუკები და ელექტრონული მეილი.

Youtube ომის დაწყების შემდეგ არაერთხელ მოექცა რუსეთის მარეგულირებელი ორგანოების კრიტიკის ქვეშ კრემლისტური არხების დაბლოკვისა და იმ კონტენტის წაშლაზე უარის თქმის გამო, რომლის აღებასაც რუსეთი ითხოვდა.

რუსეთის ხელისუფლებას ვიდეოსერვისი დღემდე არ დაუბლოკავს, ის რუსეთში ახლაც პოპულარულია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: